შემოდგომა დასრულდა ამიტომ დროა ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი თრენჩები ჩავანაცვლოთ, და რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი ალტერნატივა, ვიდრე ბეწვის ქურთუკი?- ალბათ ბეწვის მოსაცმელი ის იშვიათი სამოსია, რომელიც მუდამ აქტუალურია და ყოველ წელს გვახსენებს, რომ ერთდროულად შეუძლია იყოს თბილი, ელეგანტური და კომფორტული. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც 2025-26 წლები აღმოჩნდა- მიმდინარე სეზონზე ზამთრის გარდერობის შეუცვლელი მოსაცმელი კვლავ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს- ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან ტრენდებს, რომლის მიხედვითაც ბეწვის ქურთუკის არჩევა აუცილებლად გაგიმარტივდებათ.

უსამართლობა იქნება ჩამონათვალს ღია ყავისფერი ბეწვის მოსაცმელით თუ არ დავიწყებთ, რადგან თუ ტენდენციებში მარადიული კლასიკა არსებობს- ეს სწორედ სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟის, ქერი ბრედშოუს ბეწვის მოსაცმელია, რომელიც წლებთან ერთად კიდევ უფრო პოპულარული ხდება და მიმდინარე სეზონის ტრენდებშიც მოწინავე ადგილს იკავებს. თუ სადა, მაგრამ ამავდროულად ელეგანტურ ბეწვის მოსაცმელს ეძებთ არჩევანი აუცილებლად ღია ყავისფერ ტონალობაზე და მუხლს ქვემოთ სიგრძეზე შეაჩერეთ.

როგორც უკვე ცნობილია Pantone-მა 2026 წლის მთავარ ფერად თეთრი, სახელწოდებით “Cloud Dancer” დაასახელა და ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით რომ თეთრი ბეწვი მიმიდნარე სეზონზე ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. თეთრი ფერის მოსაცმელი განსაკუთრებით აქტუალური იყო 80-იანი წლების “Après-Ski” ეპოქაში და რადგან მოდა და ტენდეციები ბრუნავს, სწორედ 2026 წელი აღმოჩნდა ამ ბეწვის ქურთუკის რენესანსი.

თუ შემოდგომის ტენდეციებს დააკვირდით შეუძლებელია თვალში არ მოგხვედროდათ ფართო მხრებიანი და წელში გამოყვანილი სილუეტები და გვსურს გითხრათ რომ 2025-26 წლის ზამთარში დიდი პოპულარობით სწორედ ასეთი სილუეტის ბეწვის მოსაცმელები სარგებლობს. გამოყვანილი წელი და ფართო მხრები ფემინურ ფორმებს გამორჩეულად თვალშისაცემს ხდის, ამიტომ თუ ასეთ სტილზე გააკეთებთ არჩევანს დაგვერწმუნეთ, რომ თქვენი ელეგანტურობა ყურადღების მიღმა არავის დარჩება.

დაგვისახელეთ ფერი- რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას?- ყველანაირი კამათის გარეშე ეს, რა თქმა უნდა, შავია. ისევე როგორც ნებისმიერ სამოსში, ბეწვის მოსაცმელშიც შავი ის ტონია, რომელიც ყველა სიტუაციას თამამად შეგიძლიათ მოარგოთ, იქნება ეს ოფიციალური ღონისძიება, უბრალოდ საღამოს გასეირნება, სადღესასწაულო წვეულება თუ სხვა.

როდესაც ლუქს ქმნით ალბათ ყოველ ჯერზე რწმუნდებით, რომ სრულყოფილებას დეტალები ქმნის და რატომ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას?- იმიტომ რომ 2025-26 წლის ზამთარიში ბეწვი არა მხოლოდ მთავარი აქცენტი, არამედ მეორეხარისხოვანი ელემენტიც აღმოჩნდა, რომელიც მოსაცმელს გამორჩეულ ელეგანტურობას სძენს. ბეწვის საყელო, მკლავები და მანჟეტები მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია და ალბათ გონებაში თქვენც 70-იანი წლები ამოგიტივტივდათ, ეპოქა რომელშიც ასეთი ტიპის ქურთუკები ყოველდღიური სტილის განუყოფელი ნაწილი იყო.

დაბოლოს, მდიდრული ტექსტურა, უნიკალური ფერი და დახვეწილი სილუეტი – რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა გრძელი, მუქი შოკოლადისფერი ბეწვის ქურთუკი, რომელიც განსაკუთრებული ვინტაჟური ელეგანტობით გამოირჩევა და იდეალურად ერგება ზამთრის გარდერობს. დიახ, ეს ალბათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო არჩევნია იმ შემთხვევაში თუ თქვენ ერდროულად ეძებთ წარსულ ნოსტალგიას და თანამედროვე ინტერპრეტაციებს.


