N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

სალომე გორგილაძის მრავალი განზომილება

სექტემბერი 28, 2026
A A
სალომე გორგილაძის მრავალი განზომილება
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ამ სტატიაზე მუშაობისას პირველი ინსტინქტი იყო სალომე გორგილაძის იმ სამყაროში მოთავსება, რომლის ნაწილადაც იგი დღეს გვევლინება: ტეჟუზე გადაშლილი ტერასები, იდეალურად აწყობილი ვახშმის რიტმი, სტუმართმასპინძლობის უმაღლესი ფორმის დახვეწილი დინამიკა და ბუნებრივი ელეგანტურობა… თუმცა ეს მცდარი დასაწყისი იქნებოდა, რადგან მისი ისტორია არა ლისაბონში, არამედ საქართველოში იღებს სათავეს, სამთავრობო და დიპლომატიურ გარემოში, სადაც საერთაშორისო დიალოგი, პროტოკოლი და კულტურა აბსტრაქტული ცნებები კი არა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, ხოლო სტუმართმოყვარეობა – ეტიკეტზე მეტად, იდენტობის ფორმა.


კულტურული მეხსიერება და კავშირი სამშობლოსთან

მათთვის, ვინც საქართველოს კარგად არ იცნობს, რთულია გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სუფრას ქართულ ეროვნულ წარმოსახვაში. სუფრა, რომელსაც თამადა უძღვება, უბრალოდ სადილი კი არა, სტუმართმოყვარეობით გამოხატული ფილოსოფიაა. საუბარი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კერძების ასორტიმენტი. ქართველი სტუმარს მასპინძლობს არა იმიტომ, რომ ამას სოციალური ნორმა მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ გულუხვობა მისი კულტურული ენა. როდესაც დღეს სალომეს უყურებ ტეჟუზე, სანამ იგი ბრენდინგსა და საერთაშორისო lifestyle hospitality-ზე საუბრობს, ხვდები, რომ ეს კოდი არსად გამქრალა – მან მხოლოდ მასშტაბი შეიცვალა.

იგი ქართულ ფესვებზე სენტიმენტალურობისა და ნოსტალგიის გარეშე ლაპარაკობს. სამშობლო მისთვის არ არის ადგილი, რომელიც უკან მოიტოვა; ეს არის ჩარჩო, რომელიც თან გაჰყვა – შვეიცარიაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ფსიქოლოგიაში, დიპლომატიურ წრეებში, გაეროსა და UNESCO-სთან დაკავშირებულ ინსტიტუტებში, გლობალური ინვესტიციების ფინანსურ ორგანიზაციებსა და საბოლოოდ – პორტუგალიაში, სადაც სტუმართმასპინძლობა იმ სივრცედ იქცა, რომელმაც ეს მრავალფეროვანი გამოცდილებები ერთ მთლიანობად შეკრა – SANA Hotels-ის ფარგლებში.


რეფლექსია

გარედან ეს ყველაფერი უჩვეულოდ გამოიყურება. დიპლომატია იშვიათად გადადის სტუმართმასპინძლობაში, ხოლო სტუმართმასპინძლობა – სტრატეგიულ ინვესტიციებზე საუბრებში. თუმცა, როდესაც სალომე ცდილობს, საკუთარი განვლილი გზა აგვიხსნას, ყველა ნაბიჯი აზრს იძენს. მისი თქმით, დიპლომატია ადამიანს ჯერ დაკვირვებას ასწავლის და შემდეგ – საუბარს. ის ავითარებს უნარს, წაიკითხო კონტექსტი, სიჩუმე, განზრახვა და ნიუანსი. ფუფუნების კლასის სტუმართმასპინძლობაც სწორედ ამ პრინციპზე დგას – სტუმრებმა ხშირად თავადაც არ იციან, რას ეძებენ, თუმცა ინსტინქტურად რეაგირებენ ატმოსფეროზე, სივრცის რიტმზე და იმ დეტალებზე, რომლებიც მეხსიერებას უხილავად ქმნის. ალბათ სწორედ ხილულსა და უხილავს შორის ლავირების ეს უნარი განსაზღვრავს სალომე გორგილაძის ლიდერულ სტილს.

ლიდერი პორტუგალიური სტუმართმასპინძლობის სივრცეში

SANA Hotels-ის სტუმართმასპინძლობა ხშირად მხოლოდ ზედაპირული ესთეტიკით აღიქმება: არქიტექტურა, დიზაინი, გასტრონომია, იდეალურად განათებული მაგიდები და ხედები, რომლებიც რეალობისგან გაქცევის სურვილს აღძრავს. სინამდვილეში, ამ გამოსახულებების უკან სრულიად სხვა სამყარო დგას – საინვესტიციო სტრუქტურები, სტრატეგიული დაგეგმვა, განვითარების ხანგრძლივი ციკლები, გუნდები და გადაწყვეტილებები, რომლებიც სტუმრებისთვის უხილავი რჩება. სალომე ესთეტიკურ ხედვასა და ბიზნესდისციპლინას შორის საოცარი სიმარტივით მოძრაობს და, ამავდროულად, რჩება ფიგურად, რომელიც პორტუგალიის სტუმართმასპინძლობის სფეროში ლიდერობასთან ასოცირდება.


სტრატეგიული მართვა

სალომე გორგილაძე თავს არიდებს იდეოლოგიურ ენას და პრაქტიკულ მიდგომას ირჩევს. მისი აზრით, ავტორიტეტს სიმკაცრე არ სჭირდება; ემპათია ეფექტიანობას არ ამცირებს; ემოციური ინტელექტი ისევე ბუნებრივად ეკუთვნის მენეჯმენტს, როგორც დიპლომატიას. მიზანი არასდროს ყოფილა უკვე არსებული, პატრიარქალური სისტემის კოპირება- არამედ მათში ახალი ენის შემოტანა.

ეს განსაკუთრებით აშკარა ხდება ბელენში, რომელიც ლისაბონის იშვიათი უბანია – აქ ისტორია, სიმბოლიზმი და თანამედროვე ენერგია ბუნებრივად თანაარსებობს. SUD Lisboa-დან მდინარე გულუხვად იხსნება ატლანტის ოკეანისკენ, ხოლო 25 აპრილის ხიდი ჰორიზონტზე მკაფიო ხაზს ავლებს. მოპირდაპირე ნაპირზე მშვიდად აღმართული Cristo-Rei, ბელენის კოშკი, აღმოჩენათა მონუმენტი და ჟერონიმუშის მონასტერი მუდმივად გვახსენებენ, რომ პორტუგალიამ საკუთარი იდენტობის ნაწილი გაცვლით, მიმღებლობითა და სამყაროსადმი ცნობისმოყვარეობით შექმნა. პარალელის გავლება რთული არ არის: სალომე გორგილაძეც მუდმივად მოძრაობს: საქართველო – შვეიცარია, საერთაშორისო ინსტიტუციები – luxury hospitality და ბოლოს – პორტუგალია.

SUD Lisboa – სოციალურ-კულტურული სცენა

SUD Lisboa უფრო მეტია, ვიდრე რესტორანი ან ღონისძიებების სივრცე – ეს არის სოციალური და კულტურული სცენა, სადაც გასტრონომია, არქიტექტურა, გართობა და lifestyle-ი თანაარსებობს. საერთაშორისო ფიგურები აქ თითქმის შეუმჩნევლად ჩნდებიან. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც დღეს პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თანამედროვე ელჩად რჩება – არა მხოლოდ სპორტის, არამედ პორტუგალიური იდენტობის გლობალური პროექციის თვალსაზრისითაც.

ცხოვრების ადრეულ ეტაპზე სალომე იმავე აკადემიურ სივრცეში სწავლობდა, სადაც ფლორიან პიკასო (პაბლო პიკასოს შვილიშვილი და საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი). თუმცა ეს სახელები მხოლოდ ცნობადობის გამო არ არის მნიშვნელოვანი – ისინი თავად ფუფუნების არსს ხსნიან.


ეშტორილი – არისტოკრატიული კოდების თარგმანი

ლისაბონის დასავლეთ ნაწილში ნარატივი ტონს იცვლის. ეშტორილს ევროპულ მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მეოცე საუკუნეში იგი მასპინძლობდა მონარქთა ოჯახებს, დიპლომატებს, ინდუსტრიულ დინასტიებსა და ემიგრირებულ სამეფო კარს, რითაც ხმელთაშუა ზღვის რივიერას უფრო მშვიდი, ატლანტიკურ ანალოგად იქცა. დღესაც, მის სანაპიროებზე და დიდ ვილებში სეირნობისას, იგრძნობა, რომ აქ ელეგანტურობა არასოდეს ყოფილა ყურადღების მისაპყრობად შექმნილი – ის გამძლეობისთვის შეიქმნა.

სწორედ ეს ისტორიული ფენა ხდის განსაკუთრებით საინტერესოს Evolution Cascais-Estoril-ის გამოჩენას. პროექტი ძველი არისტოკრატიული კოდების გამეორებას კი არ ცდილობს, არამედ მათ ახალ თაობას უთარგმნის – მოგზაურებს, რომლებიც თავისუფლად მოძრაობენ ბიზნესსა და რეკრეაციას შორის და ინტერესდებიან კეთილდღეობით (wellbeing), სოციალური კავშირებითა და დიზაინით. სალომესთვის ეს სტუმართმასპინძლობის სამყაროში მიმდინარე უფრო დიდ ცვლილებებს ასახავს.

ალგარვე – სიმშვიდის ნავსაყუდელი

პორტუგალიის სამხრეთით მდებარე ალგარვე ნარატივის სრულიად ახალ თავს ხსნის. საერთაშორისო კონტექსტში, პორტუგალიურ საზაფხულო კურორტებს ხშირად ადარებენ სენ-ტროპეს, მარბელიას, მონტე-კარლოს ან იტალიის რივიერას, თუმცა ალგარვე ინარჩუნებს იმას, რაც ელეგანტურობის სხვა გეოგრაფიულმა წერტილებმა დიდი ხანია დაკარგეს: სივრცეს, სიმშვიდესა და ლანდშაფტთან პირველყოფილ კავშირს.

EPIC SANA Algarve Hotel-ში, Praia da Falésia-ს თავზე, გამოცდილება უფრო მეტად აგებულია ატმოსფეროზე, ვიდრე სანახაობაზე. ფიჭვნარები, კლდეები და ატლანტიკური ჰორიზონტები ნელ რიტმს ქმნიან. პროფესიულად ეს რეგიონი სალომეს იმითაც იზიდავს, რომ ჭეშმარიტებას ახსენებს: დახვეწილობა ხშირად სიმარტივეშია – დილის ნადავლიდან პირდაპირ მოტანილ თევზში, ვილამოურას მარილში, დამალულ სანაპიროებში, ოჯახურ რესტორნებში, სადაც ავთენტიკურობა ჯერ კიდევ პრეზენტაციაზე ძლიერია.


მოგზაურობა, როგორც პროფესიული განვითარების ფორმა

აღმასრულებელი პასუხისმგებლობის მიღმა, მოგზაურობა სალომესთვის შემეცნების ერთ-ერთ მთავარ ფორმად რჩება. მონტე-კარლო, შანტიი Auberge du Jeu de Paume და მასპინძლობის სხვა საერთაშორისო ობიექტები მისთვის უბრალო დანიშნულების ადგილები როდია – ისინი თითქმის სანიმუშო მაგალითებად, ერთგვარ „სასწავლო მოდელებად იქცევიან“. დიდ სასტუმროებში მას ყველაზე მეტად შინაგანი რიტუალები აინტერესებს: როგორ ხვდებიან სტუმარს, როგორ მართავენ სიჩუმეს, როგორ აგებენ ატმოსფეროს და როგორ ქმნიან მოგონებებს.

გლამურის საკითხი საუბარში გარდაუვალად ჩნდება: ჟურნალის ყდები, საერთაშორისო წრეები, ექსკლუზიური ღონისძიებები, ცნობადობა. თუმცა იგი სხვაგვარ პასუხს სცემს. ჰუმანურობა, ემპათია და თანამგრძნობთა საუბარში მუდმივად ბრუნდება. მისი აზრით, ადამიანის შინაგანი სამყარო საბოლოოდ გარეგნობაზეც აისახება.

ფუფუნების განმარტება

როდესაც სალომეს ეკითხებიან, რას ნიშნავს დღეს ფუფუნება, იგი დროზე საუბრობს. დროზე, რომ დაჯდე და იფიქრო… იმოგზაურო… დააკვირდე გარემოსა და ადამიანებს… დააკვირდე საკუთარ თავს… მშვიდად მიუჯდე სუფრას და გემრიელი კერძები სხვას გაუზიარო… ალბათ, მართლაც, სწორედ ეს არის უხილავი ხაზი, რომელიც მთელ მის ისტორიას გასდევს ლაიტმოტივად. არა მხოლოდ საქართველო ან პორტუგალია; არა დიპლომატია, ბიზნესი თუ სტუმართმასპინძლობა ცალ-ცალკე, არამედ უნარი, ერთდროულად რამდენიმე სამყაროში იცხოვრო და თითოეულში ბოლომდე დარჩე.


მოძრაობა და მასპინძლობის საკუთარი ენა

სალომე გორგილაძე მოძრაობაზე საუბრობს არა როგორც წასვლაზე, არამედ როგორც დაგროვებაზე – იგი კავკასიის მეხსიერებას ატლანტისპირა პორტუგალიაში აცოცხლებს და ამ სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეს ერთმანეთის გაფართოების საშუალებას აძლევს. ლისაბონისა და ბელემს შორის, მდინარესთან მუდმივ დიალოგში, ეშტორილის ფარულ ელეგანტურობასა და ალგარვეს მშვიდ რიტმში, მან მასპინძლობის საკუთარი ენა შექმნა – ენა, რომელსაც თანაბრად აყალიბებს კულტურული იდენტობა და თანამედროვე ფუფუნება.

ეს არის სამყარო, სადაც დიპლომატია ლიდერობას განსაზღვრავს, lifestyle-ი მნიშვნელობას ხვდება, ხოლო სტუმართმასპინძლობა საბოლოოდ კუთვნილების ფორმად იქცევა.

Tags: Nargis Magazineმოგზაურობაპორტუგალიასალომე გორგილაძე
წინა პოსტი

2027 წლის გაზაფხული/ზაფხული და მილანის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN