თუ სამთო კურორტზე სრულყოფილი დასვენების გამოცდილებას ეძებთ, რომელიც უნიკალური კულტურის გაცნობას და ადრენალინით სავსე გართობას აერთიანებს, საქართველოს ზამთრის კურორტები – გუდაური, მესტია, ბაკურიანი და გოდერძი – საუკეთესო არჩევანია. რა არის თქვენთვის პრიორიტეტი – ექსტრემალური ფრირაიდი, ოჯახური სიმყუდროვე, ისტორიული გარემო თუ საერთაშორისო შეჯიბრებების კალენდარი? ამ მცირე გზამკვლევში დეტალურად განვიხილავთ ოთხივე კურორტის უპირატესობას:

გუდაური
გუდაური ნამდვილი საგანძურია მათთვის, ვისთვისაც ზამთრის სპორტი ჰობიცაა და შთაგონების წყაროც. კურორტი თბილისიდან სულ რაღაც 120 კმ-ის დაშორებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

გუდაურის უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა – ის ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზეა – უზრუნველყოფს ხავერდოვან, ხარისხიან თოვლს და უხვ ნალექს, რაც თითოეულ დაშვებას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. სწორედ ამ ბუნებრივმა მონაცემებმა შექმნა იდეალური წინაპირობა კურორტის განვითარებისთვის, სადაც პირველი საბაგირო გზა 1988 წელს ამოქმედდა.

გუდაური აერთიანებს კობისა და გუდაურის სასრიალო არეალებს, რომლებიც ერთმანეთს უახლესი საბაგირო სისტემით უკავშირდება. საბაგიროდან სტუმრების თვალწინ შთამბეჭდავი ალპური ხედები იშლება. ოთხივე ტიპის ტრასა (ლურჯი, მწვანე, წითელი და შავი) დამწყებ თუ გამოცდილ მოსრიალეებს საშუალებას აძლევს, სრულად შეიგრძნონ თავგადასავლის გემო! ეს არის დანიშნულების ადგილი, სადაც ადრენალინი და ვიზუალური ესთეტიკა ერთმანეთს ორგანულად ერწყმის.

უახლესი ინფრასტრუქტურა, მოვლილი ტრასები და მაღალი ხარისხის თოვლის საფარი იდეალურ გარემოს ქმნის შეჯიბრებების ჩასატარებლად, ამიტომ გუდაური ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიო დონის სპორტულ შეჯიბრებებს, მათ შორის, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) პრესტიჟულ ტურნირებს – ეს მოვლენა, თავის მხრივ, კურორტს მნიშვნელოვან პუნქტად აქცევს გლობალურ სპორტულ რუკაზე.

გარდა შეჯიბრებებისა, გუდაური გთავაზობთ რეკრეაციული აქტივობების ფართო სპექტრს, რაც ზამთრის დასვენების კლასიკურ აღქმას სცდება. ექსტრემალური გართობით დაინტერესებულ ვიზიტორებს შეუძლიათ სცადონ ჰელისკი (ვერტმფრენიდან დაშვება ხელუხლებელ თოვლზე), პარაგლაიდინგი (პარაპლანით ფრენა) და მაღალი კლასის ფრირაიდინგი (თავისუფალი სრიალი). ამასთან, ულამაზესი საბაგირო გზით, გუდაურიდან კობის გავლით, სტეფანწმინდაში მოხვდებით. ეს იდეალური ადგილია დასვენებისა და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად.

მესტია
ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, კავკასიონისა და სვანეთის ქედებს შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე მესტია აღმოჩენაა მათთვის, ვინც არა უბრალოდ დასვენებას, არამედ უნიკალურ გამოცდილებას ეძებს.

შიდა ფრენით (ნატახტრისა და ქუთაისის აეროპორტებიდან) სტუმარი სულ მალე, 30-40 წუთში აღმოჩნდება ზემო სვანეთში. ეს არის რეგიონი, რომელიც ცნობილია უნიკალური სვანური კოშკებითა და შუა საუკუნეების არქიტექტურით – ღირსშესანიშნაობებით, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. კურორტი აერთიანებს ორ გამორჩეულ არეალს – ჰაწვალსა და თეთნულდს, რაც სტუმრებს სრულყოფილი დასვენების, სხვადასხვა სირთულის ტრასებზე სრიალისა და უნიკალურ სვანურ კულტურასთან ზიარების შესაძლებლობას აძლევს.

მესტიის სასრიალო არეალების პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით იზრდება. მაგალითად, ჰაწვალი (მესტიიდან 8 კმ) დაბალანსებულ ვარიანტს გთავაზობთ – აქ არის როგორც მარტივი (ლურჯი) ტრასები დამწყებთათვის, ისე რთული (წითელი და შავი) ტრასები გამოცდილი მოსრიალეებისთვის.

თეთნულდი გამორჩეულია ექსტრემალური ფერდობებითა და უხვი თოვლით, ამიტომ განსაკუთრებით მიმზიდველია პროფესიონალი მოთხილამურეებისა და სნოუბორდერებისთვის. მისი უმაღლესი კლასის პირობები იდეალურ გარემოს ქმნის სპორტული ასპარეზობებისთვის. ბოლო წლებში თეთნულდმა „ფრირაიდის სახლის“ (Home Of Freeride) სტატუსი მოიპოვა. ეს რეპუტაცია განმტკიცდა 2024 წლის 29 თებერვალს, როდესაც საქართველოს ისტორიაში პირველად, თეთნულდზე Freeride World Tour (FWT) Georgia Pro ჩატარდა. შედეგად, თეთნულდი მსოფლიოს იმ ექსკლუზიურ ექვსეულში მოხვდა, სადაც ფრირაიდის მსოფლიო ტური ზედიზედ 4 წლის განმავლობაში გაიმართება. მესტია უნიკალური ადგილია, რადგან აქ მსოფლიო დონის ექსტრემალური სპორტი იუნესკოს მემკვიდრეობის ისტორიულ ფონს ერწყმის.

ბაკურიანი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარე ბაკურიანი უნიკალური წიწვოვანი ტყეებითა და კრისტალურად სუფთა ჰაერით გამოირჩევა, რაც მას ეკო-ფუფუნების ადგილად აქცევს. კურორტი იდეალურია ოჯახური და კომფორტული დასვენებისთვის.

ბაკურიანი აერთიანებს სამ ძირითად შესანიშნავ სასრიალო არეალს: დიდველს, კოხტასა და მიტარბს. 36 კმ-იანი საერთო ტრასით, რომლის უმაღლესი წერტილი 3200 მეტრზეა, კურორტი მასპინძლობს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემები უზრუნველყოფს, რომ ამინდის ცვალებადობის მიუხედავად, სეზონი შედგეს.

ბაკურიანის პრესტიჟი განსაკუთრებით 2018 წლიდან განმტკიცდა, როდესაც ის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) კონგრესზე 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კურორტად დასახელდა და მის თანამედროვე ისტორიას მნიშვნელოვანი მოვლენა შეემატა. ამ გადაწყვეტილების კულმინაცია იყო 2023 წლის თებერვალ-მარტში ჩატარებული ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი. ამ მაღალი სტანდარტის ღონისძიებას 175 მილიონმა მაყურებელმა მიადევნა თვალი, რამაც საბოლოოდ ბაკურიანი მსოფლიო სპორტულ რუკაზე მყარად მონიშნა. 2023 წლიდან, გუდაურთან ერთად, კურორტი FIS-ის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ყოველწლიურ კალენდარში მუდმივ მასპინძლადაა დაფიქსირებული.

სრიალის ძირითადი გამოცდილების გარდა, ბაკურიანი გთავაზობთ ზამთრის აქტივობების დახვეწილ და მრავალფეროვან პორტფოლიოს, რაც დასვენების ელეგანტურ სტილს ქმნის. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ სრიალის რომანტიკით, ტობოგანით, ან ბურანებით გასეირნებით ბუნების ველური სილამაზის შესასწავლად. ამას ემატება მშვიდი, ესთეტიკური აქტივობები – ციგურებით სრიალი და ცხენებით გასეირნება. ყველა ეს შეთავაზება კურორტს ზამთრის ტურიზმის ეპიცენტრად აქცევს.

გოდერძი
მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარე კურორტ გოდერძის კლიმატს უნიკალური კომბინაცია ქმნის – ალპური და სუბტროპიკული კლიმატის შერწყმა შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვის გამო. ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა განაპირობებს თოვლის ხარისხსა და რაოდენობას, რაც გრძელ სასრიალო სეზონს უზრუნველყოფს.

გოდერძი იდეალურია მათთვის, ვინც გაუკვალავ, ხელუხლებელ ტერიტორიებს ეძებს. კურორტი მარტივად ხელმისაწვდომია – თბილისიდან 260 კმ-ით, ხოლო ზღვისპირა ბათუმიდან 109 კმ-ით არის დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ ტრასების საერთო სიგრძე 8 კმ-ია, გოდერძი ცნობილია, როგორც ფრირაიდის მოყვარულთა საუკეთესო „თავშესაფარი“.

გოდერძის ბუნებრივი რელიეფი ნებისმიერი გამოცდილების მქონე სტუმარზეა მორგებული, თუმცა მისი გამორჩეული ხიბლი გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობაა. აქ შეგიძლიათ ისრიალოთ ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში ან თუნდაც ტრადიციულ აჭარულ სახლებს შორის. კურორტი გთავაზობთ ისეთ ზამთრის აქტივობებს, როგორიცაა: ჰელისკი, ქეთსკინგი, სკიტური და ფრირაიდი. ეს არის წარმტაცი დანიშნულების ადგილი მათთვის, ვინც არა უბრალოდ დასვენებას, არამედ ბუნებასთან სიახლოვესა და დაუვიწყარ თავგადასავალს ეძებს.

მადლობას ვუხდით MTA-ს ინფორმაციის მოწოდებისთვის.
ტექსტი: თათული ღვინიანიძე

