იმ დროს, როდესაც ტელევიზია ჯერ კიდევ „შეუღწეველ ციხესიმაგრედ“ მიჩნეოდა, ნინუცა ორჯონიკიძემ მის კარს გასაღებები მოუძებნა და ტელეწამყვანად მოგვევლინა. დიდი შრომისა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის ფასად, მან მედიასივრცეში მალევე დაიმკვიდრა ადგილი. დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა: პროექტები, ეთერი, მაყურებელი და თავად საზოგადოების დამოკიდებულება ინფორმაციის წყაროების მიმართ. ნინუცამ, რომელსაც მოვლენების პულსზე მუდამ ედო ხელი, ამ ცვლილებებს მარტივად აუწყო ფეხი… ასე შეუთავსა ერთმანეთს ტელეეკრანისთვის საჭირო აკადემიურობა და კომპეტენტურობა – სოციალური მედიისთვის დამახასიათებელ თავისუფლებასა და სილაღეს.
ტელევიზიიდან ვლოგამდე – ეს არ ყოფილა მხოლოდ პლათფორმის ცვლილება, ეს იყო ახალი ფილოსოფიის დაბადება. ნინუცა გვესაუბრება თავისი ციფრული დღიურების ნარატივებზე და იმ ზღვარზე, რომელიც მის რეალურ სახესა და სოციალური ქსელის „ობიექტივს“ შორის გადის. როგორ დაიბადა ვლოგის იდეა და რა არის მისი მთავარი მიზანი? რჩება თუ არა ადგილი პირადი ემოციებისთვის მუდმივი გადაღებების რეჟიმში? გაიცანით ნინუცა ორჯონიკიძე – კადრს მიღმა…

სულ რამდენიმე წლის წინ – სანამ ტელევიზია ჯერ კიდევ მთავარ საინფორმაციო წყაროს წარმოადგენდა – ტელეარხები „ჩაკეტილ სივრცედ“ მიიჩნეოდა; იქ მოხვედრა საკმაოდ რთული იყო. როგორ შეძელით ეკრანზე გამოჩენა? გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები სატელევიზიო სივრცეში.
2016 წელი იყო, როცა ახლობლის დახმარებით „TV პირველის“ ნიუსრუმში სტაჟიორად მოვხვდი. დაახლოებით ოთხი თვე ვიმუშავე იქ. საქმე ძალიან მიტაცებდა… იმ პერიოდში ჩემი შვილი პატარა იყო. არასტაბილური გრაფიკის გამო გამიჭირდა მოვალეობებთან გამკლავება და პროფესიული შრომა.
მოგვიანებით, როცა ბავშვი წამოიზარდა და მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, კვლავ დავუბრუნდი აქტიურ საქმიანობას. ამ პერიოდში დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი ქალბატონი მანანა იტონიშვილისგან, რომელიც ჩემი მეტყველების პედაგოგი იყო. 2019 წელს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი წამყვანებს ეძებდა ახალი გადაცემისთვის – „ნაშუადღევს“ – სწორედ მან გამიწია რეკომენდაცია. საკმაოდ რთული კასტინგი გავიარე, სანამ წამყვანად დამამტკიცებდნენ. უზომოდ მადლიერი ვარ იმ გუნდისა, რომელმაც ჩემი პროფესიული პოტენციალი დააფასა და, გამოცდილების არქონის მიუხედავად, ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა მომცა.
ჟურნალისტისთვის ყველა პროექტი ახალი ეტაპია განვითარებისა და პროფესიონალიზმის წარმოსაჩენად, თუმცა მათ შორის ყოველთვის არსებობს ერთი – „ფავორიტი“. რომელ გადაცემასთან გაქვთ ყველაზე მძაფრი ემოციური კავშირი და რატომ?
