თუ თბილისის მეტროთი გიმგზავრიათ ან საქართველოს რეგიონებში გიმოგზაურიათ, უსათუოდ შენიშნავდით გიგანტურ, ფერად მოზაიკებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შენობების ფასადებზე და ზოგჯერ გაჩერებებზეც კი — ეს საბჭოთა ეპოქის არტეფაქტებია, რომლებიც არცთუ ისე შორეული წარსულის შესახებ ისტორიას გვიამბობს…
ცოტა რამ მოზაიკის შესახებ
მოზაიკა, როგორც ხელოვნების ფორმა, ანტიკურ საბერძნეთში ჩამოყალიბდა. ის იყო სიმდიდრის, სტატუსისა და კულტურული იდენტობის სიმბოლო. მხატვრები განსხვავებული ფერის ბუნებრივ ქვებს აგროვებდნენ და, მათი მეშვეობით, გეომეტრიულ გამოსახულებებს ქმნიდნენ. საბერძნეთში მოზაიკას ძირითადად იატაკის გასაფორმებლად იყენებდნენ.
მართალია რომაელებმა მოზაიკის ხელოვნება ბერძნებისგან გადაიღეს, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი როლი ორნამენტული კომპოზიციების დახვეწასა და განვითარებაში. რომაელები მოზაიკას იატაკის გარდა, კედლების, ჭერისა და შადრევნების გასაფორმებლადაც იყენებდნენ — ისინი ასახავდა ნადირობას, საყოფაცხოვრებო სცენებს ან მითოლოგიურ სიუჟეტებს. მოზაიკები რომაულ ვილებსა და სასახლეებში სიმდიდრისა და სოციალური სტატუსის მთავარი მაჩვენებელი იყო.
„ხელოვნება ხალხისთვის“
საბჭოთა კავშირში მოზაიკამ განსხვავებული დანიშნულება შეიძინა — ის ძლიერ იდეოლოგიურ იარაღად იქცა. პარტიამ მოზაიკას ერთგვარი სტატუსი მიანიჭა —„ხელოვნება ხალხისთვის“… რაც იმას ნიშნავდა, რომ მოზაიკა ყველგან უნდა ყოფილიყო: სამრეწველო შენობების ფასადებზე, ტრანსპორტის გამშვებ პუნქტებში, სასწავლებლებსა და კულტურის სახლებში. ეს მონუმენტები ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში ნერგავდა სოციალისტური რეალიზმის, შრომისა და ერთობის იდეალებს. მათი გიგანტური ზომა თუ თვალშისაცემი ვიზუალი მიზნად ისახავდა მოქალაქეებზე შთაბეჭდილების მოხდენას და სახელმწიფო საქმეებში მათი ჩართულობის გაზრდას.
„მონუმენტურობის ეფექტი“ — რა იმალება მოზაიკის მიღმა?
ჩნდება ლოგიკური კითხვა — რატომ ხასიათდებოდა საბჭოური მოზაიკა დიდი გაბარიტებით? პასუხი მარტივია: იგი იმდენად დიდებული უნდა ყოფილიყო, რომ მხილველს თავი პატარად და უმნიშვნელოდ ეგრძნო; განსაკუთრებით იმ მასშტაბური იდეის წინაშე, რომლის გავრცელებასაც საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა.
ჩვეულებრივ, უზარმაზარი ობიექტები ადამიანს შფოთვასა და მოწიწებას აღუძრავს. ამ ფენომენს ფსიქოლოგიაში „მონუმენტურობის ეფექტს“ უწოდებენ — როდესაც ხილულის მასშტაბი აღემატება ადამიანის სხეულის ზომას, ის ქმნის ძალაუფლების ილუზიას. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს ქცევის ცვლილებას: ინდივიდი უფრო მორჩილი ხდება, მიჰყვება წესებს და, რაც მთავარია, თავს კოლექტივზე დამოკიდებულად აღიქვამს — სწორედ ეს სურდა საბჭოურ ხელისუფლებასაც. მოზაიკები უნდა ყოფილიყო იმდენად დიდი, რომ მნახველში გაფერმკრთალებულიყო ინდივიდუალიზმი — ე.წ. პირადი „მე“ — და არსებობის საზრისი საერთო, კოლექტიურ მიზანში ეპოვა.
მოზაიკის ისტორია საქართველოში
საქართველოში ხელოვნების ამ ფორმამ პიკს მიაღწია 1960-70-იანი წლებში, როცა ცენზურა (შედარებით) შესუსტდა და არტისტებს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მიეცათ. ქართველმა მოზაიკის ოსტატებმა შექმნეს უნიკალური „კედლის ისტორია“, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სტილითა და ხარისხით. მოზაიკოსებს შორის აღსანიშნავია ზურაბ წერეთელი, გია რიაზანოვი, ნიკოლოზ წერეთელი და ნიკოლოზ იგნატოვი.
მათი ნამუშევრები აერთიანებს რუსული ავანგარდის, კონსტრუქტივიზმისა და ქართული მხატვრობის ტრადიციებს, რაც ამ ნამუშევრებს სხვა საბჭოური მოზაიკებისგან შესამჩნევად გამოარჩევს. ქართველი მოზაიკოსებისთვის დამახასიათებელი იყო სითბო და ფერადოვნება; ეს კი „საბჭოთა არტის“ სტანდარტულ ვიზუალსა და თანმდევ სიცივეს არღვევდა.
ქართული მოზაიკები გამოირჩევა ნატურალისტური დეტალებითაც. მასში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის სცენები მუშათა კლასის ცხოვრებიდან, სსრკ-ს სპორტული ტრიუმფები და ქართული ისტორიის მოტივები. ამ ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით ჩვენს ეროვნულ სიმბოლიკას: ვაზის რტოს, ყურძნის მტევანს, მზეს და მთვარეს. ზოგიერთ ნამუშევარში ნახავთ ისტორიულ ფიგურებსაც — მაგალითად, ვახტანგ გორგასალსა და დავით აღმაშენებელს, რომლებიც კომუნისტური იდეალის წინამორბედებად არიან წარმოჩენილი. ჩამოთვლილი ელემენტები მოზაიკებს ეროვნულ თვითმყოფადობას ანიჭებდა. ისინი უნდა მივიჩნიოთ ქართველი მხატვრების თამამ მცდელობად, შეენარჩუნებინათ საკუთარი კულტურული იდენტობა, იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად.
როდესაც საქართველოში შემორჩენილ საბჭოურ მოზაიკას განვიხილავთ, უნდა შევეხოთ მეტრო „დიდუბის“ სადგურზე არსებულ მოზაიკას მრეწველობისა და მშენებლობის თემატიკაზე; აგრეთვე, ყურადღებას იქცევს სპორტის სასახლის მოზაიკა ქუთაისში — მასზე გამოსახულია ქართველი სპორტსმენები, როგორც საბჭოთა წარმატების სიმბოლო. ტურისტებში დიდ ინტერესს აღძრავს ზურაბ წერეთლის ადრეული მოზაიკური ნამუშევრები, მაგალითად, „საღამო ზღვის პირას“ ბათუმში — იგი აერთიანებს მონუმენტურობას და ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელ რომანტიკულ ატმოსფეროს.
საბჭოთა მოზაიკების ადგილი და როლი თანამედროვე საქართველოში
მოზაიკათა ნაწილმა დროს გაუძლო და შემონახულია, მაგრამ ისეთ მოზაიკებსაც შეხვდებით, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლასა და სპეციალისტის ხელის შევლებას საჭიროებს, რათა შენარჩუნდეს მათი ესთეტიკური იერსახე და ისტორიული მნიშვნელობა. სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი მოზაიკებიც მრავლადაა, რომლებიც განადგურების პირასაა და შესაძლოა, ვერც კი აღდგეს.
უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში მოზაიკების ირგვლივ ორაზროვნება ტრიალებს: ზოგისთვის ისინი მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდის სიმბოლოა, სხვებისთვის კი — ისტორიული არტეფაქტები, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმში ჩამოყალიბებულ ხელოვნებაზე მოგვითხრობს.
მოზაიკების დაცვისა და შემონახვისთვის, ბოლო წლებში გაჩნდა ურბანისტთა მოძრაობები, რომლებიც მათ კატალოგიზაციასა და ფოტოდოკუმენტირებას ისახავს მიზნად. ადგილობრივი ურბანისტები ქმნიან ონლაინ რუკებს, სადაც თითოეული მოზაიკის მდებარეობაა მონიშნული და მის მდგომარეობაზე ობიექტურ ინფორმაციას იძლევა.
თაობა Z-ისთვის მოზაიკები ხშირად მხოლოდ ვიზუალური ნიმუშებია, რომლებსაც ფოტოს უღებენ და „ინსტაგრამზე“ ტვირთავენ — მათი აქცენტი ესთეტიკასა და სილამაზეზეა გადატანილი და ისტორიული მნიშვნელობა, თითქოს უკანა პლანზე იწევს. მიუხეადად ამისა, ეს ტენდენცია ხელს უწყობს მოზაიკების პოპულარიზაციასა და დაცვას. ამიტომ თუკი საქართველოში მოგზაურობისას, სადმე საბჭოურ მოზაიკას გადააწყდებით, აუცილებლად გადაიღეთ ფოტო და გაუზიარეთ თქვენს აუდიტორიას.
აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ საბჭოთა მოზაიკები საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია… ვინაიდან, ისინი მოგვითხრობენ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ხედავდა სახელმწიფო თავის მოქალაქეს, არამედ იმაზეც, როგორ ახერხებდნენ არტისტები ამ იდეოლოგიური ჩარჩოების დარღვევას და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.
ტექსტი: თათული ღვინიანიძე