N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

13 ქალი, რომელმაც 21-ე საუკუნის სამყარო შეცვალა

მარტი 8, 2026
A A
13 ქალი, რომელმაც 21-ე საუკუნის სამყარო შეცვალა
334
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

საუკუნეების განმავლობაში ქალებს მამაკაცების ჩრდილში ცხოვრება უწევდათ – მათ არ ჰქონდათ განათლების ან ხმის მიცემის უფლება, საკუთარი ქონება და თანხის გამომუშავების საშუალებაც კი. მათი არსებობის საზრისი ოჯახის მოვლა-პატრონობით შემოიფარგლებოდა. თუკი ქალთა შორის ვინმე გაბედავდა და კერიის პატრონობის ნაცვლად, რაიმეს შექმნიდა – მამაკაცის ფსევდონიმს ეფარებოდა. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მე-19 საუკუნიდან… სამყაროში გაჩნდა ფემინიზმი, ქალთა უფლებები და გენდერული ბალანსის კონცეფცია.

დღეს განვითარებულ ქვეყნებში ქალები დიდწილად ემანსიპირებულები არიან – ისინი აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში, აგურ-აგურ აშენებენ საკუთარ კარიერას და ამინდს ქმნიან სხვადასხვა ინდუსტრიაში. ამ სტატიაში გთავაზობთ 13 ქალს, რომელმაც 21-ე საუკუნეს წარუშლელი კვალი დაამჩნია.


ანა ვინტური – უმთავრესი „არბიტრი“

ანა ვინტური 30 წლის განმავლობაში „ვოგის“ მთავარი რედაქტორი იყო – სწორედ იგი წყვეტდა, რა არის მოდა და რა – არა. მან Vogue-ი უბრალო მოდის ჟურნალიდან „მოდის ბიბლიად“ გადააქცია. 2020 წლიდან ვინტური გლობალური კონტენტის ხელმძღვანელისა და მხატვრული დირექტორის პოზიციებს იკავებს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაჰოლდინგში – Condé Nast, რომელიც სხვა პოპულარულ ჟურნალებთან ერთად Vogue-ის გამომცემელიცაა. ანა ვინტური იყო პირველი, ვინც გაბედა, Vogue-ის ყდა ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის დაეთმო – ამით შეცვალა მოდის ჟურნალების პროფესიული სტანდარტები და მოდის სამყარო პოპკულტურას მჭიდროდ დაუკავშირა. ესოდენ თამამ გადაწყვეტილებას მორიგი ეპატაჟური ექსპერიმენტი მოჰყვა მაშინ, როცა ანამ Vogue-ის ფოტოსესიებში ოტ კუტიურ სამოსს მასობრივი წარმოების ნივთები შეურია. სწორედ მისი დამსახურებით, მოდა უფრო რეალისტური და ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოების ყველა ფენისთვის. ანა ვინტურმა Met Gala უბრალო, ფონდების მოსაზიდი ღონისძიებიდან „მოდის ოსკარად“ გადააქცია. ვინტური აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდა ტალანტებს. მან ხელი შეუწყო ისეთი დიზაინერების კარიერულ წინსვლას, როგორებიც არიან მარკ ჯეიკობსი და ალექსანდრე მაკქუინი – უზრუნველყო მათთვის ფინანსური მხარდაჭერა და პლატფორმა რეალიზებისთვის.


მიშელ ობამა – ხალხის სამსახურში

მიშელ ობამა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი პირველი ლედი იყო არა მარტო აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. იგი დღემდე რჩება მნიშვნელოვან ფიგურად პოლიტიკასა და სოციალურ აქტივიზმში. მიშელმა პირველი ლედის სტატუსით მნიშვნელოვანი ინიციატივები წამოიწყო და პროგრესული იდეები დანერგა. მისი მთავარი კამპანია – Let’s Move! – მიზნად ისახავდა ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. იგი აქტიურად უჭერდა მხარს გოგონების განათლებასაც კამპანიით – Let Girls Learn. მიშელ ობამა აქტიურად იყო ჩართული ვეტერანთა ოჯახების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. მისი ავტობიოგრაფია – „Becoming“ 2018 წელს ერთდროულად გამოიცა მსოფლიო მასშტაბით 25 ენაზე და მალევე გახდა გლობალური ბესტსელერი – შედეგად, მიშელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების რიგებში მოხვდა.


ანგელა მერკელი – პირველი ქალი კანცლერი გერმანიაში

ანგელა მერკელი 16 წლის განმავლობაში (2005-2021) მართავდა გერმანიას და მთელი ევროპის ამინდს განსაზღვრავდა. როდესაც საბერძნეთი და სამხრეთ ევროპის სხვა ქვეყნები ფინანსური კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდნენ, სწორედ მერკელის გონივრულმა გადაწყვეტილებებმა იხსნა ისინი გასაჭირისგან. მერკელმა კატეგორიული უარი თქვა ევროზონის დაშლაზე და მტკიცედ მოითხოვა კოლექტიური ფინანსური ერთიანობის შენარჩუნება. მისი ინიციატივით შეიქმნა „ევროპის სტაბილურობის მექანიზმი“ (ESM). წარმოიდგინეთ „სამაშველო ჩანთა“, რომელიც მომავალში ნებისმიერი ფინანსური კრიზისისგან დაიცავდა მოსახლეობას. სწორედ ამ ტაქტიკამ გადაარჩინა საერთოევროპული ვალუტა. მერკელმა გაატარა კონფლიქტური ზონებიდან ლტოლვილთა მიღების პოლიტიკაც – მან ათასობით ემიგრანტს გაუხსნა გერმანიის საზღვრები. ამ ჰუმანურმა ინიციატივამ გლობალურ არენაზე დიდი აღიარება მოუტანა არა მარტო მას, არამედ მთელ გერმანიას. მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელის გადაწყვეტილებას თავად გერმანელების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პირველმა ქალმა კანცლერმა (ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ) ეტაპობრივად დახურა ყველა ატომური ელექტროსადგური გერმანიაში.


მიუჩა პრადა: ანტიმოდა და გლობალური იმპერია

მიუჩა პრადა Prada-ს მთავარი დიზაინერია. მანვე 1993 წელს დააარსა ბრენდის შვილობილი კომპანია Miu Miu. მიუჩა მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინტელექტუალური ფიგურაა. მილანის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის დასრულების შედეგად იგი პოლიტიკურ მეცნიერებებს სიღრმისეულად დაეუფლა. მიუჩა პრადა იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა 70-იანი წლების ფემინისტურ მოძრაობაში. სწორედ ეს აკადემიური და პოლიტიკური ფონი დაედო საფუძვლად მის „ანტიმოდად“ წოდებულ ესთეტიკას. „ანტიმოდამ“ რადიკალურად შეცვალა ფუფუნების აღქმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1978 წელს, როდესაც მიუჩიამ Prada ჩაიბარა, კომპანია სტაგნაციას განიცდიდა… მიუხედავად ამისა, მან შეძლო ბრენდი მრავალმილიონიან იმპერიად ექცია. 80-იან წლებში პრადამ სპეციფიკური, გამძლე ნეილონის (Pocono) ზურგჩანთები შექმნა, რითაც „უშნოს“ სილამაზე და ფასეულობა შესძინა – ეს რევოლუციური გადაწყვეტილება იყო! მიუჩიას შემოქმედებაში ვხედავთ ბურჟუაზიული კლიშეების ირონიულ ანალიზს; ტრადიციული, ფემინური სილუეტების შეზავებას რადიკალურ, ავანგარდულ დეტალებთან. მიუჩია პრადამ მოდის ინდუსტრიაში შემოიტანა ინტელექტუალური დისკუსია, სადაც სამოსი აღარ არის მხოლოდ მშვენიერება და ესთეტიკა – ის კულტურის, პოლიტიკისა და სოციალური რეალობის ანარეკლია.


ოპრა უინფრი – მედიის მაგნატი ჯურღმულიდან

ოპრა უინფრი არის ამერიკული ოცნების, თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობისა და ემპათიის სიმბოლო. იგი სიღარიბემ და ბავშვობის ტრამვულმა, ძალადობრივმა გამოცდილებამ საბოლოოდ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდაე და გავლენიან ქალად აქცია. ოპრა გახდა ისტორიაში პირველი აფროამერიკელი ქალი მილიარდერი, რომელმაც საკუთარი იმპერია, ფაქტობრივად, ნულიდან შექმნა. მისი ლეგენდარული თოქშოუ, „ოპრა უინფრის შოუ“, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ყველაზე რეიტინგული ტელეპროგრამის სტატუსს და მსოფლიოს 117-ზე მეტ ქვეყანაში გადიოდა. ოპრამ რადიკალურად შეცვალა თოქშოუს ფორმატი: ნაცვლად სკანდალებისა, მან ყურადღება გაამახვილა პირად ტრაგედიებსა და ემოციურ თერაპიაზე, ამით კი მილიონობით მაყურებელს ფსიქოთერაპიულ სეანსში თანამონაწილეობის განცდა შეუქმნა. ოპრას გავლენა სცდება მედიას: მას შეუძლია მყისიერად შეცვალოს გაყიდვების დინამიკა ნებისმიერ ინდუსტრიაში. მან შექმნა „ოპრას წიგნის კლუბი“, რომლის მიერ არჩეული ნებისმიერი წიგნი მყისვე ხდებოდა საერთაშორისო ბესტსელერი. ოპრამ დააარსა საკუთარი მედიაკომპანია HARPO (უკუღმა წაკითხული OPRAH), ჟურნალი და სატელევიზიო ქსელი OWN. მისი საქველმოქმედო საქმიანობა კოლოსალურია; იგი განსაკუთრებით უჭერს მხარს გოგონების განათლებას, რის გამოც დააარსა „ოპრა უინფრის ლიდერობის აკადემია“ სამხრეთ აფრიკელი გოგონებისთვის.


შეიხა მოზა: აღმოსავლური მოდერნიზაციის სახე

შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი არაბული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ქალია. იგი არის ყატარის ყოფილი ემირის მეუღლე და ამჟამინდელი მმართველის დედა. შეიხა მოზა აქტიურად ანგრევს აღმოსავლელი ქალის ტრადიციულ სტერეოტიპებს და უდიდეს როლს თამაშობს ყატარის მოდერნიზაციაში. იგი ხელმძღვანელობს ქვეყნის დიდ ფონდს, რომელიც განათლებასა და მეცნიერებას უჭერს მხარს. ამ ფონდის ფარგლებში შეიხა მოზამ დააარსა „განათლების ქალაქი“, სადაც ამერიკული წამყვანი უნივერსიტეტების ფილიალები გაიხსნა. ასევე, იგი იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელია და გლობალურად მუშაობს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. შეიხა მოზა საზოგადოებაში ტრადიციული ჩადრის გარეშე გამოდის (რომელიც, ჩვეულებრივ, მთელ სახეს ფარავს), რაც არაბი ქალების გაძლიერებასა და შთაგონებას ემსახურება.


მალალა იუსაფზაი – ჩაგრული გოგონების ხმა

მალალა იუსაფზაი არის ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი – მშვიდობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის მას ჯილდო სულ რაღაც 17 წლის ასაკში გადაეცა. მალალა დაიბადა პაკისტანში, სვატის ხეობაში, რომელსაც თალიბანი აკონტროლებს. თალიბანი გოგონებისთვის განათლების მიღებას სასტიკად კრძალავს. მალალამ ადრეული ასაკიდანვე დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის – იგი საჯაროდ აკრიტიკებდა თალიბანის პოლიტიკას და ანონიმურ ბლოგსაც კი აწარმოებდა BBC-ისთვის. ამ აქტიურობის გამო 2012 წელს, 15 წლის ასაკში, ავტობუსით მგზავრობისას იგი სასიკვდილოდ დაჭრეს. ამ თავდასხმის შემდეგ მალალა დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ, სადაც სრულად აღიდგინა ჯანმრთელობა. სულ მალე მისი ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქალთა დახმარების იდეით ანთებულმა მალალამ ფარ-ხმალი არ დაყარა და საკუთარი ფონდი დააარსა – 2013 წლიდან „ფონდი მალალა“ აქტიურად მუშაობს მთელ მსოფლიოში გოგონებისთვის საშუალო განათლების მისაცემად. იმავე წელს იუსაფზაიმ გამოსცა ავტობიოგრაფია – „მე ვარ მალალა“, რომელშიც დეტალურად აღწერს თავის ცხოვრებას. წიგნი უმოკლეს დროში გლობალური ბესტსელერი გახდა. მალალა იუსაფზაი სიმბოლოა იმისა, რომ ინდივიდუალურ ხმას – განსაკუთრებით კი გოგონას ხმას – მსოფლიოს შეცვლა შეუძლია.


სერენა უილიამსი – ჩოგბურთის ლეგენდა

სერენა ჯამეკა უილიამსი ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელია, რომელიც ღია ეპოქის (Open Era) ქალთა ჩოგბურთის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ მიიჩნევა. მისმა გამოჩენამ ქალთა ჩოგბურთის სტანდარტები სრულად შეცვალა და ღრმა კვალი დატოვა სპორტის ისტორიაში. თავის უფროს დასთან, ვენუს უილიამსთან ერთად მან დაამსხვრია მრავალი სოციალური და რასობრივი ბარიერი ჩოგბურთში, სადაც თეთრკანიანები დომინირებდნენ. სერენას კარიერა სავსეა რეკორდებით: მას მოგებული აქვს 23 დიდი სლემის ერთეულთა ტიტული, რაც ღია ეპოქის რეკორდია; ფლობს ოთხ ოლიმპიურ ოქროს მედალს როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა შორის. სერენა არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც „კარიერული ოქროს სლემი“ მოიპოვა როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა შორის. გარდა სპორტისა, სერენა დაინტერესებულია მოდით, ბიზნესით, ლიტერატურითა და აქტივიზმით. 2018 წელს მან დააარსა საკუთარი მოდის ბრენდი S by Serena, რომელიც ფოკუსირებულია ზომების ინკლუზიურობასა და ქალის ფორმების პატივისცემაზე. მისი მიზანია, შექმნას მოდური, თამამი და კომფორტული ტანსაცმელი ყველა ზომის ქალბატონისთვის. სერენამ მწერლობაშიც მოსინჯა საკუთარი თავი: მისი დებიუტი 2005 წელს შედგა წიგნით – „Venus and Serena“; 2009 წელს კი გამოსცა ავტობიოგრაფია – „On the Line“, რომელშიც მისი პირადი ცხოვრების მრავალი დეტალი გამოაშკარავდა. 2022 წელს სერენამ მკითხველს საბავშვო დასურათებული წიგნი შესთავაზა – „The Adventures of Qai Qai“, რომელიც საკუთარი ქალიშვილის საყვარელმა თოჯინამ შთააგონა.


კრისტინ ლაგარდი ბარიერების წინააღმდეგ

კრისტინ ლაგარდი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომიკურ ლიდერად მიიჩნევა. მან დაანგრია ბარიერები ფინანსურ სექტორში და პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა ევროპის ცენტრალურ ბანკში. იგი დღემდე უშუალოდ მართავს ევროზონის 19 ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას. ლაგარდს მანამდეც ეკავა ისტორიული თანამდებობები: იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პირველი ქალი დირექტორი (2011-2019) და პირველი ქალი ფინანსთა მინისტრი „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის (საფრანგეთში, ნიკოლა სარკოზის დროს). მისი მართვის სტილი გამოირჩევა პრაგმატიზმით, დიპლომატიითა და მშვიდი ავტორიტეტით. ლაგარდი აქტიურად უსვამს ხაზს კლიმატის ცვლილების საფრთხეებს და მოუწოდებს ცენტრალურ ბანკებს, მეტი ყურადღება დაუთმონ მდგრად ფინანსებს.


ბიონსე – პოპკულტურის DIVA

2003 წელს ბიონსემ თავისი პირველი სოლო ალბომი – Dangerously in Love – გამოუშვა. ალბომში მოხვდა ისეთი გლობალური ჰიტები, როგორებიცაა Crazy in Love და Baby Boy. ისინი მყისიერად აღმოჩნდნენ ჩარტების სათავეში და ბიონსე მეგავარსკვლავად აქციეს. ამ ტრიუმფის დასტურად, მომღერალს იმავე წელს ხუთი „გრემი“ გადაეცა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: 2008 წელს მან კიდევ ერთხელ დაამყარა რეკორდი, როდესაც ერთ ცერემონიაზე ექვსი „გრემის“ ჯილდო მიიღო. თუმცა ნამდვილი რევოლუცია 2013 წელს მოხდა – როცა ყოველგვარი რეკლამის, წინასწარი პიარის და გახმაურების გარეშე ბიონსემ მოულოდნელად გამოუშვა ალბომი Beyoncé. ამ „სიურპრიზ-ალბომის“ სტრატეგიამ რადიკალურად შეცვალა მუსიკალური ინდუსტრიის ბიზნესმოდელი. ბიონსე არის პიონერი იმ არტისტთა შორის, რომელთა ალბომებიც ზედიზედ მოხვდა Billboard 200-ის სათავეში. 2023 წელს, ალბომ Renaissance-ისთვის მიღებული ჯილდოების წყალობით, ბიონსე 32 „გრემი“ დააგროვა, რამაც ამ პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს ისტორიაში ყველა დროის რეკორდსმენ არტისტად აქცია. ბიონსეს მსოფლიო ტურნეები, მათ შორის, The Formation World Tour და The Renaissance World Tour, სცილდება რიგითი კონცერტების ფარგლებს და გლობალურ კულტურულ მოვლენებად იქცევა. მაგალითად, The Renaissance World Tour-მა ისტორიული რეკორდი დაამყარა, როგორც შავკანიანი ქალი არტისტის მიერ გამართულმა ყველაზე შემოსავლიანმა ტურნემ.


ჯოან როულინგის ლიტერატურული სამყარო

ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში შევიდა, როგორც ფენტეზის ჟანრის ფენომენალური მოვლენა – სწორედ მას ეკუთვნის სერია „ჰარი პოტერი“. ჯ. კ. როულინგი იყო პირველი ადამიანი, რომელიც მილიარდერი წიგნების წერით გახდა. ჯოანმა გრძელი გზა გაიარა მარტოხელა დედობიდან და უკიდურესი სიღატაკიდან მსოფლიო ბესტსელერის ავტორობამდე. როულინგის მიერ შექმნილმა ჯადოსნურმა სამყარომ საფუძველი დაუდო მილიარდობით დოლარის ღირებულების ფრანშიზას (წიგნები, ფილმები, თამაშები, თემატური პარკები) და მთელი თაობის კულტურული იდენტობა განსაზღვრა – მათ შორის, გავლენა მოახდინა ახალგაზრდების წერა-კითხვის უნარებზე და გააძლიერა კითხვის კულტურა თანამედროვე სამყაროში. მედიამ ამ მოვლენას „ჰარი პოტერის ეფექტი“ უწოდა. „ჰარი პოტერის“ სერია 80-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული – ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნების სერიაა კაცობრიობის ისტორიაში. როულინგი არის ყველაზე ცნობილი ქალი, რომელმაც ქველმოქმედების მასშტაბის გამო დროებით დაკარგა მილიარდერის სტატუსი: 2012 წელს ჟურნალმა Forbes-მა იგი მილიარდერთა სიიდან ამოიღო, რადგან მწერალმა ქველმოქმედებას $160 მილიონზე მეტი შესწირა.


ტეილორ სვიფტი – არტისტთა უფლებების დამცველი

ტეილორ სვიფტი – ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი – მუსიკალური ინდუსტრიის ტრანსფორმატორია. მისი უნარი, შექმნას პროფესიონალური, მაგრამ, ამასთანავე, ყველასთვის გასაგები და ღრმად მგრძნობიარე ნარატივები, მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად არტისტად აქცევს. სვიფტი არის ერთადერთი მომღერალი „გრემის“ ისტორიაში, რომელმაც ოთხჯერ მოიგო „წლის ალბომის“ ჯილდო, რაც მის შემოქმედებით წარმატებასა და მუსიკის კრიტიკოსთა მიერ უპრეცედენტო აღიარებაზე მიუთითებს. მისი გავლენა მუსიკალურ ინდუსტრიაზე რევოლუციურია, განსაკუთრებით არტისტის უფლებებისთვის ბრძოლაში. სვიფტმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: მან საკუთარი ალბომები ხელახლა ჩაწერა (Taylor’s Version), რათა თავის Master Recordings-ზე სრული კონტროლი მოეპოვებინა. ამ ფაქტმა გააძლიერა არტისტების პოზიცია ლეიბლებთან მოლაპარაკებებში. მისმა ტურნემ The Eras Tour მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. იგი არის სიმბოლო იმისა, რომ ქალ არტისტს შეუძლია კრეატიული და ფინანსური დომინირება მოიპოვოს ინდუსტრიაში.


სუზან ვოჩიცკი: YOUTUBE-ის არქიტექტორის ტექნოლოგიური გავლენა

სუზან ვოჩიცკი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. იგი ცნობილია, როგორც YouTube-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი (2014-2023). მისი ხელმძღვანელობით YouTube სტარტაპიდან გლობალურ მედიაგიგანტად გარდაიქმნა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ მოიხმარს მილიარდობით ადამიანი ინფორმაციას, გასართობ ვიდეოკონტენტსა და ახალ ამბებს. ვოჩიცკის კარიერა სათავეს იღებს Google-ში, სადაც იგი მე-16 თანამშრომელი და პირველი მარკეტინგის მენეჯერი იყო. სწორედ მისი ავტოფარეხიდან დაიწყო Google-ის ისტორია (ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა პირველი ოფისი მასთან იქირავეს). სუზან ვოჩიცკიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ GOOGLE-მა YouTube (2006 წელს) და DoubleClick (რეკლამების პლატფორმა) შეიძინა. იგი აქტიურად უჭერდა მხარს გენდერულ თანასწორობას და მუდმივად საუბრობდა სამსახურისა და ოჯახს შორის ბალანსის მნიშვნელობაზე. სუზანი არის სიმბოლო იმისა, რომ ქალს შეუძლია დაიკავოს უმაღლესი პოზიციები ტექნოლოგიების სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებენ.

ტექსტი: თათული ღვინიანიძე

Tags: ანა ვინტურიანგელა მერკელიმიშელ ობამაძლიერი ქალები
წინა პოსტი

ოქროს შუალედი პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის- ინტერვიუ გვანცა დარასელიათან

შემდეგი პოსტი

კამერის მეორე მხარეს- ინტერვიუ სკარლეტ იოჰანსონთან

შემდეგი პოსტი
კამერის მეორე მხარეს- ინტერვიუ სკარლეტ იოჰანსონთან

კამერის მეორე მხარეს- ინტერვიუ სკარლეტ იოჰანსონთან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN