PSP-სთან ერთად სამხრეთ კორეაში მოგზაურობამ მარიამ ივანიძეს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ გაცნობოდა კორეულ სილამაზის კულტურას, ადგილობრივ ტრადიციებსა და კანის მოვლის თანამედროვე მიდგომებს. მედიცინის დოქტორი საკუთარ გამოცდილებას N13-ს უზიარებს და საუბრობს K-beauty-ის მთავარ პრინციპებზე, ინოვაციურ ინგრედიენტებსა და მინიმალისტური რუტინის მნიშვნელობაზე.

რა იყო თქვენთვის მთავარი აღმოჩენა კორეული კანის მოვლის კულტურის გაცნობისას?
ჩემთვის, როგორც კანის მოვლის, პროდუქტების შემადგენლობისა და მათი მოქმედების შესახებ გარკვეული ცოდნის მქონე ადამიანისთვის, ერთგვარი აღმოჩენა იყო ის, თუ როგორ აერთიანებს კორეული კოსმეტიკა ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან ინგრედიენტებსა და თანამედროვე ფორმულებს.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ბრინჯი, რომელიც კორეაში, საკვებსა და სასმელებში გამოყენების გარდა, კანის მოვლის პროდუქტებშიც პოპულარული ინგრედიენტია. მისი ეფექტი ხშირად მალევე იგრძნობა – კანი უფრო დატენიანებული და დამშვიდებულია.
სწორედ ტრადიციებისა და დისციპლინის შერწყმა ქმნის პროდუქტებს, რომლებიც კანის სხვადასხვა პრობლემის პრევენციაზეა ორიენტირებული.

PSP-სთან ერთად სამხრეთ კორეაში იმოგზაურეთ. როგორ დაიწყო ეს თავგადასავალი, რა გამოცდილება მიიღეთ მოგზაურობისას და რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
PSP-სთან ერთად სამხრეთ კორეაში მოგზაურობა ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები. ეს სრულიად განსხვავებული კულტურის გაცნობის შესაძლებლობა აღმოჩნდა, რომელმაც ახალი პერსპექტივიდან დამანახა როგორც ყოველდღიური ცხოვრება, ისე სილამაზის ინდუსტრია.
პროფესიული თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესო იყო კორეული ბრენდების ფილოსოფიის უკეთ გაცნობა და იმის დანახვა, თუ როგორ უკავშირდება მათი პროდუქტები ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას. ყველაზე მეტად მაკგოლის – ტრადიციული კორეული ბრინჯის ალკოჰოლური სასმლის – მომზადების პროცესი დამამახსოვრდა. ბრინჯს კორეულ კულტურაში მართლაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

რა არის რეალურად K-beauty და რატომ ენიჭება თანამედროვე კორეულ კანის მოვლაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა მინიმალისტურ, მაგრამ ეფექტურ რუტინას?
K-beauty-ის გაგონებაზე ბევრს 10-საფეხურიანი რუტინა და „glass skin“ ახსენდება, თუმცა ეს წარმოდგენა დიდწილად კორეული პოპკულტურის გავლენით ჩამოყალიბდა. რეალურად, K-beauty-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კანის ჯანსაღი ბარიერის შენარჩუნება და გაძლიერებაა, რაც კანის ჯანმრთელობას უწყობს ხელს და სხვადასხვა პრობლემის განვითარების რისკს ამცირებს.
ამ მიდგომაში მთავარი პროდუქტების რაოდენობა კი არა, მათი სწორად შერჩევაა. კანის მოვლა მხოლოდ უკვე გაჩენილ პრობლემებზე რეაგირებას არ უნდა გულისხმობდეს – მნიშვნელოვანია ყოველდღიური ზრუნვა და პრევენცია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე სწორად შერჩეული პროდუქტიც ხშირად საკმარისია ეფექტური რუტინის შესაქმნელად.

რომელი ინგრედიენტები და ინოვაციური ტექნოლოგიები გამოარჩევს თანამედროვე კორეულ კანის მოვლას და რა არის K-beauty-ის მთავარი ფილოსოფია?
თანამედროვე კორეული კანის მოვლა ინგრედიენტების მრავალფეროვნებით, დახვეწილი ფორმულებითა და ტექსტურებით გამოირჩევა. ხშირად შეხვდებით კანის დამამშვიდებელ და ბარიერის აღმდგენ ინგრედიენტებს, მაგალითად, ცენტელა აზიატიკას, პანთენოლს, კერამიდებსა და ნიაცინამიდს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებმაც კორეული ბრენდები პოპულარული გახადა მსუბუქი ტექსტურისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის კომფორტული ფორმულების წყალობით.
საბოლოოდ, K-beauty-ის მთავარი ღირებულება ჩემთვის ტრადიციული ცოდნის, თანამედროვე ფორმულებისა და კანის მოვლის პრევენციული მიდგომის გაერთიანებაა.

როგორ შეიცვალა ბოლო წლებში K-beauty და რა ტენდენციები განსაზღვრავს მის მომავალს?
ჩემი აზრით, K-beauty-ის განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ პროდუქტის ვიზუალური ეფექტი, არამედ მისი ფორმულა, ინგრედიენტების მოქმედება და ყოველდღიური გამოყენების კომფორტი. მომხმარებლები უფრო მეტად ინტერესდებიან იმით, თუ რას შეიცავს პროდუქტი, როგორ მოქმედებს და რამდენად შეესაბამება მათი კანის საჭიროებებს.
ვფიქრობ, მომავალში გაიზრდება ინდივიდუალურად შერჩეული, გააზრებული რუტინების მნიშვნელობაც, სადაც პროდუქტების რაოდენობაზე მეტად მათი საჭიროება და დანიშნულება იქნება პრიორიტეტული.

როგორ შევარჩიოთ კანის მოვლისთვის მხოლოდ აუცილებელი პროდუქტები და რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა მინიმალისტური რუტინის შექმნისას?
ვფიქრობ, კარგი რუტინა ბევრი პროდუქტის გამოყენებას არ ნიშნავს. პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს ჩვენი კანის საჭიროებები და ის, თუ რა შედეგის მიღება გვინდა კონკრეტული პროდუქტისგან.
საბაზისო რუტინა, როგორც წესი, მოიცავს ნაზ გამწმენდ საშუალებას, დამატენიანებელსა და მზისგან დამცავ პროდუქტს. დამატებითი აქტიური ინგრედიენტები კი კანის მდგომარეობისა და კონკრეტული საჭიროებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე პროდუქტი პოპულარულია.
ინდივიდუალური მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთი და იგივე პროდუქტი ყველას ერთნაირად არ მოუხდება. ჩემთვის მინიმალისტური რუტინის არსი პროდუქტების რაოდენობის უბრალოდ შემცირება კი არა, თითოეული მათგანის საჭიროების გააზრებაა.

როგორ მოახერხა კორეულმა კოსმეტიკამ გლობალური სილამაზის ინდუსტრიის შეცვლა და რაში მდგომარეობს მისი წარმატების მთავარი საიდუმლო?
ჩემი აზრით, კორეული კოსმეტიკის გლობალურ წარმატებაში რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა როლი: ინოვაციურმა ფორმულებმა, ტექსტურების მრავალფეროვნებამ, საინტერესო ინგრედიენტებმა, კორეულმა პოპკულტურამ და სოციალურმა მედიამ, რომლებმაც ამ პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაავრცელა.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ კორეული წარმოშობა ავტომატურად მაღალ ხარისხს არ ნიშნავს. ბაზარზე უამრავი ბრენდია და ყველა მათგანი ერთნაირად ცნობილი ან წარმატებული არ არის – მათ შორის თავად კორეაშიც. ამიტომ, მხოლოდ ქვეყნის ან ბრენდის პოპულარობით ხელმძღვანელობის ნაცვლად, მნიშვნელოვანია კონკრეტული პროდუქტის ფორმულისა და ინგრედიენტების შეფასება.
ჩემთვის K-beauty-ის წარმატების მთავარი საიდუმლო ტრადიციების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაერთიანებაა. სწორედ ამ მიდგომამ აქცია კორეული კოსმეტიკა გლობალური სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად.

