როგორ ითარგმნება ტკივილი, თავისუფლების წყურვილი და იდეალური სამყაროს ძიება ტილოსა თუ ფერთა პალიტრაზე? თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიაში საკუთარი ხელწერის შენარჩუნება და საზღვრების გარღვევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ხელოვანისთვის. თუმცა, როცა პროცესს ინტუიცია და მუდმივი თვითრეფლექსია წარმართავს, შედეგი ყოველთვის ავთენტიკურია.
რუბრიკა ART-ის რესპონდენტი ამჯერად მხატვარი ნინო ჩაბრაძეა. იგი ხელოვნების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ფემინისტურ ტალღაზე, ლექტორებისგან მიღებულ უმთავრეს გაკვეთილებსა და იმ დიდ გამოცდილებაზე გვესაუბრება, რომელიც Tbilisi Art Fair-ის მასშტაბურ პლატფორმაზე წარმოიჩინა.

ხელოვნება ქვეცნობიერის ენაა – რაზე გესაუბრებათ საკუთარი ქვეცნობიერი ყველაზე ხშირად თქვენი ფუნჯის მეშვეობით?
ხელოვნება ნამდვილად არის ქვეცნობიერის ენა – ხშირად ამბობს იმას, რასაც ადამიანი სიტყვებით ვერ გამოხატავს. სულ პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ „რაღაც მეტი“ მჭირდებოდა… ვერ ვაჩერებდი აზრების ნაკადსა და წარმოსახვებს – უნდა მეპოვა გამოხატვის ფორმა, სადაც გადაითარგმნებოდა ჩემი შიშები, სიზმრები, ოცნებები. ეს ერთგვარი თამაშიც არის სამყაროსთან… ამბიციური თამაში, რომელსაც ჰქვია „მე შევცვლი სამყაროს“.
როდესაც ტილოს წინაშე დგახართ, გრძნობთ თუ არა, რომ თქვენ მართავთ პროცესს, თუ პირიქით – ნახატი თავად გიკარნახებთ, საით წახვიდეთ? სად გადის ზღვარი თქვენს კონტროლსა და სუფთა ინტუიციას შორის?
როდესაც ხატვის პროცესში ხარ, დრო ჩერდება და მთლიანად იკარგები პროცესში. შედეგზე მეტად თავად პროცესი მიყვარს – ხანდახან რაღაც იდეით იწყებ, მაგრამ მერე შეიძლება მთლიანად ასცდე ამ იდეას… პატარა ფრაგმენტი გაჩნდეს ტილოზე, რომელიც მიგახვედრებს, რომ სულ სხვა მიმართულებით უნდა წასულიყავი – ეს აბსოლუტურად ცვლის სურათს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ პროცესის მართვას ჯობია, დინებას გაჰყვე. კარგი შედეგის მისაღებად სითამამე და იმპროვიზაციაა საჭირო.

ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელოვნება ხელოვანის ტრავმების ან ფარული სურვილების სუბლიმაციაა. თქვენი შემოქმედება უფრო მეტად იმის ასახვაა, რაც გტკივათ, თუ იმისა, რაც გაკლიათ და გსურთ, რომ გარე სამყაროში იპოვოთ?
სხვადასხვა ეტაპზე შემოქმედებას სხვადასხვა როლი აქვს, თუმცა აუცილებელია თვითრეფლექსია; ეს არის მუდმივი დაძაბულობა, ანალიზი საკუთარი თავის და იმისა, თუ როგორ ურთიერთობაში ხარ გარე სამყაროსთან.
არის თუ არა თქვენს ნახატებში კონკრეტული არქეტიპი, პერსონაჟი ან სიმბოლო, რომელიც მეორდება? როგორ ფიქრობთ, თქვენი პიროვნების რა ნაწილს გამოხატავს იგი?
ხშირად ვხატავ ზღვას, მიწას და, ზოგადად, ბუნებას. ასევე, გამოგონილი ქალაქების ხატვა მიყვარს. ზღვა ჩემთვის თავისუფლების სიმბოლოა, მიწა – დედის, გამოგონილი ქალაქები – იდეალური სამყაროს ძიების.

გქონიათ მომენტი, როცა საკუთარმა ნამუშევარმა შეგაშინათ თავისი გადამეტებული „სიშიშვლით“?
ხელოვნებაში არის ასეთი მომენტებიც: როცა ნამუშევარს ასრულებ, ხედავ, რომ მართლაც კარგი გამოვიდა, მაგრამ შინაგანი იმპულსი მაინც მისი განადგურებისკენ გიბიძგებს. ჩემს ცხოვრებაში ეს იშვიათად, მაგრამ მომხდარა. ამას ერთგვარ პერფექციონიზმის კრიზისს დავაბრალებდი. მე ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ საკუთარი თავისგან და ეს მუდმივი დაუკმაყოფილებლობის განცდა ალბათ ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა…
ამბობენ, რომ დიდ ხელოვნებას ხშირად ტანჯვა შობს. თქვენი გამოცდილებით, აუცილებელია თუ არა ხელოვანი ემოციურ დისკომფორტს ან ტკივილს განიცდიდეს, რომ რაღაც ღირებული შექმნას, თუ სიმშვიდე უფრო პროდუქტიულია?
ძალიან კარგი იქნებოდა, ტანჯვა რომ არ არსებობდეს, მაგრამ ეს ხომ უტოპიური სურვილია – სრული აბსურდი! საერთოდ, მგონია, რომ ხელოვანი ადამიანები მეტად ემოციურები არიან და აქედან გამომდინარეობს მათი ექსპრესია სხვადასხვა მედიუმშიც. ქაოსსაც, ტანჯვასაც და ბედნიერებასაც უნდა უპოვო ფორმა და გამოძერწო… როგორც კი ის ფორმას მიიღებს, სიმსუბუქისა და გათავისუფლების შეგრძნება მოდის.

თუ გადახედავთ თქვენს შემოქმედებას, როგორ იცვლებოდა ფერების პალიტრა თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე? რომელი ფერი ასოცირდება თქვენს ყველაზე კრიზისულ და ყველაზე ჰარმონიულ პერიოდებთან?
ძალიან გრძელი გზა გავიარე – ყველა ეტაპზე შემოდიოდა ახალი ფერი და ფორმა, ფერის ძიება ნამდვილად ჯადოსნური პროცესია; შეპყრობილი ვარ ახალი ფერების ძიებით, არასდროს მყოფნის პალიტრაზე არსებული გამა და კიდევ ახალს ვეძებ.
არსებობს საფრთხე, რომ ზედმეტი დეტალიზაციით ნამუშევარი გაუფასურდება? როგორ გრძნობთ იმ წამს, როცა ფუნჯი უნდა დადოთ და ნახატი დასრულებულად მიიჩნიოთ?
ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ხატვას ყველა ისწავლის, ამ ზომიერების შეგრძნებას კი რაღაც უფრო მეტი სჭირდება – აზროვნება, ემოციური ინტელექტი, თვითირონია, რისკი, სითამამე და ბევრი მუშაობა. მე ძალიან კარგი ლექტორები მყავდა: ფერწერას გია ჯავახიშვილი მასწავლიდა; გარდა იმისა, რომ სრულ თავისუფლებას გვაძლევდა, ერთ მნიშვნელოვან რჩევასაც გვიზიარებდა: „თითო დღე – თითო მხატვარი“. ჩემთვის დღე ისე არ გავა, რომ თუნდაც ერთი ახალი მხატვარი არ აღმოვაჩინო და მის სამყაროს არ გავეცნო. ეს უკვე ჩვევაზე მეტია – ერთგვარი შინაგანი აუცილებლობაა, ვიზუალური და სულიერი კვება, რომლის გარეშეც ჩემი ყოველდღიურობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნება პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს და მარადიულ ესთეტიკას ემსახურებოდეს. მეორე მიდგომით კი, აპოლიტიკური ხელოვნება ილუზიაა და დუმილიც პოზიციაა. თქვენთვის ხელოვნება სოციალური პროტესტის იარაღია თუ თავშესაფარი პოლიტიკური ქაოსისგან გასაქცევად?
ერთიც და მეორეც – შეუძლებელია განზე გადგე და არ შეგეხოს პოლიტიკა, არაერთი ნამუშევარი მაქვს სოციალურ და პოლიტიკურ თემაზე.
როდესაც ქვეყანაში ან მსოფლიოში მწვავე პოლიტიკური ძვრებია, როგორ იცვლება თქვენი ყოველდღიურობა სახელოსნოში – გრძნობთ თუ არა სოციალურ ვალდებულებას, რომ თქვენი შემოქმედებით უპასუხოთ მიმდინარე ისტორიულ მომენტს ან მწვავე საკითხს?
რა თქმა უნდა, ყოველდღიურობა იცვლება… ჩვენ ისეთ ტემპში ვცხოვრობთ, შეუძლებელია საკუთარ შემოქმედებაში ყველა საკითხი ასახო. განვიცდი ხოლმე, თუ ვერ ვეხმიანები მწვავე პოლიტიკურ მოვლენებს.

ხელოვნების ისტორია საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა კაცის პერსპექტივიდან, სადაც ქალი, ძირითადად, მუზა ან ესთეტიკური ტკბობის ობიექტი იყო. როგორ ფიქრობთ, რა შემოიტანა ხელოვნებაში „ქალის მზერამ“? როგორ იცვლება ქალის სხეულის, სექსუალობისა და ემოციური სამყაროს რეპრეზენტაცია, როცა მას თავად ქალი ხატავს?
ქალმა მხატვრებმა და ავტორებმა შეძლეს, ქალი „შიგნიდან“ ეჩვენებინათ, რათა ქალის სხეული მხოლოდ ესთეტიკური ობიექტი არ ყოფილიყო. მაგალითად, ლუიზ ბურჟუამ ოჯახური ტრავმა, დედობა და მეხსიერება სკულპტურად აქცია.
დღეს დიდი ყურადღება ექცევათ იმ მივიწყებულ ქალ მხატვრებს, რომლებიც წლების განმავლობაში კაცების ჩრდილში იყვნენ. ეს პროცესი თქვენთვის სამართლიანობის აღდგენაა? სად გადის ზღვარი რეალურ ნიჭსა და იდეოლოგიურ საჭიროებებს შორის?
ამ თემის ხელოვნურად წამოწევის ანდა გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭების მომხრე არ ვარ – ყველა ნიჭიერ ადამიანს თანაბრად უნდა ეკუთვნოდეს ასპარეზი… თუმცა პატრიარქალური სამყარო დაუნდობელი რომ იყო ქალების მიმართ, ეს ხომ აშკარაა? ლოგიკურია ხელოვნებაში ფემინისტური ტალღის აზვირთება. ჩემი მომდევნო გამოფენის ცენტრალური თემაც ქალია… ერთი ფერწერული პორტრეტი ირანელ ქალებს მივუძღვენი – ის კერძო კოლექციაში ინახება.

თუ გქონიათ შემთხვევა, როცა შემფასებელმა თქვენს ნახატში დაინახა ის, რაზეც თავად სულ არ გიფიქრიათ ტილოზე მუშაობისას? ამ ინტერპრეტაციამ ახალი კუთხით თუ დაგანახვათ საკუთარი თავი და ნამუშევარი?
ძალიან ხშირად მომხდარა, რომ ჩემს ნახატში საკუთარი თავი და ისტორია ამოუცნიათ, ყველაზე მეტად მიყვარს ამ ინტერპრეტაციების მოსმენა, ხშირად ჩემს ჩანაფიქრს და იდეასაც კი სჯობს.
დღეს, როცა ვიზუალური ინფორმაცია დაუსრულებელი ნაკადით მოედინება ჩვენკენ (სოც. ქსელები, ხელოვნური ინტელექტი, სწრაფი კონტენტი, კიჩი), რა არის თანამედროვე მხატვრის მთავარი გამოწვევა – ყურადღება მიიპყროს, თუ ავთენტიკურობა შეინარჩუნოს?
ძალიან რთულია ამ დროში საკუთარი თავის ერთგული დარჩე… დარჩე ავთენტიკური. ხელოვანისთვის აუცილებელია შექმნას საკუთარი სტილი, იმუშაოს ყველა აქტიურ პლატფორმაზე და გაარღვიოს საზღვრები.

როგორ მოხვდით Tbilisi Art Fair-ზე?
სტანდარტული პროცედურა გავიარე: ნამუშევრები გავაგზავნე და ამარჩიეს. ძალიან კომფორტულია მათთან მუშაობა, აფასებენ და პატივს სცემენ ხელოვანებს, ორმხრივი პროფესიონალიზმის შედეგად მნიშვნელოვანი პროექტები იქმნება.
როგორ შეარჩიეთ ის კონკრეტული სერია ან ნახატები, რომლებიც Tbilisi Art Fair-ზე გამოფინეთ? გქონდათ თუ არა განცდა, რომ სპეციფიკური კონცეფცია უნდა შეგექმნათ, რომელიც საერთაშორისო კონტექსტსა და თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებს უპასუხებდა?
ეს კონკრეტული სერია ჩემი ბოლო გამოფენიდან არის, ბოლო გამოფენა კი მთლიანად ქვეცნობიერ ძიებას მივუძღვენი. ერთგვარი გარდამავალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში და ვეცადე, განვლილი გზა შემეჯამებინა.

როდესაც შენი ნახატები სხვა უამრავი ქართველი და უცხოელი ხელოვანის ნამუშევრების გვერდით კიდია, ეს ერთგვარი შედარების მომენტიცაა. რა გაიგეთ ამ გარემოში საკუთარ თავზე? იგრძენით თუ არა, რომ თქვენი ხმა და ხელწერა აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია ამ დიდ მასშტაბში?
მიხარია ასეთი ნიჭიერი ხალხის გვერდით აღმოჩენა, თუმცა ამ ეტაპზე ძნელია შევაფასო შედეგი. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს… თავისთავად, კარგი გამოცდილებაა და ველი გამოხმაურებას.
როგორ შეაფასებდით Tbilisi Art Fair-ის გავლენას თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე?
თუ არ ვცდები, დღეს საქართველოში Tbilisi Art Fair-ი ერთადერთი მასშტაბური და რეალური პლატფორმაა, სადაც ხელოვანს საკუთარი ნამუშევრების რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევა. ამ პროექტის ორგანიზატორების მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის?! მეორე მხრივ, ეს რეალობა გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდია მოთხოვნა მსგავს სივრცეებზე. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ბევრი ალტერნატიული პლატფორმა გაჩნდეს, რომელიც ხელოვანებსა და კოლექციონერებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე
