არსებობენ ადამიანები, ვისაც შეუძლია ყოველ დეტალში იპოვოს ის ესთეტიური სილამაზე, რომელიც ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ელფერს სძენს, სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ნათია უჯმაჯურიძე – ბლოგერი, რომელიც გამომწერებს მუდმივად უზიარებს კონტენტს სტილზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა თუ კულინარიულ თერაპიაზე. N13-თან ინტერვიუში ნათია გვესაუბრა მის პერსონალურ ფილოსოფიაზე, სადაც მინიმალიზმი, ინდივიდუალური სტილი და შინაგანი ჰარმონია ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.


ნათია, როგორ დაახასიათებდით თქვენს პერსონალურ სტილს სამი სიტყვით და თქვენი აზრით, რა ქმნის ადამიანის ინდივიდუალურ ხელწერას?
ჩემი სტილი არის მინიმალისტური, კომფორტული და ინდივიდუალური. ვფიქრობ, ხასიათი და სამოსი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს – სტილი სწორედ ხასიათის გამოხატვაა ტანსაცმლის საშუალებით. ჩემთვის „ოქროს წესი“ ინდივიდუალიზმია, არ მომწონს, როცა ყველა ერთმანეთს ჰგავს. სამოსი დიდ ენერგეტიკას ატარებს და ადამიანზე ბევრ რამეს ამბობს.
თქვენი ინსტაგრამიდან ჩანს, რომ უპირატესობას მინიმალიზმსა და კომფორტს ანიჭებთ. როგორ ახერხებთ, რომ მარტივი სამოსი ყოველთვის ეფექტურად გამოიყურებოდეს?
აქ მთავარი საიდუმლო ზუსტად სიმარტივეშია. არ მიყვარს ზედმეტი დეტალები, ჩემთვის პრიორიტეტი კომფორტია. როდესაც ადამიანი თავს თავდაჯერებულად გრძნობს იმაში, რაც აცვია, ეფექტურობაც თავისით მოდის.


შეგიძლიათ თუ არა გამოყოთ ერთი ადამიანი, ვისი სტილიც თქვენთვის შთაგონების წყაროა?
ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონება დედაა. მისი გემოვნება, სისუფთავე და ბუნებრივი ელეგანტურობა ყოველთვის მახსოვს და ეს ხშირად ჩემს არჩევანზეც აისახება.
რამდენად აქტიურად ადევნებთ თვალს მიმდინარე ტენდენციებს და არის თუ არა რაიმე კონკრეტული ტრენდი, რომელსაც წელს თქვენს გარდერობში აუცილებლად ვიხილავთ?
ტენდენციებს ვადევნებ თვალს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ინდივიდუალურად ვიღებ – ვიცვამ იმას, რაც მომწონს. ჩემს გარდერობში წელსაც აუცილებლად ნახავთ 90-იანების ვინტაჟურ Levi’s-ის ჯინსს, რომელიც ვფიქრობ, აქტუალურობას არასდროს კარგავს. რაც შეეხება ფერებს, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე უპირატესობას თეთრს, ნაცრისფერს, ღია ვარდისფერსა და ცისფერ პერანგებს ვანიჭებ.


როგორ სილუეტებში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად და თქვენთვის რამდენად მისაღებია ექსპერიმენტები ფორმებთან? – მაგალითად ასიმეტრია, რომელზეც ბევრი დიზაინერი აკეთებს აქცენტს.
ყოველდღიურობაში oversize და სპორტულ სტილს ვირჩევ. თუ საქმიანი შეხვედრა მაქვს, ამ შემთხვევისთვის მანქანაში ყოველთვის მიდევს შავი პიჯაკი. ასიმეტრიაც საინტერესოა, თუ ის ბუნებრივად ჯდება მთლიანობაში. ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, თუ ადამიანი მას იხდენს და მასში კონფორტულად არის.
გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი საგაზაფხულო კომბინაცია და აქსესუარები.
ჩემი ფავორიტია თეთრი პერანგი, სწორი ჯინსი და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. ეს არის ელეგანტური ბაზა, რომელსაც მარტივად შევუხამებთ სათვალეს, ჩანთას ან ლამაზ სამკაულს. ზოგადად, ამ სეზონზე მინიმალისტური, თხელი სამკაულებია აქტუალური. სათვალე კი ჩემი განუყოფელი ნაწილია და მას ყოველთვის დიდი ყურადღებით ვარჩევ.


გყავთ თუ არა ფავორიტი დიზაინერი, რომლის ხელწერაც ყველაზე ახლოსაა თქვენს ინდივიდუალურ სტილთან?
ცალსახად გამოკვეთილი ფავორიტი არ მყავს, მრავალფეროვნება უფრო მიზიდავს. ბრენდებზე აქცენტს ნაკლებად ვაკეთებ. ხშირად ვირჩევ ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს, მოგზაურობისას კი ყოველთვის ვცდილობ ადგილობრივი ტალანტები აღმოვაჩინო.
თქვენი კონტენტიდან ჩანს, რომ კულინარია თქვენთვის ერთგვარი თერაპიაა – საიდან იღებს სათავეს ეს გატაცება და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ესთეტიკა ამ პროცესში?
ეს გატაცება ბავშვობიდან მოდის – დედას ვაკვირდებოდი, თუ როგორ აფორმებდა მშვიდად ნამცხვრებს მუსიკის ფონზე. სწორედ სამზარეულოში მელამაზებოდა ის ყველაზე მეტად. ახლა ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც გონებას ვთიშავ. ვიზუალური ესთეტიკა კი უმნიშვნელოვანესია: მარტივი კერძის მომზადებისასაც კი წინასწარ წარმოვიდგენ კადრს, იდეებს კი მერე კამერით ვაცოცხლებ.


როგორია თქვენი იდეალური დილა და რა როლს ასრულებს ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენს ყოველდღიურობაში?
დილა იწყება ლამაზი საუზმით, რომელსაც მე და ჩემი შვილი ერთად ვამზადებთ. ეს ჩვენი პატარა რიტუალია. შემდეგ დათას სკოლაში ვაცილებ და ჩემი დღე პაციენტებით გრძელდება სტომატოლოგიურ კლინიკაში. ჯანსაღი ცხოვრების წესი მეხმარება შინაგანი ბალანსისა და ჰარმონიის შენარჩუნებაში. სავარჯიშო დარბაზიდან ყოველთვის დადებითი ემოციებით დამუხტული გამოვდივარ.
გარდა იმისა, რასაც გამომწერები ხედავენ, გაქვთ თუ არა რაიმე სხვა გატაცება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის?
მიყვარს პროცესები, სადაც სრულად ვიკარგები: მუსიკა, კითხვა, კარგი ფილმები ან სეირნობა. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც ის მიყვარს, როცა სახლში რამე გემრიელს ვამზადებ და მშობლებთან მიმაქვს დასაგემოვნებლად – მათი შეფასება ჩემთვის უძვირფასესია.


ინტერვიუ: მარიამ ბექაური
