ვიქტორია ბექჰემი ბრიტანელი მომღერალი, დიზაინერი და ბიზნესვუმენია, რომელმაც პოპულარობა 1990-იან წლებში მოიპოვა, როცა საზოგადოებამ Spice Girls-ში იხილა. ჯგუფის სადებიუტო ალბომ Spice-სა და სინგლ “Wannabe”-ს საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად. ვიქტორია Spice Girls- ის თაყვანისმცემლებში განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა და მეტსახელად Posh Spice-იც კი შეარქვეს. სიტყვა POSH ბრიტანულ ინგლისურში ელიტურს, მოდურს, მდიდრულსა და პრეტენზიულად ელეგანტურს ნიშნავს. მოგვიანებით, როცა Spice Girls-ი დაიშალა და ვიქტორიამ დამოუკიდებლად გააგრძელა მოღვაწეობა (2001 წელს გამოუშვა სოლო ალბომი), Posh Spice არა მხოლოდ მის სასცენო მეტსახელად დარჩა, არამედ მოდის არქეტიპად იქცა. Posh Spice იყო პროტესტი გადაჭარბებული გლამურისა და მისთვის დამახასიათებელი უშინაარსო ხმაურის წინააღმდეგ. ვიქტორია სხვა ვარსკვლავებივით არ ცდილობდა, ყველასთვის მისაღები და სამაგალითო ყოფილიყო; იგი ქმნიდა დუმილზე დაფუძნებულ ქალურობის ახალ ვერსიას – მაშინაც კი, თუ ეს არსებულ სტერეოტიპებთან დაპირისპირებას ნიშნავდა.

ვიქტორია ბექჰემის სიჩუმე
Posh Spice-ის სტილს, გარდა მკაცრი ვიზუალისა, საკუთარი იდეოლოგია აქვს – მას თავშეკავება და დუმილი ქმნის. სცენასა თუ წითელ ხალიჩაზე ვიქტორია იშვიათად იღიმებოდა (იგი არც დღეს გამოირჩევა ემოციური ექსპრესიულობით). ეს კი საზოგადოებაში შინაგან „სტამინად“, სულიერი ძალის მანიფესტაციად აღიქმებოდა. ვიქტორიას გამოხედვაში ყოველთვის თავდაჯერება და სიმტკიცე იკითხებოდა, რაც გარშემომყოფებში ავტომატურად იწვევდა პატივისცემასა და ავტორიტეტის განცდას. აქვე უნდა ითქვას, რომ ვიქტორია არასდროს ყოფილა პროვოკაციული. მეტიც, იგი ყოველთვის არიდებდა თავს სკანდალებს. იმ დროს, როცა სხვა ვარსკვლავები იმიჯს იქმნიდნენ გულღია ღიმილით, ხმაურიანი პირადი ცხოვრებითა და გამომწვევი ჩაცმულობით, ვიქტორია ჩუმად იდგა – დახვეწილი, ფიქრებში ჩაძირული და გარკვეულწლად მიუწვდომელი. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ ირჩევდა სიჩუმეს, ვიქტორია პასუხობდა, რომ ჩაცმულობა მის ნაცვლად მეტყველებს; რომ სტილი თავისთავად არის პოზიციის დაფიქსირება, შესაბამისად, ზედმეტი სიტყვები დანიშნულებას კარგავს.

ბავშვობის ტრავმის კვალი
ბავშვობა და მოზარდობა ის პერიოდია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ვიქტორიას მდუმარე, დახვეწილ, თავდაჭერილ და ძლიერ პერსონას. ვიქტორია კეროლაინ ადამსი დაიბადა 1974 წლის 17 აპრილს ინგლისში. გაიზარდა შეძლებულ ოჯახში: მამამისი, ენტონი ადამსი ელექტრონული კომპანიის მფლობელი იყო, დედა, ჟაკლინ კენონი კი – ცეკვის მასწავლებელი და შემდგომში დიასახლისი. მშობლები ვიქტორიასა და მის და-ძმას არა მარტო მატერიალური კეთილდღეობით უზრუნველყოფდნენ, არამედ ანებივრებდნენ – მათ ჰყავდათ ძვირად ღირებული ავტომობილი, ჰქონდათ კომფორტული სახლი და საკუთარი საცურაო აუზი. „სხვა ბავშვები ავტობუსით მოდიოდნენ სკოლაში, მე კი – „როლს-როისით“. მათ თვალში უცხო ვიყავი. ჩვენ შორის არსებული განსხვავების გამო ხშირად დამცინოდნენ კიდეც“, – იხსენებს ვიქტორია. ეს ხიდჩატეხილობა და იზოლაცია ვიქტორია ადამსს საკუთარ თავთან განმარტოებას აიძულებდა… ამ მარტოობაში კი დიდი სივრცე გამოთავისუფლდა სიჩუმისთვის – გოგონა საკუთარ თავში ჩაიკეტა. ადამიანი სოციალური არსებაა და უჭირს დიდხანს განცალკევებით ყოფნა, ამიტომ მოზარდმა გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის გზების ძებნა დაიწყო. ასე მიაკვლია მოდას, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. საკუთარი სტილის შექმნა და გარეგნობაზე ზრუნვა თვითგამოხატვის შესაძლებლობად იქცა ვიქტორიასთვის. ალბათ, იმ პერიოდში ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომავალში სტილის „აიკონი“ და გავლენიანი დიზაინერი გახდებოდა. ამავე პერიოდში ვიქტორიას მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილი Laine Theatre Arts-ის აკადემიაში მიებარებინათ, სადაც ვიქტორია ბალეტსა და ცეკვის სხვა სახეობებს დაეუფლა. ამ გამოცდილებამ საფუძველი დაუდო მის გრაციოზულობას, დახვეწილ და ლამაზ მოძრაობებს, დგომის მანერასა და თავდაჭერას – აბსოლუტურად ყველაფერს, რაც დღეს მის ვარსკვლავურ იერსახესა და ინდივიდუალიზმს ქმნის.

ბედნიერი ქორწინების საიდუმლო
ვიქტორია ადამსმა და დევიდ ბექჰემმა ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს Manchester United-ის ლაუნჯში, როცა ვიქტორია გუნდის მხარდასაჭერად მატჩს დაესწრო. მაშინ პოპვარსკვლავი ჯერ კიდევ Spice Girls-ის წევრი იყო, დევიდი კი – ცნობილი ფეხბურთელი და ქალთა გულთამპყრობელი. საინტერესოა, რომ დევიდმა მათი სასიყვარულო ურთიერთობა ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა, მაშინ როცა ვიქტორია ტელევიზორის ეკრანზე იხილა: „ეს გოგო აუცილებლად ჩემი ცოლი გახდება!“ ალბათ, შემთხვევითობა სულაც არ იყო, რომ მათი მეორე შეხვედრაც მოთამაშეების ლაუნჯში შედგა. ამჯერად ვიქტორიამ და დევიდმა ერთი საათი გაუჩერებლად ისაუბრეს. წყვილი ნოსტალგიით იხსენებს მომენტს, როცა ვიქტორიამ მატარებლის ბილეთზე დაწერა საკუთარი ნომერი და თაყვანისმცემელს გაუწოდა; დევიდ ბექჰემი იმაზე გაცილებით რომანტიკულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის დღემდე ინახავს ამ „საბედისწერო ბილეთს“, როგორც მათი LOVE STORY-ს სიმბოლოს.

1998 წლის იანვარში წყვილი დაინიშნა. ბექჰემებმა ქორწილი 1999 წლის 4 ივლისს გადაიხადეს ირლანდიაში, ლატრელსტაუნის სასახლეში. ვიქტორია ცერემონიაზე Vera Wang-ის საპატარძლო კაბითა და ოქროს დიადემით გამოცხადდა. ქორწილს მათი პირველი შვილი, ოთხი თვის ბრუკლინიც ესწრებოდა (მოგვიანებით წყვილს კიდევ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა). მიღებული წესის თანახმად, მომღერალი ქმრის გვარზე გადავიდა. ასე გახდა ვიქტორია კეროლაინ ადამსი ვიქტორია ბექჰემი. 2025 წელს ბექჰემები ქორწინების 26 წლისთავს აღნიშნავენ. მათი თქმით, ბედნიერი ოჯახის ფორმულა ურთიერთგაგებაში, მხარდაჭერასა და ერთობლივ ძალისხმევაშია.

ესტრადიდან პოდიუმზე
2008 წელს ვიქტორია ბექჰემმა დააარსა საკუთარი მოდის ბრენდი – Victoria Beckham, რომელიც ცნობილია მინიმალისტური სტილით, დახვეწილი სილუეტებითა და მაღალი ხარისხით. მისი პირველი კოლექცია მხოლოდ 10 ელეგანტური კაბისგან შედგებოდა. მოდელების მცირე რაოდენობის მიუხედავად, სამოსის ხაზმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა: „ვიქტორია ბექჰემის მიერ შემოთავაზებული ქალის კონცეფცია გულწრფელი და ძლიერია; იგი ყურადღებას კი არ ითხოვს, ბუნებრივად იზიდავს“.ვარსკვლავის ახალ წამოწყებას საზოგადოების ნაწილი ეჭვით შეხვდა. დადებითი შეფასებების გვერდით, აზვირთდა კრიტიკის ტალღაც – მომღერალი მოდის ინდუსტრიაში?! განა შეიძლებოდა მას დიზაინერობის ამბიციაც ჰქონოდა? …თუმცა ბექჰემმა მალევე დაამტკიცა, რომ სამოსის შექმნა მისი უმნიშვნელო ახირება არ იყო და იგი მიზანმიმართულად შრომობდა ფემინისტური იდეოლოგიის გასამყარებლად.

სულ მალე Victoria Beckham-ი იქცა იმ ბრენდად, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ბრიტანული მოდის ისტორიაში.ვიქტორია ბექჰემს ორჯერ გადაეცა წლის საუკეთესო დიზაინერის ჯილდო British Fashion Awards-ზე: პირველად – 2011 წელს, შემდგომ კი – 2014 წელს. 2017 წელს მოხვდა The Business of Fashion’s BoF 500-ის სიაში, სადაც თავს იყრიან ყველაზე გავლენიანი მოდის პროფესიონალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2018 წელს, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ვიქტორია ბექჰემმა Womenswear Designer of the Year-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. დღეისათვის Victoria Beckham-ის კოლექციები რეგულარულადაა წარმოდგენილი ლონდონისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე. მისი სამოსის ხაზი ხშირად ხვდება ისეთ გავლენიან ჟურნალებში, როგორიცაა Vogue და InStyle. Victoria Beckham-ის ერთგული კლიენტების ჩამონათვალში ღირსეულ ადგილს იკავებენ: ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, კიმ კარდაშიანი, სელენა გომესი, კეიტ უინსლეტი, ნაომი კემპბელი, ლედი გაგა, კამერონ დიასი, გვინეთ პელტროუ, მეგან მარკლი და ა. შ. მართალია ვიქტორიას მოდის სახლი თავიდან მხოლოდ ქალების სამოსს ქმნიდა, მაგრამ მალევე დაიწყო გაფართოება. ამჟამად ბრენდი გვთავაზობს არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ ჩანთებს (2013 წლიდან), აქსესუარებს (2014 წლიდან), ფეხსაცმელებს (2016 წლიდან), სუნამოებსა და კოსმეტიკას (2019 წელს გამოუშვა Victoria Beckham Beauty).

მეგობრობა სამეფო ოჯახთან
ბექჰემების მეგობრობა ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან ათწლეულებს ითვლის და მრავალი ნიშანდობლივი მომენტით გამოირჩევა. მათი მეგობრობა მრავალმხრივი და ღრმაა, რაც ერთობლივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაშიც აისახება. ბექჰემები 90-იანი წლებიდან მეგობრობენ პრინც უილიამთან და პრინც ჰარისთან. როგორც თავად აღნიშნავენ, მათ სპორტისადმი სიყვარული აერთიანებთ. ცოლ-ქმარს ახლო ურთიერთობა აქვს მეფე ჩარლზ III-სთანაც. როგორც აღმოჩნდა, მათი დამაკავშირებელი ძაფი ჰობი – მებოსტნეობაა. დევიდ ბექჰემმა 2003 წელს დედოფალ ელიზაბეთ II-ისგან მიიღო OBE-ის (Order of the British Empire) ჯილდო ფეხბურთში შეტანილი წვლილისათვის, ხოლო ვიქტორია ბექჰემს იგივე ჯილდო 2017 წელს გადაეცა ბრიტანული მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის. სამეფო ოჯახთან მჭიდრო ურთიერთობას მოწმობს ისიც, რომ ბეკჰემები მიწვეულნი იყვნენ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილში 2011 წელს, აგრეთვე, დაესწრნენ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შეუღლების ცერემონიას 2018 წელს. Victoria Beckham-ის სტილი დიდი ხანია გასცდა პოდიუმს: მან თავი დაიმკვიდრა ქუჩაში, პოლიტიკაში, საგანმანათლებლო სივრცეში, კინოინდუსტრიაში, სოციალურ მედიაში – აბსოლუტურად ყველგან, სადაც ძლიერი ქალები მოღვაწეობენ, სწორედ ამიტომ ვიქტორია ბექჰემი ემანსიპირებული ქალის სიმბოლოა. იგი ყოველდღიურად შრომობს და საზოგადოებას ახსენებს, რომ „სტილი სიტყვებზე მეტყველია“, ხოლო სამყაროში საჭიროა „ნაკლები ხმაური და მეტი არსი“.

ტექსტი: თათული ღვინიანიძე

