როდესაც წლებისა თუ საუკუნეების წინ ცნობილი მწერლები და მოგზაურები კავკასიურ მშვენიერებას აღწერდნენ, ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ იმ თვალისმომჭრელ მიმზიდველობას, რომელიც მხოლოდ ამ მიწის მკვიდრთათვის იყო დამახასიათებელი. თუ ქართველი ქალის სახე, პირველ რიგში, ნატიფ სინაზესთან ასოცირდება, სრულიად განსხვავებულ ემოციას აღძრავს მამაკაცის პორტრეტი – აქ წინა პლანზე თავდაჯერებული სიმშვიდე, მებრძოლი ხასიათი და ის გამორჩეული შარმი გადმოდის, რომელიც გარშემომყოფებს პირველივე ნახვით ატყვევებს. ალბათ რთულია არ დაეთანხმო მოსაზრებას, რომ ქართველი კაცის გარეგნობაში სიმეტრიული ნაკვთები და ის მკაცრი ხასიათი იდეალურად ერწმის ერთმანეთს, რომელიც ჩვენს ერს ისტორიულად მოსდევს- ეს უნიკალური გენეტიკური კოდი კი ყველაზე მკაფიოდ ეროვნულმა კინემატოგრაფიამ შემოინახა, რომელმაც ვაჟკაცური სილამაზე არა მხოლოდ ესთეტიკურ ფენომენად, არამედ კულტურული იდენტობის სიმბოლოდ აქცია. ქართველი მამაკაცი მსახიობები ყოველ ჯერზე ოსტატურად აცოცხლებდნენ იმ „რაინდულ იდეალს“, რომელიც ქართული ცნობიერებისთვის მუდამ უპირველეს ღირებულებას წარმოადგენდა. საბოლოო ჯამში კი, მათ შეძლეს შეექმნათ სახეები, სადაც კავკასიური ტემპერამენტი და ევროპული ელეგანტურობა ერთ განუყოფელ, ორგანულ მთლიანობად იქცა.

დღევანდელ სტატიაში ქართული კინოს იმ ლეგენდარულ წარმომადგენლებზე გიამბობთ, რომელთა პერსონა, შარმი და უნიკალური ვიზუალური იდენტობა ყოველ ჯერზე ხელახლა განსაზღვრავდა ეროვნული ვაჟკაცური მშვენიერების სტანდარტს.
ალბათ ყველას აინტერესებს, ვინ დაიკავებს ჩამონათვალში პირველ ადგილს. მინიშნება ასეთია – ქართველი „ალენ დელონი“. სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მსახიობს, რომლის გარეგნობაც ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში განუმეორებელ ფენომენად იქცა. რა თქმა უნდა, საუბარია ლევან აბაშიძეზე და დარწმუნებული ვართ ქართველი მამაკაცის პორტრეტზე, თქვენი პირველი ასოციაციაც სწორედ ლევანს უკავშირდება, თუმცა საინტერესოა რა ხდიდა მას ასეთ გამორჩეულს? გარდა იმისა, რომ ლევანი უდავოდ მომნუსხველი შარმით გამოირჩეოდა, მისი შინაგანი სამყარო და იდენტობა საზოგადოებას თავს კიდევ უფრო მეტად აყვარებდა. „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობითა“ თუ „ფესვებით“, მან ქართულ ეკრანს ფერწერული მშვენიერება აჩუქა – ეს ესთეტიკა კი იმ რაინდული ბუნებიდან მომდინარეობდა, რომელმაც საბოლოოდ კინოკადრებს მიღმა გადაინაცვლა. ლევან აბაშძემ საკუთარი ქვეყნის ერთიანობას აფხაზეთის ომში შესწირა თავი და დაგვიტოვა მარადიულად ახალგაზრდა, მომნუსხველი და უტეხი მამაკაცის ხატი, რომელიც დღემდე გამორჩეულად საამაყოა თითოეული ქართველისთვის.

ქართული არისტოკრატიზმისა და ვაჟკაცური მშვენიერების სრულყოფილ სინთეზს წარმოადგენს მსახიობი ოთარ კობერიძე და ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მისი უკვდავი პერსონაჟი ლეო ესაკიას ფილმიდან „ბაში-აჩუკი“, სადაც ის ნამდვილ ეროვნულ სიმბოლოდ მოგვევლინა. მკაფიოდ გამოკვეთილი, სკულპტურული ნაკვთებით, მედიდური გამოხედვითა თუ ათლეტური აღნაგობით ოთარს მუდმივად შეეძლო ეკრანზე იმ რაინდული სულის გაცოცხლება, რომელიც იდეალურად ასახავდა ქართულ გენეტიკას. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი ვაჟკაცური ვიზუალი მხოლოდ კინემატოგრაფიული ხატი არ ყოფილა და ის მსახიობის რეალური ხასიათიდან მომდინარეობდა, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე ჩამოყალიბდა.

ნამდვილი ქართული გარეგნობით გამოირჩეოდა ყველასთვის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე- კავკასიური მტკიცე ბუნება, რომელშიც თანაბრად იკითხებოდა სიმკაცრე და საოცარი სითბო. რეპრესირებული მამის ტრაგიკულმა ისტორიამ და ბავშვობის სირთულეებმა მის ნაკვთებს ის განსაკუთრებული დრამატიზმი შესძინა, რომელიც ეკრანზე გამოჩენისთანავე აჯადოებდა მაყურებელს. ხშირად გვსმენია ფრაზა „შინაგანი ქარიზმა“ – სწორედ ეს უხილავი ძალა ხდიდა მის ყოველ პერსონაჟს დაუვიწყარს. საბოლოოდ კი კახი კავსაძე ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში იმ მამაკაცის ეტალონად იქცა, რომლის მშვენიერებაც მის შინაგან სიმართლესა და დიდებულ არტისტიზმში იმალებოდა.

ქართული კინოს კიდევ ერთი გამორჩეული სახეა ლევან უჩანეიშვილი, რომელმაც მაყურებელს დაუვიწყარი პერსონაჟი „კუკარაჩა“ აჩუქა – სამართლიანობისა და ვაჟკაცობის სიმბოლო, რომელიც დღემდე უდიდეს აღტაცებას იწვევს საზოგადოებაში. მსახიობის უნიკალური ვიზუალი, საოცრად მეტყველი ნაკვთები და მზერა, რომელიც თითქოს ყოველგვარი სიტყვების გარეშე ჰყვება პერსონაჟის ისტორიას, იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მან ქართული კინემატოგრაფიიდან ჰოლივუდის დიდ სცენაზე გადაინაცვლა. „დამოუკიდებლობის დღე“, „ბლეიდი“, „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, სადაც უჩანეიშვილმა დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტ ქართულ ნიჭს თუ ეშხს საზღვრები არ გააჩნია და ის მსოფლიო კინემატოგრაფიის ნებისმიერ ჟანრში ორგანულად მკვიდრდება.

ქართველი მამაკაცის შინაგან ბუნებასა და ეშხს სარკესავით ირეკლავს ზურა ყიფშიძე – ერთი შეხედვით მკაცრი და შეუვალი ვიზუალის მიღმა, მის ყოველ გამოხედვაში მზრუნველობა და უსაზღვრო სიყვარული იკითხება. საინტერესოა ისიც, რომ მსახიობის გარეგნობა იდეალურად ეხმიანება მის ზოდიაქოს ნიშანს- ის ლომივით მედიდური და მომხიბვლელია და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. ზურა ყიფშიძე მუდმივად ამტკიცებს, რომ ნამდვილი მშვენიერება დროს არ ექვემდებარება – წლებთან ერთად მის პორტრეტს მეტი კეთილშობილება და ინტელექტუალური შარმი ემატება, ჩვენ კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ქართული კინოს ესთეტიკური საგანძურია, რომლის ეკრანული პერსონა არასდროს ბეზრდება მაყურებელს.

ჩვენს ჩამონათვალში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მერაბ ნინიძე. მსახიობის კინოდებიუტი თენგიზ აბულაძის ლეგენდარულ „მონანიებაში“ შედგა და მას შემდეგ, მერაბის სახე იმ ღრმა, ინტელექტუალური მშვენიერების სიმბოლოდ იქცა, რომელიც დროსთან ერთად კიდევ უფრო მეტ ეშხს იძენს. მერაბის გარეგნობაში ქართული ტემპერამენტი და ევროპული ელეგანტურობა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, რაც მას მსოფლიო კინემატოგრაფისთვის გამორჩეულ ტიპაჟად აქცევს. მერაბ ნინიძის ფილმოგრაფია ისეთივე მრავალფეროვანი და მასშტაბურია, როგორც მისი არტისტული ბუნება, მსახიობი ორგანულად დამკვიდრდა დასავლურ კინოსამყაროში და ისეთ მასშტაბურ პროექტებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა „კურიერი“ , რომელშიც ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშა, ასევე პოპულარული სერიალები „ჰომლენდი“, „მაკმაფია“ და ა.შ.

ცხადია, ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი შემოქმედებითი ისტორიისა, რომელმაც ქართული კინოს სახე და ვაჟკაცური მშვენიერების ეტალონები შექმნა. ამ კადრებს მიღმა კიდევ უამრავი გამორჩეული არტისტი დგას, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია. საინტერესოა, თქვენ ვის დაამატებთ ჩვენს სიას?
ტექსტი: მარიამ ბექაური
