ნიუ-იორკის მოდის კვირეული განსაკუთრებული ენერგიით და მრავალფეროვნებით გაიხსანა. ამერიკული მოდის ეპიცენტრში ცხადია ისეთი ბრენდები მოექცა, როგორეებიცაა: Ralph Lauren, Calvin Klein, Michael Kors, Tory Burch და ა.შ. კვირეულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ინტერპრეტაციები ყოველთვის დაკავშირებულია წარსულ ნოსტალგიასთან, საიდანაც იბადება იდეა და შემდეგ ცოცხლდება პოდიუმზე. ამჯერად დიზაინერებმა მთავარი აქცენტი მინიმალიზმზე, ქსოვილების მრავალფეროვნებაზე, სილუეტების მოულოდნელ ცვალებადობასა და ფერთა უნიკალურ პალიტრაზე გააკეთეს. დღევანდელ სტატიაში კი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის გამორჩეულ ჩვენებებზე გიამბობთ.

Cult Gaia
დიზაინერმა Jasmin Larian Hekmat-მა კოლექციით Behesht, რომელიც სპარსულად „სამოთხეს” ნიშნავს, პირადი ტკივილი და ტრანსფორმაცია ასახა. ჩვენება მკაცრი, სტრუქტურირებული სამოსით დაიწყო და თანდათანობით გადაიზარდა უფრო მსუბუქ, ნაზ სილუეტებში. ახალ კოლექციაში დიზაინერი იყენებს ტექსტურების მრავალფეროვან სინთეზს: ნაქსოვ ქვედაბოლოებს, მოელვარე ოქროსფერ ჯაჭვებს , ჟაკარდსა და ხელით მოხატულ აბრეშუმს. ეფექტური გადასვლა ვიხილეთ ფერთა პალიტრაშიც, სადაც მუქი ზეითუნისფერი ეტაპობრივად იცვლებოდა გამჭვირვალე, ბრწყინვალე ტონებითა და ვარდისფერი აქცენტებით.

Tommy Hilfiger
მოდის კვირეუილის ფარგლები ბრენდი The Plaza Hotel-ის ისტორიულ სივრცეს დაუბრუნდა. Tommy Hilfiger-მა ამერიკული „Preppy“ სტილი თანამედროვე ინტერპრეტაციით გააცოცხლა: სპორტული კაბები, ზოლიანი ოქსფორდის მაისურები, ოვერაიზ პიჯაკები და 90-იანების ბოტასები სეზონის მთავარ შტრიხებად წარმოაჩინა. კოლექციაში მთავარი როლი პროპორციების კონტრასტმა ითამაშა. დიზაინერმა სილუეტებში ერთმანეთს შეუხამა ტანზე მომდგარი და ოვერსაიზ სამოსი. ცხადია, ფერთა პალიტრაშიც მკაფიოდ იგრძნობოდა 90-იანების გავლენა: ოდნავ განუხებული სილუეტები, ზოლიანი პრინტები და მკვეთრი, ნოსტალგიური ტონალობები.

Ralph Lauren
Ralph Lauren-მა კლასიკურ ამერიკულ სტილს რომანტიკული და თავისუფალი ელფერი შესძინა. ბრენდიმა აქცენტი თავისუფალ, ნაზ და ელეგანტურ სილუეტებზე გააკეთა: კლასიკური ორეულები, ნაზი აბრეშუმის კაბები, შიფონის ქსოვილები და, რა თქმა უნდა, ელეგანტური აქსესუარები. Ralph Lauren-მა ამჯერადაც ნეიტრალური ტონალობები შემოგვთავაზა, რომელსაც ეტაპობრივად ცვლითა მკვეთრი ფერები, კოლექციის ფერთა პალიტრაში კი ბრენდისთვის გამორჩეულად საყვარელი, ლურჯი და თეთრი ტონები დომინირიბდა.

Calvin Klein
ვერონიკა ლეონიმ პატივი მიაგო ბრენდის ფუნდამენტურ მინიმალიზმს. პოდიუმზე ვიხილეთ: სწორი ჯინსები, აბრეშუმის ტოპები, კლასიკური პიჯაკები, ვიწრო ქვედაბოლოები და ა.შ. დიზაინერისთვის შთაგონების წყარო Georgia O’Keeffe-ს ფუნქციური და დახვეწილი გარდერობი გახდა. კოლექციის ფერთა პალიტრა აგებული იყო მშვიდ, მონოქრომულ ტონებზე, როგორიცაა ღია ცისფერი, ნაცრისფერი და თეთრი.

Michael Kors
Michael Kors-მა 60-იანი წლების „Mod“ ეპოქისა და თანამედროვე ხელოვნების იდეალური სინთეზი შემოგვთავაზა. მკვეთრი ფერთა პალიტრა და ასიმეტრიული ჭრილები კოლექციას განსაკუთრებულ დინამიკას სძენდა. ბრენდისვის დამახასიათებელი ესთეტიკა განსაკუთრებით აქსესუარებში გამოიხატა: სტრუქტურული ფორმის ჩანთები, დიდი ზომის ბეჭდები და საყურეები, სათვალეები გამჭვირვალე შუშებით და მინიმალისტური ქამრები.

Khaite
Catherine Holstein-მა ბრენდის მკაცრი ტყავის ესთეტიკა უფრო რბილი და რომანტიკული ვიზუალით ჩაანაცვლა. ვენეციური არქიტექტურით შთაგონებული კოლექცია მაქმანებიანი კაბებით, პასტელური ტონებითა და რთული ხელნაკეთი დეტალებით გამოირჩეოდა. მრავალფეროვან ქსოვილებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა: მაქმანები, გამჭვირვალე სილუეტები და ფოჩები, რომელიც სამოსს განსაკუთრებულ დინამიუკურობას ანჭებდა. ხოლო, ფერთა პალიტრა ნაზ პასტელურ ტონებსა და შავ აქცენტებს ეფუძნებოდა.

Tory Burch
Tory Burch-ის კოლექციაში 1940-იანი წლების სილუეტები თანამედროვე ინტერპრეტაციებითაა გაცოცხლებული – ფართო მხრებით, მაღალწელიანი შარვლებით, კარდიგანებითა და დრაპირებული კაბებით. დიზაინერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქსოვილების ზედაპირებსა და დეტალებს. კოლექციაში შეხვდებით კრისტალებით გაფორმებულ კაბებს, ხელით მოხატულ აბრეშუმს და რბილ, ზოლიან ქსოვილებს. ფერთა პალიტრაში რეტრო ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ტონალობები დომინირებდა, რომელთანაც იდეალურ ბალანსს ქმნიდა მკვეთრი კრისტალური დეტალები, პრიალა ქსოვილები და ექსცენტრიული აქსესუარები.


