ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში ერთ ფოტოს ან ნამუშევარს ხვდებით და ფიქრობთ, რომ ავტორს გამორჩეულად საინტერესო ხედვა აქვს. სწორედ ამ ადმიანთა რიცხვს მიეკუთვნება ლუკა ფანჩულიძე – ახალგაზრდა არტისტი, რომელიც ამჟამად მილანში, NABA-ს უნივერსიტეტში მოდის დიზაინს ეუფლება და პარალელურად საკუთარი ნამუშევრებით სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს სოციალურ მედიაში. N13-თან ინტერვიუში ლუკა თავის პირველ ნაბიჯებზე, შემოქმედებით პროცესსა და იმ პერსონალურ ისტორიებზე გვესაუბრა, რომლებიც მის ხედვას და ნამუშევრებს უდევს საფუძვლად.

1. ლუკა შენ ცხოვრობ და სწავლობ მილანში- მოდის დედაქალაქში. საინტერესოა, კონკრეტულად რა მიმართულებით გადიხარ სწავლებას და რატომ გადაწყვიტე, რომ შენი მომავალი ამ ქალაქსთვის და სფეროსთვის დაგეკავშირებინა?
მოდის ინდუსტრია ბავშვობიდანვე, ქვეცნობიერად მქონდა არჩეული. ყოველთვის მიყვარდა ხატვა – ძირითადად ბალერინებსა და ადამიანებს ვხატავდი. აბიტურიენტობის პერიოდში სხვა ალტერნატივაზე არც მიფიქრია: ან მოდაში უნდა ვყოფილიყავი, ან ფერწერაში. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ სწავლის იდეა ყოველთვის სწორად მეჩვენებოდა, საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ეს იმდენად დიდ ნახტომად მიმაჩნდა, რომ შემეშინდა. სწორედ ამიტომ ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ეს იყო რთული, დეპრესიული და მელანქოლიური ფაზა – მარტო ცხოვრება, ცივი პერიოდი და აკადემიის გარემო ამ განწყობას კიდევ უფრო მიმძაფრებდა. თუმცა, დღეს ვხვდები, რომ ამ გამოცდილებამ ბევრი რამისთვის მომამზადა და ეს დრო მენატრება კიდეც. ერთხელ, ლექციაზე ხატვისას გავაცნობიერე, რომ იქ ოთხი წლის გატარება ჩემთვის დამღუპველი იქნებოდა და მალევე დავიწყე მზადება სხვა უნივერსიტეტისთვის. პარიზთან და ნიუ-იორკთან შედარებით მილანი უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტად მიმაჩნდა და რაც მთავარია საქართველოსთან უფრო ახლოს იყო, სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი.

2. შენი სოციალური ქსელებიდან გამომდინარე მარტივია იმის დადგენა, რომ მრავალმხრივ შემოქმედი ადამიანი ხარ – ხატვა, კერვა, გრაფიკა… საიდან იღებს სათავეს ეს ყველაფერი, რა არის შენი შთაგონების წყარო?
ხატვის შესწავლა და ტექნიკური მხარის დახვეწა ბავშვობის და აბიტურიენტობის პერიოდის გენიალური მასწავლებლების დამსახურებაა – დავით ჯანეზაშვილისა და ლევან ლონდარიძის, რომელთა მიმართაც მუდამ მადლიერი ვიქნები. რაც შეეხება კერვას- კერვა ნულიდან დავიწყე. მილანში ჩასულს, პირველ ლექციაზე მაკრატელიც კი შეცდომით მეჭირა. ამ საქმეში NABA-სთან ერთად ბებიაჩემსაც დიდი წვლილი აქვს, რომლის მხარდაჭერითაც შევძელი კოლეგებს არ ჩამოვრჩენოდი. ჩემი ინსპირაციის წყარო ადამიანები არიან – არტისტები, მეგობრები, ოჯახი. თუმცა მიმაჩნია რომ, საბოლოოდ ყველაფერი პირად გემოვნებამდე და იმპულსებამდე მიდის და სწორედ ამ ყველაფრის მიხედვით შეიძლება თითოეულ დეტალის ცვლილება.

3. შენს დიზაინებში ხშირად ვხედავთ ძველი ქართული სამოსის თანამედროვე ინტერპრეტაციებს. რატომ გადაწყვიტე, რომ შენს შემოქმედებაში ქართული იდენტობა და კულტურა წამყვანი ხაზი ყოფილიყო?
ვერ ვიტყოდი, რომ ქართული თემატიკა ჩემს შემოქმედებაში მუდმივად წამყვანი იქნება – ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ინტუიციურად ორ ისეთ თემას შევეხე, რომლებმაც ჩემი ხელწერა თითქოს სრულიად შეცვალა. შარშანდელი პროექტი, „ფუფალას სერვიზი“, ორი ერთი შეხედვით შეუსაბამო სამყაროს სინთეზს წარმოადგენდა: ქართული კინოს ლეგენდარული პერსონაჟი “ფუფალა” და საბჭოთა ეპოქის კულტად ქცეული „მადონას სერვიზი“. ვფიქრობ, ამ თემას მომავალში კიდევ უფრო სერიოზული მოტივებით დავუბრუნდები. წელს კი ჩემი მთავარი ფოკუსი „კინტოა“. ამ თემაში მოდის ინდუსტრიისთვის უსაზღვრო პოტენციალს ვხედავ და ალბათ რამდენიმე კოლექცია დამჭირდება, რომ ეს იდეა ბოლომდე ამოვწურო. გარდა იმისა, რომ ეს თემები ჩემთვის ძალიან პერსონალურია, სწორედ მათმა ავთენტურობამ გამომარჩია კოლეგებისგან და ჩემს ნამუშევრებს ის გამორჩეული, სახასიათო სტილი შესძინა, რომელსაც ახლა ვავითარებ.

4. თუ ქართველი დიზაინერების ისტორიას გადავხედავთ, ყველგან აღმოვაჩენთ კულტურული იდენტობის გავლენებს, მაგალითად გალიბ გასანოვი თავის დიზაინებში მულტიკულტურალიზმს იყენებს, დემნასთვის ინსპირაცია პოსტსაბჭოთა ტრავმები იყო. შენს სამოსში კი ჩოხის დეტალები ფიგურირებს. რატომ მაინცდამაინც ჩოხა, სამოსი რომლის ისტორიაც IX საუკუნიდან იწყება? რატომ არის შენთვის საინტერესო ამ ეპოქის გაცოცხლება?
ამ კითხვაზე გავაცნობიერე, რომ ჩემი სადიპლომო კოლექცია თურმე ტრავმას უკავშირდება. მშობლების ინიციატივით, 9 წელი დავდიოდი ქართულ ცეკვაზე. უამრავჯერ მეცვა ეროვნული სამოსი და ბევრ კონცერტზეც მიცეკვია, თუმცა არასდროს მქონია სოლო მომენტი ან ისეთი გამორჩეული როლი, როგორიც ჩემს მეგობრებს. უბრალოდ არ მიყვარდა იქ ყოფნა, ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო და, შესაბამისად, არც კარგი მოცეკვავე ვიყავი. თუმცა ერთხელ ძალიან პატარა სოლო მონაკვეთი შევასრულე „კინტაურში“. ამ დრომდე გაუგებარია, რატომ მომცა ქორეოგრაფმა ეს ნაწილი, როცა რეპეტიციებს მუდმივად ვაცდენდი და არც ვინდომებდი. დღემდე ვფიქრობ ამ მომენტზე, მიმაჩნია რომ უფრო მეტად უნდა მომენდომებინა, რადგან „კინტაური“, სხვა ცეკვებთან შედარებით ოდნავ უფრო მომწონდა. მარტივად რომ ავხსნა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ცეკვის ვიდეოც კი არ არსებობს. ამიტომაც არის ეს კოლექცია ჩემთვის პერსონალური – მასში მაქსიმალურ ენერგიას ვდებ. 13 წლის ლუკასთვის ვინმეს რომ ეთქვა, შენს უმნიშვნელოვანეს სადიპლომო კოლექციას ქართულ ცეკვას დაუკავშირებო, ალბათ არ დაიჯერებდა ან ძალიან გაბრაზდებოდა.

5. დიზაინის შექმნის პროცესში რომელი ხაზი უფრო საინტერესოა შენთვის – მამაკაცის სამოსზე მუშაობა თუ ქალის?
20 წლამდე მხოლოდ ქალის სამოსზე ვიყავი ფოკუსირებული. თუმცა, ბოლო წელიწადნახევარია ჩემს ნამუშევრებში კაცის ხაზი დომინირებს და ეს ფაქტი მეც მაოცებს. სინამდვილეში, არ მინდა საკუთარ თავი მხოლოდ ერთი მიმართულებით შევზღუდო – მომავალში წარმომიდგენია, რომ ორივე ხაზთან თანაბრი შეხება მექნება.

6. ჩვენს თანამედროვეობაში ციფრულმა სამყარომ დიზაინერებს გზა გაუმარტივა, მაგალითად სიმონ პორტე ჟაკმუსი ნიჭთან ერთად, სოციალური მედიის დახმარებით პირდაპირ გავიდა სასურველ აუდიტორიაზე. შენ როგორ უყურებ ამ ტენდენციას, მოგწონს დიჯითალ პლატფორმების ასეთი პოპულარობა თუ უფრო ტრადიციული გზა გირჩევნია აღიარების მოსაპოვებლად?
ძალიან მომწონს ბალანსი ტრადიციულ გზასა და ციფრულ სამყაროს შორის. რატომაც არა- ვფიქრობ დროს ფეხი უნდა ავუწყოთ და ყველა შესაძლებლობა გამვიყენოთ იმისთვის, რომ საკუთარი ნაშრომი ხალხს გავუზიაროთ. სოციალურ მედიას შეუძლია კარიერულად უამრავი გზა გაგვიხსნას, სხვებისთვის გავხდეთ ინსპირაცია და საერთო ინტერესების მქონე კრეატიული ადამიანები გავიცნოთ. ჩემთვის ამ ორი სამყაროს ერთმანეთის გარეშე არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელია.

7. ვინ არის შენთვის ის ადამიანი, ვისი სტილიც განსაკუთრებულად მიგაჩნია? საინტერესოა ვის ხედვას გამოარჩევდი და რამდენად ახდენს ის გავლენას შენს პერსონალურ სტილზე?
სტილის მხრივ ერთი გამორჩეული ადამიანი ნამდვილად არ მყავს – ვფიქრობ, ყველას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე. ვიღაცას ფეხსაცმლის სწორად შერჩევა შეუძლია, ვიღაცას შარვლის, მე კი ყოველთვის ვპოულობ დეტალს, რომლის შეცვლაც შემიძლია. რაც შეეხება ფიზიკურობას, აქ უკვე შემიძლია დავასახელო ადამიანები,რომლებიც ჩემთვის სილამაზის ეტალონები არიან: ვფიქრობ, ახალგაზრდა ქეით მოსი, ჯუდ ლოუ ან თუნდაც ეზრა მილერი იდეალურად გამოიყურებოდნენ. ასევე გვინეტ პელტროუ და, რაც ყველაზე მთავარია, დედაჩემი.

8. გვითხარი რომელია შენი საყვარელი მოდის სახლი და დიზაინერი, რომლის შემოქმედებაც შენს ხასიათთან ყველაზე ახლოსაა?
ბევრი მოდის სახლი მომწონს და ვფიქრობ, შემიძლია საკუთარი თავი მთლიანად მივუძღვნა იმ ბრენდს, სადაც ვიმუშავებ. ჩემთან ყველაზე ახლოს ბოლო პერიოდის Prada და Yves Saint Laurent-ი არიან – მათ ჩვენებებს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ველოდები. რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი და მოტივაცია იქნება დემნას გუნდში მუშაობაც, რომელი სახლის კრეატიული დირექტორიც არ უნდა იყოს. ასევე, ჩემს გულში მუდამ გამორჩეულ ადგილს იკავებს John Galliano და მისი Maison Margiela.

9. შენი საინტერესო მუსიკალური გემოვნება სოციალური ქსელებიდან ცალსახად იგრძნობა. გვითხარი, მუშაობის პროცესში, იქნება ეს ხატვა თუ კერვა, რა გავლენას ახდენს მუსიკა შენს განწყობაზე და ყველაზე ხშირად რომელ ჟანრს უსმენ?
მომწონს Alternative, Indie და ცოტა Classic Rock. ჩემი ყველა დროის საყვარელი ჯგუფია Arctic Monkeys, რომელსაც ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან ვუსმენ. ასევე თინეიჯერობის წელებს უკავშირდება ლანა დელ რეი. ბოლო პერიოდში,მეგობრის დამსახურებით, ჩემი ფავორიტი მუსიკოსების სია გაფართოვდა და მას Radiohead და ქართველი არტისტი მაქსიმე მაჩაიძე დაემატნენ. თუმცა, მაქსიმეზე ნაწყენი ვარ, რადგან ინსტაგრამზე რომ არ მაფოლოვებს (ეს რათქმაუნდა ვიხუმრე… ან არა). მუშაობის დროს მუსიკას თითქმის არასდროს ვუსმენ, თუმცა გამონაკლისი იყო შარშან, „ფუფალას სერვიზზე“ მუშაობის პერიოდში – მაშინ სულ Fleetwood Mac მქონდა ჩართული, რომელიც მიმაჩნია რომ კონცეფციას ეხმიანებოდა და კრეატიულადაც დამეხმარა.

10. დაბოლოს, გაგვიმხილე როგორია შენი სამომავლო გეგმები და როგორ ხედავ საკუთარ თავს თანამედროვე მოდის ინფუსტრიაში?
მომავალზე ლაპარაკი ცოტა მაშინებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მილანი ძალიან შემიყვარდა და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მიმაჩნია რომ ეს ქალაქი ჩემი მეორე სახლი ხდება. სიმართლე გითხრათ, საკუთარი ხაზის გამოშვება ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანს, თუმცა დანამდვილებით არც ამის თქმა შემიძლია. ამ ეტაპზე მირჩევნია, სხვა მოდის სახლებისთვის ვიმუშაო და რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დავაგროვო. ვფიქრობ, ეს ასაკი თავიდან ბოლომდე სწავლასა და განვითარებას უნდა დავუთმო – იდეალური ვარიანტი მაგისტრატურის გაგრძელება და მუშაობაა. თუმცა, ის ათასობით შეტყობინება, რომელსაც ჩემი სამოსის შეძენასთან დაკავშირებით ვიღებ, ნამდვილად მაცდურად ჟღერს… საქართველოს, რა თქმა უნდა, არ დავივიწყებ და მომავალში ჩვენს ქვეყანაშიც დიდი სიამოვნებით ვისურვებდი ჩემს პატარა მაღაზიას.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური

