იმ ემოციური თუ მენტალური გავლენების საკვლევად, ჩვენს თვითშეფასებას რომ აყალიბებს და ხშირად გარეგნობის შეცვლისკენ გვიბიძგებს, ანა არველაძეს ვესაუბრეთ – ფსიქოლოგსა და ქოუჩს, რომელიც შინაგან განკურნებაზე მუშაობს. ამ სიღრმისეულ ინტერვიუში ანა არველაძე ხსნის სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოტივებს, რომელიც, ჩვეულებრივ, ღრმა ბავშვობაშია ფესვგადგმული; წარმოაჩენს უხილავ ზღვარს გულწრფელ თვითგამოხატვასა და იძულებით ტრანსფორმაციას შორის. თანაგრძნობითა და სიცხადით ანა გვახსენებს, რომ სილამაზე მხოლოდ ზედაპირული, გარეგნული მოვლენა არ არის – ის ჩვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საიდან მოდის საკუთარი გარეგნობის „შესწორების“, ზოგჯერ კი სრულად ტრანსფორმაციის სურვილი?
უპირველესად, პასუხი იმალება გადარჩენის სურვილსა და კუთვნილების განცდაში – მიბაძვას „გადამრჩენელის ფუნქცია“ აქვს. ასევე, ტრენდი ყოველთვის არსებობდა და კონკურენციას ბადებდა. ვინაიდან დღესდღეობით მასობრივად ხდება სხეულის პოზიციონირება, კვლავ გვიჩნდება კონკურენციის განცდა – გვინდება, რომ სხვების მსგავსად, სრულყოფილებას მივუახლოვდეთ. თუ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული გვიწევდა კონკურენცია დედმამიშვილებთან ან მშობლების მოლოდინებთან. ასევე, მიზეზებს შორის უნდა გამოვყოთ ბავშვობის ტრავმები და აღიარების სურვილი. დეფიციტური განცდა – „მე არ ვარ საკმარისად კარგი“ – ბავშვობის დაუკმაყოფილებელი სიახლოვის, აღიარებისა და სიყვარულის მოთხოვნილებიდან მოდის. ამ შინაგანი სიცარიელის შესავსებად კი გვგონია, რომ ვინმეზე უკეთესი უნდა ვიყოთ, ან არავის ჩამოვრჩებოდეთ. თუ მშობელს იმაზე ნაკლები სიყვარულის გაზიარების რესურსი აქვს, ვიდრე შვილს სჭირდება, ავტომატურად წარმოიშობა დაუკმაყოფილებლობის პრობლემა. ასე ყალიბდება ტრავმა, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა გარეგნობის „შესწორების“ შინაგან მოთხოვნილებაში გადაიზარდოს.

რა არის დაბალი თვითშეფასება და არასრულფასოვნების კომპლექსი?
თავად ტერმინი – „თვითშეფასება“ გვეუბნება, რომ ეს არის შინაგანი ნარატივი, ჩვენივე წარმოდგენა საკუთარ თავზე; ხშირად იგი უცვლელი მოცემულობა ჰგონიათ, მაგრამ რეალურად – სიტუაციური ცვლადია: ჩვენ შეიძლება მაღალი თვითშეფასება გვქონდეს კონკრეტულ ჯგუფთან სიახლოვისას (თავს სასურველად და კომპეტენტურად ვგრძნობდეთ), სხვა შემთხვევაში კი დაბალი (პროფესიულ წრეში, უცხო ადამიანების გარემოცვაში). თუ თვითშეფასება მერყევია, ნებისმიერ შექებასა და განსჯაზე არაადეკვატურად ვრეაგირებთ; ხოლო თუ საქმე გვაქვს მყარ თვითშეფასებასთან, თუნდაც საშუალო დონის იყოს, კომპლიმენტი ან კრიტიკა ჩვენზე გავლენას ვერ ახდენს. არასრულფასოვნების კომპლექსი კი არის გონებაში არსებული თეზისი – „არ ვიყო ვინმეზე ნაკლები/არ ჩამოვრჩე ვინმეს“; ამ დროს მაქსიმალურად ვცდილობთ საკუთარი „ნაკლის“ დამალვას.
რა გვჭირდება სტაბილური თვითშეფასების მისაღწევად?
საკუთარი ცვლილების მუდმივი ანალიზი. „ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად, რა გავაუმჯობესე? რა შევძელი ისეთი, რაც აქამდე არ შემეძლო?“ – ამ კითხვებზე პასუხით შეგვიძლია პროგრესი შევნიშნოთ. ცვლილებები ჩვენივე ღირებულებების შესაბამისად უნდა მივმართოთ. მაგალითად, თუ ჩემი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის სამართლიანობა, ინდივიდუალური სამართლიანობის განვითარებისაკენ უნდა დავიწყო სწრაფვა. როცა ვგრძნობ, რომ დღეს უფრო სამართლიანი ვარ, ვიდრე ვიყავი გუშინ, ეს დადებითად აისახება საკუთარი თავისადმი პატივისცემაზე. თვითშეფასებაზე მუშაობისას გადამწყვეტ როლს თამაშობს ინდივიდუალიზმის გაცნობიერება – ყველაზე დიდი ხსნა ეგზისტენციალური კრიზისის დროს საკუთარი ინდივიდუალიზმის სწორი აღქმა და დაფასებაა. ამ შინაგან მოგზაურობაში სულიერი საყრდენიც მნიშვნელოვანია, რადგან რწმენასა და ღმერთში საზრისს ვპოულობთ. თუ ინდივიდი გააცნობიერებს, რომ ერთადერთი, რაც ევალება, საკუთარი პოტენციალის რეალიზებაა, რომელიც წინაპრებისგან კოლექტიურ მემკვიდრეობად ერგო, კონკურენციაში აღარ ჩაებმება.

რა არის ობსესია და რამდენად ხშირად მოგმართავენ პაციენტები გარეგნობის შეცვლის ობსესიით?
ეს არის სრულყოფილებისკენ სწრაფვა, რაც შეიძლება გადაიზარდოს კომპულსიურ აშლილობაში. ობსესია მუდმივი დაუკმაყოფილებლობაა – „რაღაც მაკლია იმისათვის, რომ საკუთარი თავის იდეალური ვერსია გავხდე“. მსგავსი ტიპის შფოთვები და აშლილობები საკმაოდ მომრავლებულია, რაზეც უდიდეს გავლენას ახდენს სოციალური მედია. ამ თვალსაზრისით მომართვიანობაც საკმაოდ ხშირი იყო, მაგრამ ვინაიდან სესიებზე უფრო მეტად აქცენტს ვაკეთებ პიროვნულ განვითარებაზე, ჩემი პაციენტებისთვის გარეგნობის შეცვლის საკითხი აქტუალური აღარ არის.
პლასტიკური ქირურგიის ან ინიექციური კოსმეტოლოგიის ჭარბად გამოყენება ემოციური დაუცველობის გადაფარვის მცდელობაა თუ საკუთარ თავზე ზრუნვა?
გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც უახლოესი მეგობრებიც კი ტოქსიკურები არიან – ეს ხდება მაშინ, როცა ერთმანეთს მიუთითებენ ცხვირის, ტუჩის ან ნაკვთის სპეციფიკურ ფორმაზე, რაც უწყინარი რჩევა კი არა, არაჯანსაღი გარემოს მანიშნებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ, მარტივად ვექცევით გავლენების ქვეშ. შესაბამისად, სრულყოფილებისკენ სწრაფვაში ცალკე აღებულ ინდივიდს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ობსესია იზოლაციაში არ იბადება – მას ხშირად გარემო აყალიბებს, აძლიერებს და ამწვავებს.ობიექტურად ჯანსაღ გარემოში სოციუმი პიროვნულ საზღვრებს პატივს სცემს, თავს იკავებს მუდმივი კრიტიკისგან და მიესალმება ინდივიდუალიზმს; სხვა შემთხვევაში მოწყვლადი ფსიქიკის მქონე ადამიანები განწირული ჰყავს. როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ჩაიტაროს კონკრეტული ესთეტიკური მანიპულაცია, მას ამოძრავებს რწმენა, რომ მიღებული შედეგი ემოციურ მდგომარეობას გაუუმჯობესებს. მნიშვნელოვანია პაციენტმა იცოდეს, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს მხოლოდ ილუზიაა. უპირველესად, მან მენტალურ მდგომარეობაზე უნდა იმუშაოს. თუ ამ პროცესს თან ახლავს გააზრებული, ზრუნვაზე დაფუძნებული ესთეტიკური ცვლილებები, შედეგიც გაცილებით უკეთესია. საზღვარი საკუთარ თავზე ზრუნვასა და ემოციური დაუცველობის გადაფარვის მცდელობას შორის განისაზღვრება განზრახვითა და ბალანსით. არსებითი კითხვა ისაა, გადაწყვეტილება საკუთარი თავის სიყვარულიდან მოდის, თუ ღრმად ფესვგადგმული სირცხვილისა და საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგია?

რა არის დისმორფული აშლილობა (BDD)?
ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, როდესაც ინდივიდი მეტისმეტად განიცდის მის გარეგნობაში არსებულ, კონკრეტულ (ხშირად სხვებისთვის შეუმჩნეველ ან უმნიშვნელო) დეტალს. მას უჩნდება შფოთვა, უხერხულობა, სირცხვილი და მუდმივად ცდილობს ამ „ნაკლის“ გამოსწორებას – მაკიაჟით, ჩაცმულობით, ფოტოშოპით, ფიზიკური ვარჯიშით ან, უფრო მწვავე შემთხვევაში, ინიექციური და ქირურგიული ჩარევებით. დისმორფული აშლილობის დროს გარეგნობის შეცვლა აღარ წარმოადგენს ესთეტიკურ არჩევანს – ის ფსიქოლოგიურ იძულებად გარდაიქმნება. ტრანსფორმაციისკენ სწრაფვას პათოლოგიური ხდება მაშინ, როცა მას შიდა ნარატივი კვებავს – ისეთი, როგორიცაა: „არ ვარ საკმარისი“; „მხოლოდ ასე დავიმსახურებ სიყვარულს“. ამ შემთხვევაში ცვლილება აღარ არის საკუთარი თავის გაუმჯობესების სურვილი – ის შინაგან უარყოფაზე მიგვანიშნებს. რეალურად რაღაცის გამოსწორებას კი არ ვცდილობთ, იმ შინაგან ხმას ვაჩუმებთ, რომელიც დეფექტურობაზე მიგვითითებს.
თქვენი აზრით, უნდა ითანამშრომლონ თუ არა პლასტიკურმა ქირურგებმა და კოსმეტოლოგებმა ფსიქოლოგებთან, რათა პროცედურის ჩატარებამდე შეაფასონ პაციენტის მოტივაცია და ემოციური მდგომარეობა?
სასურველია. ამ შემთხვევაში უფრო დავზოგავთ ადამიანის ზოგად მენტალურ მდგომარეობასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას. თუმცა უნდა ვაღიაროთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარ ემოციურ ტრავმებს. როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა იყოს ექიმი, ინდივიდმა შეიძლება თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს და უარყოს მისი რეკომენდაცია. დღესდღეობით არ არსებობს ფართოდ მიღებული რეგულაციები, რომლებიც ქირურგიულ ან ინიექციურ კორექციამდე ფსიქოლოგიურ შეფასებას მოითხოვს. სოციალური და კულტურული სივრცეც იშვიათად იძლევა ტრავმებისა თუ განცდების განხილვის საშუალებას, მით უმეტეს, გარეგნობასთან მიმართებაში. აუცილებელია მეტი საუბარი იმაზე, თუ რამდენად ღრმად შეიძლება ტრავმამ განაპირობოს სრულყოფილებისკენ სწრაფვა. ის, რაც გარეგნულ პრობლემად გვეჩვენება, ხშირად დაუმუშავებელი სულიერი ტკივილია, რომელსაც, კორექციის ნაცვლად, სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდება.

რა გამოსავალს სთავაზობს ფსიქოლოგია იმ ადამიანებს, რომლებიც გადაჭარბებული პროცედურებით საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას?
ფსიქოლოგიის მიზანი არ არის ესთეტიკური პროცედურების შეჩერება ან მათი „დემონიზაცია“. ფსიქოლოგი არ გეუბნება: „არ შეცვალო გარეგნობა!“ მისი მთავარი მიზანია, გაგარკვევინოს, საიდან მოდის ცვლილების სურვილი – შიშიდან, სირცხვილიდან, წნეხიდან თუ საკუთარ თავზე რეალური ზრუნვიდან. მთავარი ამოცანაა, პროცესი გახდეს გაცნობიერებული და არა – სტიქიური, უკონტროლო რეაქცია. თერაპიის საწყისი ეტაპი იწყება შინაგანი კითხვებით: საიდან მოდის მუდმივი უკმაყოფილება? ვისთან შედარებით ვგრძნობ თავს არასაკმარისად? ნამდვილად მჯერა, რომ ჩემი ღირებულება მხოლოდ გარეგნობით განისაზღვრება? ხშირად ის, რაც თითქოს სილამაზისკენ სწრაფვაა, სინამდვილეში თავდაცვითი მექანიზმია. შემდგომ ეტაპზე მუშაობა გრძელდება თვითშეფასებაზე – თერაპია ეხმარება ადამიანს, მიიღოს საკუთარი უნიკალურობა, რაც გარეგნული ტრანსფორმაციის სურვილს ამცირებს. თანდათან ყალიბდება სტაბილური თვითღირებულება, რომელიც აღარ ეყრდნობა კოსმეტიკურ ან ქირურგიულ ჩარევებს.
შესაძლებელია საკუთარი სხეულის შეყვარებით შინაგანი ჰარმონიის აღდგენა და ოპერაციებსა თუ ინიექციებზე უარის თქმა მაშინ, როცა ამის ობიექტური საჭიროება არ არსებობს?
დიახ, თუმცა ეს მარტივი გზა არ არის. სხეულის სიყვარული არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მოგწონს, როგორ გამოიყურები; ეს ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი შეთანხმებაა საკუთარ თავთან: ჩუმი, ურყევი რწმენა იმისა, რომ საკმარისი ხარ – ტრენდების, სტანდარტებისა თუ სოციუმის აღიარების მიუხედავად. როცა ადამიანი იწყებს საკუთარი სხეულის მიღებას ისეთად, როგორიც ის არის – და არა ისეთად, როგორი „უნდა იყოს“ – რაღაც ფუნდამენტურად იცვლება მასში. აღარ არსებობს მისი გარეგნული გაუმჯობესების აუცილებლობა და სრულყოფილების ძიება შინაგანი სიმშვიდის ძიებაში გადაიზრდება.
ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე

