ზამთრის წყნარ ფერდობებზე დაიბადა ყველაზე ენერგიული და გამბედავი სტილი, სწორედ ამ იდუმალმა კონტრასტმა შექმნა 70-80-იანი წლების après-ski-ს ბრწყინვალე ეპოქა. 1970-იანი წლები სათხილამურო სამყაროში მხოლოდ სპორტული პროგრესის პერიოდი არ ყოფილა, ეს იყო ეპოქა, რომელმაც ზამთრის მოდას გლამურის, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის განსაკუთრებული ექო შესძინა.

იმ წლებში სათხილამურო კურორტები თანდათან ხდებოდა ცხოვრების სტილი, არა მხოლოდ აქტივობა, არამედ სოციალური სივრცე, სადაც თვითგამოხატვა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც თავად სპორტი. 70-იანი წლების სათხილამურო მოდა ერთგვარი სიმბოლო იყო – სიმბოლო სამყაროსი, სადაც ინდივიდუალურობა მკაფიო და დამაჯერებელი ტონით ისმოდა.

და მაინც, რა ხდის ამ პერიოდს დღევანდელი მოდისთვის ასეთ დაუვიწყარს? უპირველესად-ფერები. ეს იყო ათწლეული, როცა თოვლის ფერი არ იყო საკმარისი. ფერდობებზე გამოჩენილი მკვეთრი სილუეტები და ტექსტურების მდიდარი კომბინაციები, თითოეული დეტალი ახერხებდა ერთი შეხედვით ფუნქციური სამოსის მოდურ, თამამ და ხშირად ავანგარდულ განცხადებად ქცევას.

იმ წლებში მთის კურორტები იქცა კულტურულ ასპარეზად, სადაც მოდის ენა სხვანაირად ლაპარაკობდა – უფრო თამამად, უფრო გაბედულად, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა დახვეწილ ტონს.

ამ სამყაროს უკავშირდება სლიმ აარონსი, ფოტოგრაფი, რომელმაც შეეძლო არა მხოლოდ მომენტის დაფიქსირება, არამედ ცხოვრების სტილის გაყინვა ერთ კადრში. სწორედ მან შექმნა ის, რასაც დღეს „Alpine chic“ ეწოდება. აარონსი კამერასთან მოხვედრილ სივრცეებს და ადამიანებს თითქოს ხელოვნების ნაწილად აქცევდა- და სადღაც ამ დიდ სცენაზე, ევროპულ კურორტებს შორის, თავის ადგილს იკავებდა საქართველოც. აარონსის გადაღებული გუდაური მხოლოდ ფოტო არ არის, ეს არის დასტური იმისა, რომ იმ ეპოქის ესთეტიკა ქართულ რეალობაშიც არსებობდა: ფერადი ქარიშხალი თეთრ თოვლში, ენერგია და სტილი, რომელიც ერწყმოდა მთის კულტურას.
(ფოტო სლიმ აარონსი/ ლოკაცია: გუდაური)

დრო შეიცვალა, მაგრამ ფერები, ფორმები და ის თავისუფლება, რომელსაც 70-იანების სტილი ატარებდა, კვლავ თანამედროვეა.

ტექსტი: ნინია ოქრომჭედლიშვილი

