N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

ტრადიციისა და ინდივიდუალობის ბალანსი – ნინო დიასამიძე BESPOKE Tbilisi-ის ფილოსოფიის შესახებ

ნოემბერი 21, 2026
A A
ტრადიციისა და ინდივიდუალობის ბალანსი – ნინო დიასამიძე BESPOKE Tbilisi-ის ფილოსოფიის შესახებ
325
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის ინდუსტრიაში, სადაც მასობრივი წარმოება და სწრაფად ცვალებადი ტენდენციები დომინირებს, ინდივიდუალურად შექმნილი სამოსი განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს. მამაკაცის კლასიკური გარდერობი მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არ არის – ის პიროვნების, ცხოვრების წესისა და ინდივიდუალური გემოვნების გამოხატულებაა.

სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება BESPOKE Tbilisi, რომელიც 2017 წლიდან საქართველოში ინდივიდუალური კერვის კულტურას ავითარებს და ევროპულ სამკერვალო ტრადიციებს თანამედროვე ესთეტიკასთან აერთიანებს.

N13 ბრენდის თანადამფუძნებელსა და კომერციულ დირექტორს, ნინო დიასამიძეს ესაუბრა საქართველოში Bespoke კულტურის განვითარების, ინდივიდუალური სამოსის შექმნის ხელოვნების, თანამედროვე მამაკაცის კლასიკური სტილისა და ზამთრის გარდერობის ფორმირების შესახებ.


როგორ გაჩნდა საქართველოში Bespoke კულტურის შემოტანის იდეა და რა გზა გაიარა ბრენდმა 2017 წლიდან დღემდე, სანამ ქართულ ბაზარზე თავის სტაბილურ ადგილს დაიმკვიდრებდა?

Bespoke კულტურა გაცილებით მეტია, ვიდრე ინდივიდუალური ზომებით შეკერილი სამოსი. ეს არის დამოკიდებულება ხარისხის, დეტალების, დროისა და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ინდივიდუალობის მიმართ.

2017 წელს ქართულ ბაზარზე ამ კონცეფციის განვითარება საკმაოდ ამბიციური ნაბიჯი იყო. ხარისხიანი კლასიკური სამოსის მიმართ ინტერესი არსებობდა, თუმცა ინდივიდუალური კერვის კულტურა, როგორც სრულფასოვანი პრემიუმ მომსახურება, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო.

მე ბრენდს მოგვიანებით შევუერთდი, როდესაც მას უკვე ჰქონდა საკუთარი ისტორია და განვითარების საფუძველი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბრენდის პოზიციონირების, მომსახურების სტანდარტებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის კიდევ უფრო დახვეწა.

დღეს BESPOKE Tbilisi ევროპულ სამკერვალო ტრადიციებს, თანამედროვე ესთეტიკასა და პერსონალიზებულ მომსახურებას აერთიანებს. წამყვანი ევროპელი მწარმოებლების ქსოვილებით ვქმნით სამოსს, რომელიც მომხმარებლის პროპორციებსა და ცხოვრების სტილს ითვალისწინებს.

ვფიქრობ, ბრენდის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის მოპოვებაა. ჩემთვის BESPOKE Tbilisi-ის მთავარი მიღწევა სწორედ ხარისხზე დაფუძნებული ურთიერთობისა და ინდივიდუალური მიდგომის კულტურის განვითარებაა.


ნებისმიერი ახალი სტანდარტის დამკვიდრებას ბიზნესში თან ახლავს გამოწვევები. რამდენად მზად აღმოჩნდა ქართველი მომხმარებელი მამაკაცის ამ სრულიად განსხვავებული, ინდივიდუალური მომსახურებისთვის და რა იყო ყველაზე დიდი სირთულე ამ გზაზე?

ამ კითხვაზე პასუხი კომპლიმენტით მსურს დავიწყო – თანამედროვე საქმიანი ქართველი მამაკაცი დიდი მოთმინებით გამოირჩევა. ორეულის ინდივიდუალურად შექმნას საშუალოდ ოთხი კვირა სჭირდება, რასაც ტრანსპორტირების დროც ემატება. ამიტომ ჩვენი მომხმარებლები ახალი სეზონისთვის გარდერობის მომზადებაზე წინასწარ იწყებენ ფიქრს.

ქართველი მომხმარებელი ყოველთვის გამოირჩეოდა ხარისხიანი სამოსისა და ელეგანტური ჩაცმის მიმართ ინტერესით. თავდაპირველად მთავარი გამოწვევა იმის ახსნა იყო, თუ რა განასხვავებს ინდივიდუალურად შექმნილ სამოსს მზა წარმოებისგან.

Bespoke კულტურაში მომხმარებელი თავად მონაწილეობს შექმნის პროცესში – ქსოვილის, სილუეტის, კონსტრუქციისა და უმცირესი დეტალების შერჩევაში. პრემიუმ მომსახურების ღირებულებაც სწორედ ამ გამოცდილებაშია.

დღეს მომხმარებლები გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ ქსოვილის წარმომავლობას, კონსტრუქციას, პროპორციებსა და გამძლეობას. ჩემი დაკვირვებით, თანამედროვე ქართველი მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, როგორ გამოიყურება სამოსი, არამედ ისიც, როგორ გრძნობს თავს მასში.


ქართულ ბაზარზე მასობრივი წარმოება ცალსახად დომინირებს. ამის ფონზე კი საინტერესოა, რა არის Bespoke Tbilisi-ის მთავარი ფილოსოფია და რა ხდის თქვენს მიდგომას განსაკუთრებულს?

BESPOKE Tbilisi-ის ფილოსოფია ინდივიდუალობას, ხარისხსა და ელეგანტურობას ეფუძნება. მასობრივი წარმოება თავისი ბუნებით სტანდარტიზებულია, ინდივიდუალური კერვა კი საპირისპირო პრინციპით მუშაობს – აქ საწყისი წერტილი თავად ადამიანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზუსტად აღებული ზომები, არამედ სხეულის აგებულება, დგომის მანერა, მხრების ბალანსი და მოძრაობის თავისებურებები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სამოსის შიდა კონსტრუქციას, მათ შორის Full Canvas და Half Canvas ტექნოლოგიებს, რომლებიც პიჯაკის ფორმასა და გამძლეობას განსაზღვრავს.

ვთანამშრომლობთ ევროპული ტექსტილის ისეთ აღიარებულ მწარმოებლებთან, როგორებიცაა Loro Piana, Vitale Barberis Canonico, Dormeuil, Drago, Zegna და Reda. თუმცა მხოლოდ მაღალი ხარისხის ქსოვილი სრულყოფილ სამოსს ვერ ქმნის – გადამწყვეტია კონსტრუქცია, პროპორციები და პროფესიონალური შესრულება.

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავშეკავებულ ელეგანტურობას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოსი, რომელიც არ გადაფარავს ადამიანს, პირიქით, ხაზს გაუსვამს მის თავდაჯერებულობასა და პირად სტილს.


ნინო, ზემოთ აღნიშნეთ, რომ კოსტიუმის ხარისხს მისი შიდა არქიტექტურა განსაზღვრავს. საინტერესოა, როგორი ტექნოლოგიით იქმნება Bespoke Tbilisi-ის სამოსის კონსტრუქციები, როგორ ხდება ქსოვილის შერჩევა და რა მთავარ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მასალები? მოგვიყევით მეტი ამ ტექნიკურ დეტალებზე.

ჩვენთვის ნამდვილი ხარისხი ის არის, რაც დროს უძლებს. მამაკაცის კლასიკურ სამოსში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები ხშირად სწორედ ისაა, რაც გარედან არ ჩანს.

კოსტიუმის საფუძველი მისი კონსტრუქციაა – ერთგვარი არქიტექტურა, რომელიც სამოსის ფორმას, ბალანსსა და გამძლეობას განსაზღვრავს. BESPOKE Tbilisi-ში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ Full Canvas კონსტრუქციას. ეს კლასიკური სამკერვალო ტექნოლოგიაა, რომლის დროსაც პიჯაკის წინა ნაწილში ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი შიდა სტრუქტურა გამოიყენება, რაც ქსოვილს თავისუფლად მოძრაობისა და სხეულის ფორმასთან უკეთ მორგების საშუალებას აძლევს.

ვმუშაობთ ევროპელი მწარმოებლების მაღალი ხარისხის შალთან, ქაშმირთან, აბრეშუმთან, ბამბასთან, ტილოსა და მათ კომბინაციებთან.

ქსოვილის შეფასებისას მნიშვნელოვანია მისი შემადგენლობა, ფაქტურა, წონა, ჰაერგამტარობა, ფორმის შენარჩუნების უნარი და ფერი. მაგალითად, Super 150’s ან Super 180’s მარკირება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქსოვილი ყველა დანიშნულებისთვის საუკეთესოა – მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული თვისებები და მომხმარებლის ცხოვრების წესთან შესაბამისობა.

პროფესიონალიზმი სწორედ სწორი ბალანსის პოვნაში გამოიხატება – როდესაც ქსოვილი, კონსტრუქცია და ინდივიდუალური პროპორციები ერთ მთლიანობად იქცევა.


კლასიკური სამოსის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადამიანის ხასიათის ამოცნობა. საინტერესოა, როგორ ახერხებთ, რომ პირველივე შეხვედრისას სწორად წაიკითხოთ მამაკაცის შინაგანი განწყობა, მოთხოვნილებები და შეუქმნათ სამოსი, რომელიც არა მხოლოდ სხეულზე, არამედ მის პიროვნებაზე იდეალურად იქნება მორგებული?

ჩვენმა მუდმივმა მომხმარებლებმა ხშირად ზუსტად იციან, რა სჭირდება მათ გარდერობს. თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტული ნივთი ერთობლივი მუშაობის შედეგია. ასეთი ნდობა განსაკუთრებით მახარებს.

შესაძლებელია, ორ მამაკაცს იდენტური ზომები ჰქონდეს, თუმცა მათთვის შექმნილი კოსტიუმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს – სტილი მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით არ განისაზღვრება.

პირველი შეხვედრისას მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორია ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება, პროფესიული გარემო, ჩაცმის ჩვევები და პირადი ესთეტიკა. ზოგი მამაკაცი მკაფიოდ სტრუქტურირებულ, კლასიკურ სილუეტს ანიჭებს უპირატესობას, სხვებისთვის კი უფრო ახლობელია რბილი კონსტრუქცია და თავისუფალი ელეგანტურობა.

ჩვენი ამოცანა მომხმარებლისთვის საკუთარი გემოვნების თავს მოხვევა კი არა, მისი ინდივიდუალური სტილის აღმოჩენაა. საუკეთესო შედეგი მაშინ მიიღწევა, როდესაც პროფესიული რეკომენდაცია და პირადი სურვილი ერთმანეთს ბუნებრივად ავსებს.

განსაკუთრებით ვაფასებ მომენტს, როდესაც მამაკაცი საბოლოო მორგებისას სარკეში არა უბრალოდ ახალ ორეულს, არამედ საკუთარი თავის უფრო დახვეწილ ვერსიას ხედავს.

კარგი ორეული სხეულს ერგება, განსაკუთრებული – ადამიანის ხასიათს. ეს ოქროს წესი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.


როგორია ახალგაზრდა თაობის კლასიკური სტილი. რამდენად აქტიურად იყენებენ ფორმალურ სტილს და რა ტენდენციებს გამოარჩევდით, ტრადიციული მომხმარებლებისგან განსხვავებით?

ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა. ქორწილის, ბანკეტისა თუ სხვადასხვა ცერემონიისთვის მათ ხშირად პირველად უწევთ კლასიკური ორეულის მორგება და მნიშვნელოვანია, ახალ სამოსში თავი იდეალურად იგრძნონ.

კლასიკური ელეგანტურობა კვლავ აქტუალურია, თუმცა მისი ინტერპრეტაცია უფრო თავისუფალი და ინდივიდუალური გახდა. ახალგაზრდა მამაკაცები თამამად ირჩევენ ფერებს, ფაქტურებსა და სილუეტებს. განსაკუთრებით აქტუალურია ღრმა ლურჯი, გრაფიტისფერი, ყავისფერი, მუქი მწვანე და ბუნებრივი ტონალობები. ქსოვილებში კი გამოვარჩევდი ფლანელს, ქაშმირსა და მაღალი ხარისხის შალს.

ახალგაზრდები მარტივად ახერხებენ კლასიკური ნივთების თანამედროვე ცხოვრების რიტმთან ადაპტირებას. სტრუქტურირებული პიჯაკის შეხამება ნაქსოვ პოლოსთან ან კლასიკური შარვლის კომბინირება თავისუფალ ზედატანთან დღეს ბუნებრივი არჩევანია.

თუმცა ოფიციალურ მიღებებზე, საქმიან შეხვედრებსა თუ Black Tie ღონისძიებებზე დრესკოდის დაცვა კვლავ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.

ვფიქრობ, თანამედროვე ელეგანტურობა სწორედ ამ ბალანსშია – იცოდე კლასიკური წესები, მაგრამ შეგეძლოს მათი საკუთარ ინდივიდუალობასთან შეთანხმება.


ნინო, სადღესასწაულო თუ მნიშვნელოვანი საღამოს სამოსის შერჩევისას, რა არის ის მთავარი შეცდომები, რომლებსაც მამაკაცები ყველაზე ხშირად უშვებენ პროპორციების, ქსოვილების თუ აქსესუარების კუთხით?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მორგებაა. პიჯაკის მხრების ბალანსი, სახელოს სიგრძე, წელის ხაზი და შარვლის სილუეტი მთლიან ვიზუალურ შედეგს განსაზღვრავს. ზოგჯერ რამდენიმე მილიმეტრიც კი არსებითად ცვლის სამოსის აღქმას.

მეორე შეცდომა ქსოვილის არასწორი შერჩევაა. მამაკაცები ხშირად ზედმეტად პრიალა ან დეკორატიულ მასალებს ირჩევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სადღესასწაულო სამოსი აუცილებლად თვალშისაცემი უნდა იყოს. ჩემთვის კი განსაკუთრებული ელეგანტურობა თავშეკავებულ ფაქტურასა და ხარისხიან, ბუნებრივ ქსოვილში ვლინდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია აქსესუარები – ჰალსტუხი, ფეხსაცმელი, ქამარი, ჯიბის ცხვირსახოცი, ბაფთა თუ კამერბანდი მთლიან ვიზუალს უნდა ავსებდეს.

განსაკუთრებით გამოვყოფდი დრესკოდის სწორად გაგებას. მაგალითად, სმოკინგი უბრალოდ შავი კოსტიუმი არ არის – მას საკუთარი კონსტრუქციული და სტილისტური წესები აქვს.

ჩემი რეკომენდაციაა, მამაკაცმა გაითვალისწინოს, რამდენად ორგანულად ერგება სამოსი მის პიროვნებასა და ღონისძიების დრესკოდს. ელეგანტურობა არ ნიშნავს ყურადღების ნებისმიერ ფასად მიპყრობას. ის ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად არის შერჩეული და არაფერია ზედმეტი.


სეზონური გარდერობი გავარჩიოთ, როგორი უნდა იყოს საქმიანი მამაკაცის გარდერობი ზამთარში?

თანამედროვე მამაკაცის ზამთრის გარდერობი სამ ძირითად პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს – ხარისხს, ფუნქციურობასა და ინდივიდუალურ სტილს.

დღეს განსაკუთრებით აქტუალურია Capsule Wardrobe – ერთმანეთთან მარტივად კომბინირებადი სამოსი, რომელიც მინიმალური რაოდენობის ნივთებით მრავალფეროვანი გარდერობის შექმნის საშუალებას იძლევა.

ფორმალური გარდერობის საფუძვლად კლასიკური ორეული ან სამეული რჩება. ზამთარში უპირატესობას მაღალი ხარისხის შალსა და მკვრივ, ბუნებრივი ფაქტურის მქონე ქსოვილებს ვანიჭებთ. ფერებიდან კი გამოვარჩევდი მუქ ლურჯს, გრაფიტისფერს, ყავისფერსა და რუხ ტონალობებს.


ცივი სეზონის აუცილებელ ელემენტად მიმაჩნია კლასიკური პალტო, სასურველია შალისა და ქაშმირის კომბინაციით. მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ ლაბადებს, საველე სტილის ქურთუკებს (Field Jackets), დათბილულ ჟილეტებსა და მრავალფუნქციურ გარე სამოსს.

კლასიკურ ქსოვილებთან ერთად ვმუშაობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ მასალებთან, რომლებიც ქარისა და ტენიანობის მიმართ მედეგობითა და თბოიზოლაციით გამოირჩევა. მომხმარებელს შეუძლია თავად განსაზღვროს სამოსის სილუეტი, სიგრძე, ქსოვილი, დათბილვის ხარისხი და სხვა დეტალები.

არაფორმალურ გარდერობში გამოვარჩევდი რბილი კონსტრუქციის პიჯაკებს, მერინოსის მატყლისა და ქაშმირის სვიტერებსა და ინდივიდუალურად მორგებულ შარვლებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფორმალური და არაფორმალური გარდერობი ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმოდეს. პირადად მე უპირატესობას თავშეკავებულ ფერებს, ბუნებრივ ფაქტურებსა და სამოსს ვანიჭებ, რომლის ხარისხიც დეტალებში ვლინდება და არა თვალშისაცემ ბრენდირებაში.


და ბოლოს, როგორია წინასაახალწლო მზადების პერიოდი თქვენს საქმიანობაში? საინტერესოა, რამდენად ფიქრობენ და ემზადებიან მამაკაცები ახალი წლის სადღესასწაულო სეზონისთვის? რა იქნება სამი მთავარი რჩევა მათთვის ზამთრის დღესასწაულებისთვის?

წინასაახალწლო პერიოდი BESPOKE Tbilisi-ში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა. ოფიციალური მიღებები, Black Tie საღამოები და პირადი დღესასწაულები განსხვავებულ სტილისტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

მამაკაცები სულ უფრო გააზრებულად ეკიდებიან სადღესასწაულო გარდერობის მომზადებას და ირჩევენ ნივთებს, რომლებიც მომავალშიც შეინარჩუნებს აქტუალურობას. ამ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ინტერესი სმოკინგების, მუქი ფერის კოსტიუმების, ხავერდის პიჯაკებისა და საღამოს აქსესუარების მიმართ.


რაც შეეხება ჩემს სამ მთავარ რეკომენდაციას:

პირველი – გაიაზრეთ და დაიცავით დრესკოდი. სხვადასხვა ტიპის ღონისძიება განსხვავებულ სტილისტურ მიდგომას მოითხოვს. დრესკოდის ცოდნა კარგი გემოვნებისა და მასპინძლის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.

მეორე – უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს და არა თვალშისაცემ ეფექტს. იდეალურად მორგებული მუქი ორეული, მაღალი ხარისხის პერანგი და სწორად შერჩეული აქსესუარები ხშირად გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე ზედმეტად დეკორატიული გადაწყვეტილებები.

მესამე – დაგეგმეთ გარდერობი წინასწარ. ინდივიდუალური სამოსის შექმნა დროს მოითხოვს, ამიტომ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეთ.

სადღესასწაულო სტილში ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობაა. მამაკაცი თავს კომფორტულად და ბუნებრივად უნდა გრძნობდეს, მიუხედავად იმისა, კლასიკური სმოკინგი აცვია თუ თანამედროვე საღამოს სამოსი.

ჩემი მთავარი რჩევა მარტივია – ნუ ეცდებით, იყოთ ყველაზე თვალშისაცემი, იყავით ყოველთვის ელეგანტური.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: Bespoke tbilisiმამაკაცის სამოსირა ჩავიცვა
წინა პოსტი

ხელოვნება, როგორც ქვეცნობიერის ენა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN