საინტერესოა, თუ ვიტყვით, რომ ქართული სილამაზე უნიკალურია, ჩვენი დამოკიდებულება სუბიექტურად აღიქმება?- საუკუნეების განმავლობაში, კავკასიური სილამაზე მსოფლიოსთვის ერთგვარ გამოცანად და აღტაცების საგნად რჩებოდა. ეს არ არის მხოლოდ სუბიექტური, ეროვნული სიამაყით ნაკარნახევი აღქმა. ისტორიულად, ქართული გარეგნობა მიიჩნეოდა ერთგვარ ხიდად ევროპულ და აზიურ ვიზუალს შორის, სადაც ორივე კონტინენტის საუკეთესო ნიშნები იყრიდა თავს. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი აღნიშნავდა, რომ “ევროპაში არ არსებობს ხალხი, რომელიც ისეთი ლამაზია, როგორც ქართველები”, მოგვიანებით კი ალექსანდრ დიუმა კავკასიურ გარეგნობას სრულყოფილი პროპორციების იდეალურ გამოვლინებად თვლიდა.

ჩვენი უნიკალური გენეტიკური კოდი, რომელიც მკვეთრ ნაკვთებსა და არისტოკრატიულ ხასიათს აერთიანებს ყველაზე მკაფიოდ გამოიხატა ქართულ კინემატოგრაფიაში- ეკრანზე მოელვარე ეშხი გახდა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქართველი ქალების სილამაზეზე ლაპარაკობდა და დღემდე ლაპარაკობს ყველა, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა თუ ასაკისა. დღევანდელ სტატიაში კი გავიხსენებთ ხუთ ქართველ მსახიობს, რომელთა სილამაზე და ნიჭი დღემდე ამუნჯებს ყოველ ადამიანს.

და ვინ შეიძლება იყოს ამ სიაში პირველი, თუ არა ლიკა ქავჟარაძე? მისი ვარსკვლავი სულ რაღაც 12 წლის ასაკში აინთო, როდესაც თეიმურაზ ბაქრაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში, “შადრევანში” გამოჩნდა. ზუსტად მაშინ, პირველივე კადრიდან, მან მაყურებელი თავისი უნიკალური შარმითა და ბავშვური უშუალობით მოხიბლა. მოგვიანებით კი იყო თენგიზ აბულაძის შედევრი “ნატვრის ხე” და მარიტა – როლი, რომელმაც ლიკა ქავჟარაძე ქართული სილამაზის სინონიმად აქცია. იშვიათია შემთხვევა, როდესაც გარეგნული სრულყოფილება ასე ორგანულად ერწყმის შინაგან სინათლეს, თუმცა ლიკას ფენომენი სწორედ ამაში მდგომარეობდა: ის სილამაზეს შინაგანად ასხივებდა. ეს იყო სრულყოფილი ხატი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ეტალონი – კავკასიური ხასიათის, არამიწიერი სისპეტაკის, სინაზისა და თვალებში ჩამალული იმ უსასრულო სევდის ხორცშესხმა, რომელმაც დროს გაუძლო.

ლეილა აბაშიძე ქართულ კინოში სრულიად განსხვავებული ენერგიით შემოიჭრა – ის იყო ცოცხალი, ფეთქებადი და თვალისმომჭრელი მშვენიერება. მისი მებრძოლი ხასიათი და შინაგანი სინათლე ჯერ კიდევ ციმბირის ცივ გარემოში, რეპრესიების სიმძიმის ფონზე დაიბადა და ეს დაუმორჩილებელი ენერგია მის ყოველ გამოხედვაში იგრძნობოდა. ლეილამ შეძლო და ეკრანზე დაამკვიდრა ქალის ისეთი იმიჯი, რომელიც დროსა და იდეოლოგიაზე მაღლა იდგა. მისი ღიმილი და მომნუსხველი მზერა არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ უზადო ქარიზმას ასხივებდა, რის გამოც მას ხშირად მსოფლიო კინოლეგენდებსაც კი ადარებდნენ.

თუკი არსებობს ადამიანი, რომელსაც უსიტყვოდ შეუძლია გამოხატოს ძველი, ქართული არისტოკრატიული სილამაზე – ეს ლეილა ყიფიანია. იგი სულ რაღაც 17 წლის იყო, როდესაც კინოსამყაროში შეაბიჯა და ეკრანზე გამოჩენის დღიდანვე იქცა ეპოქის მთავარ მუზად. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშვენიერება არასოდეს ყოფილა „ხმამაღალი“ ან გამომწვევი, შეუძლებელი იყო დანახვისთანავე მისი მომხიბვლელობის ტყვეობაში არ აღმოჩენილიყავით. ლეილა ყიფიანის სილამაზის საიდუმლო სწორედ მის საოცარ თავმდაბლობასა და მდუმარე ელეგანტურობაში იმალებოდა. იგი ჰგავდა გაცოცხლებულ პორტრეტს – იმ კლასიკურ ტილოებს, ნებისმიერი სახლის კედელს რომ დაამშვენებდა და მნახველს სიმშვიდით აავსებდა.

ლეილა ყიფიანის ჩუმი ელეგანტურობისა და სინაზის საპირისპირო პოლუსია კირა ანდრონიკაშვილი. მისი სილამაზე მედიდური, ამაყი და იდუმალია – ეს არის ტიპური კავკასიური არისტოკრატიზმის გამოვლინება, სადაც ყოველი ნაკვთი ანტიკური ქანდაკების სიზუსტით არის ნაკვეთი. თუ ვინმე შეიძლება ჩავთვალოთ ქართული ეშხის სიმბოლოდ, ეს აუცილებლად კირა ანდრონიკაშვილია, რომლის გამოხედვაშიც ყველაზე მკაფიოდ იკითხება ურყევი ხასიათი, სწორედ ამიტომ შეუძლია მას, ერთი ნახვით მოაჯადოოს ნებისმიერი ადამიანი. კირა ანდრონიკაშვილი იმის ცოცხალი მაგალითია, რომ ნამდვილი მშვენიერება დროს არ ექვემდებარება და ის იმ შინაგანი ძალიდან მოდის, რომელიც წლებთან ერთად კიდევ უფრო მეტ ეშხს იძენს.

ლია ელიავა იყო მსახიობი, რომელმაც ქართულ ეკრანზე დასავლური ელეგანტურობისა და სილამაზის სრულიად ახალი სტანდარტი შემოიტანა. მისი ვიზუალი არ იყო მხოლოდ გარეგნული მოცემულობა; ეს იყო ნატიფი ნაკვთებისა და განსაკუთრებული ინტელექტუალური შარმის იშვიათი სინთეზი. მას ჰქონდა საოცრად დახვეწილი, ფერწერული სახე, რომელზეც ერთდროულად იკითხებოდა სიმშვიდე და ფარული, ღრმა სევდა- ლია ელიავა დარჩა ქართული კინოს იმ იდუმალ მუზად, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი ეშხი ყოველთვის ატარებს შინაგან კულტურასა და იმ ელეგანტურობას, რომელიც დროსთან ერთად კიდევ უფრო ძვირფასი ხდება.

“მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?!”
ტექსტი: მარიამ ბექაური