ყველაზე მჭიდრო ემოციური კავშირი მაინც „პირველ არხთან“ და ჩემს სადებიუტო პირდაპირ ეთერთან მაქვს… იმ შრომასა და პასუხისმგებლობასთან, რომელიც მაშინ პირველად ვიგრძენი. ოცდაათი წლის ვიყავი, როცა კამერების წინ დავჯექი. დღემდე მახსოვს ის შეგრძნება – აჩქარებული პულსი და ნერვიულობა, რომელიც სუნთქვას მიკრავდა. პირდაპირ ეთერში შეცდომის გამოსწორების შანსი არ არსებობს: ან მზად ხარ, ან არა! სწორედ იქ იწყება ნამდვილი პროფესიული გამოწრთობა. პირველი წარმატება, პირველი კომპლიმენტები, პირველი განცდა იმისა, რომ გამოგივიდა… და, რა თქმა უნდა, პირველი შეცდომებიც. შეცდომები, რომლებიც მაშინ სამყაროს დასასრულად მეჩვენებოდა, მაგრამ დღეს ვიცი, რომ სწორედ მათ განაპირობეს ჩემი ზრდა-განვითარება. ეს იყო ეტაპი, რომელმაც პროფესიულადაც გამამყარა და პიროვნულადაც. ალბათ ამიტომ მახსენდება ის პერიოდი ყველაზე ცხადად – როგორც დასაწყისი, რომელმაც ჩემი მომავალი განსაზღვრა.
ტელეწამყვანობა ნიშნავს, რომ თქვენს სიტყვას აქვს წონა. რამდენად შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება საჯარო გამოსვლების მიმართ წლების მატებასთან ერთად? უფრო მეტად ფილტრავთ სათქმელს თუ პირიქით – უფრო გულწრფელი და პირდაპირი გახდით?
თავიდან ყველაფერს ასე სიღრმისეულად არ ვუდგებოდი. ბევრ შეცდომას ვუშვებდი და მეგონა, რომ სიტყვა – უბრალოდ სიტყვაა. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი: ნებისმიერი ადამიანის ნათქვამს, მით უმეტეს – ეკრანიდან, უდიდესი ძალა აქვს. სიტყვას შეუძლია ააშენოს, მაგრამ შეუძლია დაანგრიოს კიდეც. ამიტომ დღეს განსაკუთრებით ვფრთხილობ და ყოველთვის ვფიქრობ, რას ვამბობ, როდის ვამბობ და რა კონტექსტში.

ბევრი ქალისთვის ინსპირაციის წყარო ხართ. რამდენად გრძნობთ პასუხისმგებლობას, როცა გარკვეულ სტილს ან ბრენდს უწევთ პოპულარიზაციას?
მერიდება ჩემს თავზე იმ კონტექსტში საუბარი, თითქოს ინსპირაციის წყარო ვარ. საკუთარ თავს ამგვარად ნამდვილად არ აღვიქვამ. სტილი არასდროს მიმიჩნევია ჩემი მისიის ნაწილად ან სხვებისთვის მაგალითის მიცემის მცდელობად. ის ბავშვობიდან თან მომყვება, როგორც გართობის ფორმა. მაშინ, როცა სხვა გოგონები თოჯინებით თამაშობდნენ, მე სამოსის მორგება მიყვარდა: ერთმანეთს ვუხამებდი ფერებს, ვქმნიდი კომბინაციებს, ვერთობოდი დეტალებით… ამისთვის არც დროს ვზოგავდი და არც ენერგიას. ჩემთვის ეს პროცესი ყოველთვის ცალკე მიკროსამყარო იყო – სივრცე, სადაც უბრალოდ სიამოვნებას ვიღებდი. სტილი დღემდე ჩემი ბუნებრივი ნაწილია, ჩემი ყოველდღიურობა…
თქვენი აზრით, რა არის ის უნიკალური შტრიხი, რაც ქართულ მოდას გამოარჩევს და რამდენად ხშირად ანიჭებთ უპირატესობას ქართულ ბრენდებს?
ძალიან მიყვარს ქართველი დიზაინერების სამოსი, თან მეამაყება, რომ ქართულია. ქართველ დიზაინერებს არასოდეს განვიხილავ ცალკე, იზოლირებულ სივრცეში. ჩემთვის ისინი გლობალური მოდის ნაწილია – სრულფასოვანი, აქტიური და ძალიან ჩართული. ვფიქრობ, რომ ქართულ მოდას არაფერი აკლია და არაფრით ჩამოუვარდება საერთაშორისო სცენას. ის ზუსტად ჯდება თანამედროვე კონტექსტში – არის საინტერესო, აქტუალური, დროზე ორიენტირებული და ხშირად ძალიან თამამიც.
დღეს მოდას ჩქარი ტემპი აქვს – მუდმივად იცვლება. როგორ ახერხებთ, რომ ამ ქაოსში საკუთარი იდენტობა არ დაკარგოთ? როგორ ფილტრავთ იმას, რაც მოდურია, იმისგან, რაც რეალურად „თქვენია“, ინდივიდუალური სტილის ორგანული ნაწილია?
სამოსს მარტივად ვირჩევ – საკუთარი სხეულის ტიპის მიხედვით. წლების განმავლობაში ვისწავლე ჩემი ფორმები: რა უნდა გამოვაჩინო, რა ჯობს დავაბალანსო, როგორი სილუეტი მიხდება. მივხვდი, რომ ყველაფერი ყველას ვერ მოუხდება და არც უნდა მოუხდეს. მთავარია, იცოდე შენი პროპორციები და იმაზე გააკეთო აქცენტი, რაც შენს ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. ხანდახან მინიმალისტურ სტილსაც ვირჩევ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზედმეტი ერთგვაროვნება ბოლოს იერსახეს რაღაცას აკლებს – თითქოს ხასიათს აცლის. რაც შეეხება, ზოგადად, მოდის ტენდენციებს: მგონია, რომ ძალიან სწრაფად იცვლება. იმდენად მასობრივი გახდა, რომ ცოტა გულდასაწყვეტიც კია. არ ვიცი, მე გავიზარდე თუ თავად მოდა შეიცვალა, მაგრამ რაღაც სხვანაირად არის – ის ძველი ჯადოსნურობის შეგრძნება ცოტათი დაიკარგა.

როგორ დაიბადა ვლოგის შექმნის იდეა და რას ემსახურება? რომ შევაჯამოთ – რა არის ვლოგის საერთო ნარატივი და მთავარი ფილოსოფია?
ყველაფერი „რუსთავი 2“-ში მუშაობისას დაიწყო. ერთ-ერთ გადაღებაზე თუშეთში მოგვიწია წასვლა „მთის დღეების“ გასაშუქებლად. გადამღებ ჯგუფში მე, მარიამ მამაგეიშვილი და ნიკა ლებანიძე ვიყავით. თუშეთიდან იმდენად კარგი მასალა ჩამოვიტანეთ და სიუჟეტიც ისეთი გამორჩეული გამოვიდა, რომ მაშინვე მივხვდით – გვინდოდა ბევრი მსგავსი პროექტი გაგვეკეთებინა. მალევე ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა გურო – მონტაჟის რეჟისორი, შემდეგ – პროდიუსერი თამარ კობერიძე, მოგვიანებით კი გიორგი კომიაშვილი შემოგვიერთდა. ასე შეიკრა ჩვენი ექვსკაციანი გუნდი. ყველაფერი თითქოს შემთხვევით დაიწყო: ერთი გადაღება, ერთი სიუჟეტი…
თუმცა სწორედ ამას მოჰყვა ჩვენი YouTube არხის შექმნა. მართლაც, დიდი გზები ხშირად სრულიად მარტივი შემთხვევითობით იწყება. მომენტით ვისარგებლებ და ჩემს გუნდს დიდ მადლობას გადავუხდი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ადამიანების გვერდით დგომითა და მათი შრომით მიიღწევა მნიშვნელოვანი შედეგი. მართლა ძალიან გამიმართლა, რომ მათთან ერთად ვმუშაობ.
რით განსხვავდება რეალური ნინუცა ორჯონიკიძე იმ ნინუცა ორჯონიკიძისგან, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ?
სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია, ჩვენი ვლოგები იმდენად გრძელია და გადაცემები იმდენად შრომატევადი, რომ თამაში დიდად არ გამოდის. ეს ფორმატი, უბრალოდ, არ გაძლევს სიყალბის საშუალებას. ვინაიდან ყოველთვის არ გაქვს იდეალური განწყობა, ენერგია ან ხალისი, რა თქმა უნდა, ზოგჯერ გიწევს თავს შემოუძახო… ამ დროს წინა პლანზე გამოდის პასუხისმგებლობა და ვალდებულების შეგრძნება. როგორი დღეც არ უნდა გქონდეს – იცი, რომ უნდა გააკეთო, უნდა დაასრულო, უნდა მიიყვანო ბოლომდე. რაც შეეხება იმას, როგორი ვარ ეკრანზე და რეალურ ცხოვრებაში: ვფიქრობ, ის პერსონაჟი, რომელსაც მაყურებელი ხედავს, დიდწილად ჩვენი გუნდის ერთობლივი ხედვის შედეგია. ეს უკვე პროდუქტია, კონტენტის ნაწილი… მაგრამ არა მგონია, რეალურ ცხოვრებაში მისგან ძალიან განვსხვავდებოდე.
რას ეტყოდი მათ, ვინც თქვენს ვლოგებს უყურებს და სურს, რომ თქვენნაირი ცხოვრება ჰქონდეს?
უპირველესად, არხი გამოიწერონ (იცინის). მე თუ მოვახერხე და თავი მოვაბი ამ საქმეს, მაშინ ნამდვილად ყველას შეუძლია. ძალიან მაგარი რამ არის მოგზაურობა. პირველ ყოვლისა, საჭიროა კარგი მეგობრები – ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავგადასავალი და არცერთ გამოწვევაზე უკან არ დაიხევენ. გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რთულ მომენტებში სწორედ ერთმანეთის ენერგია გაძლევთ ძალას. მნიშვნელოვანია კომფორტის ზონიდან გამოსვლაც. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია, მაგრამ შიში არ უნდა გახდეს დაბრკოლება.

ხშირად მოგზაურობთ… როცა მოგზაურობისას კადრებს იღებთ, ხომ არ გეუფლებათ განცდა რომ ქალაქს ობიექტივიდან უყურებთ და არა საკუთარი თვალებით? არსებობს თუ არა მომენტები, როცა სპეციალურად თიშავთ კამერას, რათა ემოცია მხოლოდ თქვენთვის დაიტოვოთ – ნაცვლად იმისა, რომ, ვთქვათ, „გასთოროთ“?
საქართველო საოცრად ლამაზია და ძალიან მრავალფეროვანი. ყოველთვის მადლიერი ვიქნები, ის ყველაფერი საკუთარი თვალით რომ ვიხილე: მთები, სოფლები, ადამიანები – თითოეულ მოგზაურობას თავისი ისტორია აქვს.
გადაღება ჩემთვის უბრალოდ ტექნიკური პროცესი არ არის – ეს არის ხედვა. ყოველდღიურობაშიც, სადაც არ უნდა ვიყო, ხშირად ვაკვირდები გარემოს, როგორც კადრს: როგორ ეცემა შუქი, როგორ მოძრაობს ადამიანი სივრცეში, რა დეტალი შეიძლება გახდეს მთავარი… ხშირად თვალით ვეძებ იდეალურ კადრს, ან პირიქით, ისეთ არასრულყოფილ მომენტს, რომელიც თავისთავად უნიკალურია. მგონია, რომ ეს ჩვევა სამყაროს სხვანაირად დანახვას მასწავლის.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ მიყვარს მოგზაურობა. მოგზაურობა გაძლევს ახალ პერსპექტივას, ახალ სიხარულს, ახალ ადამიანებს. როცა გადაღება გიყვარს, ავტომატურად იწყებ საინტერესო დეტალების დაფიქსირებას – იმ ნიუანსების შემჩნევას, რომლებიც სხვას შეიძლება გამოეპაროს. და ეს პროცესი არასოდეს მბეზრდება. იმიტომ, რომ ყოველი დღე შეიძლება ახალი კადრი იყოს.
ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე
