მოდის ინდუსტრიაში ტენდენციები არასდროსაა სტატიკური, ისინი სეზონებთან ერთად ტრანფორმირდებიან, იცვლიან მიმართულებას და პოულობენ ახალ ცენტრს. ბოლო წლების მონაცემებით, აშკარაა, რომ Saint Laurent-ი ამ პროცესების ურყევ ეპიცენტრს წარმოადგენდა, თუმცა 2025 წლის ბოლოს და 2026 წლის დასაწყისში მოდის რუკაზე ბალანსი რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ენტონი ვაკარელოს უნაკლო სილუეტები კვლავ დიდი პოპულარობის სარგებლობს, 2026 წლის დასაწყისისთვის ყურადღების ფოკუსი სხვა ბრენდზე გადავიდა. თუ Saint Laurent-ი სიმკაცრის და სტრუქტურული ელეგანტურობისა სიმბოლო იყო, მეთიუ ბლაზიმ ეს მოცემულობა, ასე ვთქვათ, გადაამუშავა. Chanel-ის მოდის სახლისთვის შექმნილი კოლექციები, განსაკუთრებით კი ფეხსაცმლის ხაზი , ნოსტალგიური რეტროსპექტივისა და თანამედროვე ესთეტიკის სინთეზი, გახდა ის ახალი ენა, რომელმაც თანამედროვე მოდის მოყვარულებს სრულიად განსხვავებული გამოცდილება შესთავაზა.


ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოდ სოციალურ მედიაში აისახა. დღეს, პრაქტიკულად შეუძლებელია ათვალიერებდე წამყვანი მოდის ბლოგერებისა თუ ინფლუენსერების პროფილს და მათთან არ აღმოაჩინოთ Chanel-ის ფეხსაცმელები ბლაზის კოლექციიდან, რომლებიც ნებისმიერ კადრს მომენტალურად ანიჭებენ განსაკუთრებულ ვიზუალურ აქცენტს. თუმცა, საინტერესოა, რამ განაპირობა მსგავსი მასშტაბის „ჰაიპი“? პასუხი სინამდვილეში მის საოცარ ადაპტაციურობაში იმალება – ეს დიზაინი თანაბარად ერგება როგორც დახვეწილ საღამოს სამოსს, ისე ყოველდღიურ, ერთი შეხედვით უბრალო ჯინსებს. სწორედ ამ სტილისტურმა მრავალფეროვნებამ აქცია ისინი 2026 წლის სტილის მთავარ დეტალად, რომელიც ნებისმიერ კომბინაციას სრულყოფილ სახეს აძლევს.


მეთიუ ბლაზის შემოქმედებაში მთავარი აქცენტები რომ დეტალებში გამოიხატება, ამაზე, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, თუმცა ფეხსაცმლის ხაზში მისი ხედვა კიდევ უფრო საინტერესოდ ვლინდება. ბლაზიმ Chanel-ის კოლექციებში ოსტატურად გააერთიანა არქიტექტურული ფორმები, რეტრო ესთეტიკა და ნოსტალგიური ნოტების თანამედროვე ინტერპრეტაციები, რამაც კომფორტსა და ვიზუალურ ეფექტს შორის იდეალური ბალანსი შექმნა. თუ Saint Laurent-ის მოდელების დანახვისას მათი შეძენის მძაფრი სურვილი გვიჩნდებოდა, Chanel-მა შექმნა ერთგვარი ილუზია, რომელიც თითოეულ ფეხსაცმელს ინდივიდუალური სტილის უნიკალურ სიმბოლოდ წარმოაჩენს. შესაბამისად კითხვაზე, ჩაანაცვლა თუ არა Chanel-მა Saint Laurent-ი? პასუხი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე „კი“ ან „არა“. რეალობა ისაა, რომ მიმდინარე სეზონზე მხოლოდ ენტონი ვაკარელოს ხელწერა აღარ განსაზღვრავს სეზონის მთავარ ტენდენციებს, რადგან Chanel-მა ბლაზის დახმარებით მოახერხა ის, რაც ნამდვილად ყველაზე რთულად მისაღწევია: დიზაინერი ბოლო კოლექციები მოდის ინდუსტრიაში ყველაზე აქტუალურ და განხილვად ფენომენად იქცა.


დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ მოდის სამყაროში „ჰაიპი“ არასდროს ქრება – ის უბრალოდ ტრანსფორმირდება და ახალ ფორმებს იძენს. რეალურად, ბრენდების მიზანი არა მხოლოდ კონკურენცია და სფეროში დომინირების დამტკიცება, არამედ იმ ავთენტური პროდუქტის შექმნაა, რომელიც ადამიანის ინდივიდუალიზმს ყველაზე უკეთ გაუსვამს ხაზს. ნებისმიერი ნივთი, იქნება ეს სამოსი თუ აქსესუარი, პერსონალური იდენტობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა და სწორედ ამ მოცემულობაში ვლინდება ის ინტელექტუალური ძალა, რომელსაც მეთიუ ბლაზი ასე ოსტატურად ფლობს.



