N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ნანი – ერთი ლეგენდის ცხოვრება

სექტემბერი 11, 2026
A A
ნანი – ერთი ლეგენდის ცხოვრება
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

სცენა, როგორც ცხოვრების მთავარი სივრცე; კოსტიუმი, როგორც ემოციის გამტარი და მუსიკა, როგორც სამყაროსთან დიალოგის ყველაზე გულწრფელი ფორმა – ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი გზა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ვარსკვლავური კარიერა; ეს არის ისტორია არტისტზე, რომელმაც საბჭოთა დეფიციტისა და მკაცრი ჩარჩოების ეპოქაშიც კი, შეძლო შეექმნა საკუთარი ხელუხლებელი სამყარო, სადაც მთავარი კანონი იყო არა მოდა, არამედ გემოვნება, სიღრმე და თავისუფლება.

„ნარგისისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნანი ბრეგვაძე გულახდილად გვესაუბრება არა მხოლოდ სტილისა და სამოსზე, არამედ იმ შინაგან კოდექსზე, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება წარმართა…


დღეს, როდესაც ნანი ბრეგვაძე 90 წლის იუბილეს აღნიშნავს, ეს ინტერვიუ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს – როგორც მცდელობა, ჩავწვდეთ იმ შინაგან ძალასა და ესთეტიკას, რომელმაც იგი ქართულ სცენის დედოფლად აქცია. საიუბილეო თარიღის ფონზე, ნანი კარს გვიხსნის თავისი ცხოვრების ყველაზე ფაქიზ, ინტიმურ და პროფესიულ მომენტებში; გვიამბობს სიყვარულზე, დედისგან მიღებულ გაკვეთილებსა და სულიერ ძიებებზე…

ნანი ბრეგვაძესთან საუბარი ჩემთვის ნამდვილი ინსპირაცია იყო; მისი თითოეული სიტყვა, რომელიც სცენაზე გატარებულ ათწლეულებსა და მუსიკისადმი უსაზღვრო ერთგულებას აერთიანებდა, ერთგვარ გაკვეთილად იქცა – თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ღირსება, ხიბლი და სულის სიმსუბუქე ნებისმიერ ასაკში; ნანისგან მხოლოდ გამოცდილებას კი არა, ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ვეზიარე – მან მასწავლა, რომ ხელოვნებაში მთავარი არა ტექნიკა, არამედ ის უშუალო გულწრფელობაა, რომელიც ნანის თითოეულ ჟესტსა და ნოტში დღემდე იგრძნობა. სწორედ ეს მაძლევს შთაგონებას, ზუსტად ასეთივე სიყვარულით გავაკეთო ჩემი საქმე.


პროფესია, კარიერა, მუსიკა

ნანი, გაიხსენეთ თქვენი პირველი გამოსვლა სცენაზე…

ჩემი პირველი სცენური გამოსვლა ორკესტრთან ერთად „გეპეის“ თვითშემოქმედებით კოლექტივს უკავშირდება. განსაკუთრებით მახსენდება 1957 წელი, როცა მოსკოვში, მსოფლიო ფესტივალზე გავემგზავრეთ. ჩვენი კოლექტივი კონკურსისთვის საგანგებოდ შეარჩიეს. ძალიან ამაყები ვიყავით: საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი ადგილი დავიკავეთ, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე – მესამე. საოცარია, მაგრამ იმ მომენტში განსაკუთრებული ნერვიულობა არ მიგრძნია; პირიქით, ეს ჩემთვის უაღრესად სასიამოვნო მოვლენა იყო, მით უმეტეს, რომ იქ დიდ მუსიკოსებს შევხვდით. სცენაზე სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შევასრულე.


საოცარი დამთხვევაა! ეს სიმღერა ჩემს „ფლეილისტში“ დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს და ხშირად ვუსმენ. თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი საბჭოთა მომღერალი, რომელიც პარიზის „ოლიმპიაზე“ გამოვიდა და დასავლური სამყარო ნახა…

საზღვარგარეთ გამართული კონცერტები ჩემთვის მხოლოდ კარიერული წარმატება არ ყოფილა – ეს იყო შესაძლებლობა, ჩემი კულტურა უცხოელი მსმენელისთვის გამეზიარებინა და გამეცნო. ჩვენ ხშირად ვასრულებდით ქართულ ხალხურ სიმღერებს.

როცა პირველად ხედავ სხვა სამყაროს – განსაკუთრებით ისეთ მეგაპოლისს, როგორიც პარიზია – ბუნებრივია, რომ შენში რაღაც იცვლება. იქ სხვა ჰაერია, სხვა თავისუფლება, სხვა დამოკიდებულება ხელოვნების, ადამიანის ინდივიდუალობისა და თვითგამოხატვის მიმართ. ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ეს ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება იყო. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობდი, აღფრთოვანებას არ დავებრმავებინე. მე ვაკვირდებოდი… სულ ვსწავლობდი ადამიანებს, სცენას, კულტურას, ქცევას. მაინტერესებდა, რა აძლევდა დასავლელ არტისტს იმ შინაგან თავისუფლებას, რომელიც სცენაზეც იგრძნობოდა. საბჭოთა სისტემაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო. იმ დროს არსებობდა ჩარჩოები, უხილავი საზღვრები, რომლებიც ყოველთვის უნდა გაგეთვალისწინებინა.


თქვენ თვალწინ გაიარა თითქმის მთელმა საუკუნემ – თავისი ტრაგედიებით, იმპერიების ნგრევით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენითა და ახალი გამოწვევებით. როდესაც დღევანდელობას უყურებთ, რა გაძლევთ ყველაზე დიდ იმედს?

იყო მძიმე პერიოდები, დანაკარგი, იმედგაცრუება, მაგრამ იყო სიხარულიც და ერთიანობაც… შეიცვალა სახელმწიფოები, სისტემა, ცხოვრების რიტმიც კი, ადამიანის მთავარი განცდები კი მაინც უცვლელი დარჩა: სიყვარული, მონატრება, ღირსების შეგრძნება, თავისუფლების წყურვილი – ეს ყველაფერი დღესაც ისევე ძლიერია, როგორც ადრე იყო. რა მაძლევს ყველაზე დიდ იმედს? ახალგაზრდები. მე მათში ძალიან დიდ ენერგიას ვხედავ. ასევე, იმედს მაძლევს ის, რომ ქართული კულტურა მაინც ცოცხალია. რამდენჯერ გვიფიქრია, რომ რაღაც იკარგებოდა, მაგრამ მერე ისევ ჩნდებოდნენ ნიჭიერი ადამიანები – მუსიკაში, ლიტერატურაში, კინოში… საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან ძლიერი კულტურული მეხსიერება აქვს. ეს ყოველთვის გადაგვარჩენს.


ქართველმა ხალხმა სცენის დედოფლად გაღიარათ. დღეს თქვენ მიმართ ერთნაირი პატივისცემითა და სიყვარულით არიან განწყობილნი უფროსი თაობაცა და ახალგაზრდებიც. როგორ ახერხებთ ამ იშვიათი კავშირის შენარჩუნებას აუდიტორიასთან?

ეკა ხშირად მიბრაზდება ხოლმე – ნუთუ დღემდე ვერ შეეჩვიე, რომ ცნობილი ხარო? სიმართლე გითხრათ, ალბათ ბოლომდე ვერც ვერასდროს შევეჩვევი ჩემკენ მომართულ ესოდენ დიდ ყურადღებას და სიყვარულს. მთელი ცხოვრება ღმერთს ერთ რამეს ვთხოვდი, ცნობადობას თავში არ ამივარდეს და ისეთად დამტოვე, როგორიც ვარ-მეთქი. ამის მართლა მეშინოდა. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც პოპულარობაში საკუთარი თავი დაკარგა, თავის არაჯანსაღ ამბიციებს გადააყოლა ყველაფერი. ზოგჯერ მიფირია კიდეც – ნეტავ, ჩემი თავი სხვისი თვალით დამანახა და გამაგებინა, ჩემში ასეთს რას ხედავენ ან რა უყვართ-მეთქი… იმიტომ, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი ადამიანებიც არსებობენ. უბრალოდ, მათ სცენის ნაცვლად ჩრდილში ყოფნა აირჩიეს და ამიტომ ნაკლებად ჩანან. საბოლოოდ, მივდივარ დასკვნამდე, რომ ალბათ ადამიანებს ყველაზე მეტად გულწრფელობა ამახსოვრდებათ. როცა არ თამაშობ, არ ცდილობ, ხელოვნურად შექმნა საკუთარი იმიჯი და ისეთად რჩები, როგორიც სინამდვილეში ხარ – შენდაუნებურად, მათ გულში აღწევ.


როგორ შეაფასებდით დღევანდელ მუსიკალურ პროფესიონალიზმს და, ზოგადად, თანამედროვე შემოქმედებით პროცესებს?

პროფესიონალიზმის უკან ყოველთვის ძალიან დიდი შრომა დგას – ეს არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება. ნამდვილი ხარისხი ყოველთვის მუშაობას, დისციპლინას და პასუხისმგებლობას ეფუძნება. დღეს ყველას შეუძლია იმღეროს, ჩაწეროს, გამოაქვეყნოს. ეს, ერთი მხრივ, თავისუფლებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამცირებს იმ ფილტრს, რომელიც ადრე ხარისხს განაპირობებდა. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიღრმე და პროფესიული სტანდარტი შესუსტებულია. ჩემთვის მთავარი მაინც ის არის, რომ ხელოვნებაში გულწრფელობა არ დაიკარგოს. ტექნიკა შეიძლება განვითარდეს, ფორმები შეიცვალოს, მაგრამ თუ შინაარსი და ემოციური სიმართლე არ არსებობს, არტისტის ნამუშევარს აზრი ეკარგება.


თქვენთვის, მარტო თუ მღერით ხოლმე?

ყოველდღე… თითქმის მთელი დღის განმავლობაში გულში ვღიღინებ და საღამოს უკვე ბუნებრივად მიჩნდება სურვილი, ხმამაღლაც წავიმღერო – თითქოს შიგნით დაგროვილი ემოცია გარეთ გამოსვლას ითხოვს.

ინტერვიუ: თაკო ჩხეიძე

ტექსტი: თათული ღვინიანიძე

წაიკითხეთ სრული ინტერვიუ N13-ის უახლეს გამოცემაში. ჟურნალი ხელმისაწვდომია:

-ბიბლუსის თბილისისა და ბათუმის ფილიალებში

-სახვითი ხელოვნების მუზეუმის წიგნის მაღაზიაში (რუსთაველის გამზ. 7)

-Stamba Books Store-ში (მერაბ კოსტავას ქ. 14)

-They Said Books-ში (გიორგი ახვლედიანის ქ. 10)

Tags: Nani Bregvadzeინტერვიუ ნანისთანნანინანის იუბილე
წინა პოსტი

Mercedes-Benz Prague Fashion Week: სეზონის გამორჩეული ჩვენებები და დიზაინერები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN