N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

შთაგონების ბუნება და პროფესიული კომპრომისები

სექტემბერი 20, 2025
A A
შთაგონების ბუნება და პროფესიული კომპრომისები
328
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

იმ დროშიც კი, როცა ტრენდები ელვისებური სისწრაფით იცვლება და მოდამ კომერციული სახე მიიღო, არსებობენ დიზაინერები, რომლებიც კვლავაც შთაგონებით ქმნიან… ავთანდილ ცქვიტინიძის ბავშვობა საქართველოს „ბნელ წლებს“ უკავშირდება – დედის დამსახურებით, სწორედ მაშინ აღმოაჩინა საკუთარ თავში მოდისადმი ძლიერი მისწრაფება. 25 წელზე მეტია, რაც ავთანდილ ცქვიტინიძე – AVTANDIL-ის მთავარი დიზაინერი და დირექტორი – ქართულ მოდის ინდუსტრიაში შემოქმედებითად დომინირებს. AVTANDIL-ი ცნობილია თამამი, ავანგარდული დიზაინით, რომელიც ელეგანტურობასა და ექსპერიმენტულობას აერთიანებს. ცქვიტინიძის კოლექციები გამოირჩევა ასიმეტრიული ჭრილებითა და სტრუქტურული სილუეტებით, რაც მას გლობალური მოდის სცენაზეც ადვილად ამოსაცნობს ხდის. ცქვიტინიძის შემოქმედება არაერთხელ გაშუქებულა საერთაშორისო მოდის გამოცემებში, მათ შორის, VOGUE-ში. ისეთი გამორჩეული ფიგურები, როგორებიც არიან მერი ჯეი ბლაიჯი და ლედი გაგა, ხშირად ირჩევენ AVTANDIL-ის სამოსს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის საერთაშორისო გავლენასა და მნიშვნელობას. ავთანდილს არაერთი სეზონური კოლექცია წარუდგენია Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულებსა და საერთაშორისო პოდიუმებზე. „ნარგისთან“ ინტერვიუში დიზაინერი გვესაუბრება მოდის ემოციურ არქიტექტურაზე, შთაგონების ბუნების ცვლილებაზე, შემოქმედებით თავისუფლებასა და ბაზრის მოლოდინს შორის მერყეობაზე – და იმ პატარა ლაბორატორიაზე, სადაც მისი ყველაზე გულწრფელი კოლექციები დღესაც იბადება.


როდის გაგიჩნდათ ინტერესი მოდის მიმართ და რამ წაახალისა ეს ცნობისმოყვარეობა?

ისეთ დროს დავიბადე, როცა ყველაფრის დეფიციტი იყო. მიუხედავად ამისა, დედაჩემს უყვარდა გემოვნებით ჩაცმა, ლამაზ ნაჭრებს ყიდულობდა და სამოსს იკერავდა. ვინაიდან არასტანდარტული აღნაგობა აქვს (ფემინური სილუეტითა და სოფი ლორენივით წვრილი წელით), ძნელად იშოვებოდა მის სხეულზე იდეალურად მორგებული ტანსაცმელი. თან დავყვებოდი, ვაკვირდებოდი დიზაინის შერჩევის, თარგის გამოჭრისა და კერვის პროცესს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მასში ჩავერთე კიდეც. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა არანაირი ინფორმაცია ტრენდებზე, დედას ვურჩევდი, წელზე გაეკეთებინა აქცენტი. ვფიქრობ, სამოსის მიმართ ინტერესი და სილუეტის სწორად დანახვა ყოველთვის „იჯდა“ ჩემში. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი – თავიდან ყველაფერს, შემდეგ უკვე აქტიურად გადავერთე ქალის შიშველ სხეულზე; ვხატავდი მერხებზე, საკონტროლო წერის რვეულებში, ფურცელზე გამოყოფილ არეზე… პროფესიით ფერმწერი ვარ, მაგრამ როცა ერთ დღეს რადიოში სრულიად შემთხვევით მოვისმინე განცხადება ავანგარდული მოდის ფესტივალის შესახებ, მასში მონაწილეობა გადავწყვიტე. ეს ის პერიოდია, როცა მოსახლეობას არც ელექტროენერგია მოგვეწოდება, არც გაზი და წყალი გვაქვს… გავაკეთე ესკიზები და მივიტანე. მეორე დღესვე ჩამრთეს პროექტში. მართალია ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ყველას დავამახსოვრე თავი. ასე შემიყვარდა მოდა, ჩემს პროფესიად ვაქციე და დღემდე არ მიღალატია.


რას ნიშნავს თქვენთვის მოდა – ხელოვნებაა, ბიზნესი, საკუთარი თავის გამოხატვა თუ საზოგადოებრივ მოვლენებზე რეფლექსია?

მაშინ, როცა მოღვაწეობა დავიწყე, მოდა ცალსახად ხელოვნება იყო. აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი საკუთარ კოლექციებში – ვაკეთებდი იმას, რისი კეთებაც მართლა მინდოდა. არ ვიცნობდი ტენდენციებს, ფერთა გამის კლასიფიკაციას, პარამეტრებს; არც ის ვიცოდი, რა იყო მოთხოვნადი და რა – არა… ამ ბედნიერ შემოქმედებაში დაახლოებით ათი წელი გავატარე. შემდეგ ჩვენს სივრცეში ინტერნეტი გაჩნდა, დავიწყე აქტიურად მოგზაურობა, გავეცანი ამ სფეროს და გულის წყვეტა ვიგრძენი. მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესები სრულიად მართვადი და კომერციული აღმოჩნდა – ფაქტობრივად, ყველაფერს წინასწარ კარნახობენ დიზაინერებს: სილუეტს, ფერებს, კონსტრუქციებსა და რიგ შემთხვევაში მატერიასაც კი. როცა ბიზნესმენი ხდები, ხელოვნებაც ბიზნესის იერსახეს იძენს – იმის შექმნას იწყებ, რაც მომხმარებელს მოეწონება, ეს კი ძალიან ურტყამს კრეატიულ ადამიანს… შემოქმედებითი და ეგზისტენციალური კრიზისის თავიდან ასაცილებლად მე პატარა ლაბორატორია დავიტოვე ჩემთვის, რომ რაც მინდა, ის ვაკეთო, შევქმნა. აქედან მოდის შთაგონებაც, შემდეგ მას ვაცლი „პეპლებს“, იდეას ვტოვებ – ოღონდ აღსაქმელად უფრო მარტივს ვხდი მომხმარებლისთვის – ვიცავ ფერთა გამას და მოდელი უკვე გამართლებულია.


როგორ იბადება ახალი კოლექცია? საიდან მოდის შთაგონება – ემოციებიდან, ისტორიის შრეებიდან თუ თანამედროვე რიტმიდან?

ადრე ყველაფერი გულწრფელობით იწყებოდა – ემოციით, შთაბეჭდილებით, რომელიც შემდეგ ფორმას იღებდა ქსოვილში, სილუეტში, მოძრაობაში. დღეს კი ამ პროცესს „გათვალისწინების“ კომპონენტი დაემატა. რამდენიმე წლის წინ Miuccia Prada-მ ზუსტად შეაჯამა ეს გარდატეხა: „ხალხს აღარ ვკარნახობთ, რა ჩაიცვას – ახლა ისინი გვკარნახობენ ჩვენ“. დღეს თუ შექმნი რვა სახელოს, ექვსი ბაფთით, რთული კონსტრუქციითა და მკვეთრი ფერებით, ამას შეიძლება ხელოვნების სტატუსი მიენიჭოს, მაგრამ მომხმარებელი არ ეყოლება. მიუხედავად ამისა, ჩემთვის შთაგონება კვლავ ემოციებიდან მოდის – განწყობა, ადამიანებთან შეხვედრა, მათი ენერგია… ზუსტად ასე იქმნებოდა ყველაფერი მანამ, სანამ ინდუსტრიამ მკაცრი ვადები არ დაგვიწესა. ვადებმა კი შემოქმედებითი პროცესი დააჩქარა. მსოფლიო მასშტაბით არაერთი დიზაინერია ემოციურად და შემოქმედებითად გადამწვარი. სწორედ ამიტომ შემცირდა დიზაინერის სიცოცხლისუნარიანობა დიდ მოდის სახლებში – წნეხი დაუნდობელია. წელიწადში 12-14 კოლექციის შექმნა, თან ისე, რომ თითოეული მათგანი იყოს ავთენტიკური, შთამაგონებელი და „ვაუ-ეფექტის“ მქონე – პრაქტიკულად, ადამიანის რესურსს აღემატება.


რომელია თქვენი ფავორიტი საკუთარი კოლექციებიდან? რით გამოარჩევთ მას?

დღეს გადავხედე ჩემს ძველ ნამუშევრებს და თვალში მომხვდა 2007 წლის კოლექცია – კარკასებით, კონსტრუქციითა და სილუეტებით. აი, ახლა, თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, იმავე ფორმებს ვხედავ მსოფლიო მოდის პოდიუმებზე. გამიხარდა! ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი. მჯერა, რომ შთაგონება ჰაერში ტრიალებს. უბრალოდ, ვიღაც მას პირველი იჭერს, ვიღაც – მოგვიანებით. დღეს ზეგავლენები ლეგიტიმურია. ადრე თუ მსგავსება „კოპირებად“ ითვლებოდა, ახლა უკვე ყველაფერი შეიძლება „გამართლდეს“ – „შთაგონებაა“, „ინსპირაციაა“. ერთი და იმავე იდეის ინტერპრეტაციას იუმორითაც ხსნიან, კონცეფციადაც აცხადებენ – და აღარავინ იძიებს იმას, თუ ვინ იყო პირველი. ამიტომაც მიხარია, როცა საკუთარ არქივში იმ ფორმებს ვპოულობ, რომლებსაც დღეს სხვებიც გვთავაზობენ – ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ წარსულში ვგრძნობდი მომავლის ტენდენციებს.


უწინ თქვენი კოლექციების ცალკეული დეტალები ეროვნული იდენტობის ელემენტებს შეიცავდა – ეს გააზრებული სტრატეგია იყო თუ შინაგანი, თანდაყოლილი სწრაფვა?

შინაგანი… მე შეგნებულად არ ვეხები ქართულ თემატიკას – სწორედ იმიტომ, რომ ის უმაღლესი სირთულისაა. ეროვნული მოტივები სამოსში, თუ მას სიღრმისეულად არ იკვლევ, ხშირად ზედაპირული ან ფოლკლორულად დეკორატიული ხდება. არ მინდა, რომ ჩემი დიზაინი შეიქმნას პრინციპით – „აი, პრინტი გავაკეთე და ქსოვილზე დავიტანე“. ქართული ელემენტები უკვე საიუველირო სამუშაოა – ფერთა გამის, სილუეტებისა და ისტორიული კოდის თანამედროვე ენაზე გადათარგმნა გიწევს. რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ყოველ ჯერზე დამრჩა განცდა, რომ მზად არ ვიყავი.


როგორ გახვედით პირველად საერთაშორისო ასპარეზზე?

საერთაშორისო ასპარეზზე გავედი მაშინ, როცა დავინახე, რომ განსხვავებულ კოდზე მოთხოვნა გაჩნდა. ლუქსი მასმარკეტად იყო გადაქცეული და იმ მომენტში შეძლებული ადამიანები სიახლეს ეძებდნენ – ახალ დიზაინერებს ნაკლებად ცნობილი ქვეყნებიდან. პარიზი, მილანი, ნიუ-იორკი, ტოკიო – ყველგან, სადაც გავედი, იმდენად მასშტაბური შეკვეთები მივიღე, რომ ყოველი ვიზიტი ჩემთვის ახალ ეტაპად იქცა. ჩემი კოლექციები Tokyo Palace-ში იყიდება. იქ მოთხოვნა იმდენად მკაფიოა, რომ სეზონის დაწყებამდე, წინასწარ გთხოვენ კოლექციის გაგზავნას. საკმაოდ პრეტენზიული დამკვეთები არიან – ხშირად კოლექციის 90%-საც კი აბრუნებენ. მაგრამ ჩემს შემთხვევაში საპირისპირო მოხდა: კოლექცია იქამდე გაიყიდა, სანამ სეზონი დადგებოდა. უფრო მეტიც, გამეორება მთხოვეს – ამჯერად კიდევ უფრო დიდი რაოდენობით. როცა ტოკიოში ჩავედი, მითხრეს, ასეთი პრეცედენტი არასოდეს გვქონიაო. იგივე სცენარი განვითარდა პარიზში Le Suite-ის მაღაზიასთან თანამშრომლობისას, რომელიც მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შედიოდა. ისინი წამყვან დიზაინერებთან თანამშრომლობდნენ, თუმცა იმ დროისთვის „ახალი სისხლი“ სჭირდებოდათ. სწორედ მაშინ მქონდა კოლექცია – ნაქარგით, ბუმბულებით, ორგანზით შეკრული ქურთუკებითა და ქვედაბოლოებით. ათ დღეში აღნიშნული კოლექცია სრულად გაყიდა. ჩემს კარიერაში წარმატებული შემთხვევები ბევრია, მაგრამ ერთს განსაკუთრებით გამოვარჩევდი – ეს იყო მაშინ, როცა Vogue com-ი პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენების შემდეგ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც არასდროს დამავიწყდება: „Mark Georgia. Mark Avtandil“.

ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე
ფოტო: გიორგი ბაზაევი

წაიკითხეთ ავთანდილ ცქვიტინიძის სრული ინტერვიუ ჟურნალ ნარგისის ახალ ნომერში.

ხელმისაწვდომია:
-ბიბლუსი
-They said books
-Chicos Tbilisi

 

Tags: Nargis Magazineავთანდილ ცქვიტინიძეინტერვიუ
წინა პოსტი

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები და 2026 წლის გაზაფხულის მთავარი ტრენდები

შემდეგი პოსტი

გზავნილი საბჭოური რეალობიდან

შემდეგი პოსტი
გზავნილი საბჭოური რეალობიდან

გზავნილი საბჭოური რეალობიდან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN