N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ტრენდი

2026 წლის გაზაფხულის მთავარი ტრენდები

მარტი 6, 2026
A A
2026 წლის გაზაფხულის მთავარი ტრენდები
346
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

გაზაფხული 2026 მოდის სამყაროში შემოდის როგორც დიდხანს ნანატრი სინათლე, პოდიუმებზე იგრძნობა ცვლილება, რომელიც მხოლოდ ფერებში ან სილუეტებში არ გამოიხატება; ეს არის განწყობის ტრანსფორმაცია. ინდუსტრია ახალ ფურცელს შლის. 2026 წლის გაზაფხული არ არის უბრალოდ ტრენდების სია. . პოდიუმებზე იგრძნობოდა არა მხოლოდ ტენდენციები, არამედ ემოცია – გაზაფხული/ზაფხული თითქოს ერთხმად ამბობს : იგრძენი, სანამ ჩაიცვამ. კოლექციებში Chanel, Bottega Veneta, Loewe და Balenciaga-მ ტექსტურას მისცეს მთავარი როლი: ფრანჟები, ბუმბულები, ჰაეროვანი მაქმანები, ირიდესცენტული ქსოვილები. სილუეტები მოძრაობენ, სუნთქავენ.


დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მიმდინარე სეზონის მთავარ ტენდეციებს, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.

ფოჩები

ფოჩები დაბრუნდა , მაგრამ არა როგორც ბოჰემური კლიშე. ამჯერად ის დახვეწილია, გააზრებული და არქიტექტურული. Bottega Veneta ტექსტურას ტექნიკურ სიზუსტეს მატებს, Alaia მას მასშტაბს აძლევს, Ferragamo კი ფოჩებს ცეცხლივით მოძრავ წითელ კაბად გარდაქმნის. ეს ის დეტალია, რომელიც მოძრაობასთან ერთად ცოცხლდება. ყოველი ნაბიჯი – რიტმია. ყოველი შემობრუნება – ეფექტი. მთავარია კონტექსტი: მინიმალისტურ ტოპთან, მკაცრ პიჯაკთან ან თუნდაც ბრტყელ სანდლებთან შეხამებული ფოჩები, ძლიერი და სუფთა განცხადებაა. ის აღარ არის მხოლოდ ბოჰემური ნოსტალგია; სწორ კონტექსტში ის სუფთა არქიტექტურაა. მკვეთრ თეთრ მაისურთან შეხამებული დრამატული ქვედაბოლო ან მინიმალისტურ სანდლებთან კონტრასტში მოქცეული ტექსტურა გვახსენებს: ზოგჯერ ყველაზე თამამი განცხადება სიმარტივით კეთდება. ფოჩები გვახსენებს, რომ ტექსტურა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სილუეტი.


შარფები

თუ ერთი აქსესუარი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც 2026-ის გაზაფხულს განსაზღვრავს, ეს შარფია. გრძელი აბრეშუმის ყელსახვევი კისერზე მსუბუქად გადაგდებული, წელზე შემოხვეული ან თუნდაც თმაში ნაზად ჩაწნული – ეს არის დეტალი, რომელიც მთელ ლუქს განწყობას აძლევს. ის მოძრაობს ქართან ერთად, მიჰყვება ნაბიჯს და ქმნის იმ ელეგანტურობას, რომელსაც ხშირად “effortless” ვუწოდებთ. ის ამარტივებს სტრუქტურულ პიჯაკს, არბილებს სამხედრო ჟაკეტს, ამატებს ფერს ნეიტრალურ პალიტრას და ფენებს გარდამავალ ამინდში აზრს აძლევს. სწორად შერჩეული შარფი არ არის უბრალოდ აქსესუარი – ის ხასიათია.


კლასიკური თრენჩი

ყველა დროის კლასიკა, რომელიც ყოველ გაზაფხულს თავიდან იბადება. თრენჩი არის ის ნივთი, რომელიც მოდის ციკლს მშვიდად აკვირდება და მაინც ყოველ სეზონზე მთავარი აქცენტი ხდება. დეტალებით ახალ ხასიათს სძენს, სილუეტს არბილებს და ქალურ ელეგანტურობას უსვამს ხაზს. კლასიკური ბეჟი, მკვეთრი საყელო, ქამრით გამოკვეთილი წელი : ტრენჩი ამ სეზონზე შეიძლება მთლიან ლუქად იქცეს. ის არასდროს არის ზედმეტი, ეს არის ის იშვიათი კლასიკა, რომელიც ყოველ გაზაფხულს გვახსენებს- ნამდვილი სტილი დროს არ ემორჩილება.


მაქმანი

დეტალი, რომელიც სიმტკიცეს არბილებს. ამ სეზონზე მაქმანი აღარ არის მხოლოდ რომანტიკული სიმბოლო , ის კონტრასტის ხელოვნებაა. ნაზი, თითქმის შეუმჩნეველი ჩასმა მკაცრ სილუეტში, გამჭვირვალე ტექსტურა სტრუქტურულ პიჯაკის ქვეშ, ან შავი მაქმანის თხელი ზოლი მონოქრომულ ლუქში არბილებს მკვეთრ ხაზებს, მაგრამ არ კარგავს ხასიათს. ის არ ცდილობს იყვიროს, პირიქით – მისი ძალა სიჩუმეშია. მაქმანები ქმნის იმ დაძაბულ ბალანსს სინაზესა და სიმტკიცეს შორის, რომელიც 2026-ის ესთეტიკას ასე ზუსტად გამოხატავს.


დიდი სათვალე

არის აქსესუარები, რომლებიც უბრალოდ ავსებენ ლუქს – და არის ისეთი, რომლებიც მთელ განწყობას ცვლიან. 2026-ის გაზაფხულზე დიდი სათვალე სწორედ მეორე კატეგორიას ეკუთვნის. მასში არის 60 იანების კინემატოგრაფიული დრამა, ოდნავი იდუმალება და ის თავდაჯერება, რომელიც სიტყვებს არ საჭიროებს. მუქი, მასიური ჩარჩოები, რბილად მომრგვალებული ან მკვეთრად გეომეტრიული ფორმები სახეს არ მალავენ, არამედ ჩარჩოში სვამენ. ყველაზე მინიმალისტურ ლუქსაც კი ერთი მოძრაობით გარდაქმნიან . შავი, მკვეთრი ან გეომეტრიული ჩარჩოები სახეს აძლევენ სიმტკიცეს და იდუმალებას, აქცევს ყოველდღიურ ჩაცმას დახვეწილ, მოდურ და დახვეწილ განწყობად. ზოგჯერ ყველაფერი, რაც საჭიროა, ერთი დეტალია, რომელსაც მთელი ლუქი მიყვება.


ფერები

2026 წლის გაზაფხულზე ფერი უბრალოდ ვიზუალური ელემენტი აღარ არის – ის განწყობის გამომხატველია. პალიტრა მრავალფეროვანია, მაგრამ არა ქაოტური: ყველაფერი ჰარმონიაზეა აგებული. რბილი პასტელები – ლიმონის ნაზი ტონი, ცისფრის გამჭვირვალე ელფერი, პუდრისფერი – სიმსუბუქეს ქმნის. მათთან ერთად ჩნდება გაბედული აქცენტებიც: ინტენსიური წითელი, კობალტის ლურჯი, მზისფერი ყვითელი. ამ სეზონზე ფერები ერთმანეთს არ ეჯიბრება – ისინი საუბრობენ. მონოქრომული გამოსახულებები დახვეწილ ეფექტს ქმნის, მოულოდნელი კონტრასტები კი სტილს ენერგიას მატებს.


Drop-Waist Skirt

დაბალი წელის ქვედაბოლოები ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სილუეტია. Chanel-ის პოდიუმზე მათ თანამედროვე სისუფთავე და სიმარტივე შეიძინეს – პროპორციები ოდნავ ქვემოთ იწევს, რაც მთლიან ლუქს უფრო მოდუნებულ და ბუნებრივ რიტმს აძლევს. Drop-waist არის განწყობა , თითქოს ტანსაცმელი სხეულზე თავისუფლად ჯდება და არ ცდილობს ფორმის ზედმეტ კონტროლს. ის იდეალურად ერწყმის მარტივ ტოპებს, თხელ ნაქსოვებს ან სტრუქტურულ პიჯაკს, სადაც ზედა ნაწილი მკაცრია, ხოლო ქვედა – რბილი და მოძრავი.


კაპრი შარვალი

კაპრი შარვალი კიდევ ერთხელ ბრუნდება მოდის ცენტრში, ამჯერად უფრო დახვეწილი, უფრო ელეგანტური ფორმით. მუხლს ქვემოთ შეჩერებული სილუეტი სტილს განსაკუთრებულ ბალანსს აძლევს: ერთდროულად მინიმალისტურს და გამორჩეულს. მას ხშირად აერთიანებენ სტრუქტურულ პიჯაკებთან, მსუბუქ პერანგებთან ან სილუეტზე მორგებულ ზედებთან, რაც ლუქს სუფთა და თანამედროვე ხაზს აძლევს. კაპრი შარვლის ხიბლი სწორედ მის სიმარტივეშია, მცირე დეტალია, მაგრამ მას შეუძლია მთლიან სტილს სრულიად ახალი განწყობა შესძინოს.


2026 წლის გაზაფხული არ არის უბრალოდ ტრენდების სია – ეს არის მომენტი, როცა შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა. ამჯერად პოდიუმებზე იგრძნობოდა არა მხოლოდ ტენდენციები, არამედ ემოცია – ინდუსტრიის გადატვირთვა, ახალი ხედვები, ახალი ხმები. ახალი კრეატიული დირექტორების დებიუტები და ნაცნობი მოდის სახლების სრულიად ახალი პერსპექტივა ერთ რამეს ამბობს: ჩაცმა ისევ ემოციაა. ისევ თამაშია. ისევ კულტურაა.

ტექსტი: ნინია ოქრომჭედლიშვილი

Tags: გაზაფხული/ზაფხულიგაზაფხულის ტრენდებიმოდარა ჩავიცვა
წინა პოსტი

მილანისა და ლონდონის მოდის კვირეულების კულისები- ინტერვიუ გიორგი იაშვილთან 

შემდეგი პოსტი

ოქროს შუალედი პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის- ინტერვიუ გვანცა დარასელიათან

შემდეგი პოსტი
ოქროს შუალედი პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის- ინტერვიუ გვანცა დარასელიათან

ოქროს შუალედი პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის- ინტერვიუ გვანცა დარასელიათან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN