სტილი ინდივიდუალიზმის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია უსიტყვოდ ისაუბროს ადამიანის პიროვნებაზე, ხასიათსა და ხედვებზე. თუ ივ სენ ლორანს დავუჯერებთ, „მოდა ქრება, სტილი კი მარადიულია” – და სწორედ ამ მარადიულობას ვქმნით ადამიანები სამოსითა თუ აქსესუარებით. სტილი არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, რომელიც გვაცვია; ის ბევრად უფრო საინტერესო ხდება, თუ დავაკვირდებით. დიახ, მიუჩია პრადამ სწორად აღნიშნა: „ის, რაც გაცვია, არის ხერხი, თუ როგორ წარადგენთ საკუთარ თავს მსოფლიოს წინაშე“.
დღეს კი გიამბობთ ერთ-ერთ მოდის ბლოგერზე, რომლის სტილიც უამრავი ადამიანისთვის იქცა შთაგონების წყაროდ. ლოვისა ვორგე – წარმოშობით შვედი მოდის კონსულტანტი – გამომწერებს ხშირად უზიარებს კონტენტს ცხოვრების სტილზე, სამოსზე და მოდის ტენდენციებზე. ლოვისა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მინიმალიზმით გამოვხატოთ შინაგანი ელეგანტურობა.
თუ მის კონტენტს გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ ბლოგერის გარდერობი ნეიტრალური ფერების კომბინაციებისგან შედგება: შავი, თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ყავისფერი ტონები მის სტილში განსაკუთრებულად დომინირებს. რეალურად, ფერებს გაცილებით მეტის თქმა შეუძლიათ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ნეიტრალური ფერთა პალიტრა სიმშვიდისა და გაწონასწორებული ხასიათის მკაფიო გამოვლინებაა, რომელიც ზედმეტი, მკვეთრი შტრიხების გარეშეც იპყრობს საზოგადოების ყურადღებას.
სტილი მაშინ არის განსაკუთრებული, თუ მიმდინარე ტენდეციებს საკუთარ გემოვნებას ვარგებთ და საბოლოოდ უნიკალურ სინთეზს ვქმნით და ლოვისა ვორგე ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ადამიანი რომელსაც იდეალურად შეუძლია დააბალანსოს სპორტული და კლასიკური სამოსი, ქუსლიან ფეხსაცმელს ნაკლებად კლასიკური მოსაცმელი ისე შეუხამოს, რომ სტილის შეგრძნება არ დაკარგოს და საზოგადოებას აჩვენოს, რომ ექსპერიმენტები ყოველთვის შეიძლება დასრულდეს საინტერესო შედეგებით.
ლოვისა ვორგეს ჩაცმის მანერა ხაზს უსვამს მის ბუნებრივ ელეგანტურობას და ორგანულად ერწყმის სკანდინავიურ ესთეტიკას – სიმარტივე, ფუნქციურობა და დახვეწილობა ერთ მთლიანობაში. ბლოგერი გამომწერებს მკაფიოდ აჩვენებს, რომ ელეგანტურობა ყოველდღიური ცხოვრების პატარა დეტალებში იმალება და მთავარია მისი დანახვა შევძლოთ, საკუთარი სტილის შექმნა კი არ მოითხოვს ექსტრავაგანტულ დეტალებს- საკმარისია აღმოვაჩინოთ ის, თუ რა უხდება ჩვენს ხასიათს და პიროვნებას.