გიფიქრიათ თუ არა როდის დაკარგა ფუფუნებამ თავისი მთავარი ხიბლი – იშვიათობა? საუკუნეების განმავლობაში ცნება „Luxury“ მკაფიოდ განსაზღვრულ, უცვლელ კრიტერიუმებს ეფუძნებოდა, რომელიც ცალსახად ნიშნავდა შეზღუდულ მიწოდებას, თაობიდან თაობაზე გადაცემულ უნაკლო ხელობას, იშვიათობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი მოდის სახლები თუ დიზაინერები ქმნიდნენ არა უბრალოდ პროდუქტს, არამედ კულტურულ და მატერიალურ მემკვიდრეობას, რომლის შეძენაც დაკავშირებული იყო ხანგრძლივ მოლოდინთან, სოციალურ სტატუსთან თუ პერსონალურ ურთიერთობებთან, სადაც მნშვნელოვანი იყო არა მარკეტინგული გათვლები, არამედ ხარისხი და ავთენტურობა.

თუ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით და ბოლო ათწლეულებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ რომ ფუფუნების ინდუსტრიამ ფუნდამენტური მეტამორფოზა განიცადა და მისი პირვანდელი არსი რადიკალურად შეიცვალა, ამან კი თავისთავად გამოიწვია გლობალური ხელმისაწვდომობა. ამის ფონზე ცხადია ბაზარი გაფართოვდა, თუმცა ამ გაფართოვებამ სრულიად გააუფასურა ის ექსკლუზიურობის შეგრძნება, რომელზეც მთელი ეს ინდუსტრია წლების განმავლობაში იდგა.

საინტერესოა ის თუ რამ გამოიწვია ეს დრამატული გარდატეხა?- რეალურად აქ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მიზეზი და პროცესი არსებობს, რამაც საბოლოო ჯამში დღევანდელი სურათი მოგვცა. პირველი და ალბათ ყველაზე მთავარი კატალიზატორი ის ფაქტი გახდა, რომ საოჯახო მოდის სახლები გიგანტურმა კორპორაციებმა შთანთქეს, კომპანიის სათავეებში დიზაინერების და ოსტატების ადგილი ფინანსურმა დირექტორებმა თუ ინვესტორებმა დაიკავეს, რომელთა მთავარი მიზანი მოკლევადიან პერიოდში რაც შეიძლება დიდი მოგების ნახვა, გაყიდვების გაზრდა და ინვესტორების მოზიდვა გახდა. ამ ცვლილებამ ცხადია წარმოების გამარტივება და ხარჯების მაქსიმალურად შემცირება გამოიწვია. ბრენდებმა ნაწილობრივ უარი თქვეს დროში გაწელილ შრომაზე და პროდუქცია მასობრივ, ქარხნულ ტირაჟირებაზე გადაიყვანეს.

ამ ყველაფერს დაემატა ფასების ხელოვნური ზრდა და, პარალელურად, ხარისხის გაუარესება. პანდემიის შემდეგ, როდესაც ხალხმა შოპინგი დიდი აჟიოტაჟით დაიწყო, ბრენდებმა პროდუქციას წარმოუდგენლად მაღალი ფასები დაადეს. რეალურად კი, დამზადების პროცესი და მასალების ხარისხი მასობრივი მაღაზიების კატრგორიას გაუთანაბრდა. ინდუსტრიაში დაიწყო სრულიად უბრალო მაისურების, ჰუდებისა თუ სხვა ნივთების და აქსესუარების ათასობით დოლარად გაყიდვა, საბანკო განვადებებმა კი ეს ნივთები ფართო მასებისთვის გახადა ხელმისაწვდომი. ამ პროცესმა წარმოქმნა ე.წ. „ფუფუნების სიღარიბის“ ფენომენი – როდესაც ადამიანები ბოლო თანხით ილუზიურ სტატუსს ყიდულობენ. შედეგად, რეალურმა, მაღალშემოსავლიანმა მყიდველებმა ზურგი აქციეს თავიანთ საყვარელ ბრენდებს, რადგან მათ ექსკლუზიურობის ნაცვლად, უკვე ყოველდღიური, მასობრივი პროდუქტი შესთავაზეს.

დღევანდელი მოცემულობით, „Luxury“ ინდუსტრია კვლავ კრიზისულ პერიოდს გადის. კორპორაციულმა სტრატეგიამ, რომელიც ორიენტირებული იყო მოკლევადიან ფინანსურ მოგებაზე, ბრენდების ემოციური და რეპუტაციული კაპიტალი ამოწურა და მომხმარებლის ნდობა თითქმის გააქრო. ამ პროცესმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მოკლევადიან მოგებაზე გათვლილი სტრატეგიები ხანგრძლივ პერსპექტივაში წამგებიანია. ამიტომ, თუ ბრენდები არ დაუბრუნდებიან პირვანდელ სტანდარტებს, მაღალ ხარისხსა და იშვიათობას, პროდუქტი საბოლოოდ დაკარგავს თავის ფუნქციას და უბრალოდ ხელოვნურად გაძვირებულ ნივთებად გადაიქცევა. რის შედეგადაც, ექსკლუზიურობის განმსაზღვრელი გახდება არა ბრენდის ლოგო, არამედ მომხმარებლის ინდივიდუალური არჩევანი და პერსონალური გემოვნება.
