ყოველი სეზონი განსხვავებულ ტენდენციებს გვთავაზობს- იქნება ეს ფერები, სილუეტები თუ აქსესუარები. თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით რომ ზაფხული განსაკუთრებულად მოითხოვს სიახლეებს, ამის საუკეთესო მაგალითი კი კოპლებიანი სამოსია, რომელიც უკვე ოფიციალურად იქცა სეზონის მთავარ ტრენდად. მიუხედავად იმისა, რომ კოპლები 2025 წლის გაზაფხულის ჩვენებებზე აქტიურად ვიხილეთ, მათ მიმართ გამორჩეული ყურადღება სწორედ ზაფხულს უკავშირდება.
კოპლებიანი სამოსის ესთეტიკა მჭიდროდ უკავშირდება 80-90-იან წლებს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ჯულია რობერტსმა საკულტო ფილმში- “ლამაზმანში” თეთრ კოპლებიანი ყავისფერი კაბა მოირგო, ხოლო ნაომი კემპბელმა პატრიკ კელის 1989 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე კოპლებიანი სამოსის ულამაზესი კომბინაცია წარადგინა.
თუ 80-90-იანი წლები ნაომის და ჯულიას გვახსენებს, 2025 წელს ამ ტრენდის აქტიური დაბრუნება ნამდვილად შეგვიძლია დავუკავშიროთ ჰეილი ბიბერს და მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინტი უკვე ძალიან აქტიურად გვხვდება, როგორც ჩვენს გარშემო, ასევე სოციალური ქსელებში, ჰეილი ნამდვილად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კოპლები საკუთარ ყოველდღიურ სტილში გადმოიტანა.
საინტერესოა რა ხდის ამ პრინტს განსაკუთრებულს?- კოპლები მყისიერად იქცევს ყურადღებას, თუმცა ამავე დროს ინაჩუნებს ელეგანტურობას, სწორედ ამიტომ გვხვდება ისინი როგორც ყოველდღიურ სამოსში, ასევე საღამოს კაბებში. ეს პრინტი ერთდროულად კლასიკური და თანამედროვეა, რომელიც განსხვავებულ ეპოქაში განსხვავებული ინტერპრეტაციებით ბრუნდება. კოპლები ყველა სტილს ერგება, რაც მათ პრაქტიკულობას ანიჭებს, ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ გაქვს სამოსი ამ პრინტით, აუცილებლად დაუთმეთ მას ადგილი გარდერობში.