ყოველ ეპოქას ყავს ვარსკვლავი- ვარსკვლავი, რომელიც იბადება ისტორიის შესაქმნელად და რომლის ბრწყინვალება ყოველთვის თვალშისაცემია. არსებობენ ნიჭიერი ადამიანები ნამდვილად შესანიშნავი ხედვით, თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, რომ “შექმნა ეპოქა” გაცილებით მეტს მოითხოვს. და თუ გკითხავთ, ვინ არის დიზაინერი ვინც ქმნის ახალ ეპოქას, საინტერესოა ვინ გაგახსენდებათ? – ჩვენთვის ეს ასოციაცია პირდაპირ უკავშირდება მეთიუ ბლაზს და მის უნიკალურ ხედვას, რომელიც კოკო შანელისა და კარლ ლაგერფილდის შემდეგ მოდის სახლისთვის ნამდვილად ახალ ეპოქას ქმნის და დაგვერწმუნეთ, რომ ეს ეპოქა მოდის ისტორიის ფურცლებზე ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოდ წასაკითხი პერიოდი იქნება.

დღევანდელ სტატიაში კი მოგიყვებით კოლექციაზე, რომელმაც ცალსახად გვაჩვენა მეთიუს კავშირი წარსულ ისტორიასთან და ხედვა, რომელიც ქმნის მის თანამედროვე ესთეტიკას.

ნიუ-იორკში მანჰეტენის გულში, Bowery-ის მეტროს სადგურზე მეთიუ ბლაზმა Métiers d’Art -ის კოლექცია წარადგინა და ეს იყო ამბავი, რომელიც აერთიანებდა გაბრიელ კოკო შანელის დახვეწილობას, კარლ ლაგერფილდის უნიკალურ ხედვას და მეთიუს თანამედროვე ინტერპრეტაციებს- ბალანსი კლასიკურ სილუეტებსა და სიახლეებს შორის, მოკრძალებული და თამამი ფორმების საოცარი სნთეზსი, ფერებით და ტექსტურებით “თამაში” და ყოველი ლუქის მიღმა დამალული ისტორია.

მეთიუ ბლაზის ახალ კოლექციაში ერთიანდებოდა მრავალფეროვანი სილუეტები : გრძელი, მსუბუქად მოძრავი კაბები, მოკლე და მუხლამდე სიგრძის ქვედაბოლოები, ფართე ჯინსები, კომფორტული სვიტრები, ოვერსაიზ მოსაცმელები და ტანზე მომდგარი პიჯაკები. განსაკუთრებული იყო ფერთა პალიტრაც, რომელიც იდეალურად ერგებოდა ბრენდის დნმ-ს. ნეიტრალური ტონები: თეთრი, კრემისფერი, შოკოლადისფერი, იდეალურად ერწყმოდა თამამ ფერებს, როგორებიცაა: ყვითელი, წითელი, მწვანე, ლურჯი, ვარდისფერი და სხვა. კოლექციაში იდეალურად დაბალანსდა ქსოვილები, პოდიუმზე ვნახეთ: ტყავი, ჯინსი, ქაშმირი, ბუკლე, ხავერდი, შიფონი, აბრეშუმი და, რა თქმა უნდა, ტვიდი, რომლის გარეშეც Chanel-ის ჩვენებები უბრალოდ წარმოუდგენელია.

გარდა კოლექციისა შოუს ყოველი დეტალი სიმბოლურად უკავშირდებოდა მოდის სახლის წარსულს. ასე შეირჩა ნიუ-იორკი- ქალაქი სადაც თავად კოკო შანელი პოულობდა ინსპირაციას. თარიღი- დეკემბერი, რომელიც ტრადიციულად უკავშირდება Métiers d’Art კოლექციებს და მეტროსადგური, სივრცე, რომელშიც ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა რეალური ცხოვრების დინამიკა- დიზაინერს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ბრენდის სამოსი შექმნილია სწორედ იმ დინამიკისთვის, რომლითაც ცხოვრობს ადამიანთა უმეტესობა. ალბათ რთულია, ამ ჩვენების მერე ჩვენი გონების ზედაპირზე არ ამოტივტივდეს კარ ლაგერფილდის დრამატული ხედვა და იუმორის გრძნობა, მისი კოლექციები და ლოკაციები, რომელიც მეთიუსთვის ინსპირაცია გახდა: 2014 წლის სუპერმარკეტი, 2015 წლის სახალხო პროტესტი ან თუნდაც 2016 წლის აეროპორტი.

Métiers d’Art -ის კოლექციის ჩვენება თავიდან-ბოლომდე იყო ბრენდის წარსული ისტორიის გაცოცხლება თანამედროვე ხედვით- ყოველი დეტალი ქმნიდა შოუს, სადაც მაღალი მოდა ერწყმოდა რეალურ ცხოვრებას. სტუმრების ჩაცმულობამ, რეაქციებმა და ემოციებმა ხაზგასმით აჩვენა, რომ Chanel მუდმივად აცოცხლებს წარსულის ელეგანტურობას თანამედროვე ენერგიით და ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ერთდროულად გლამურული, ინოვაციური და მიმზიდველია.


