N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ფორმა, ტრანსფორმაცია და თავისუფლება: ინტერვიუ Éthéré Accessoires-ს დამფუძნებელ გვანცა თუთბერიძესთან

ივნისი 2, 2026
A A
ფორმა, ტრანსფორმაცია და თავისუფლება: ინტერვიუ Éthéré Accessoires-ს დამფუძნებელ გვანცა თუთბერიძესთან
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის სამყაროში, სადაც ტენდენციები ელვისებურად იცვლება, განსაკუთრებულ ადგილს ყოველთვის ისეთი ბრენდები იკავებენ, რომლებიც სამოსსა თუ აქსესუარს არა უბრალოდ ფუნქციურ ნივთად, არამედ თვითგამოხატვისა და ხელოვნების დამოუკიდებელ ობიექტად წარმოაჩენენ. ზუსტად ასეთია ქართული ბრენდი Éthéré Accessoires, რომლის მიღმაც დიზაინერი გვანცა თუთბერიძესთან დგას. მისი შემოქმედება სტანდარტულ ჩარჩოებს სცდება და გვთავაზობს რთული სკულპტურული ფორმების, არქიტექტურული ხაზებისა და კონცეპტუალური მინიმალიზმის ესთეტიკური სინთეზს.


N13-თან ინტერვიუში გვანცა გვიყვება საკუთარ პერსონალურ სტილზე, ბრენდის ფილოსოფიაზე, იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოში უნიკალური ნივთების შექმნას ახლავს და სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ბრენდის საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებას უკავშირდება.


გვანცა, როგორ დაახასიათებდით თქვენს პერსონალურ სტილს? როგორია თქვენი ყოველდღიური სამოსი, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობთ?

ჩემი პირადი სტილი საკმაოდ ეკლექტურია და ხშირად იცვლება განწყობისა თუ კონტექსტის მიხედვით – ის შეიძლება იყოს აკადემიური, ზოგჯერ კი უფრო თავისუფალი და ექსპერიმენტული. თუმცა, ერთი მთავარი ელემენტი ყოველთვის უცვლელი რჩება: ეს არის აქსესუარი.

თქვენს ხელწერაში ხშირად ვხედავთ მინიმალისტურ და მონოქრომულ ტონალობებს. საინტერესოა, თქვენი პირადი გარდერობიც ასეთივეა თუ გიყვართ ექსპერიმენტები ფერებთან?

ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო ფორმა, კონსტრუქცია და სილუეტია. სწორედ ამიტომ არის ჩემი კოლექციები ხშირად მონოქრომული – მინიმალისტური ფერები საშუალებას მაძლევს, აქსესუარის ფორმა და იდეა უფრო მკაფიოდ გამოვკვეთო. ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, ჩემს პირად სტილშიც აისახება: სადა, გააზრებული სილუეტები და ნეიტრალური ფერები კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულს ხდის აქსესუარს.


თქვენს ყოველდღიურობაში სამოსს აქსესუარის მიხედვით არჩევთ, თუ პირიქით – აქსესუარია ბოლო შტრიხი?

ხშირად ლუქებს სწორედ აქსესუარის გარშემო ვაწყობ, რადგან ვფიქრობ, რომ ის განსაზღვრავს მთლიან ვიზუალურ ისტორიას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აწყობას სამოსით ვიწყებ, ყოველთვის ვარჩევ სადა, მინიმალისტურ ტანსაცმელს და ხასიათს მას ძლიერი, გამოკვეთილი აქსესუარით ვანიჭებ. ეს მაძლევს საშუალებას, მუდმივად ვითამაშო ფორმებით, სტილითა და იდენტობით.

გაგვიზიარეთ, რომელია თქვენი საყვარელი მოდის სახლი ან დიზაინერი და აქვს თუ არა მათ გავლენა თქვენს პერსონალურ ხედვასა თუ შემოქმედებაზე?

განსაკუთრებით მიზიდავს კონცეპტუალური და ხელით შექმნილი აქსესუარები. ხელნაკეთ ნივთს ყოველთვის აქვს საკუთარი ისტორია, ხასიათი და ემოციური ღირებულება. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა დიზაინერს საშუალებას აძლევს, მუდმივად დახვეწოს ფორმა, ჩაატაროს ექსპერიმენტები მასალასთან და შექმნას უნიკალური ობიექტი, რომელიც მხოლოდ ფუნქციურ ნივთს სცილდება. სწორედ ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბრენდები: Monies, Rigards და Alaïa. მათ ნამუშევრებში ვაფასებ არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ ინდივიდუალურ ხედვასა და ფორმასთან მუშაობის თავისუფლებას. ეს ბრენდები მაძლევენ შთაგონებას, ვეძებო საკუთარი ენა, ფორმები და ხელწერა. მათში ყველაზე მეტად შემოქმედებითი თავისუფლება და მრავალფეროვნება მხიბლავს, რაც მეხმარება უკეთ გავიაზრო საკუთარი სტილი და განვავითარო ის.


საინტერესოა, საიდან გაჩნდა Éthéré Accessoires-ის იდეა? იყო ეს კონკრეტული მომენტით განპირობებული გადაწყვეტილება, თუ დიდი ხნის ოცნება აქციეთ რეალობად?

აქსესუარი ყოველთვის მიზიდავდა, როგორც ფორმა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ვიზუალი და ხასიათი მთლიანად შეცვალოს. ჩემთვის ის არასოდეს ყოფილა მხოლოდ დამატებითი დეტალი – უფრო დამოუკიდებელი ობიექტია, რომელსაც საკუთარი არქიტექტურა, ხასიათი და ფუნქცია აქვს. Éthéré-ის შექმნის იდეაც სწორედ ამ დამოკიდებულებიდან გაჩნდა. მინდოდა შემექმნა კონცეპტუალური და მრავალფუნქციური აქსესუარები, რომლებიც მხოლოდ ერთ ფორმაში არ იარსებებდნენ. ჩემთვის უზომოდ საინტერესოა აქსესუარის ტრანსფორმაცია – როდესაც ნივთი იცვლის ფორმას, ფუნქციას ან სილუეტს და მომხმარებელს აძლევს თავისუფლებას, ის მრავალმხრივად გამოიყენოს. ამიტომ, ჩემს კოლექციებში ხშირად შეხვდებით კონვერტირებად მოდელებს; მაგალითად: ჩანთა, რომელიც ამავდროულად ქუდია, ან ჩალმა, რომელიც შეიძლება ჩანთადაც მოგვევლინოს და შლიაპადაც.


რატომ შეაჩერეთ არჩევანი სახელზე – Éthéré და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მას თქვენთვის?

ბრენდის სახელზე დიდხანს ვფიქრობდი. მინდოდა, მას ზუსტად გადმოეცა ჩემი ჩანაფიქრის ხასიათი და ყოფილიყო მრავალშრიანი. ფრანგული კულტურა, მოდა და ხელოვნება ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა, ამიტომაც შევაჩერე არჩევანი სახელზე – Éthéré (ეთეღ’ე), რაც ნიშნავს ეთერულს, მსუბუქს, ამაღლებულსა და არამიწიერს. ჩემთვის ეს სიტყვა ასოცირდება თავისუფლებასთან, წარმოსახვასთან და ფორმის მუდმივ ტრანსფორმაციასთან – იმ თვისებებთან, რომლებიც Éthéré-ს დიზაინს განსაზღვრავს.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ბრენდის შექმნის პროცესში და როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა თქვენ მიერ შექმნილი სკულპტურული და განსხვავებული აქსესუარები?

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სასურველი და ხარისხიანი ნედლეულის მოძიება და მისი დამუშავებაა. ის, რისი შექმნაც ჩაფიქრებული მქონდა, ტექნიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ როდესაც მთელი არსებით ხარ ჩართული საყვარელ საქმიანობაში, ყველაფერი გამოდის – მთავარი მონდომებაა. ბრენდის შექმნის დღიდან საკმაოდ დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. ვფიქრობ, თანამედროვე ქალი დღეს ბევრად უფრო თავისუფლად აღიქვამს მოდას და სწორედ ეს მაძლევს თამამი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას.


თქვენი დიზაინები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს ჰგავს. გაგვიზიარეთ, რა არის თქვენი მთავარი შთაგონების წყარო – არქიტექტურა, ბუნება თუ სხვა რამ?

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ეს ჩემს საქმიანობაში უდიდეს სტიმულს მაძლევს. ვფიქრობ, ხელოვანს ინსპირაცია ყოველ ნაბიჯზე შეიძლება დახვდეს. ჩემთვის შთაგონების წყარო თანაბრად შეიძლება გახდეს ბუნება, არქიტექტურა, მოგზაურობა ან თუნდაც საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.

თქვენს კოლექციებში ხშირად ვხედავთ რთულ სკულპტურულ ფორმებსა და ხაზებს. როგორ იბადება ეს კონსტრუქციები და რა სირთულესთანაა დაკავშირებული მათი დამუშავების პროცესი?

ეს ყველაფერი ჩემს გონებაში თავისთავად, ორგანულად იბადება. ზოგჯერ ზუსტად არც კი ვიცი, როგორ მივდივარ კონკრეტულ ფორმამდე. თუმცა, ყოველთვის იმ განწყობით ვიწყებ მუშაობას, რომ შევქმნა რაღაც სრულიად განსხვავებული. ბევრს ვფიქრობ, წარმოსახვაში ვხედავ მოდელის რამდენიმე ვარიანტს, შემდეგ კი ეს ყველაფერი ფურცელზე გადამაქვს. ხატვის პროცესში სილუეტს მუდმივად ვცვლი და ვანვითარებ. ჩემი მთავარი მიზანია, ნამუშევარი არ ჰგავდეს სხვას – მასში აუცილებლად უნდა იკითხებოდეს ჩემი ინდივიდუალური ხედვა და ხელწერა.


საინტერესოა, როგორ დაახასიათებთ თქვენი ბრენდის ხელწერას სამი სიტყვით, რა ხდის მას განსაკუთრებულს და უნიკალურს?

სიმართლე რომ ვთქვა, საკუთარ თავზე და საკუთარ ნამუშევრებზე საუბარი ყოველთვის მიჭირს. თუმცა, თუ Éthéré Accessoires-ი სამი სიტყვით უნდა დავახასიათო, ეს იქნებოდა: ფორმა, ტრანსფორმაცია და თავისუფლება. ფორმა, რადგან ჩემი შემოქმედების მთავარი საწყისი წერტილი სილუეტი და კონსტრუქციაა. ტრანსფორმაცია, რადგან მიყვარს აქსესუარები, რომლებიც იცვლება, ახალ ფუნქციას იძენს და სხვადასხვა ფორმით აგრძელებს არსებობას. თავისუფლება, რადგან მიმაჩნია, რომ აქსესუარმა ადამიანს უნიკალური, ინდივიდუალური სტილის შექმნის შესაძლებლობა უნდა მისცეს.


თქვენი აზრით, ზაფხულის სეზონს რა ტიპის აქსესუარები, ფორმები და ფერები უხდება ყველაზე მეტად და რას გვიმზადებს Éthéré Accessoires ზაფხულისთვის, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ახალ კოლექციაში?

წელს ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია ბუნებრივი, მშვიდი ტონები – ქვიშისფერი, თბილი თიხისფერი, რბილი ხაკი და სპილოსძვლისფერი (Ivory). თუმცა, შავი ფერი არასოდეს კარგავს აქტუალობას. რაც შეეხება ფორმებს, დომინირებს რბილი, თითქოს დნობადი სილუეტები, ნახევარმთვარის ფორმა, ოვალი, ასევე ხელით დაწნული და ნაქსოვი ელემენტები. Éthéré Accessoires-იც, ტრადიციულად, ამ სეზონზეც ერთგული დარჩება თავისი სტილის და მომხმარებელს სწორედ ამ აქტუალური ფორმებისა და მასალების საინტერესო სინთეზს შესთავაზებს.


დაბოლოს, გაგვიზიარეთ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა არის თქვენი მთავარი მიზანი ბრენდთან მიმართებაში?

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბრენდის მიმართ დიდი ინტერესი საერთაშორისო ბაზარზეც გაჩნდა. მათ შორის არის პარიზის შოურუმები, სადაც სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ბრენდის გლობალურ ასპარეზზე განვითარება და ცნობადობის გაზრდაა.


ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: Éthéré Accessoiresგვანცა თუთბერიძეინტერვიუ
წინა პოსტი

7 წამყვანი ტრენდი 2026 წლის საზაფხულო გარდერობისთვის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN