N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ბრიჟიტ ბარდო- მეამბოხე, ველური ლამაზმანი

სექტემბერი 2, 2026
A A
ბრიჟიტ ბარდო- მეამბოხე, ველური ლამაზმანი
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ისტორიას ბევრი ლამაზი ქალი ახსოვს, მაგრამ მათ შორის იშვიათად შეხვდებით მეამბოხეს… სწორედ ამიტომ ბრიჟიტ ბარდოზე საუბრისას ყურადღებას ვამახვილებთ არა მხოლოდ შთამბეჭდავი გარეგნობაზე, არამედ მის ცხოვრების სტილზე. B.B. – ეს აბრევიატურა 50-60-იანი წლების ევროპისთვის სექსუალურობისა და თავისუფლების სინონიმად იქცა. მან დაამსხვრია „ჰოლივუდური“ სილამაზის სტანდარტები და სამყაროს სრულიად ახალი, ბუნებრივი და ველური ქარიზმა შესთავაზა. ამ სტატიაში შეიტყობთ, როგორ ჩამოყალიბდა ბრიჟიტ ბარდო ფატალურ ქალად და რა გზა გაიარა, სანამ ცოცხალ ლეგენდად იქცეოდა.


მძიმე ბავშვობის წლები

ბრიჟიტ ბარდომ ბავშვობა პარიზში გაატარა – მდიდრულ აპარტამენტებსა და მოჩვენებით იდილიაში, რომლის მიღმაც მამის მიერ ოჯახში დანერგილი სამხედრო წესრიგი და ყაზარმაში ცხოვრების განცდა იმალებოდა. ლუი ბარდოს (ინჟინერი და მრეწველი) მკაცრმა მოთხოვნებმა ბრიჟიტს მუდმივი შიშისა და დაუცველობის განცდა ჩაუნერგა. მის ცხოვრებაში გარდამტეხი და ტრავმული აღმოჩნდა შემთხვევა, როდესაც დასთან ერთად თამაშისას შემთხვევით ძვირფასი ჩინური ლარნაკი გატეხა და მამამ შოლტით სცემა. ამის შემდეგ კი მოითხოვა, რომ შვილებს მისთვის თქვენობით მიემართათ. მომხდარმა მშობელსა და შვილს შორის ამოუვსები ემოციური უფსკრული გააჩინა.


„უშნო იხვის ჭუკი“

ალბათ წაგიკითხავთ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „უშნო იხვის ჭუკი“. ცოტამ თუ იცის, რომ მომავალი სექსსიმბოლო ბავშვობაში საკუთარ თავს სწორედ მას ამსგავსებდა. ბრიჟიტს ამბლიოპია (ე. წ. „ზარმაცი თვალი“) აწუხებდა, რის გამოც სათვალეს ატარებდა და ჰქონდა გამოკვეთილი პროგნათია (ზედა ყბის წინ წამოწევა), რასაც კაპებით იწორებდა.

მაშ, როგორ გადაიქცა ბრიჟიტ სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად? ის, რაც ბავშვობაში ნაკლად მიაჩნდა, ზრდასრულ ასაკში მის უნიკალურ მომხიბვლელობად იქცა. მისი ოდნავ წინ წამოწეული ზედა ტუჩი და სპეციფიკური მიმიკა, რაც პროგნათიის შედეგი იყო, რეჟისორებმა და ფოტოგრაფებმა „ბავშვურ და, ამავდროულად, სექსუალურ“ შტრიხად აღიქვეს.

ამასთან ერთად, ბრიჟიტი წლების განმავლობაში დადიოდა ბალეტზე – სწორედ ცეკვამ შესძინა გრაციოზულობა და მანერულობა, რომელიც მოგვიანებით მის სავიზიტო ბარათად იქცა. ბალეტმა ბრიჟიტს ასწავლა სხეულის ფლობა, რამაც თინეიჯერობისას ჩამოყალიბებული კომპლექსები ნელ-ნელა დააძლევინა.


დედის როლი ბრიჟიტ ბარდოს კარიერაში

ბრიჟიტის დედა, ანა-მარია „მუკი“ ბარდო, მოდის სამყაროში ტრიალებდა. სწორედ დედამისის მეგობარმა, ჟურნალ Jardin des Modes-ის რედაქტორმა შენიშნა 15 წლის ბრიჟიტი. მას სჭირდებოდა ახალი, ნორჩი სახე, რომელიც ტიპურ „მანეკენს“ არ ჰგავდა. ომისშემდგომ პერიოდში მოდაში დამკვიდრებული იყო მკაცრი, მოწიფული და „ცივი“ სილამაზის სტანდარტი. ბრიჟიტი კი სრულიად განსხვავდებოდა – მის გარეგნობაში ბავშვური გულუბრყვილობა და ველური ბუნებრიობა იგრძნობოდა.


გზა დიდებისკენ

ბრიჟიტის გზა დიდებისკენ 1949 წელს დაიწყო, ერთ წელიწადში კი ის უკვე Elle-ის გარეკანზე გამოჩნდა.

ბრიჟიტ ბარდოს კინოდებიუტი შედგა კომედიაში Le Trou Normand, სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა. თავად ბარდო მოგვიანებით იხსენებდა, რომ გადასაღებ მოედანზე თავს საშინლად გრძნობდა – საკუთარი თამაში არ მოსწონდა და ფიქრობდა, რომ სამსახიობო ნიჭი არ ჰქონდა, თუმცა მაყურებელმა ის მაშინვე დაიმახსოვრა და შეიყვარა.

1953 წელს ბარდო კანის კინოფესტივალზე გაემგზავრა. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მთავარი როლები, მაგრამ ფესტივალის მიმდინარეობისას პლაჟზე ბიკინით გამოჩნდა, ამით კი ნამდვილი ფურორი მოახდინა. იმ პერიოდში ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმი სამარცხვინოდ და მეტისმეტად გამომწვევად ითვლებოდა. ამ სითამამით ბრიჟიტმა არა მხოლოდ პლაჟის მოდა შეცვალა, არამედ ქალებს საკუთარი სხეულის მიმართ სრულიად ახალი, თავისუფალი დამოკიდებულება შთააგონა. ფოტოგრაფები ლამის გაიშვლებულ ბარდოს დაგეშილი ძაღლებივით დასდევდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელმა ვარსკვლავებმაც (მაგალითად, კარკ დუგლასმა) მოინდომეს მისი გაცნობა. სწორედ კანში დაიბადა „ბარდოს კულტი“ – ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ის დიდ მსახიობად იქცეოდა.


უარი ჰოლივუდს!

ბრიჟიტ ბარდომ ჰოლივუდურ პროექტებშიც მოსინჯა ძალები- ფილმში “ტროელი ელენე” (1956) მან მხევლის როლი შეასრულა. შედეგად, ბრიჟიტს შვიდწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა ჰოლივუდთან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე. როგორც თავად ამბობდა, მას არ სურდა მეორე მერილინ მონრო გამხდარიყო, მეტი ამბიცია ამოძრავებდა – სურდა, პირველი ბრიჟიტ ბარდო ყოფილიყო თავის სამშობლოში, საფრანგეთში.


„ბარდოს ეფექტი“

ბრიჟიტ ბარდომ მოდის სამყაროში იმდენად მასშტაბური გადატრიალება მოახდინა, რომ მკვლევრები ხშირად საუბრობენ ეპოქაზე „ბარდომდე“ და „ბარდოს შემდეგ“. მან პატარა, მივიწყებული მეთევზეთა სოფელი სენ-ტროპე მსოფლიო გლამურის ცენტრად აქცია. მის მიერ დამკვიდრებული ტენდენციებიდან აღსანიშნავია ე.წ. „ბარდოს წინამო“ – აჩეჩილი, მოცულობითი ქერა თმა, რომელსაც მანამდე პოპულარული მკაცრი და „გაპრიალებული“ ვარცხნილობები ჩაანაცვლა. ბარდოს სიყვარულმა ბალეტისა და ბალერინას ფეხსაცმლის მიმართ Repetto-ს ფეხსაცმელი ყოველდღიური ელეგანტურობის სიმბოლოდ აქცია და სწორედ მისი წყალობით ე.წ. „ბალეტკები“ ქუჩის მოდის ნაწილი გახდა.


ფსიქოპორტრეტი და ქვეცნობიერი შურისძიება

ბავშვობის ტრავმებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი, როგორც პიროვნებისა და კულტურული ხატის, ჩამოყალიბებაში. ბრიჟიტ ბარდოს ფსიქოპორტრეტი არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება ბავშვობაში სიყვარულის დეფიციტის განცდა ზრდასრულობისას დაუოკებელ ამბოხად და თავისუფლების ლამის მანიაკურ ძიებად.

ბარდოს მიერ ეკრანზე დამკვიდრებული „ველური“ და „დაუმორჩილებელი“ ქალის იმიჯი არ ყოფილა მხოლოდ სამსახიობო ოსტატობა – ეს იყო რეაქცია მამის სამხედრო დისციპლინასა და ბურჟუაზიულ წესებზე. ის ფაქტი, რომ მშობლები მას სახლში „თქვენობით“ მიმართვას აიძულებდნენ, ბრიჟიტისთვის ემოციურ განდევნას ნიშნავდა. შედეგად, ზრდასრულ ასაკში მან უარი თქვა ყოველგვარ ეტიკეტზე – ფეხშიშველი სიარული, აჩეჩილი თმა და საზოგადოებრივი ნორმების უგულვებელყოფა აირჩია. დიახ, ეს მისი ქვეცნობიერი შურისძიება იყო…


ფილმოგრაფია

ბრიჟიტ ბარდომ ჯამში 48 ფილმში ითამაშა. მისი კინოკარიერა არაერთ საკულტო როლს მოიცავს, რომლებმაც მთელი ეპოქის ესთეტიკა განსაზღვრა.

1961 წელს მან მიიღო იტალიის უმაღლესი კინოჯილდო David di Donatello, როგორც „საუკეთესო უცხოელმა მსახიობმა“, ფილმისთვის „სიმართლე“ (La Vérité). ბევრმა კრიტიკოსმა აღიარა, რომ ამ ფილმში მან სრულად გამოავლინა სამსახიობო ოსტატობა და ცარიელი სექსსიმბოლოს ხატი დაამხო.

კინოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჟან-ლიუკ გოდარის „ზიზღს“ (Le Mépris, 1963), რომელშიც ბარდომ თანამედროვე ქალის ტრაგიკული და წინააღმდეგობებით სავსე სახე შექმნა. ეს იყო მორიგი დასტური იმისა, რომ ბრიჟიტს თანაბრად ჰქონდა სილამაზეცა და ნიჭიც. ხოლო სათავგადასავლო კომედიამ – Viva Maria! (1965) მას კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როლს ავთენტიკურად აცოცხლებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიჟიტ ბარდო მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავი იყო, კინოკრიტიკოსები მას არასერიოზულად აღიქვამდნენ, რაც მსახიობში დიდ გულისტკივილს იწვევდა. თუმცა 1967 წელს ბარდომ მოიპოვა BAFTA-ს ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო უცხოელი მსახიობი ქალი“. ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიული აღიარება საერთაშორისო დონეზე.

1985 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა მას მიანიჭა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – საპატიო ლეგიონის ორდენი – კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


წაიკითხეთ სრული სტატია N13-ის უახლეს გამოცემაში. ჟურნალი ხელმისაწვდომია:

-ბიბლუსის თბილისისა და ბათუმის ფილიალებში

-სახვითი ხელოვნების მუზეუმის წიგნის მაღაზიაში (რუსთაველის გამზ. 7)

-Stamba Books Store-ში (მერაბ კოსტავას ქ. 14)

-They Said Books-ში (გიორგი ახვლედიანის ქ. 10)

ტექსტი: თათული ღვინიანიძე

Tags: ბრიჟიტ ბარდოფილმებიფრანგული კინო
წინა პოსტი

როგორ შევინარჩუნოთ თმის სიჯანსაღე? – გაიცანით თმის მოვლის შვედური ბრენდი REF

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN