N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

სტილის ინსპირაცია მარიამ კუხალაშვილისგან

ივლისი 6, 2025
A A
460
გაზიარება
3.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

თუ გკითხავთ, რა არის ინდივიდუალიზმის გამოხატვის საუკეთესო გზა, რას გვიპასუხებთ? ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს სტილია. სწორედ საკუთარ შინაგან სამყაროსა და ინდივიდუალიზმს გამოხატავს სტილით მარიამ კუხალაშვილი — კონტენტ კრეატორი და მოდის ბლოგერი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გამომწერებს აქტიურად უზიარებს შთამაგონებელ კონტენტს.


N13 -თან ინტერვიუში მარიამმა ისაუბრა მის ყოველდღიურ ლუქებზე, საყვარელ დიზაინერებზე და მოდის სახლზე, გაგვიზიარა, როგორ ქმნის ელეგანტურ და დახვეწილ ვიზუალს, რას ანიჭებს უპირატესობას და რის გარეშე ვერ წარმოუდგენია ყოველდღიურობა.

როგორია მარიამ კუხალაშვილის ყოველდღიური სტილი?

არ მაქვს წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული სტილი. სამოსს ყოველდღიური რუტინის მიხედვით ვარჩევ და ვცდილობ, ის ჩემს საქმიანობასა და დღის გეგმებს მოვარგო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად ვგრძნობდე. მიმაჩნია, რომ სტილი ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატვაა და ის აუცილებლად მოქმედებს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე.


რატომ გადაწყვიტეთ მოდის ბლოგერობა, რა გახდა თქვენი ინსპირაცია?

სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ ყოფილა გაცნობიერებული გადაწყვეტილება. გემოვნებიანი და ყოველდღიური სტილის შექმნა ყოველთვის მიყვარდა და ამით წლების წინაც ვიყავი დაკავებული. თუმცა დროთა განმავლობაში გაჩნდა ახალი პროფესიული მიმართულება — კონტენტ კრეატორობა. ის, რომ დღეს ერთ-ერთი ცნობილი კონტენტ კრეატორი ვარ, დიდწილად იმ გარემოებებმა და ადამიანებმა განაპირობა, ვინც ჩემი სტილის მიმართ ინტერესი გამოხატა.

რომელ ფერთა პალიტრას ანიჭებთ უპირატესობას და რომელი ტონები დომინირებს თქვენს გარდერობში?

ფერებს ძირითადად სეზონის მიხედვით ვირჩევ, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ტონები, რომლებშიც თავს განსაკუთრებულად კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ. ეს, უმეტესწილად, პასტელური პალიტრაა. ძალიან მიყვარს შავი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია ჩემს გარდერობში. ასევე მომწონს ბეჟი, ნაცრისფერი და კრემისფერი. ვცდილობ, სეზონურ ტენდენციებსაც მოვერგო, რაც თავისთავად აისახება სამოსის ფერებზე.


როგორც ჩვენთვის ცნობილია თქვენი პროფესია მარკეტინგულ სფეროს უკავშირდება, რამდენად აისახება ეს თქვენს სტილში?

დიახ, მართალია — ამჟამად ერთ-ერთ ცნობილ ესთეტიკურ კლინიკაში მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ვფიქრობ, რომ ჩემი ორივე პროფესია მოდასთან ახლოსაა და სწორედ ამიტომ სიამოვნებას მანიჭებს ყოველდღიური სტილის შექმნა. იმის გამო, რომ ხშირად მიწევს შეხვედრებზე და ღონისძიებებზე ყოფნა, პროფესიული საქმიანობა პირდაპირ აისახება ჩემს ჩაცმულობაზე — მუდმივად ფორმაში ყოფნა ყოველდღიური სტილის ნაწილია.

რომელი მოდის სახლია თქვენი ფავორიტი და რატომ?

Saint Laurent-ი იმდენად ახლოსაა ჩემს სტილთან, რომ ხშირად ვამბობ — მათი სამოსი ჩემთვის იქმნება. ამიტომ ჩემი ფავორიტი მოდის სახლი უპირობოდ Saint Laurent-ია. მომწონს მათი მკვეთრი სილუეტები, ფართო მხრებიანი მაისურები და პიჯაკები, ელეგანტური სტილი, რომელსაც უხეში შტრიხები აბალანსებს. ეს ბრენდი ცალსახად ყველაზე ახლოსაა როგორც ჩემს სტილთან, ისე ჩემს პიროვნებასთან.


არსებობს ადამიანი, რომლის სტილი თქვენთვის შთაგონების წყაროა?

რთულია ერთი ადამიანი დავასახელო. ვფიქრობ, შთაგონება ყველგან შეიძლება ვიპოვო — იქნება ეს ქუჩაში შემხვედრი ადამიანის ჩაცმულობა თუ ფილმის პერსონაჟის სტილი. ჩემთვის ინსპირაციის წყარო შეიძლება იყოს ადამიანი, ადგილი, სიტუაცია ან ნებისმიერი დეტალი, რომელიც გემოვნებასა და ხასიათს გადმოსცემს.

როგორ აღწერდით თქვენს სტილს სამი სიტყვით?

რთულია სამი სიტყვით შევაჯამო… ის ნაკლებად ნაზია და, გულახდილად რომ ვთქვა, სიტყვა „უხეში“ ნამდვილად შეესაბამება. ასევე ხშირად მესმის შეფასება, რომ ჩემი სტილი ელეგანტურია — ამას აღნიშნავენ როგორც გარშემომყოფები, ასევე ჩემი გამომწერებიც.


როგორია თქვენთვის იდეალური დღის ლუქი — მაშინ, როცა გსურთ, რომ იყოთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია?

იდეალური დღის ლუქი ალბათ სიტუაციიდან გამომდინარე იქმნება. ჩემთვის ყველაზე მნშვნელოვანია სარკეში ჩახედვისას ძალიან მომეწონოს საკუთარი თავი. დღის ლუქი აუცილებლად უნდა იყოს თანხვედრაში ჩემს ხასიათთან და განწყობასთან. რა თქმა უნდა, არსებობს სამოსი რომელშიც თავს განსაკუთრებულად კომფორტულად ვგრძნობ და ვიტყვი, რომ ეს არის “ოვერსაიზ” პიჯაკი, რადგან მგონია რომ ის ჩემი ინდივიდუალური სტილის მთავარი შტრიხია. გარდა ამისა, ბოლო ერთი წელია ჩემს ლუქებში აქტიურად ვიყენებ ფეხსაცმელს დაბალ ქუსლზე, მიმაჩნია რომ ეს თავდაჯერებულობაზეც მოქმედებს და ლუქს დასრულებულ ეფექტსაც აძლევს.


რომელ დიზაინერს გამოარჩევდით, ვინ არის თქვენს სტილთან ყველაზე ახლოს?

მომწონს ბევრი დიზაინერის ნამუშევარი, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, Saint Laurent-ი და მისი კრეატიული დირექტორი ენტონი ვაკარელო ჩემთან განსაკუთრებით ახლოს არიან. ასევე გამოვარჩევდი დემნას — მიმაჩნია, რომ მან მოდის ისტორიაში საკუთარი ხელწერა შექმნა. იყო პერიოდი, როცა ჩემს სტილში ბალენსიაგას ელემენტებიც აქტიურად ჩანდა. ძალიან მომწონს სიმონ პორტე ჟაკმუსიც — ვფიქრობ, მისმა კრეატივმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოდის ტენდეციებზე. ქართველი დიზაინერებიდან გამოვარჩევ ალექსანდრე ახალკაციშვილს — მისი სამოსი აბსოლუტურად ერგება ჩემს გემოვნებას.

რა არის ის ნივთები, რომლებიც ყოველთვის არის თქვენს ჩანთაში?

ყოველთვის თან ვატარებ პატარა საფულეს ბარათებისთვის, სათვალეს, მანქანის გასაღებს და ტუჩის გლოსს – ეს ოთხი ნივთი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.


რომელი აქსესუარის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?

ძალიან მიყვარს სამკაულები, განსაკუთრებით საყურე და ყოველდღიურ ლუქებშიც ძალიან აქტიურად ვიყენებ სამკაულს, თუმცა ცხოვრება სათვალის და ჩანთის გარეშე ვერ წარმომიდგენია. არ აქვს მნშვნელობა სად ვგეგმავ დღის გატარებას, ჩანთა და სათვალე ის აქსესუარებია, რომელიც აუცილებლად თან უნდა მქონდეს.

შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რომელ ეპოქაში იცხოვრებდით? საინტერესოა, რომელი საუკუნეების სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

ჩემთან ყველაზე ახლოს 80-იანების სტილია- მიყვარს ამ პერიოდის თავისუფლება და ექსპერიმენტული ხასიათი. განსაკუთრებით 80-იანების რეტრო ესთეტიკა მიზიდავს: ოვერსაიზ პიჯაკები, ფართო მხრებიანი სილუეტები, თამამი აქსესუარები. ჩემთვის 80-იანი წლების სტილი თვითგამოხატვის ნათელი მაგალითია.


დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველს, ვინც სწორედ ახლა იწყებს საკუთარი სტილის შექმნას.

აუცილებლად უსმინონ შინაგან სამყაროს და შეგრძნებებს, შექმნან დამახასიათებელი, ინდივიდუალური სტილი, რომლითაც თავს დაამახსოვრებენ საზოგადოებას. გაეცნონ ტენდეციებს და მოარგონ ისინი საკუთარ გემოვნებას. ალბათ ამ ყველაფრის კომბინაციით იქმნება გამორჩეული სტილი, რომელიც არავის რჩება ყურადღების მიღმა.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: Nargis Magazineმარიამ კუხალაშვილისტილის ინსპირაცია
წინა პოსტი

MAUI JIM – კიდევ ერთი ახალი ბრენდი აფლელუ პარიზის პორტფოლიოში

შემდეგი პოსტი

N13 – მოგზაურობა ბარსელონაში და ახალი თავი ჟურნალი “ნარგისის” ისტორიაში

შემდეგი პოსტი
N13 – მოგზაურობა ბარსელონაში და ახალი თავი ჟურნალი “ნარგისის” ისტორიაში

N13 - მოგზაურობა ბარსელონაში და ახალი თავი ჟურნალი "ნარგისის" ისტორიაში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN