Leia Sfez – პარიზში დაბადებული და გაზრდილი მოდელი, კრეატიული დირექტორი და დიზაინერი – ფრანგული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. 1992 წელს დაბადებული, იგი მოდისა და ესთეტიკის სამყაროში ადრეული ასაკიდან ჩაერთო. სფეზი ცნობილია, როგორც ინტერიერის დიზაინის პლატფორმა The Oblist-ის თანადამფუძნებელი და სააგენტო Next Model Management- ის მოდელი. იგი მოდის სამყაროში პირველ ნაბიჯებს Diapers and Milk-ის, ბავშვებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის ბრენდის შექმნით დაუდგა, რასაც მოჰყვა სწრაფი პოპულარობა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით Instagram-ზე. დღეს Leia არა მხოლოდ საკუთარი სტილის გავლენით არის ცნობილი, არამედ თანამშრომლობს ისეთ მოდის გიგანტებთან, როგორიცაა LVMH, Kering და სხვა ნიშური ბრენდები.


Leia Sfez-ის მოდური ენა განსაკუთრებულად სუფთა და გააზრებულია. მისი სტილი კლასიკური პარიზული მინიმალიზმის განსახიერებაა – მშვიდი ფერების პალიტრა, მარტივი სილუეტები და პრინციპი: ნაკლები ნიშნავს მეტს. სფეზის გარდერობი, ძირითადად, ნეიტრალურ ტონებშია: კრემისფერი, ღია რძისფერი, შავი და რბილი ნაცრისფერი – რაც მის ლუქებს შეუმჩნეველ ელეგანტურობას სძენს. მის ყოველდღიურ არჩევანში ხშირად ჩანს თავისუფალი ჭრილების შარვლები, მკაცრი სტილის პიჯაკები და რბილი ქსოვილები.


Leia-სთვის დეტალები არსებითია: უნაკლო თარგი, დახვეწილი ტექსტურა და ის უხმაურო ფუფუნება, რომელსაც ხმამაღალი ბრენდინგი არასდროს სჭირდება. სფეზის სტილის კიდევ ერთი მნიშნველოვანი ასპექტია აქსესუარები: Hermès-ის კლასიკური ჩანთები, The Row-ს მინიმალისტური ფეხსაცმელები და ხშირად თბილი, ბუნებრივი მასალების გამოყენება, რომლებიც მისი ყოველდღიური სტილის განუყოფელი ნაწილია. Leia Sfez-ის მოდური არჩევანი არა ტრენდებს, არამედ პირად ინტუიციას ეყრდნობა. იგი ქმნის სტილს, რომელიც ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს და სამომავლოდაც უდავოდ დარჩება პარიზული დახვეწილობის თანამედროვე სიმბოლოდ.


ტექსტი: დათა ალეექსეევი
