N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ცხოვრების სტილი

ზამთრის დღეები ეკრანზე – 8 ფილმი ახალი წლის განწყობისთვის

დეკემბერი 25, 2025
A A
ზამთრის დღეები ეკრანზე – 8 ფილმი ახალი წლის განწყობისთვის
333
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ახალი წელი ყოველთვის მოდის მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება პაუზა. როდესაც წელი დაღლილი გვტოვებს, სიტყვები ზედმეტად ხმაურიანია, სურვილები კი – ჩუმი. დღეები თითქოს მოკლდება, მაგრამ საღამოები იწელება სიჩუმით, ფიქრებით, მოუხერხებელი ემოციებით, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ვეღარ ვუსმენთ. და სწორედ ამ სიჩუმეში ვრთავთ ფილმს არა დროის გასაყვანად, არამედ რომ შევიგრძნოთ, დავფიქრდეთ, დავუბრუნდეთ ემოციებს, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ვერ ვუსმენდით. საახალწლო ფილმები ქმნიან ემოციურ თავშესაფარს, სივრცეს, სადაც შეგვიძლია ვიყოთ სენტიმენტალურები და ვუსმინოთ საკუთარ გულს. ეკრანზე მოძრავი კადრები გვახსენებს იმას, რაც წლის განმავლობაში დაგვაკლდა: ყურადღება, თანაგრძნობა და შინ, საყვარელ ადამიანებთან დაბრუნების სურვილი.


Home Alone

ბავშვობის მოგონებებით გაჯერებული ისტორია მარტო დარჩენილ ბიჭზე, რომელიც საკუთარ სახლს იცავს. ბავშვობაში ეს ფილმი იყო თამაში და სიცილი და რამდენჯერაც არ უნდა ვუყუროთ, ყოველთვის იგივე სითბოს გვიტოვებს. დღეს ის სხვანაირად იგრძნობა. მარტო დარჩენილი ბავშვი და ცარიელი სახლი სინამდვილეში გვიყვება არა მარტოობაზე, არამედ პასუხისმგებლობაზე, სიმამაცეზე და იმ განცდაზე, როცა პირველად ხვდები, რას ნიშნავს შენი „სახლი“. ახალი წლის წინ ეს ფილმი გვახსენებს, რომ სახლი მხოლოდ კედლები არ არის, ის ადამიანებია, რომელთა ხმებიც ყველაზე მეტად გვენატრება. Home Alone გვახსენებს, რომ დღესასწაული არ არის ხმაური და ბრჭყვიალა დეკორაციები, არამედ ოჯახი, უსაფრთხოება და შინ დაბრუნების სურვილი.


The Holiday

ორი ქალი, ორი ქვეყანა და ერთი გადაწყვეტილება – დროებით გაექცნენ რეალობას. The Holiday არის ფილმი თვითაღმოჩენაზე, ცვლილებაზე, იმაზე, როგორ შეიძლება სრულიად უცხო გარემომ გააღვიძოს ნაცნობი განცდები. ახალი წელი აქ ჩუმი პაუზაა, სადაც არჩევანი ბუნებრივად იბადება, ხოლო ფილმის თითოეული კადრი სავსეა თბილი დეტალებით, დაუჩქარებელი დიალოგებით და შინაგანი სიმშვიდით.


Little Women

ოთხი და, განსხვავებული ოცნებები და გზა, რომელიც მუდმივად იცვლება. Little Women გვახსენებს, რომ ქალების მხარდაჭერა, ურთიერთობა და თავისუფლების ძიება არასდროს კარგავს მნიშვნელობას. ახალი წელი აქ დროის გასვლის სიმბოლოა – ბავშვობის დასასრული, ზრდასრულობის დასაწყისი, დანაკარგისა და მიღების განცდა.


Love Actually

ეს ფილმი არ ჰყვება ერთ ისტორიას; ის ჰგავს ქალაქს, სადაც თითოეულ ქუჩას თავის ხმა აქვს. სიყვარული აქ ხშირად მოუხერხებელი, დაუმთავრებელი, ხანდახან მტკივნეულად გულწრფელია. ახალი წელი ამ ფილმში მომენტია, როცა პერსონაჟები ვეღარ მალავენ გრძნობებს. Love Actually გვასწავლის, რომ სიყვარული არა გრანდიოზული სცენა, არამედ მცირე გადაწყვეტილებაა, რომელიც ცხოვრებას ცვლის.


Last Christmas

ლონდონი დეკემბერში ბრწყინავს, მაგრამ მთავარი გმირი ამ სინათლეში თითქოს იკარგება. გარეთ დღესასწაულია, შიგნით – დაუმთავრებელი ფიქრები და შეცდომებით სავსე ცხოვრება. Last Christmas გვიჩვენებს, რომ ახალი წელი არა ზეიმი, არამედ ზღვარია ძველისა და ახალის შორის; ადგილი, სადაც ადამიანი ჩერდება და პირველად უსმენს საკუთარ თავს.


Meet Me in St. Louis

პატარა ქალაქური სახლი, თოვლიანი ფანჯრები, ოჯახური ემოციები და დაუვიწყარი მელოდიები ქმნიან ჩუმ, მაგრამ გულწრფელ დღესასწაულის ატმოსფეროს. Meet Me in St. Louis გვასწავლის, რომ დღესასწაული რეალურად ოჯახში, სიყვარულში და უბრალო ბედნიერებაშია.


While You Were Sleeping

ზამთრის სიჩუმეში დაბადებული სიყვარული.

მარტო დარჩენილი ლუსის ცხოვრება ერთ საშობაო დღეს უცნაურად იცვლება, როცა შემთხვევით უშველის უცნობ კაცს. პიტერის კომაში ყოფნის დროს მისი ოჯახი მას ახლობელად მიიჩნევს, და სწორედ ეს შეცდომა ქმნის სითბოთი და სევდით სავსე მომენტებს. ფილმი გვიჩვენებს, რომ სიყვარული შეიძლება ჩუმად, ნაზად და მოულოდნელად დაიბადოს, თოვლიანი ქუჩებისა და გულწრფელი ემოციების ფონზე.


The Family Stone (2005)

ერთი ოჯახის შეკრება ახალ წელს პატარა დეტალებში გამოიხატება: ჩუმი უთანხმოებები, გულწრფელი დიალოგები და სითბოთი სავსე წუთები ერთმანეთს ერევა, ქმნის ემოციურად მდიდარ, ადამიანურ ურთიერთობებს. ოჯახური სიყვარული არასდროს არის სრულყოფილი, მაგრამ სწორედ ეს უწყვეტი ბრძოლა და სიახლოვე ხდის მას განსაკუთრებულად ღრმა და დასამახსოვრებლად.


ზამთარში ფილმების ყურების დროს, თითქოს მათში თავშესაფარს ვპოულობთ სიცივისგან, დაღლილობისგან, წლის განმავლობაში დაგროვილი ხმაურისგან. და როცა ფილმი დასრულდება, ეკრანი ჩაქრება, სწორედ მაშინ გარეთ სუსხიანი სიმშვიდე თითქოს გამოგაფხიზლებს და მიგახვედრებს, რომ ყველაზე სენტიმენტალური, დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი ისტორიები უფრო ახლოს აგრძელებენ არსებობას ვიდრე წარმოგვიდგენია – ჩვენში.

ტექსტი: ნინია ოქრომჭედლიშვილი

Tags: Nargis Magazineმარტო სახლშირას ვუყუროსაახალწლო ფილმები
წინა პოსტი

წლის დასასრული და 2025 წლის გარდამტეხი მოვლენები მოდის ინდუსტრიაში

შემდეგი პოსტი

ArtinScent – ნიშ პარფიუმერიის ახალი სივრცე თბილისში

შემდეგი პოსტი
ArtinScent – ნიშ პარფიუმერიის ახალი სივრცე თბილისში

ArtinScent - ნიშ პარფიუმერიის ახალი სივრცე თბილისში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN