კრისტოფერ ნოლანის დრამამ – „ოპენჰაიმერმა“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კინოგაქირავების შედეგად 912 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს თანხა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ფილმი კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული სურათი გამხდარიყო. კილიან მერფიზე და დიდი ატომური ბომბის შესახებ ფილმზე საუბარს საზოგადოებამ დიდი დრო დაუთმო. მერფის თამაში, იმის მიუხედავად, გმირს ასახიერებს, ბოროტმოქმედსა თუ მათ შორის რაღაც შუალედურ პერსონაჟს, ყოველთვის დამაჯერებელი და დაუვიწყარია. გასაოცარი ცისფერი თვალებით, თლილი სახის ნაკვთებითა და ეკრანზე ქარიზმით, კილიან მერფიმ აუდიტორია თავისი მრავალმხრივობითა და პერსონაჟების ფართო სპექტრის განსახიერების უნარით მოხიბლა.
Photo: COURTESY OF UNIVERSAL PICTURES
კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პერსონაჟს თამაშობდით. როგორ ახერხებთ უფრო რთული ან უფრო პრობლემური პიროვნებების განსახიერებას?
რეალური გმირების შემთხვევაში, ყოველთვის რაც შეიძლება მეტს ვიკვლევ მათ, ვსწავლობ მათ ცხოვრებას, თუმცა როდესაც პერსონაჟი ტელევიზიისთვის ან კინოსთვის იქმნება, საკმაო დროს ვუთმობ მის შესაძლებლობებში ჩაღრმავებას. ყოველთვის ვცდილობ, სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერებას შორის გარკვეული შუალედი გავაკეთო. თუ იმ პერსონაჟიდან, რომელიც არის გმირი, ისეთ პერსონაჟზე გადავდივარ, რომელიც წინას ანტაგონისტია, ეს გადასვლა იმდენად მკვეთრია, გარკვეული დრო მჭირდება ხოლმე, რომ კვლავ ვიყო ის ადამიანი, ვინც ვარ რეალურ ცხოვრებაში.
Photo: Rick Polk / Getty images
როგორ აღწერდით პოპულარულ სატელევიზიო შოუ „Peaky Blinders“-ში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებას და როგორ იმოქმედა მან თქვენს კარიერაზე?
ამ შოუს ჩემი ცხოვრების ათწლეულზე მეტი მივუძღვენი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემს პერსონაჟთან ერთად გავიზარდე, ასაკი მომემატა. ფილმში მსახიობს შესაძლოა ორი საათი ჰქონდეს თავისი ამბის მოსაყოლად, მაგრამ ამ შოუში მქონდა ჩემი ცხოვრების თითქმის ათი წელი და მრავალი სატელევიზიო საათი. ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადაღების მრავალმა საათმა შესაძლებლობა მომცა, გამომეკვლია ტომის პერსონაჟი და მასთან ერთად გავზრდილიყავი.
Photo: Netflix
როგორ ემზადებით როლისთვის და რა ხერხებს იყენებთ პერსონაჟის „ტყავში შესაძრომად“?
ტომის როლში შესვლა ადვილი არ ყოფილა. აქცენტის დაყენება რთული იყო, მაგრამ ძალიან ვეცადე, ეს კარგად გამომსვლოდა. ეს ის აქცენტი არაა, რომელზეც ადვილად გადაერთვები და შემდეგ ასევე ადვილად მოიშორებ. ასე რომ, ყოველ წელს, გადაღების დაწყებამდე, გარკვეულ დროს ვუთმობდი აქცენტის ხელახლა აღდგენას და მის წესრიგში მოყვანას. ფორმაში ჩასადგომად დიდი მოსამზადებელი სამუშაო გავწიე.
Photo: Vassilis Karidis
თქვენმა თამაშმა ფილმში „ქარი, რომელიც ქერს არხევს“ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვეთ ირლანდიის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების ცერემონიაზე. შეგიძლიათ ისაუბროთ ამ ფილმზე მუშაობის გამოცდილებაზე?
ცხადია, ეს იყო ისტორიის ის მონაკვეთი, რომლის შესახებაც საკმაოდ ბევრი რამ ვიცოდი და ფილმში გადაღებისთვის მოსამზადებლად ჩატარებული კვლევების შედეგად კიდევ უფრო მეტი გავიგე. ამ ფილმთან დაკავშირებით რეალური პასუხისმგებლობა ვიგრძენი და იმ ფაქტმა, რომ კორკში და მის შემოგარენში გადაიღეს, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ეს ფილმი ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.
გაქებენ თქვენი უნარის გამო, გადმოსცეთ ემოციები სახის გამომეტყველებითა და სხეულის ენით. როგორ მუშაობთ ამ ნიუანსებზე ამა თუ იმ როლის შესრულების დროს?
ჩემთვის სამსახიობო ხელოვნება ფიზიკურად ხელშესახები რამაა. არა მხოლოდ სახის გამომეტყველება, არამედ ის, თუ როგორ მოძრაობს და საუბრობს შენი პერსონაჟი. მიყვარს სხეულით თამაში, რადგან ასე ჩემი გმირის „ტყავში შეძრომას“ ვახერხებ. თუ ავიღებთ ოპენჰაიმერს, ის ფეხის წვერებზე დადიოდა, ლაპარაკის დროს კი ხანდახან უნებური ბგერები აღმოხდებოდა ხოლმე. როგორც მსახიობს, მსურს, ეს ყველაფერი კარგად გავაკეთო. როდესაც გამოგონილი პერსონაჟის როლს გაძლევენ, შესაძლებლობა გაქვს, შემოქმედებითად მიუდგე და თავად დაუმატო ახალ პერსონაჟს საკუთარი შტრიხები.
Photo: BBC
რა რჩევას მისცემდით დამწყებ მსახიობებს?
ერთხელ ერთმა რეჟისორმა მითხრა, 30 წელი შრომაა საჭირო, თუ გინდა, რომ მსახიობი გახდეო. ვფიქრობ, ის ხელობის სწავლას გულისხმობდა. ეს კი ის არის, რის გაკეთებასაც ყოველთვის ვცდილობდი. მე, უბრალოდ, რთული როლები მინდა. ასე რომ, ჩემი რჩევა ასეთია: ისეთ როლებს მოჰკიდეთ ხელი, რომლებიც თქვენთვის გამოწვევაა და თქვენს ხელობაზე კონცენტრირდით.
Photo: Getty Images
როგორ ფიქრობთ, რას აძლევს მაყურებელს თქვენი თამაში და ის ამბები, რომელთა ეკრანზე და სცენაზე განსახიერებასაც ემსახურებით?
ამბების თხრობისას, რა თქმა უნდა, გინდა, რომ მაყურებელმა იფიქროს: „რა იყო ეს? რის თქმას ცდილობდა რეჟისორი?“ – და არა, უბრალოდ, დატოვოს კინოდარბაზი და აღარასოდეს ისაუბროს ფილმზე. გინდა, რომ ხალხმა ისაუბროს თემებზე, პრობლემებზე, მათ მნიშვნელობაზე. ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ მაყურებელი წაიღებს იმ ფილმებიდან, რომლებშიც ვმონაწილეობ.
Photo: Vassilis Karidis
წაიკითხეთ კილიან მერფის სრული ინტერვიუ ჟურნალ ნარგისის ახალ ნომერში, რომლის შეძენაც შეგიძლიათ: ბიბლუსში,ნიკორაში, ფრესკოსა და მაცნეს ჯიხურებში.
ინტერვიუ: ნიგარ მაჰარამოვა