N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

„ლიტგურუ“ – თათული ღვინიანიძის პოდკასტი

სექტემბერი 16, 2025
A A
„ლიტგურუ“ – თათული ღვინიანიძის პოდკასტი
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

სულ ახლახან ქართულ რეალობაში ახალი შემეცნებითი პროექტი — „ლიტგურუ“ გამოჩნდა. იგი აერთიანებს ცოდნას ლიტერატურაზე, შემოქმედებით წერაზე, საგამომცემლო ინდუსტრიასა და საავტორო უფლებებზე. „ნარგისი“ „ლიტგურუს“ ავტორსა და წამყვან, თათული ღვინიანიძეს გაესაუბრა. თათული თხუთმეტი წელია მოქმედი ჟურნალისტია; ამასთან ერთად, მას ეკუთვნის ორი ბესტსელერი —  „აღიარება ხელისგულზე“ და „ერთი კვირა ერთ ოთახში“ — რომელშიც აქტუალურ, საზოგადოებრივ და პიროვნული განვითარების თემებს შეეხება.

თათული, როგორ გაგიჩნდა „ლიტგურუს“ იდეა და რა იყო მთავარი მოტივაცია პოდკასტის წამოსაწყებად?

მას შემდეგ, რაც „აღიარება ხელისგულზე“ ბესტსელერი გახდა ყოველდღიურად ვიღებდი წერილებს, სადაც მეკითხებოდნენ, როგორ დავწეროთ რომანი დამოუკიდებლად, მენტორის გარეშეო. ასევე, აინტერესებდათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ნაწარმოების შექმნის შემდეგ. საგამომცემლო ინდუსტრია, ხომ, ერთი დიდი ჯაჭვია: მწერალი ასრულებს ტექსტს, ამყარებს ურთიერთობას გამომცემელთან, ფორმდება სპეციალური დოკუმენტაცია, იწყება სარედაქციო სამუშაოები, იბეჭდება წიგნი, ტარდება პიარკამპანია და ეწყობა პრეზენტაციები, შემდეგ ხორციელდება მისი დისტრიბუცია და რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეუძლებელია ამხელა ცოდნა წერილებით ან ერთჯერადი შეხვედრებით გააზიარო; უპირველესად, სწორედ ამიტომ გამიჩნდა „ლიტგურუს“ შექმნის იდეა. 

ბოლო რვა წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ვმოგზაურობ საგანმანათლებლო მიზნებით: ვსტუმრობ სკოლებს, უნივერსიტეტებს, აკადემიებს, ბიბლიოთეკებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს; ზოგჯერ სალონურ შეხვედრებზე მიწვევენ ლიტერატურულ კაფეებსა და ინტელექტუალურ ფორუმებზე, სადაც უამრავ ხალხს ვხვდები და მარტივად იკვეთება საზოგადოების საჭიროებები — მოსახლეობას აწუხებს ინტელექტუალური შიმშილი; ადამიანებს სურთ შეიმეცნონ საკუთარი თავი და გარე სამყარო უკეთესად გაიცნონ; პროფესიული არჩევანი სწორად გააკეთონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან; უბრალოდ, არ იციან საიდან დაიწყონ, სად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, რომელიც მათ ინტერესს დააკმაყოფილებს. ასე რომ… ხალხთან შეხვედრა და გასაუბრება, ასევე, ინსპირაციის წყაროდ იქცა ჩემთვის. ვიცოდი, რომ ფაქტობრივად, გარდაუვალი იყო „ლიტგურუს“ შექმნა.

რა ხდის „ლიტგურუს“ გამორჩეულს ქართულ მედია-სივრცეში?

ლიტერატურა ფართო განზომილებაა, მას შესაძლოა სამართლებრივი თვალსაზრისითაც შეხედო, ბიზნესის კუთხითაც განიხილო და პროფესიულადაც. იმ წიგნებისა და სერიების მიღმა, რომლებიც ესოდენ გვიყვარს, პროფესიონალები დგანან: იურისტები, მწერლები, რედაქტორები, კორექტორები, მენტორები, ილუსტრატორები, დიზაინერები, მთარგმნელები, მარკეტერები, გაყიდვების სპეციალისტები, პროექტის მენეჯერები, კონსულტანტები და ა.შ. „ლიტგურუს“, უპირველესად, გამოარჩევს  ის, რომ ლიტერატურის ყველა განზომილებას წარმოაჩენს და, პირობითად, მხოლოდ წიგნების განხილვით არ შემოიფარგლება. ამასთან ერთად, „ლიტგურუ“ თანაბარი დოზითაა პრაქტიკულიცა და თეორიულიც; რადგან თეორია, პრაქტიკის გარეშე, უძლურია; ისევე როგორც, პრაქტიკა შესაძლოა სუსტი აღმოჩნდეს, თუკი თეორიულ ცოდნას, აკადემიურ ბაზას არ ეყრდნობა.

„ლიტგურუ“ გამორჩეულია, რადგან ემსახურება:

  1. განათლების ხელშეწყობას — ვეხმარებით მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერი ასაკის მსმენელს/მაყურებელს, ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარების გამომუშავება-გაძლიერებაში.
  2. თვითშეცნობის წახალისებას — ჩვენი გათვლებით, აუდიტორიას ფსიქოლოგიური უნარ-ჩვევები უნდა გამოუმუშავდეს, რადგან „ლიტგურუ“ მას ინტროსპექტივისა და რეფლექსიისკენ უბიძგებს.
  3. პროფესიულ მხარდაჭერას — ვაზიარებთ ცოდნას, რომელიც მნიშვნელოვანია საგამომცემლო ინდუსტრიაში მოღვაწე სპეციალისტებისთვის ან მათთვის, ვინც აღნიშნული სფეროსთვის ცხოვრების დაკავშირებას გეგმავს.
  4. სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას — საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების შესახებ; დღესდღეობით, აღნიშნულ თემებზე ცოდნა განსაკუთრებით მწირია.  

ცნობილი მწერალი ხარ. ეს ფაქტი რამდენად აისახა პოდკასტზე?

ჩემი, როგორც წარმატებული მწერლის, სტატუსი „ლიტგურუს“ უპირობო ნდობის კომპონენტს მატებს. როდესაც მსმენელმა იცის, რომ წამყვანი — მიუხედავად ქართული წიგნის ბაზრის სიმცირისა — წელიწადში 20 000-ზე მეტ წიგნს ყიდის, მისგან რჩევების მისაღებადაც მზადაა. აცნობიერებს, რომ საქმე აქვს პრაქტიკოსთან, რომელმაც ეს გზა თავად გაიარა, ახლა კი მსმენელებსა და მაყურებლებს მიუძღვება ხელშესახები შედეგებისკენ. ამასთან ერთად, ჩემი რვაწლიანი მოღვაწეობა ლიტერატურულ სფეროში შესაბამის სანაცნობო წრეს უზრუნველყოფს. ამ კონტაქტების წყალობით, მსმენელი ხშირად იღებს ექსკლუზიურ ინფორმაციას ლიტერატურის სფეროში მოღვაწე გავლენიანი ფიგურებისგან.

რა თემებს ეხები „ლიტგურუში“? როგორ ახერხებ მათ მორგებას როგორც ახალგაზრდებზე, ასევე მოწიფულ, ზრდასრულ აუდიტორიაზე?

ჩვენი თემატიკები საკმაოდ მრავალფეროვანი და ერთმანეთთან დაკავშირებულია. მაგალითად, პირველი ეპიზოდი „ლიტერატურის ბუნება, სახე და ხასიათი“ ეძღვნებოდა ლიტერატურის კონცეფციის ახლებურ აღმოჩენას. მეორე ეპიზოდი – „ლიტერატურული ჟანრის არსი, ფუნქცია და ანატომია“ კი ჟანრობრივ თვითგამორკვევას დაეთმო, რათა მსმენელს საყვარელი ჟანრი ეპოვა, როგორც წერისთვის, ასევე საკითხავად. მესამე ეპიზოდში – „ენობრივი ქსოვილი პროზასა და პოეზიაში“ – კი ლოგიკურად გადავედით საკუთარი სამწერლობო სტილის ძიებაზე. ვცდილობთ, ჩვენ მიერ გაზიარებული ცოდნა ამომწურავი იყოს, თუმცა ამასთანავე, მარტივად და სახალისოდ წარმოჩენილი; ვფიქრობ, წარმატებით ვართმევთ თავს ამ ამოცანას მე და „ლიტგურუს“ სტუმრები.

რას აძლევს პოტენციურ პარტნიორებს „ლიტგურუსთან“ თანამშრომლობა?

„ლიტგურუ“ ბიზნესს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდეს ინტელექტუალურ, მოაზროვნე და შემოქმედებით აუდიტორიას. ეს არ არის მხოლოდ რეკლამა, ეს არის ბრენდის ღირებულებების გზავნილი. პარტნიორები, რომლებიც „ლიტგურუს“ უჭერენ მხარს, აჩვენებენ, რომ მათთვის განათლება, კულტურა და ინტელექტუალური განვითარება მნიშვნელოვანია. ასეთი თანამშრომლობა ბრენდს საშუალებას აძლევს, დაიმკვიდროს თავი, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანმა და მოაზროვნე ბიზნესმა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას. ჩვეულებრივ, ბრენდები, რომლებიც მხარს უჭერენ განათლებას, კულტურასა და ლიტერატურას, იძენენ პოზიტიურ იმიჯს. ეს არის საზოგადოებასთან დიალოგი. მსგავსი თანამშრომლობა კომპანიებს ეხმარება გაიმყარონ პოზიცია ბაზარზე და შექმნან გრძელვადიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან.

რა ფორმითაა შესაძლებელი პარტნიორობა „ლიტგურუსთან“?

„ლიტგურუსთან“ პარტნიორობა ამ ეტაპზე მოიცავს სპონსორობის 4 პაკეტს: გენერალური სპონსორი, სერიის პარტნიორი, სერიის მხარდამჭერი და „ლიტგურუს“ მეგობარი. არსებობს დამატებითი სარეკლამო შესაძლებლობებიც – მაგალითად, პროდუქტის გამოყენება ეპიზოდში, სტუმრებისთვის განკუთვნილ საჩუქრების პაკეტში მოხვედრა ან Giveaway კამპანიებში ჩართვა, რითაც ბრენდი უფრო ორგანულად უკავშირდება აუდიტორიას.

და ბოლოს, საინტერესოა, რა ტიპის უკუკავშირი მოდის მსმენელებისგან?

უკუკავშირი დადებითია, ყველაზე მეტ კომპლიმენტს მის მაღალ ხარისხთან დაკავშირებით ვიღებთ. მსმენელები ხშირად მწერენ, რომ პოდკასტი საინტერესო და დინამიკურია, კითხვები სწორად და სიღრმისეულადაა დასმული, რაც სტუმრებს საკითხის ფართოდ გაშლის საშუალებას აძლევს. წერილებში ხშირად აღნიშნავენ, რომ „ლიტგურუ“ მათ ეხმარება უკვე ნაცნობი მწერლებისა და ნაწარმოებების ხელახლა აღმოჩენაში. გარდა ამისა, პოდკასტი უბიძგებს მათ წერისკენ, პროფესიული არჩევანის გადახედვისკენ; ახალი საქმიანობის წამოწყებისა და სწავლისკენ. წერილების კითხვისას ვხვდები, რომ ჩემ მიერ გაწეული კოლოსალური შრომა, ფუჭი არ არის.

Tags: თათული ღვინიანიძელიტგურუპოდკასტი
წინა პოსტი

როგორ მოვუაროთ აკნეს, ცხიმიან კანს და გამონაყარს?- ეფექტური რუტინა CAUDALIE- სგან

შემდეგი პოსტი

BELUGA – საკულტო არაყი მონტენეგროდან 

შემდეგი პოსტი
BELUGA – საკულტო არაყი მონტენეგროდან 

BELUGA - საკულტო არაყი მონტენეგროდან 

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN