Mercedes-Benz Prague Fashion Week ჩეხეთის რესპუბლიკისთვის მოდის ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელმაც 2010 წლიდან საკმაოდ საინტერესო და დიდი გზა გაიარა ქუჩის ჩვენებებიდან პრაღის ისტორიულ შენობებში გამართულ შოუებამდე. MBPFW 2013 წლიდან ოფიციალურად გახდა Mercedes-Benz-ის საერთაშორისო მოდის კვირეულების ოჯახის წევრი, ისეთი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ბერლინი და მილანი.
Photo: Alex Chudá

პრაღის მოდის კვირეულს, რომელიც ცნობილია თავისი დახვეწილი ესთეტიკითა და გამორჩეული ატმოსფეროთი, ყოველწლიურად ინდუსტრიის მრავალი წარმომადგენელი ესწრება. სტუმრებს შორის ტრადიციულად არიან ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე ღონისძიებას Nargis Magazine Georgia-ს მთავარი რედაქტორი თაკო ჩხეიძეც ესწრებოდა.

დღევანდელ სტატიაში იმ გამორჩეულ კოლექციებსა და დიზაინერებს გაგაცნობთ, რომლებმაც პრაღის მოდის კვირეულზე მოდის მოყვარულების და კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს.
Photo: Alex Chudá/ Petr Šajgal

დიზაინერმა Hana Valtová-მ წარადგინა ქალის ტანსაცმლის ხაზი, რომელიც ისტორიული სამოსის კვლევას ეფუძნება. მისი შემოქმედება გამოირჩევა დახვეწილი სილუეტებით, ტრადიციული ოსტატობითა და მაღალი ხარისხის ქსოვილებით. ამჯერად დიზაინერმა რენესანსის ეპოქისა და დანდიზმის ელემენტები თანამედროვე, ყოველდღიურ სამოსში გადაიტანა.
Photo: Douglas/ Alex Chudá

Barbora Kotěšovcová-მ Mattoni Fashion Young Stars 2026-ში გამარჯვების შემდეგ სადებიუტო კოლექცია THE AFTERPOSE წარადგინა. კოლექციის შთაგონების წყარო ინტერნეტ-ფენომენი The Backrooms გახდა. დიზაინერმა მიტოვებული სივრცეების ესთეტიკა შეცვლილ სილუეტებსა და დაგრძელებულ ფორმებში ასახა. სამოსი ძირითადად deadstock ტექსტილისგან შეიქმნა, ხოლო ვიზუალი TWIN–CHERRY-ს თავსაბურავებითა და ვერონიკა კოტეშოვცოვასთან თანამშრომლობით შექმნილი სათვალეებით შეივსო.
Photo: Petr Šajgal

Petra Balvin-მა წარადგინა BALVIN couture, რომელიც ინდივიდუალურ შეკვეთებზეა ორიენტირებული. ხაზი გამოირჩევა ზუსტი თარგითა და მაღალი ხარისხის მასალებით, როგორიცაა მატყლი, აბრეშუმი, ხელოვნური ტყავი და აბრეშუმის ვისკოზა. ბრენდი მომხმარებელს ფერებისა და ფაქტურების ფართო არჩევანს სთავაზობს.
Photo: indep_prague

JANA HOREJŠOVÁ-მ (ON THE BOAT) წარადგინა კოლექცია Singularity, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და ტექნოლოგიურ საფრთხეებს ეხმიანება. კოლექციაში აქცენტი გაკეთებულია მრავალშრიანობაზე. მდგრადი მოდის პრინციპების შესაბამისად, სამოსის ელემენტების დაშლა და სხვა მოდელებთან კომბინირებაა შესაძლებელი, რაც კაფსულურ გარდერობს ქმნის.
Photo: Petr Šajgal

