N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

სანდრო გეგეჭკორი – ქართული ხმა მსოფლიოს დიდ სცენებზე

აპრილი 14, 2026
A A
332
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მარია კანალსის კონკურსის ტრიუმფი, ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლა და მსოფლიოს უძველეს მუსიკალურ სააგენტოსთან გაფორმებული კონტრაქტი – ეს სანდრო გეგეჭკორის იმ მიღწევების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ის 24 წლის ასაკში საერთაშორისო კლასიკური მუსიკის სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად აქცია.

სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს საქართველოში დაიბადა. მისი მუსიკალური გზა ნაადრევად დაიწყო და მალევე გასცდა ლოკალურ ფარგლებს. ვენის, ნიუ-იორკის, ბარსელონისა და სხვა ქალაქების პრესტიჟულ სცენებზე მოპოვებულმა პრიზებმა ახალგაზრდა პიანისტს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ახალგაზრდა მუსიკოსმა მაგისტრის ხარისხი ჯულიარდის სკოლაში, პროფესორ ჯულიან მარტინის კლასში მიიღო, რამაც მისი საშემსრულებლო სტილი კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბური გახადა.


N13-თან ინტერვიუში სანდრო გვესაუბრა საკუთარ კარიერულ გზაზე, ბავშობის პირველ იმპულსებიდან- საერთაშორისო აღიარებამდე. გვიამბო, თუ რატომ სჭირდება თანამედროვე პიანისტს მარკეტინგული ხედვა, როგორ ხდება ქართული მუსიკალური იდენტობა მისი რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი და რატომ რჩება სამშობლოში დაკვრა ყველაზე დიდ პასუხისმგებლობად მსოფლიო აღიარების შემდეგაც კი.

სანდრო, თქვენი კარიერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო. საინტერესოა რა იყო ის პირველი იმპულსი, რამაც პიანისტის პროფესია აგარჩევინათ და მოახდინა თუ არა მნიშვნელოვანი გავლენა გარემომ, რომელშიც გაიზარდეთ?

ზოგადად, ხელოვნებასთან ცხოვრების სერიოზულად დაკავშირება მოულოდნელად, „უღრუბლო ციდან“, არ ხდება. ბავშვობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბებია პიანისტი გახლდათ და წლების განმავლობაში მუსიკოსთა თაობების აღზრდას ემსახურებოდა, დედამ გადაწყვიტა, ბევრ სფეროში გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები. მახსოვს, ერთდროულად დავდიოდი უცხო ენებზე, სპორტზე, ცეკვასა და მუსიკაზე. თუმცა, როდესაც პირველად საბავშვო პიანისტთა კონკურსი მოვიგე, ჩემი ინტერესი მუსიკის, კერძოდ კი ფორტეპიანოს მიმართ, მკაფიოდ გამოიკვეთა. სწორედ მაშინ შევხედე ამ საქმეს, როგორც პროფესიას და დიდ პასუხისმგებლობას, დროთა განმავლობაში კი ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი, იყო ძალიან თბილი და მზრუნველი, ოჯახის თითოეული წევრი მაქსიმალურად ცდილობდა, ხელი შეეწყო ჩემთვის, ინტერესი გაეღვივებინათ და ახალი მიზნები დამესახა.


თქვენ მაგისტრის ხარისხი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მუსიკალურ სკოლაში მიიღეთ – რა იყო ის მთავარი შემოქმედებითი თუ პიროვნული გაკვეთილი, რომელიც ნიუ-იორკში, ჯულიარდის სკოლაში სწავლის პერიოდმა მოგცათ?

ჯულიარდის სკოლა ბევრისთვის მართლაც აუხდენელ ოცნებას ჰგავს. ეს პრესტიჟული სასწავლებელი არა მხოლოდ პროფესიულად განვითარებს, არამედ გაძლევს შესაძლებლობას, უშუალო ურთიერთობა გქონდეს მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებთან და მათი რჩევების საფუძველზე დახვეწო შესრულების სპეციფიკა. ჩემს ძვირფას პროფესორთან, ჯულიან მარტინთან გატარებული ყოველი წუთი მუდმივი ინსპირაციისა და სიახლეების აღმოჩენის წყარო იყო. მანჰეტენზე, ჯულიარდისა და მეტროპოლიტენ-ოპერას შორის ცხოვრება, დამეთანხმებით, უდიდესი ფუფუნებაა – ეს გარემო ახალ იდეებსა და ოცნებებს გიჩენს, რომელთა მისაღწევადაც შემდგომ მთელ ძალისხმევას ხარჯავ. ყოველივე ეს კი, საბოლოო ჯამში, მსმენელისთვის საუკეთესო შედეგის შეთავაზებისკენაა მიმართული.

ჩვენთვის ცნობილია, რომ უამრავი ჯილდოს მფლობელი ხართ. ალბათ რთული სათქმელია თუმცა საინტერესოა, რომელი გამარჯვება იყო თქვენთვის ყველაზე ემოციური და ამავდროულად, თქვენი კარიერისთვის გარდამტეხი?

დამეთანხმებით, ძალიან რთულია გამორჩეულად გიყვარდეს ერთი კომპოზიტორი, მწერალი ან მსახიობი. მსგავსი დამოკიდებულება მაქვს წარმატების მიმართაც – მიჭირს რომელიმეს გამოყოფა, რადგან თითოეულ გამარჯვებას თავისი დანიშნულება ჰქონდა. თუმცა, გვერდს ვერ ავუვლი ბარსელონაში, მარია კანალსის საერთაშორისო კონკურსზე მოპოვებულ პირველ პრემიასა და 25 სპეციალურ პრიზს. ამ გამარჯვებამ, კარიერულ აღიარებასთან ერთად, საკუთარ თავთან შეჯიბრის სურვილი გამიღვივა და საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება. მომეცა შესაძლებლობა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში გამემართა სოლო კონცერტები, გამომეშვა პირველი ალბომი და მემოგზაურა მრავალფეროვანი კულტურის ქვეყნებში.


თქვენი შემოქმედებითი იმიჯი ძალიან მრავალფეროვანია. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ მუსიკოსი არ იყოს ჩაკეტილი მხოლოდ აკადემიურ სივრცეში და იყოს თანამედროვე კულტურული პროცესების აქტიური ნაწილი?

დღევანდელ ეპოქაში ყველა დეტალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მსმენელს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ კარგი შესრულება. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, პიანისტი არ უნდა იფარგლებოდეს მხოლოდ სოლო კონცერტის გამართვითა და იმ რეპერტუარის დაკვრით, რაც მას სურს. მან აუცილებლად უნდა იფიქროს პროგრამის კონცეფციაზე – რამდენად თავსებადია შერჩეული კომპოზიტორები ერთმანეთთან და როგორ უკავშირდება კონცერტის სახელწოდება რეპერტუარს. ეს ერთი შეხედვით მცირე, თუმცა გადამწყვეტი დეტალი მარკეტინგის ნაწილია, რომელმაც უცხო მსმენელი დარბაზში უნდა მოიყვანოს. ასე რომ, შესრულების ხარისხთან ერთად, მუსიკოსს უნდა ჰქონდეს ქარიზმა და ფიქრობდეს პოპულარიზაციაზეც – ეს თანამედროვეობის აუცილებლობაა.

თქვენი შემოქმედება არაერთ ლეგენდარულ დარბაზში მოუსმენია მაყურებელს – შეგიძლიათ თუ არა გამოარჩიოთ მათგან რომელიმე, სადაც თავი ყველაზე კომფორტულად და თავისუფლად იგრძენით?

სხვა მუსიკოსების სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვფიქრობ, ნებისმიერი შემსრულებლისთვის მნიშვნელოვანია დარბაზის ხარისხი: აკუსტიკა, ინსტრუმენტი, ტევადობა… მიუხედავად ამისა, კლასიკურ მუსიკაში მთავარი მნიშვნელობა მაინც უშუალოდ მსმენელს ენიჭება. საქართველოში დაკვრა ბავშვობიდან დიდ ღელვასთან ასოცირდება, რადგან ქართველი მაყურებელი პროფესიონალია და ამავდროულად შეფასებებში საკმაოდ კონსერვატიულიც. აქედან გამომდინარე, სამშობლოში გამოსვლა ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა. რასაკვირველია, განსაკუთრებულია ესპანელი და ჰოლანდიელი მსმენელიც. „პალაუ დე ლა მუსიკა“ და „როიალ კონცერტგებაუ“ ის დარბაზებია, რომლებშიც გამოსვლითაც ნამდვილად ვამაყობ.


სანდრო, თქვენს სოლო ალბომში ბახის, ლისტისა და რახმანინოვის გვერდით ვხვდებით თქვენსავე იმპროვიზაციას ქართულ მელოდიებზე. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც შემსრულებლისთვის, ქართული მუსიკალური იდენტობის გატანა მსოფლიო სცენებზე?

ვცდილობ, ხანდახან საქართველოს ობიექტურად, გარეშე თვალით შევხედო და რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო ვხვდები, რა განსაკუთრებული სამშობლო გვაქვს. იმდენად მდიდარი და ენით აღუწერელი კულტურის ნაწილი ვართ, რომ ნებისმიერ ერს შეგვიძლია ამაყად გავეჯიბროთ. თუმცა, ისტორიულად არ გვქონია ისეთი გეოპოლიტიკური ფუფუნება, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მუდმივად ვყოფილიყავით. ვფიქრობ, ყველა ქართველის ვალი და მისიაა, საკუთარი საქმით გაუწიოს პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ბახისა და ლისტის გვერდით, ჩემი პირველი ალბომის რეპერტუარში ქართულ თემებზე შექმნილი იმპროვიზაცია შევიტანე. მოგეხსენებათ, ალბომი “Ad Infinitum” უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე.

წლის განმავლობაში ბევრს მოგზაურობ. რამდენად განსხვავდება შენი პროგრამა და განწყობა მაშინ, როდესაც მშობლიურ სცენაზე უკრავ?

უკვე ტრადიციად იქცა, რომ კონცერტის ბოლოს, „ბისზე“, აუცილებლად ვასრულებ ქართულ ნაწარმოებს – იქნება ეს კლასიკური თუ საესტრადო რეპერტუარიდან. მსმენელიც მიეჩვია ამას და წინასწარ ელოდებიან, რომ რთული, დრამატული პროგრამის შემდეგ გაჟღერდება ნებისმიერი ქართველისთვის საყვარელი ლაღიძის, ყანჩელის თუ კვერნაძის გენიალური მელოდიები.


თქვენს უახლოეს კონცერტებში ვხედავთ როგორც კლასიკურ რეპერტუარს, ისე ქართველი მუსიკოსების ნაწარმოებებს. რა პრინციპით ადგენთ პროგრამას და რა არის ის მთავარი სათქმელი, რაც ამ კონკრეტულ სეზონზე გსურთ მსმენელამდე მიიტანოთ?

აქაც იმ მისიას ვუბრუნდებით, რომელზეც უკვე ვისაუბრე. ყველა არტისტი ცდილობს რეპერტუარში საკუთარი ნაციონალური მუსიკა დაიმკვიდროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გენიალურ, მაგრამ ნაკლებად ცნობილ ქართულ მემკვიდრეობას. მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ამ საგანძურის წარდგენა უმნიშვნელოვანესია. როდესაც უცხოელი მსმენელი ინტერესდება ამ ნაწარმოებებითა და ჩვენი კულტურით, ეს საბოლოო ჯამში დიდ საქმეს აკეთებს ქართული მუსიკის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.

თქვენი კალენდარი საკმაოდ დატვირთულია და მოხარულები ვიქნებით თუ ჩვენს მკითველს გაუმხელთ ახალი სზონის მთვარ გეგმებს, არსებობს თუ არა რომელიმე კონკრეტული ნაწარმოები რომლელიც აუდიტორიას ჯერ არ მოუსმენია და რომლის წარდგენასაც დიდი მოლოდინებით გეგმავთ ?

სულ რაღაც ერთი თვის წინ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ჩემი სოლო კონცერტი სახელწოდებით „1908 D – A 1940“, სადაც რახმანინოვისა და პროკოფიევის სონატები შევასრულე. სათაური პირდაპირ პასუხობდა რეპერტუარს: რახმანინოვის სონატა რე მინორში (D) 1908 წელს დაიწერა, ხოლო პროკოფიევის – ლა მაჟორში (A), 1940 წელს. მსგავსი დეტალები მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის შესაქმნელად. რახმანინოვის აღნიშნული სონატა ჩემს რეპერტუარში სრულიად ახალია და თავისი სირთულის გამო იშვიათად სრულდება. რაც შეეხება, ჩემს გეგმებს, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაგიზიაროთ: ახლახანს ხელი მოვაწერე კონტრაქტს, მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ უძველეს სააგენტოსთან, რაც ნიშნავს იმას, რომ მყავს ესპანელი აგენტი, რომელიც იმუშავებს ჩემს სამომავლო გეგმბეზე, კონცერტების ორგანიზებაზე. ამ სააგენტოში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი ვარ და მიხარია, რომ პარტნიორობას ვუწევ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან იცჰაკ პერლმანი, დევიდ გარეტი, იო-იო მა და ელისო ვირსალაძე.


სანდრო, თქვენთვის როგორც პიანისტისთვის რა არის ის პროფესიული მწვერვალი, რომლისკენაც ახლა მიდიხარ და რომლის დაპყრობაც თქვენი მთავარი გეგმაა?

კარგი კითხვაა. ჩემი მომდევნო 6 თვის განრიგი უკვე გაწერილია: კონცერტები ბრაზილიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და საქართველოში. ივლისში ბარსელონაში რიგით მეორე ალბომს ვწერ. თუმცა, ეს ყველაფერი გარკვეულწილად ფორმალობაა. ხელოვნებაში წარმატების საბოლოო მწვერვალი არ არსებობს – ეს არის ძიებისა და განვითარების დაუსრულებელი გზა. მჯერა, რომ ყველა არტისტის მთავარი მიზანი ამ სამყაროში რაიმე ღირებულის დატოვებაა და მეც სწორედ ამისკენ ვისწრაფვი.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: ინტერვიუსანდრო გეგეჭკორიქართველი პიანისტი
წინა პოსტი

„იდუმალი სხივი“ – ირაკლი ფარჯიანის მრავალფეროვანი სამყარო და გამოფენა სახვითი ხელოვნების მუზეუმში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN