N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

გამორჩეული ჩვენებები და კულისებში დარჩენილი კადრები- მილანის მოდის კვირეული ელენე ძიძიშვილის ობიექტივში

მარტი 16, 2026
A A
გამორჩეული ჩვენებები და კულისებში დარჩენილი კადრები- მილანის მოდის კვირეული ელენე ძიძიშვილის ობიექტივში
347
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მილანი მოდის ინდუსტრიის ის უნიკალური ეპიცენტრია, სადაც კლასიკური იტალიური ელეგანტურობა და თანამედროვე ტენდენციები ერთმანეთს ყოველდღიურად ხვდება პოდიუმებსა თუ ქუჩებში. ელენე ძიძიშვილისთვის ეს ინდუსტრია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრენდები – ეს არის თვითგამოხატვისა და კულტურული კომუნიკაციის ენა. N13-თან ინტერვიუში ელენე გვიყვება როგორ გარდაიქმნება კლასიკური იტალიური ელეგანტურობა თანამედროვე ექსპერიმენტებად? რა ხდება იქ, სადაც კამერები ვერ აღწევენ და რა ნივთების გარეშეა წარმოუდგენელი მოდის კვირეულის გადატვირთული რიტმი? ამ ყველაფერთან ერთად კი გვიზიარებს პერსონალურ შთაბეჭდილებებს სეზონის მნშვნელოვან ჩვენებებსა და პერსონალურ სტილზე, რომელიც მისთვის მუდმივად გამორჩეულ ნარატივს ქმნის.


1. როგორი იყო მიმდინარე სეზონის მილანის მოდის კვირეული? რა განწყობა იგრძნობოდა ქალაქში კვირეულის განმავლობაში?

მილანის მოდის კვირეული ამ სეზონზე გამორჩეულად დინამიკური და მუხტით სავსე აღმოჩნდა. ქალაქში არნახული კრეატიული ტემპი იგრძნობოდა – თითქოს მთელი მილანი ერთ დიდ პოდიუმად იქცა, სადაც კლასიკური იტალიური ელეგანტურობა და თანამედროვე ტენდენციები ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდა.

2. რამდენად რთული იყო მოდის კვირეულის პარალელურად ხარისხიანი კონტენტის შექმნა?

ეს საკმაოდ ინტენსიური და შრომატევადი პროცესია, რადგან მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ერთი მხრივ, მაქსიმალურად უნდა შეიგრძნო შოუების, შეხვედრებისა და ქალაქის ატმოსფერო, მეორე მხრივ კი – ეს ყველაფერი ვიზუალურად და შინაარსობრივად სწორად მიიტანო აუდიტორიამდე. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ხარისხია და არა რაოდენობა. მინდა, ჩემი კონტენტი უბრალო დოკუმენტაცია კი არა, ესთეტიკურად გააზრებული ნარატივი იყოს.


3. შენი დაკვირვებით, რა იქნება მომავალი სეზონის მთავარი ტრენდები?

მომავალი სეზონი ნამდვილი კონტრასტების ეპოქა იქნება. ერთ მხარეს მკვეთრი, სტრუქტურული სილუეტები და მკაცრი ტეილორინგი დგას, მეორე მხარეს კი – სენსუალური, თხელი ქსოვილები და მოძრაობაზე ორიენტირებული ფორმები. აშკარაა, რომ ინდუსტრია საკუთარ საწყისებს, თავის DNA-ს უბრუნდება – ბრენდები ცდილობენ კიდევ უფრო ხაზგასმით გამოკვეთონ საკუთარი ავთენტური იდენტობა.

4. თუ შეგიძლია გაიხსენო, შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქი, რომელიც პოდიუმზე იხილე?

დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ლუქმა დემნას Gucci-ს კოლექციიდან. ეს იყო შავი, ოვერსაიზ „პაფერ“ ქურთუკი დრამატული ბეწვის საყელოთი, რაც სილუეტს საოცარ ვიზუალურ მოცულობას სძენდა, რომელსაც აბალანსებდა ვიწრო შავი შარვალი და ბრენდის სიმბოლური წითელ-მწვანე ქამარი. მასიური სათვალე და მუქი, აქცენტირებული მაკიაჟი ამ სტილს კინემატოგრაფიულ და ძალიან ძლიერი ხასიათის მატებდა.


5. რომელმა მოდის სახლმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე და რომელი ბრენდი ერგება შენს პერსონალურ სტილს ყველაზე მეტად?

ამ სეზონის ფავორიტი ჩემთვის Prada-ა. მომხიბლა მათმა კონცეპტუალურმა მიდგომამ: პოდიუმზე მხოლოდ 15 მოდელი იხილა მაყურებელმა, რომლებიც ჩვენების მსვლელობისას ლუქებს იცვლიდნენ. ამან ჩვენება ერთგვარ პერფორმანსად აქცია, სადაც ყურადღება სრულად სილუეტებსა და იდეაზე იყო ფოკუსირებული.

რაც შეეხება ჩემს პერსონალურ სტილს, ყველაზე მეტად Saint Laurent-ის ესთეტიკაში ვპოულობ საკუთარ თავს. ეს არის ბრენდი, რომელიც მინიმალიზმის, ძალისა და სენსუალობის საოცარ ბალანსს ქმნის. მკაფიო ჭრა და მონოქრომული პალიტრა ჩემთვის თანამედროვე ელეგანტურობის უმაღლესი ფორმაა.


6. მოდის კვირეულის დროს, მილანის ქუჩები პოდიუმზე არანაკლებ საინტერესოა. როგორ არჩევდი შენს ლუქებს თითოეული დღისთვის?

ჩემთვის სამოსი კომუნიკაციის ენაა. ვცდილობდი, თითოეული დღის ლუქი ყოფილიყო ფუნქციური, მაგრამ ამავე დროს ზუსტად აესახა ის გარემო, სადაც იმ დღეს მიწევდა ყოფნა. ჩემი არჩევანი ძირითადად კლასიკური ელემენტებისა და თანამედროვე დეტალების სინთეზი იყო.

7. დევიდ კომას ჩვენების ბექსთეიჯში ყოფნა განსაკუთრებული გამოცდილებაა. რა ხდებოდა კულისებში ისეთი, რასაც მაყურებელი ეკრანიდან ვერ ხედავს?

ბექსთეიჯი – ეს არის ორგანიზებული ქაოსი და სრულიად სხვა სამყარო. სანამ პოდიუმზე რამდენიმეწუთიანი იდეალური სანახაობა მიმდინარეობს, კულისებში უზარმაზარი გუნდი წარმოუდგენელი სიზუსტით მუშაობს. იქაურობა გაჟღენთილია ადრენალინითა და ამავე დროს კონცენტრაციით. აქ ყველა ადამიანი, მაკიაჟის არტისტებიდან დაწყებული მოდელებით დამთავრებული – ერთიანი მიზნისკენ მიისწრაფვის.


8. როგორ შეაფასებდი Galib Gassanoff-ის კოლექციას, ამჯერად რა იყო მისი მთავარი ხაზი და რით გამოირჩეოდა სხვა ჩვენებებისგან?

Galib Gassanoff ყოველთვის საინტერესოა იმით, რომ მის კოლექციებში იგრძნობა ძლიერი პერსონალური ხედვა. ამ სეზონშიც აშკარად იგრძნობოდა მკაფიო კონცეფცია – სილუეტები იყო დრამატული, მაგრამ ძალიან გააზრებული. კოლექცია გამოირჩეოდა იმით, რომ ერთდროულად ინარჩუნებდა ელეგანტურობას და ექსპერიმენტულობას.

9. მოდის კვირეულების დროს, რა არის ის 3 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შენს ჩანთაში?

პირველი, რა თქმა უნდა, ტელეფონია – როგორც კონტენტისა და კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტი. მეორე – სნექი, რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო ლანჩისთვის დრო თითქმის არასდროს მრჩება. და მესამე – მზის სათვალე, რომელიც მოდის კვირეულზე მხოლოდ პრაქტიკული ნივთი კი არა, სტილის განუყოფელი ატრიბუტია.


10. როგორია ელენე ძიძიშვილის სამომავლო გეგმები და სტრატეგია- უკავშირდება თუ არა ისინი მოდის ინდუსტრიას?

ჩემი სამომავლო გეგმები ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული მოდის ინდუსტრიასთან. ახლა ჩემი მთავარი ფოკუსია საკუთარი კრეატიული ხედვის განვითარება და ისეთი იდეების რეალიზება, რომლებიც უბრალოდ ტენდენციებს არ მიჰყვება, არამედ ქმნის საკუთარ ნარატივს. ვფიქრობ, დღეს მოდა აღარ არის მხოლოდ ტანსაცმელი – ეს არის კულტურული ენა. ამიტომ მომავალშიც მინდა ვიყო იმ პროექტების ნაწილი, რომლებიც ამ ენას უფრო საინტერესო, თანამედროვე და გავლენიან ფორმაში გადმოსცემს.


ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: დევიდ კომაელენე ძიძიშვილიინტერვიუმილანის მოდის კვირეული
წინა პოსტი

HYPER-SKIN-ის ეპოქა იწყება

შემდეგი პოსტი

ელეგანტურობის ჩუმი მამოძრავებელი: კელი კლეინი და 90-იანების მინიმალიზმი

შემდეგი პოსტი
ელეგანტურობის ჩუმი მამოძრავებელი: კელი კლეინი და 90-იანების მინიმალიზმი

ელეგანტურობის ჩუმი მამოძრავებელი: კელი კლეინი და 90-იანების მინიმალიზმი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN