ზაფხულის პირველი დღე სულ უფრო ახლოსაა და ჩვენც აქტიურად ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ სად გავატარებთ სეზონის შვებულებას. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ზღვისპირა კურორტები ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალურია- მზე, ზღვა, რუჯი და ,რა თქმა უნდა, სტილი, რომელიც ამ ყველაფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ელფერს სძენს. თუ, თქვენი შვებულების გატარებას სწორედ ზღვისპირა კურორტზე გეგმავთ, მაშინ აუცილებლად გამოგვყევით სტატიის ბოლომდე და გაეცანით ყველა იმ ტრენდს, რომელიც ყველაზე გამორჩეული სტილის შექმნაში დაგეხმარებათ.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ჩამონათვალს მარადიული ტრენდით, თეთრი ფერით დავიწყებთ, რომელიც ზაფხულთან და სანაპიროს სტილთან ასოცირდება. თუმცა, წელს განსაკუთრებულად აქტუალურია გრძელი თეთრი კაბები, რომელიც ნამდვილად გამორჩეულად უხდება რუჯს. ამიტომ, თუ ფიქრობთ რომ შვებულებას სანაპიროზე გაატარებთ, გრძელ თეთრ კაბას აუცილებლად უნდა დაუთმოთ ადგილი თქვენს ჩემოდანში.
იმ შემთხვევაში, თუ მსუბუქთან ერთად ელეგანტურ სტილს ეძებთ, აბრეშუმის კაბები საუკეთესო არჩევანია, რომელიც შეგიძლიათ მოირგოთ, როგორც უბრალოდ გასეირნებისთვის, ასევე სანაპიროს წვეულებებზე. გრძელი, დავარდნილი სილუეტები და აბრეშუმის ბზინვარება იდეალურად ერწყმის გარემოს თუ მზის შუქს და გარდა იმისა, რომ თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ, დაგვერწმუნეთ, თქვენი შვებულებიდან ლამაზ მოგონებებთან ერთად, უამრავი გამორჩეული ფოტო დაგრჩებათ.
წელს ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ფერადი კაბები, და აქ ვგულისხმობთ, როგორც კაშკაშა ნათელ ფერებს, იქნება ეს: წითელი, ცისფერი, მწვანე თუ სხვა, ასევე ფერადი ყვავილებით მორთულ სილუეტებს. ნათელი ფერები ზღვასთან განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის და დაგვერწმუნეთ, თქვენი არჩევანი ნამდვილად ყველას ყურადღების ცენტრში მოექცევა.
სანაპიროს სტილზე საუბრისას, ალბათ წარმოუდგენელია ყურადღება არ გავამახვილოთ ყველაზე ტრენდულ შლაპებზე. გარდა იმისა, რომ მათ ფუნქციური დანიშნულება აქვთ და მზის მავნე გამოსხივებისგან გვიცავს, საგულისხმოა, რომ შლაპა სანაპიროს სტილს გამორჩეულად უხდება. წელს კი განსაკუთრებით აქტუალურია დიდი ზომის შლაპები, რომელიც იდეალურად ერწყმის, როგორც თეთრ, ასევე ფერად სამოსს და ნამდვილად დაუვიწყარ ლუქს ქმნის.
რომელი აქსესუარი მიანიჭებს თქვენს ლუქს დასრულებულ ეფექტს თუ არა ჩანთა? და, რა თქმა უნდა, სანაპიროს სტილი ჭილის ჩანთების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ჭილის, ნაქსოვი ჩანთები უკვე რამდენიმე წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამონაკლისი არც ეს სეზონი აღმოჩნდა. მიზეზი კი ძალიან მარტივი- ეს ჩანთები არის როგორც პრაქტიკული, ასევე ვიზუალურად მიმზიდველი და ეფექტური.
სეზონზე ასევე განსაკუთრებულად აქტუალურია თავზე მორგებული შარფები, რომლებიც პრაქტიკულ მნიშვნელობასთან ერთად, სანაპიროს სტილის გამორჩეულ ელემენტად იქცა. წელს დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ერთი ფერის, ასევე სხვადასხვა პრინტის მქონე აბრეშუმის შარფები. მაგრამ, აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ აბრეშუმთან ერთად, ასევე ძალიან აქტუალურია ნაქსოვი შარფები, რომელიც განსაკუთრებულად უხდება თეთრ ფერს.
და ბოლოს, საინტერესოა, თქვენ რომელ ტრენდს ანიჭებთ უპირატესობას და რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სანაპიროს შვებულება?