თქვენი აზრით რამდენად რთულია თავი დაიმკვიდრო იმ გარემოში, რომელშიც შენი მთავარი სტატუსი- პირველი ლედის, ჟაკლინკ კენედის დობაა?

კაროლინ ლი ბუვიე, მოგვიანებით კი ლი რადზივილი ნიუ-იორკში 1933 წელს დაიბადა. ჟაკლინი და ლი ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში იზრდებოდნენ და ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ, მოგვიანებითაც, როდესაც ჟაკლინი ამერიკის პირველი ლედი გახდა ლი მასთან დიდ დროს ატარებდა და პრეზიდენტ კენედთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებსაც ესწრებოდა. თუმცა საზოგადოებაში მაინც არსებობდა ეჭვი, რომ ლის ჟაკლინის შურდა, ერთერთი ავტორი- ლოურენს ლიმერი საკუთარ წიგნში ამ ფაქტს ცალსახად უსვამდა ხაზს: “ლის ისე შურდა ჟაკის, რომ ძლივს ლაპარაკობდა. როცა შენი უფროსი და ამერიკის პირველი ლედია, ალბათ ცოტა მაინც შეგშურდება… მაგრამ ის შურით იყო შეპყრობილი”. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და რთულია ისაუბრო იმაზე, რასაც არცერთი ფაქტი არ ადასტურებს, თუმცა აღსანისნავია, რომ ლის სახელის ხსენება ავტომატურად ასოცირდება ჟაკლინ კენედთან.


დიახ, ლი რადზივილი შესაძლოა ცნობილი იყოს, როგორც ჟაკლინ კენედის და, თუმცა მოდის ისტორიაში ის დამოუკიდებელი ფიგურაა – ქალი, რომელმაც ელეგანტურობას საკუთარი ხელწერა აჩუქა და წლების განმავლობაში იქცა ინსპირაციის წყაროდ.

ლი არ ყოფილა პერსონა, რომელიც უბრალოდ მიჰყვებოდა ტენდენციებს- ის ქმნიდა საკუთარ ესთეტიკას, რომელიც აგებული იყო მინიმალიზმზე, სიმარტივესა და დეტალების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებაზე. ლის სტილს თან სდევდა ინტელექტუალური თავდაჯერებულობა , მან იცოდა როგორ ექცია უბრალო სამოსი ისტორიად.


მიუხედავად იმისა, რომ ლი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიზარდა, მის სტილი მუდამ გამოირჩეოდა ფრანგული ელეგანტურობითა და დახვეწილობით. მისი ჩაცმულობა არასდროს ყოფილა დემონსტრაციული, ლი მუდმივად პოულობდა ბალანსს კლასიკასა და თანამედროვეობას შორის- რაც სტილს გამორჩეულად ეფექტურს ხდიდა.

ლი რადზივილის გარდერობში მკვეთრად იგრძნობოდა ფრანგული და იტალიური მოდის სახლების მიმართ სიყვარული, თუმცა ის ხშირად ჩნდებოდა ამერიკული ბრენდებისა თუ დიზაინერების სამოსში. ლის სტილში მკაფიოდ იკითხებოდა Valentino-სა და Givenchy-ის ესთეტიკა.

მაშინაც კი თუ ლი ყურადღების ცენტრში ყოფნას არ ცდილობდა, ის ყოველთვის სიტუაციის ეპიცენტრი ხდებოდა- ჯინსში და თეთრ მაისურშიც კი. მისი სტილი არ ყოფილა უბრალოდ სამოსი, რომელიც ხიბლავდა ყველას, ლის ჩაცმულობა ყველაზე უკეთ გადმოსცემდა მის ხასიათს- თავდაჯერებული, ინტელექტუალური, დახვეწილი და ძლიერი. ჩვენს რეალობაში კი ლი რადზივილი კვლავ ითვლება ელეგანტური სტილის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ.


