პლასტიკური ქირურგია მხოლოდ გარეგნული ტრანფორმაციით არ გამოიხატება- ეს არის სფერო, რომელშიც მედიცინა იდელურ სინთეზს ქმნის ადამიანის თავდაჯერებულობასა და ემოციურ წონასწორობასთან, ამიტომ აირჩიო პლასტიკური ქირურგის პროფრსია ნიშნავს, თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებდე როგორც თეორიის საფუძვლიან ცოდნას, ასევე ტექნიკურ ოსტატობას, ესთეტიკას და ადამიანის ფსიქოლოგიას. ექიმების ოჯახში გაზრდილი ნინო ქურიძისთვის მედიცინა ბავშვობიდან ნაცნობი სფერო იყო, თუმცა პლასტიკური ქირურგია მისთვის მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ ყოფილა. ნინოს პროფესიული ფილოსოფია მარტივი, თუმცა ფუნდამენტურია: ნამდვილი ცვლილება მაშინ არის წარმატებული, როცა ის ბუნებრივია და ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან სრულ ჰარმონიას ქმნის. N13-თან ინტერვიუში ნინო ქურიძე გვესაუბრა საკუთარ პროფესიულ ფილოსოფიაზე, პასუხისმგებლობებზე და ბალანსზე, რომელიც წარმატებულ კარიერასა და შინაგან თავისუფლებას შორის არსებობს.

1. ნინო, როგორ იწყება თქვენი დილა? გაქვთ თუ არა რაიმე ტრადიციული რიტუალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ენერგიასა და კარგ განწყობას გინარჩუნებთ?
ჩემი დილა მაქსიმალური ორგანიზებულობით იწყება. წლებია, ადრე გაღვიძება ჩვევად მექცა, რადგან ჩემი პროფესია დღის პირველივე წუთებიდან სრულ კონცენტრაციასა და შინაგან სიმშვიდეს მოითხოვს. აქტიურ ფაზაში გადასვლამდე რამდენიმე წუთიანი სიმყუდროვე ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ეს მეხმარება ენერგიის სწორად გადანაწილებასა და ფოკუსის შენარჩუნებაში. ზოგადად, ჩემი კარგი განწყობის მთავარი წყარო იმის გაცნობიერებაა, რომ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ, გულწრფელად მიყვარს.
2. საინტერესოა, როგორ შეარჩიეთ პროფესია და რატომ მაინცდამაინც პლასტიკური ქირურგია? როდის მიხვდით, რომ ეს ის საქმეა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გააკეთებდით?
ეს არჩევანი ჩემთვის სრულიად ბუნებრივი იყო. ექიმების ოჯახში გავიზარდე და სამედიცინო გარემო ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. განსაკუთრებული გავლენა მამამ, ანზორ ქურიძემ მოახდინა – სწორედ მისთან ერთად შევეხე პირველად ამ სამყაროს. ძალიან პატარა ასაკიდან მივხვდი, რომ მედიცინა, და კონკრეტულად პლასტიკური ქირურგია, იყო ის სფერო, სადაც საკუთარ თავს ყველაზე ორგანულად ვხედავდი. ჩემთვის ეს პროფესია არასოდეს ყოფილა მხოლოდ ტექნიკური ოსტატობა, ეს არის მედიცინის, ესთეტიკის, უდიდესი პასუხისმგებლობისა და ადამიანის ფსიქოლოგიის საინტერესო სინთეზი.

3. თუ ვისაუბრებთ კომპრომისებზე რას გვეტყვით – მოგიწიათ თუ არა დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ დღეს ასეთი წარმატებული კარიერა გქონოდათ?
რა თქმა უნდა. ნებისმიერი მყარი კარიერის მიღმა დგას მკაცრი დისციპლინა, უარი ბევრ რამეზე და თავდაუზოგავი შრომა. წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრება მხოლოდ სწავლის, ოპერაციების, სტაჟირებებისა და პროფესიული განვითარების გარშემო ბრუნავდა. ბევრი რამის დათმობა მომიწია, თუმცა ამას „მსხვერპლს“ არ დავარქმევდი – ეს იყო გაცნობიერებული არჩევანი. როცა ზუსტად იცი, რა არის შენი მიზანი, დროებითი დათმობები არა დანაკარგად, არამედ გზის ნაწილად აღიქმება. ხშირად ამბობენ, რომ ქალები „ყველაფერს ვერ მოასწრებენ“, რასაც არ ვეთანხმები. შეიძლება ყველაფერი ერთდროულად არ გამოვიდეს, მაგრამ შრომით, სიჯიუტით და საკუთარი ტემპით აუცილებლად შექმნი იმ ცხოვრებას, რომელიც გსურს.
4. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი, როგორც პლასტიკური ქირურგის, ყველაზე ძლიერი მხარე, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?
ვფიქრობ, ჩემი მთავარი უპირატესობა პაციენტისადმი კომპლექსური მიდგომაა. ჩემთვის ოპერაცია არ არის მხოლოდ ვიზუალური ცვლილება – ეს არის მუშაობა ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან, თვითშეფასებასა და მოლოდინებთან. მნიშვნელოვანია, ქირურგმა ტექნიკურ სიზუსტესთან ერთად ზუსტად იგრძნოს, რამდენად გაცნობიერებულია პაციენტის არჩევანი. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბუნებრივი და ჰარმონიული შედეგი – ისეთი, რომელიც ადამიანს უხდება და არა ისეთი, რომელიც „ყვირის“ ჩარევაზე.

5. გახსოვთ თუ არა მომენტი, როდესაც პირველად აღმოჩნდით ოპერაციაზე, როგორც მთავარი ექიმი – რას გრძნობდით იმ მომენტში და რამდენად განსხვავდება ის დღევანდელი შეგრძნებებისგან?
ასეთი მომენტები მეხსიერებიდან არასოდეს ქრება. პირველი პასუხისმგებლობა, როგორც წამყვანი ექიმის, სავსე იყო მღელვარებით, უდიდესი კონცენტრაციითა და საკუთარი თავის მიმართ მაღალი მოთხოვნებით. მაშინ ეს განცდები ბევრად უფრო მძაფრი იყო, რადგან პირველად აცნობიერებ, რომ ყოველი გადაწყვეტილება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. დღესაც იმავე პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თუმცა გამოცდილებამ მღელვარება სიმშვიდითა და თავდაჯერებით ჩაანაცვლა. რაც უცვლელი დარჩა, ეს არის პატივისცემა ადამიანის სხეულისა და პაციენტის ნდობის მიმართ.
6. როგორ ფიქრობთ, ქალ ქირურგს უფრო მეტად ესმის სხვა ქალების და იმის, თუ ზუსტად რისი შეცვლა უნდათ მათ საკუთარ გარეგნობაში?
ხშირ შემთხვევაში – დიახ. ვფიქრობ, ქალ ქირურგს ბუნებრივად ესმის ის ემოციური და ფსიქოლოგიური ნიუანსები, რომლებიც ქალებს საკუთარ გარეგნობასთან მიმართებით აქვთ. ქალის ურთიერთობა საკუთარ სხეულთან ძალიან კომპლექსურია – მასზე გავლენას ახდენს სოციალური წნეხი, სტანდარტები და პირადი გამოცდილება. თუმცა, საბოლოოდ, გადამწყვეტი არა სქესი, არამედ ემპათია, პროფესიონალიზმი და მოსმენის უნარია. კარგ ქირურგს უნდა შეეძლოს იმის ამოკითხვაც, რასაც პაციენტი ხშირად სიტყვებით ვერ გამოხატავს. მე არ ვცდილობ ადამიანის „შეცვლას“, ჩემი მიზანია დავეხმარო მას საკუთარ თავს უფრო ჯანსაღად და თავდაჯერებულად შეხედოს.

7. რამდენად რთულია უარის თქმა მაშინ, როცა პაციენტი დაჟინებით ითხოვს ცვლილებას?
ეს ჩემი პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ნაწილია. როცა პაციენტის სურვილი შინაგანი კომპლექსებიდან, გარე ზეწოლიდან ან არარეალური მოლოდინებიდან მოდის, ქირურგიული ჩარევა სწორი გამოსავალი არ არის, როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს ტექნიკური შესრულება. პლასტიკური ქირურგია არ უნდა იყოს ინსტრუმენტი თვითშეფასების პრობლემების დროებით შესანიღბად – ასეთ დროს ცვლილება მიზეზს ვერ აქრობს. ექიმის როლი არ არის სურვილების ავტომატური შესრულება, ეს არის გადაწყვეტილება ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ფსიქოლოგიის ზღვარზე. ზოგჯერ ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი სწორედ უარია.
8. მოგვიყევით როგორი დედაა ნინო ქურიძე? როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც შვილმა დედისგან უნდა ისწავლოს?
დედობა ჩემი ცხოვრების უძვირფასესი ნაწილია, თუმცა ის არ არის ჩემი პიროვნების ერთადერთი განმსაზღვრელი. არ ვეთანხმები ნარატივს, რომ ქალი მხოლოდ დედის როლით რეალიზდება – ქალი ბევრად უფრო მრავალმხრივია და სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის მას საინტერესოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შვილმა ჩემში დაინახოს ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი გზა, ღირებულებები და შინაგანი თავისუფლება. მინდა, ჩემგან არა მხოლოდ სითბო, არამედ ემპათია, დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლოს. ბავშვი მაგალითით სწავლობს – იმით, თუ როგორ ცხოვრობ და როგორ რჩები საკუთარი პრინციპების ერთგული.

9. ბევრს საუბრობენ კარიერისა და ოჯახის ბალანსზე. თქვენი გამოცდილებით, რეალურია თუ არა ეს ბალანსი, თუ ყოველთვის გიწევთ რაღაცის დათმობა?
ბალანსი არ არის რაღაც უცვლელი და სტატიკური, ეს არის მუდმივი ადაპტაცია და რესურსების გადანაწილება. ჩემს შემთხვევაში უდიდეს როლს თამაშობს პარტნიორობა. მყავს მეუღლე, რომელსაც ჩემი და ჩემი პროფესიის ისევე სჯერა, როგორც მე და რეალულარ ეს მხარდაჭერა ორმხრივია. ჩვენ ერთმანეთის წარმატებაში კი არ ვკარგავთ საკუთარ თავს, პირიქით – ვაძლიერებთ. სწორი პარტნიორობის პირობებში არჩევანი კარიერასა და ოჯახს შორის უბრალოდ აღარ არსებობს.
10. როცა ყოველდღიური რუტინისგან იღლებით, სად პოულობთ სიმშვიდეს? გაქვთ თუ არა ჰობი, რომელიც შორს არის მედიცინისგან?
სიმშვიდეს ყოველდღიურ, უბრალო მომენტებში ვპოულობ. საღამოები ოჯახთან ერთად ჩემთვის ნამდვილი თერაპიაა – ეს არის სივრცე, სადაც პროფესიულ რეჟიმს სრულად ვთიშავ. ასევე ძალიან მმუხტავს მეგობრებთან გატარებული დრო. რაც შეეხება აქტიურ დასვენებას, ეს არის თხილამურებზე სრიალი. ეს სპორტი ბავშვობიდან მიყვარს, ის თავისუფლებისა და ენერგიის საოცარ განცდას მანიჭებს, ამიტომ ზამთარში ვცდილობ, ხშირად ვიარო მთაში.

11. თქვენი აზრით, რა არის ქალის ყველაზე დიდი ძალა და თქვენ სად პოულობთ ამ ძალას მაშინ, როცა გრძნობთ, რომ ძალიან დაიღალეთ?
ვფიქრობ, ქალების უდიდესი ძალა მათ მენტალურ სიმტკიცეშია. პირადად ჩემთვის, ეს ძალა თავისუფლებასთან ასოცირდება – იყო ის, ვინც ხარ და დარჩე ამაში მართალი. იყო საკუთარი საქმის, პაციენტებისა და პრინციპების ერთგული მაშინაც კი, როცა ეს რთულია. როცა ვიღლები, სწორედ ამაში ვპოულობ რესურსს: ვიხსენებ, რატომ დავიწყე ეს გზა და ვრწმუნდები, რომ ამ პროცესში საკუთარი თავი არ დამიკარგავს.
12. რას ეტყოდით ქალებს, რომლებსაც უნდათ რაღაცის შეცვლა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ჯერ კიდევ აშინებთ?
ვეტყოდი, რომ შიში ცვლილების ბუნებრივი თანამგზავრია. ხშირად ის იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ნაბიჯი შენთვის მართლაც მნიშვნელოვანია. მთავარია, სურვილი შენგან მოდოდეს და არა გარე მოლოდინებიდან. არ არის აუცილებელი, წინასწარ ყველაფერი იდეალურად გქონდეს გათვლილი – ზოგჯერ უბრალოდ საკუთარ თავს უნდა ენდო და პირველი ნაბიჯი გადადგა. ყველაზე დიდი რისკი არა ცვლილებაში, არამედ იქ დარჩენაშია, სადაც ბედნიერი აღარ ხარ.

13. შეუძლია თუ არა ბედნიერ ქალს სამყაროს შეცვლა?
ქალს არ სჭირდება იყოს აუცილებლად „ბედნიერი“ სამყაროზე გავლენის მოსახდენად. მას შეუძლია შეცვალოს სამყარო მაშინაც, როცა იბრძვის, ეჭვობს ან გზას ეძებს. თუმცა, როცა ქალი საკუთარ თავთან ჰარმონიაშია, მისი ძალა ბევრად უფრო მასშტაბური ხდება. ეს დიდი ცვლილება კი ძალიან მარტივი წერტილიდან იწყება: როცა წყვეტ სხვების მოლოდინების შესაბამისად ცხოვრებას და იწყებ იმას, რისიც თავად გწამს.
ინტერვიუ: მარიამ ბექაური

