სპორტის მოყვარულთათვის თებერვალი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა – გასულ საღამოს მილან-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ ეს ღონისძიება არანაკლებ საინტერესოა მოდის მოყვარულებისთბის. ეს არის სპორტისა და მაღალი მოდის კავშირის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება, როდესაც არენა ნამდვილ პოდიუმად იქცევა, ათლეტები კი მოდელების ამპლუაში ევლინებიან მაყურებელს, რათა საკუთარი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და სტილი წარმოაჩინონ.

დღევანდელ სტატიაში სწორედ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ყველაზე გამორჩეულ და შთამბეჭდავ ფორმებს მიმოვიხილავთ.
რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების სპორტული ფორმა Ralph Lauren-ს ეკუთვნის და ბევრის აზრით, ეს დიზაინერის ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური ნამუშევარია. როგორც ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქვეყნის დროშის ფერებით შთაგონებული ეს ელეგანტური ლუქი სპორტსმენთა გამძლეობისა და ოპტიმიზმის სიმბოლოა.

ბრაზილიის დელეგაცია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იტალიური ბრენდის, Moncler-ის მიერ შექმნილი სამოსით წარსდგა. კოსტიუმებში დომინირებდა მწვანე, ლურჯი და თეთრი ფერები, რაც სიმბოლურად ბრაზილიის სახელმწიფო დროშას უკავშირდება და გუნდს ენერგიულ განწყობას სძენდა.

ეროვნული დროშის ფერებზე აქცენტით შექმნა კანადის სპორტული დელეგაციის კოსტიუმები ბრენდმა Lululemon-მა. დიზაინში დომონირებდა წითელი და თეთრი ტონალობები, რომლებიც იდეალურად ერწყმოდა ზამთრის პირობებისთვის განკუთვნილი ფუნქციური სამოსის კონცეფციას. სამოსის მთავარი სიმბოლური დატვირთვა კი პრაქტიკულობა და მრავალფეროვნება იყო.

დიდი ბრიტანეთის გუნდის ეკიპირებაზე ბრენდმა Ben Sherman-მა იზრუნა. ეროვნული დროშის ფერებით შთაგონებული სამოსი ქვეყნისთვის დამახასიათებელ კლასიკურ და დახვეწილ იერსახეს ქმნიდა. აღსანიშნავია, რომ ნაკრების აქსესუარები – შარფები და ქუდები – ცნობილმა სპორტსმენმა ტომ დეილიმ შექმნა, რაც მათ განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდა.

რეტრო სტილით შთაგონებული ეკიპირება საფრანგეთის დელეგაციისთვის ბრენდმა Le Coq Sportif-მა შექმნა. დიზაინში გამოყენებული იყი ლურჯი, თეთრი და წითელი ტონალობები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა სახელმწიფო დროშას. სამოსი იდეალურად ასახავდა ფრანგულ ხასიათს, ელეგანტურობასა და დახვეწილობას.

მონღოლეთის დელეგაციის ეკიპირება, რომელიც ბრენდ Goyol-თან თანამშრომლობით შეიქმნა, გახსნის ცერემონიის ნამდვილ სენსაციად იქცა. ტრადიციული ხალათებით შთაგონებული დიზაინი, მაღალი საყელოებითა და გვერდითა ჭრილებით, მაყურებლის ფავორიტი აღმოჩნდა. ეს იყო ნამდვილი კულტურული ზეიმი, რომელიც სპორტულ კონტექსტს ორგანულად შეერწყა.

დაბოლოს, მასპინძელი ქვეყნის დელეგაცია, რომელსაც ტრადიციულად Emporio Armani-ს სპორტული ხაზის, EA7-ის ეკიპირება ამშვენებდა. მინიმალისტური ესთეტიკით შექმნილი სამოსი იდეალურად ასახავდა იტალიურ ელეგანტურობას და კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ქვეყნის მჭიდრო კავშირს მაღალ მოდასთან.

