7 აპრილიდან სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს ირაკლი ფარჯიანის რეტროსპექტიულ გამოფენას სახელწოდებით „იდუმალი სხივი“. ექსპოზიცია, რომლის ნახვაც 31 მაისამდეა შესაძლებელი, დამთვალიერებლის წინაშე აცოცხლებს ქართული თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ღრმა შემოქმედის სამყაროს.

ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) მხოლოდ მხატვარი არ ყოფილა, ის იყო ფიგურა, რომელმაც მე-20 საუკუნის მიწურულს ქართული ხელოვნება საბჭოთა კოლექტივიზმისგან გაათავისუფლა. კურატორ კონსტანტინე ბოლქვაძის მიერ აგებული ექსპოზიცია სწორედ ამ გარდამტეხ როლს უსვამს ხაზს. ფარჯიანის შემოქმედება არის ევროპული ექსპრესიონიზმის, ანთროპოსოფიული ხედვისა და ძველი ქართული კალიგრაფიულ-ხატწერული ტრადიციის ერთგვარი სინთეზი .

გამოფენა მასშტაბურია და მოიცავს ხელოვანის მოღვაწეობის თითქმის ყველა ეტაპს: 1970-იანი წლების ბოლოდან მის ნაადრევ გარდაცვალებამდე. გამოფენაზე პირველად საჯაროვდება მუზეუმის ფონდში დაცული ხუთი საკვანძო ნამუშევარი, მათ შორის მონუმენტური „ხარება“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არა მხოლოდ ფერწერა და გრაფიკა, არამედ მხატვრის მიერ ხისგან გამოკვეთილი ქანდაკებები და კერამიკა, რაც მის მრავალმხრივ ნიჭს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. დამთვალიერებელი იხილავს იშვიათ პორტრეტებს და ნამუშევრებს არჩილ დარჩიას პირადი კოლექციიდან.

გამოფენის სათაური, „იდუმალი სხივი“, შემთხვევითი არ არის. ფარჯიანთან ყველაფერი მისტიკურია: ბიბლიური სიუჟეტები, ბერლინის კედლის დანგრევისას შექმნილი ციკლები თუ მეტაფიზიკური ლანდშაფტები. მისი ნამუშევრები თითქოს შიგნიდან ანათებენ, რაც დამათვალიერებელს სულიერ და ინტელექტუალურ დიალოგში იწვევს.

ირაკლი ფარჯიანის ცხოვრება 41 წლის ასაკში შეწყდა, იმ დროს, როცა თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და „მხატვრის სახლთან“ ერთად მისი ტილოებიც იწვოდა. თუმცა, დღეს ეს გამოფენა ამტკიცებს, რომ მისი „იდუმალი სხივი“ დროსა და სივრცეს უძლებს.

გამოფენის სანახავად ეწვიეთ თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმს- ᲨᲝᲗᲐ ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲔᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲖᲘᲠᲘ 7.