N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

გულებისა და კინემატოგრაფიის დედოფალი

ოქტომბერი 22, 2025
A A
გულებისა და კინემატოგრაფიის დედოფალი
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

აი, უკვე ოცდათხუთმეტი წელია, რაც ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი კანის კინოფესტივალს სტუმრობს ხოლმე. წელს მას ფრანგული რივიერის – ლაჟვარდოვანი სანაპიროს მონახულების საგანგებო მიზეზი ჰქონდა: მსახიობს „ოქროს პალმის რტო“ გადაეცა ღირსშესანიშნავი კარიერისთვის. ბოლო 50 წლის განმავლობაში მერილ სტრიპმა არაერთი ჯილდო მიიღო. ჯერ მარტო ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე – „ოსკარებზე“ 21-ჯერ იყო წარდგენილი და აქედან სამჯერ გახდა ამ პრესტიჟული ქანდაკების მფლობელი. ამერიკული კინოინსტიტუტის მთელი ისტორიის მანძილზე მერილს ამ მაჩვენებლით მხოლოდ კეტრინ ჰეპბერნი უსწრებს, რომელმაც ოთხი „ოსკარის“ მოპოვება შეძლო. ვინაიდან ჰეპბერნი გარდაცვლილია, მერილ სტრიპს აქვს შესაძლებლობა, მოხსნას თავისი თანამემამულის ეს რეკორდი. სხვა ჯილდოებში კი მას ბადალი არ ჰყავს: 33-ჯერ იყო წარდგენილი „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაზე და რვაჯერ გახდა მისი მფლობელი. ასევე, მიიღო სესილ დე მილის საპატიო პრემია. მსახიობს საერთაშორისო კინოფესტივალებზეც ურიცხვი ჯილდო აქვს მიღებული.


მერილ, წლევანდელ კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ გადმოგეცათ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?

იმ ადამიანების გვერდით დგომა, რომლებსაც წინა წლებში ხვდათ წილად ასეთი პატივი, ჩემში ერთდროულად სიამაყის, თავმდაბლობის განცდას და უაღრესად დიდ აღტაცებას იწვევს. ფესტივალის გახსნის დროს განსხვავებული გრძნობები დამეუფლა: სიხარული და სევდა, ნოსტალგია და მადლიერება. ძნელი იყო ცრემლებისგან თავის შეკავება, როდესაც ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ჩემი მონაწილეობით ფილმების საფუძველზე შექმნილ ვიდეოკლიპს ვუყურებდი და საკუთარი თავი ვიხილე დიდ ეკრანზე იმ დროში, როცა ვიყავი 20 წლის, 30 წლის, 40 წლის, 50 წლის და შემდგომ პერიოდში, დღევანდელ დღემდე. კიდევ უფრო მეტად შემძრა ცრემლებმა დარბაზში მყოფი დამსწრე საზოგადოების თვალებში. ჯილდოები ნამდვილად დიდი პატივია და მადლობელი ვარ იმისათვის, რომ რასაც ვაკეთებ, ასეთ მაღალ დონეზე აფასებენ, თუმცა ვიტყოდი, რომ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ საქმის კეთება, რომელიც მიყვარს, ისევე როგორც მაყურებლებისთვის სიამოვნების მინიჭება.


როგორ ახერხებთ, დარჩეთ ასეთ მრავალმხრივ მსახიობად?

ყოველთვის ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის შემექმნა გამოწვევები და დამეძლია ისინი, რაც იმას ნიშნავს, რომ მსახიობი არ ასრულებდეს ერთსა და იმავე როლებს. მარგარეტ ტეტჩერის როლის შესრულება ფილმში „რკინის ლედი“ და ალქაჯის განსახიერება ფილმში „ტყეში“ ის ორი განსხვავებული გამოცდილებაა, რომელიც დამეხმარა გავზრდილიყავი, როგორც მსახიობი. თითქმის ნახევარი საუკუნეა, ეკრანზე ვარ, ამიტომ მთელი მონდომებით მიწევს მუშაობა, რომ მოსაწყენი არ ვიყო არც საკუთარი თავისა და არც სხვებისთვის.


დიდ ეკრანზე თქვენთვის გარდამტეხი მომენტი იყო 1978 წელს ფილმში „ირმებზე მონადირე“ შესრულებული როლი. იქ თქვენ რობერტ დე ნიროს გაუწიეთ პარტნიორობა.

ეს ჩემი ცხოვრების არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. ამ როლისთვის ტექსტი თავად დავწერე. მსურდა, რომ ჩემი პერსონაჟისთვის მეტი სიღრმე მიმეცა. მაშინ ქალი მსახიობისთვის ადვილი არ იყო საკუთარი პოზიციის ხმამაღლა გამოხატვა, რომ აღარაფერი ვთქვა სცენარში ცვლილებების შეტანის მოთხოვნაზე. დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენო ჩემი, როგორც მსახიობის, დამოუკიდებლობა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქალური ისტორიები, მთელი თავისი სინამდვილითა და რთული მხარეებით, იმაზე არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ისტორიები მამაკაცთა საგმირო საქმეების შესახებ. ჩვენს დროში ქალები კინემატოგრაფის ყურადღების ცენტრში არიან, ბევრი ფილმი მათ ეძღვნება. სულ სხვანაირი მდგომარეობა იყო ჩემი კარიერის დასაწყისში. იმ დროს ყველაფერი მამაკაცი სუპერვარსკვლავების გარშემო ტრიალებდა, ქალები კი მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდნენ. ფილმებს კაცები ქმნიდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ კინემატოგრაფი მათ სურვილებს, მისწრაფებებსა და თვალთახედვას გამოხატავდა. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ მამაკაცების თანასწორი ვიყავი, როცა მირანდა პრისტლის როლი შევასრულე ფილმში „ეშმაკს აცვია პრადა“. ჩემთვის კინემატოგრაფია ყველა სხვა დანარჩენზე უფრო ჯადოსნური რამაა. მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ცხოვრება კინოს მომაჯადოებელ სამყაროში გავატარე და წვლილი შევიტანე მის შექმნაში.


ბევრ მაყურებელს ახსოვხართ ლეგენდარული ფილმიდან „აფრიკიდან“, რომელმაც 11 „ოსკარი“ მოიპოვა, მათ შორის, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. რომელია თქვენი საყვარელი ეპიზოდები ამ ფილმში?

ეს იყო ლამაზი კინოეპოპეა და სიდნეი პოლაკი სწორედ იმ ტიპის რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებთან მუშაობაზეც თანხმობას ვამბობდი. ის თავისი საქმის ჩინებული ოსტატია, რომელმაც ზუსტად იცის, რის მიღწევა სურს და საით მიდის. სწორედ ამან გახადა ჩვენი ერთობლივი პროექტი წარმატებული. მახსოვს, როცა აფრიკაში ვმოგზაურობდით, გაგვაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა სადმე გადავყროდით საშიშ გარეულ ცხოველებს, მაგალითად, ჰიპოპოტამებს. აფრიკაში ლომებიც დაეხეტებიან, მაგრამ ადგილობრივი კანონები ფილმებში გადაღებისთვის მათ გამოყენებას კრძალავს, ამიტომ ლომები კალიფორნიიდან ჩამოიყვანეს. მათი მონაწილეობით ეპიზოდის გადაღებისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ლომი დაბმული იქნებოდა, თუმცა ბოლო დუბლის გადაღებისას მან მოულოდნელად დაიხსნა თავი და ჩემთან მეტისმეტად ახლოს მოვიდა, რამაც შოკი მომგვარა – რეჟისორსაც სწორედ ასეთი რეაქციის აღბეჭდვა სურდა.


რამდენიმე ძალიან პირქუშ როლთან მოგიწიათ გამკლავება, როგორიცაა, მაგალითად, პერსონაჟი ფილმიდან „ძახილი წყვდიადში“. როგორ ემზადებოდით ასეთი რთული კინოგმირის განსახიერებისთვის?

იმ დედის როლის შესრულება, რომელსაც პატარა ბავშვის მკვლელობაში ედება ბრალი, მოითხოვდა პერსონაჟის ფსიქიკის სიღრმეში შესვლას და მისი მდგომარეობის ნიუანსების გაგებას. როგორც წესი, ასეთი როლების შესრულებისას ჩემი მიზანია ჩემი კინოგმირების პიროვნების ყველაზე მოწყვლადი მხარეების შესწავლა, როდესაც ისინი ყველაზე მეტად დაუცველად გრძნობენ თავს. ეს მომენტები მათ შემდგომ ქმედებებს ამართლებს, მეხმარება, ჩავწვდე ფილმის გმირების მოტივაციებს და ადამიანური ნატურის კომპლექსურ წახნაგებს, რომლებიც „კარგ“ და „ცუდ“ კატეგორიებად მარტივ დაყოფას ეჭვქვეშ აყენებს. ამ როლმა 1989 წელს საუკეთესო მსახიობის ჯილდო მომიტანა კანის კინოფესტივალზე, თუმცა გადაღებების დასრულებიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ემოციურად გამოფიტულ მდგომარეობაში დამტოვა. შემდგომში კომედიურ ფილმებში თამაში ვარჩიე მათი ისეთი შემაშინებელი სათაურების მიუხედავად, როგორიცაა „ბარათები უფსკრულის ნაპირიდან“ და „მას სიკვდილი უხდება“. ასეთი ცვლილება სპეციალურად ჩავიფიქრე. კომედიას, ზუსტად ისევე, როგორც დრამას, თავისი გამოწვევები აქვს, მაგრამ კომედიური ჟანრის ფილმებმა საშუალება მომცა, დამემსხვრია სტერეოტიპები ქალების შესახებ და მეჩვენებინა, რომ ქალებს შეუძლიათ იყვნენ ისეთივე იუმორით სავსენი, ექსცენტრიკულები და მრავალმხრივები, როგორც კაცები.


რით მიგიზიდათ ისეთმა კინოპერსონაჟებმა, როგორებიც არიან მირანდა ფილმიდან „ეშმაკს აცვია პრადა“ და დონა ფილმიდან „მამა მია!“?

მოდის სფეროში წამყვანი ჟურნალის რედაქტორის როლის თამაში საოცრად სასიამოვნო პროცესი იყო, თუმცა მგონია, რომ ყველა ვერ ჩასწვდა მირანდა პრისტლის ხასიათს. ბევრმა ის უხეშ ქალად აღიქვა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანებს ხშირად არ მოსწონთ თავდაჯერებული ქალები. მხოლოდ ცოტა ადამიანს ესმის მისი ნამდვილი მდგომარეობა, უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც მირანდას აქვს აღებული და ის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები, რომლებიც მან უნდა მიიღოს. საკმარისია ერთი არასწორი მოქმედება და, ყველაფერი თავდაყირა დადგება. საქმე მხოლოდ მის სამუშაოსა და სტატუსს როდი ეხება; მისმა შეცდომებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბევრი სხვა ადამიანის საარსებო საშუალებებზე. ადვილია, მსგავს ქალს ცივი და გულქვა უწოდო, მაგრამ მისი როლის ნიუანსებსა და იმ გამოწვევებში წვდომა, რომელთა წინაშეც იგი აღმოჩნდება ხოლმე, გაცილებით უფრო ძნელია. რაც შეეხება დონას ფილმიდან „მამა მია!“ – ჩემი წინა კინოროლებიდან… ჩემი წინა კინოროლებიდან გამომდინარე, განცვიფრებული დავრჩი, როდესაც ეს როლი შემომთავაზეს. მე ის ჩემს ბედისწერად აღვიქვი, რადგან გულის სიღრმეში, ჩემთვის ჩუმად ყოველთვის ვატარებდი ოცნებას, მომღერალი გავმხდარიყავი, იმის მიუხედავად, რომ ამ გზას პროფესიულ დონეზე არასოდეს გავყოლივარ. ამ როლმა საშუალება მომცა მსმენელის წინაშე შემესრულებინა სიმღერა“The Winner Takes It All”, რაც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ვერ ვიჯერებდი: ფულს მიხდიდნენ იმაში, რომ ასე ვიხალისე! თითოეული როლი მსახიობს ამბის მოყოლისა და მაყურებლებთან კავშირის დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. როდესაც როლს ვირჩევ, ჩემი მოტივაცია გამომდინარეობს სურვილიდან, ღრმად შევიდე ადამიანური ისტორიის მრავალმხრივ წახნაგებში.


თქვენს ინტერვიუებში ხშირად ახსენებთ ხოლმე, რომ ახალგაზრდობაში საკუთარი გარეგნობის გამო წუხდით…

სკოლაში სწავლის დროს თავს ხშირად ვგრძნობდი დაუცველად და უშნოდ. ეს გრძნობა მოზრდილობის ასაკშიც გაგრძელდა, კერძოდ, პროდიუსერ დინო დე ლაურენტისთან ურთიერთობის დროს. მის ვაჟს სურდა, მეთამაშა მამამისის ფილმში „კინგ კონგი“. პროდიუსერის მანჰეტენის ოფისში შეხვედრისას დინომ შემომხედა და იტალიურად ჩაილაპარაკა: „რა უშნო ვინმეა!“ ეგონა, რომ მის ნათქვამს ვერ გავიგებდი. მისსავე ენაზე ვუპასუხე – ვწუხდი, რომ იმედები გავუცრუე, განსაკუთრებით გოლიათი მაიმუნის შესახებ ფილმში როლთან დაკავშირებით. ეს მომენტი ჩემთვის ამოსავალი წერტილი აღმოჩნდა – გავაცნობიერე, რომ შემეძლო და ყოველთვის დავიცავდი საკუთარ პოზიციას. ახალგაზრდობის წლებში ცხვირის გამო დიდი კომპლექსი მქონდა, მაგრამ მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ პლასტიკურ ოპერაციას არასოდეს გავიკეთებდი. ამის ნაცვლად ისეთ რეჟისორებთან ვამჯობინე თანამშრომლობა, რომლებიც თავიანთ ფილმებში ჩემ გადასაღებად საუკეთესო რაკურსებს არჩევდნენ.


გარეგნობასთან დაკავშირებული შფოთვების მიუხედავად, რამ გადაგაწყვეტინათ კინომსახიობის კარიერის არჩევა?

სკოლის ბოლო კლასებში თეატრალურ წარმოდგენებში თამაშმა მნიშვნელოვნად აამაღლა ჩემი თავდაჯერებულობა. როდესაც იელის დრამის სკოლაში გავაგრძელე სწავლა, იურიდიულ ფაკულტეტზე გადასვლას ვფიქრობდი. საბედნიეროდ, დროში ვერ ჩავეტიე, ვერ მოვასწარი განცხადების შეტანა იურიდიულ ფაკულტეტზე და კვლავ სამსახიობო სკოლაში დავრჩი. აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ წამადგა, რადგან მალე მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან რობერტ დე ნირო და ჯონ კაზალე.


ერთხელ აღიარეთ, რომ ადამიანებისთვის შიში ყველაზე დიდი მოტივატორია. რის გეშინიათ?

შიში ადამიანს ეხმარება თავდაცვის ინსტინქტის გამომუშავებაში, თუმცა მსახიობი ყოველთვის ფიქრობს იმ მომენტზე, როდესაც მისი კარიერა დასრულდება. ასეთი მომენტები შეიძლება დადგეს, როცა ახალგაზრდა ხარ და შენს მაგიდაზე ერთიმეორეზე უარესი კინოსცენარებია დახვავებული. კითხულობ ამ სცენარებს და ფიქრობ: „ნუთუ მართლა მომიწევს ამის თამაში მხოლოდ იმის გამო, რომ სხვას არაფერს შემომთავაზებენ?!“ ხშირად ჰგონიათ, რომ ჩემი თაობის მსახიობი ქალი ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე მაშინ დგება, როცა ორმოც წელს გადასცდება. ამ ასაკის შემდეგ ჩემი თაობის ქალები გროტესკული მოხუცების როლებისთვის არიან განწირულნი. ორმოცის რომ გავხდი, მეც შემიპყრო სევდამ. მახსოვს, იმ პერიოდში შემომთავაზეს მონაწილეობა სამ პროექტში, ალქაჯის როლი უნდა შემესრულებინა. გავიფიქრე: „მორჩა! ყველაფერი დასრულდა!“ მაგრამ არა, ყველაფერი ჯერ ისევ გრძელდება…


ტექსტი: ტატიანა როზენშტეინი

Tags: ეშმაკი ატარებს პრადასმამა მიამერილ სტრიპი
წინა პოსტი

როცა სტილი სიტყვებზე მეტყველია

შემდეგი პოსტი

პარიზული მინიმალიზმის თანამედროვე ხატი

შემდეგი პოსტი
პარიზული მინიმალიზმის თანამედროვე ხატი

პარიზული მინიმალიზმის თანამედროვე ხატი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN