წითელი საცურაო კოსტიუმი, ქერა თმა, წვრილი წარბი- საინტერესოა, თქვენ ვინ გაგახსენდათ ამ ჩამონათვალზე? დიახ, მართალია- ვინ თუ არა პამელა ანდერსონი, 90-იანი წლების კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც ჯერ კიდევ სერიალ “მაშველებიდან” იქცა სანაპიროს სტილის მთავარ სიმბოლოდ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ პამელა საკუთარი ჩაცმულობით ყოველთვის იდეალურად გამოხატავდა შინაგან თავისუფლებას, და მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მისმა სტილმა არაერთხელ განიცადა ტრანსფორმაცია, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდერსონი ყოველთვის ახერხებდა ყურადღების ცენტრში ყოფნას.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში პამელა ანდერსონის ფოტოები ძალიან ხშირი ინტენსივობით ვრცელდება და აქცენტი ყოველთვის მის ჩაცმულობაზეა მიმართული. აღსანიშნავია, რომ 58 წლის კანადელი მსახიობი ტელეეკრანებზე ახალი ფილმით – The Naked Gun-ით ბრუნდება, რაც მის ხშირ საჯარო გამოჩენას ნამდვილად ხსნის, თუმცა ის, რაც რეალურად ხიბლავს პუბლიკას, მისი სტილის მკვეთრად შესამჩნევი ტრანსფორმაციაა.

თუ 90-იან წლებში პამელას სტილი გამოკვეთილ სილუეტებზე, მკვეთრ ფერებზე და თამამ სამოსზე იყო აგებული, ახლა ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ელეგანტურმა და მინიმალისტურმა სამოსმა ჩაანაცვლა. მსახიობი საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ისეთი მოდის სახლების სამოსით, როგორებიცაა The Row, Proenza Schouler, Oscar de la Renta და სხვა. პროპორციებით თამაში, არასტრუქტურირებული ფორმები, ნეიტრალური ფერთა პალიტრა – სწორედ ამ ყველაფრის კომბინაცია ქმნის სტილს, რომელიც პამელა ანდერსონისთვის თვითგამოხატვის საშუალებად იქცა.

პამელას სტილზე საუბრისას შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ მსახიობი უპირატესობას კომფორტს ანიჭებს – უყვარს თავისუფალი სამოსი, თუმცა მუდმივად ახერხებს, ელეგანტურად გამოიყურებოდეს, როგორც ფილმის პრემიერაზე საღამოს კაბაში, ასევე ქუჩაში – უბრალოდ ჯინსებში და თეთრ პერანგში.

სტილზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი დამოკიდებულება მაკიაჟის მიმართაც. თუ 90-იან და 2000-იან წლებში პამელა მკვეთრ მაკიაჟზე აკეთებდა არჩევანს, დღეს ვხედავთ, რომ მსახიობი საზოგადოებაში ძირითადად უმაკიაჟოდ ჩნდება – და აქ საუბარია არა მხოლოდ ყოველდღიურ სტილზე, არამედ წითელ ხალიჩაზეც. თავად პამელა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს თავისთავად მოხდა და მაკიაჟზე უარის თქმას რაიმე კონკრეტული წინაპირობა არ ჰქონია.

პამელა ანდერსონის სტილის ევოლუცია მხოლოდ ვიზუალური ტრანსფორმაცია სულაც არ არის – ეს რეალურად იმ ქალის ამბავია, რომელმაც დროის სვლასთან ერთად სილამაზე და ყველაზე დიდი კომფორტი ბუნებრივობაში და საკუთარ თავთან ჰარმონიაში იპოვა.


