იშვიათია ადამიანი, ვისაც სიტყვა ვინტაჟი ერთხელ მაინც არ გაუგია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენს გარშემო ძალიან ხშირად გვესმის ისეთი ტერმინები, როგორიცაა: ვინტაჟური სტილი, ვინტაჟური ინტერიერი, ავეჯი თუ სხვა- თუმცა საინტერესოა საიდან მომდინარეობს ამ მიმართულების ასეთი პოპულარიზაცია და საერთოდ რა არის ვინტაჟი? მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ვინტაჟის თანამედროვე განმარტება თითქმის ყველა ადამიანისთვის ცნობილია, მისი საფუძველი ფრანგული ენიდან მომდინარეობს და პირდაპირი მნიშვნელობით ის ღვინის დაძველებას ნიშნავს. თანამედროვე განმარტებით კი, ვინტაჟი სწორედ სიძველეზე, წარსული ეპოქებზე თუ მოდის მიმართულებების აღორძინებაზეა ორიენტირებული.

დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი ვარსკვლავი ირჩევს სამოს საარქივო კოლექციებიდან? იქნება ეს ყოველდღიური სტილი თუ მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საინტერესოა რამ განაპირობა ვინტაჟური სტილის ასეთი პოპულარობა და რა “იმალება” საარქივო სამოსის შერჩევის პროცესის უკან. რეალურად, ამაზე პასუხი ძალიან მარტივია- მოდა, ეს არ არის დიდი ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიების ნაწილი: თუ მე როგორც ბრენდი, მარკეტინგის მიმართულებით კარგი მოთამაშე ვარ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემი ახალი კოლექციის სამოსი აუცილებლად გამოჩნდება წითელ ხალიჩაზე ან თუნდაც ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ვარსკვლავების ყოველდღიურ სტილში– მოდა ინდივიდუალიზმის გამოხატულებაა, კავშირი წარსულ ისტორიებთან თუ ეპოქებთან. და დიახ, მოდა ნამდვილად “ბრუნავს”, რაც მკაფიოდ იგრძნობა ვინტაჟური სტილის მზარდ პოპულარობაში.

მიუხედავად იმისა, რომ საარქივო კოლექციები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, უნდა ვაღიაროთ რომ მათი პოპულარიზაცია მაინც უკავშირდება კონკრეტული ადამიანების სახელებს და თუ ჩვენ ვინტაჟზე ვისაუბრებთ ვინ შეიძლება გაგვახსენდეს პირველი თუ არა ბელა ჰადიდი? ბელას სტილში ვინტაჟისადმი სიყვარული განსაკუთრებულად იგრძნობა და საუბარი მაქვს არა მხოლოდ “ოტ-კუტიურ” კოლექციებზე, არამედ მის ყოველდღიურ ჩაცმულობაზე. ვინტაჟური სტილის დიდი გულშემატკივარია ასევე ჰეილი ბიბერი, ჰეილის ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “ტრენდების შემქმნელს” და დიახ, საარქივო სამოსის პოპულარობის ზრდაში მისი როლიც ნამდცილად დიდია. ძველ კოლექციებს ასევე ხშირად ვხედავთ ისეთი ვარსკვლავების სტილში, როგორებიც არიან: კენდალ ჯენერი, ზენდაია, ლილი როუზ დეპი, არიანა გრანდე, ჯენიფერ ლოურენსი და ა.შ. დღეს კი წარმოგიდგენთ იმ ვარსკვლავების და ლუქების გამორჩეულ ჩამონათვალს, რომელმაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვაჩვენა მოდის მყარი კავშირი წარსულთან.

ბელა ჰადიდი PRADA-ს სამოსში. 2009 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია.

კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩა და კვლავ ბელა ჰადიდი Versace-ს საარქივო კაბაში. 2001 წლის გაზაფხულის კოლექცია.

ლილი როუზ დეპი და Vivienne Westwood-ის საარქივო სამოსი, 1994 წლის შემოდგომის კოლექციიდან.

ჰეილი ბიბერი ოსკარის დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე Saint Laurent-ის შავი კაბით, 1987 წლის გაზაფხულის კოლექციიდან.

არიანა გრანდე თავისი ახალი ფილმის პრემიერაზე Givenchy Couture-ის 1998 წლის კაბით- დიზაინერი Alexander McQueen.

ზენდაია John Galliano-ს საარქივო კაბაში- 1998 წლის გაზაფხულის კოლექცია.

ჯენიფერ ლოურენსის კაბა Givenchy 1996 წლის შემოდგომის კოლექციიდან.

პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაციის წვეულება და ივანკა ტრამპის ულამაზესი კაბა- ინსპირაცია ოდრი ჰეპბერნი და Givenchy-ის საკულტო შავ-თეთრი კაბა 1953 წლის კოლექციიდან.

2024 წლის გრემის დაჯილდოვება და მაილი საირუსის ბრწყინვალე კაბა Bob Mackie 2002 წლის კოლექციიდან.

სიდნი სვინი და ულამაზესი საარქივო კაბა Marc Bouwer 2004. ცნობილი კაბა ასევე ამშვენებდა ანჯელინა ჯოლის 2004 წლის ოსკარის ცერემონიაზე.

ზენდაია ლონდონში, ” Dune 2″ პრემიერაზე Mugler-ის 1995 წლის სამოსით.

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის წითელი ხალიჩა და Herve Leger -ის საარქივო კაბა, რომელიც 1993 წელს სიდნი კროუფორმდმა ოსკარის დაჯილდოებაზე მოირგო.

