აღდგომა მხოლოდ კალენდარული თარიღი არ არის – ის შინაგანი ჰარმონიის, მიტევების და იმ დიდი სიყვარულის დღესასწაულია, რომელიც უამრავ ადამიანს აერთიანებს. ამ დღესასწაულს ყველა თავისებური ემოციითა და ტრადიციით ხვდება – N13-თან ინტერვიუში სწორედ ამ სამზადისზე გვიყვება ლიკა კვარაცხელია, ვისთვისაც აღდგომა სულიერი სიმშვიდისა და ოჯახური ერთობის სიმბოლოა. ლიკა გვიზიარებს ბავშვობისდროინდელ მოგონებებს, იდეალური პასკის “საიდუმლოებებს” და იმ პატარა რიტუალებს, რომლებიც დღესასწაულს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

1. ლიკა, აღდგომა მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. რა ემოციასთან ასოცირდება თქვენთვის ეს პერიოდი და როგორია თქვენი „სააღდგომო სამზადისი“?
აღდგომა ჩემთვის ძალიან ღრმა, სულიერი მნიშვნელობის დღესასწაულია. ეს ის პერიოდია, რომელიც კიდევ უფრო ცხადად გვანახებს, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული და მიტევება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ დროს საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, გავცეთ სითბო და ვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია როგორც პიროვნულად, ისე სამყაროსთან მიმართებაში. გარდა იმ ტრადიციული საოჯახო რიტუალებისა, როგორიცაა კვერცხის შეღებვა თუ პასკის ცხობა, ეს დღესასწაული ჩემთვის სინათლესთან, დიდ სიყვარულთან და რაღაც ახლის დასაწყისთან ასოცირდება.
2. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული ოჯახური ტრადიცია, რომელიც წლებია არ იცვლება?
ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ტრადიციები განსაკუთრებულად გამორჩეულია. ამ დღესასწაულს ყოველთვის ტრადიციულად, ეკლესიაში ვხვდებით. ვცდილობთ, დავიცვათ მარხვა, დავესწროთ წირვა-ლოცვებს, უშუალოდ აღდგომის დღეს კი, რა თქმა უნდა, ოჯახურ გარემოში ვატარებთ.

3. თქვენი კულინარიული ნიჭი ყველასთვის ცნობილია. როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ეს გატაცება და რამდენად დიდ ადგილს იკავებს კულინარია თქვენს ყოველდღიურობაში?
კულინარიის მიმართ ინტერესი საკმაოდ ადრე 12-13 წლის ასაკში გამიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პროფესია არ არის და სფერო პროფესიონალურ დონეზე არასოდეს შემისწავლია, სამზარეულო ჩემთვის ის სივრცეა, სადაც ვისვენებ. იქ ყოფნისას არაფერზე ვფიქრობ და პირიქით, დადებითი ემოციებით ვივსები. ამიტომ, საღამოს დაღლილიც რომ დავბრუნდე სახლში, რაიმეს მომზადება ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა. კულინარია ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტიურად მაშინ შემოვიდა, როდესაც დედა გავხდი. იმ დროს ინფორმაციაზე წვდომა მარტივი არ იყო, ამიტომ ბევრი წიგნის კითხვა და ძიება მიწევდა, რომ ბავშვებისთვის სწორი, საჭირო და სასარგებლო რაციონი შემექმნა.

4. აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს ხაჭოს პასკაზე. გაგვიმხილეთ რა არის მისი მთავარი საიდუმლო – ინგრედიენტების სიზუსტე, მომზადების ტექნიკა თუ ის ემოცია, რომლითაც მას ქმნით?
სხვათა შორის, პასკებს ბავშვობიდან ვაცხობ. ბებიაჩემი მასწავლიდა, რომ ცომის მომზადებისას სახლში სრული სიჩუმე და სიმყუდროვე უნდა ყოფილიყო. წლების შემდეგ თავადაც აღმოვაჩინე, რომ ეს მართლაც ასეა. ყოველთვის ვცდილობდი, ცომი ასეთ მშვიდ გარემოში მომემზადებინა. შარშან ისე მოხდა, რომ სახლში ბევრი სტუმარი გვყავდა, ჟრიამულში მომიწია მუშაობა და ცომი ჩამივარდა – სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რამდენად მართალი იყო ბებიას რჩევა. პასკის ცომი ძალიან სათუთია. მაღალი ხარისხის პროდუქტებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მომზადების სწორი ტექნიკა. ხაჭოს პასკასაც, ისევე როგორც კულიჩს, საუკეთესო ინგრედიენტებით ვამზადებ: ვიყენებ სოფლის კვერცხს და მაღალპროცენტიან ხაჭოს, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით გამორჩეულია.

5. დაგვეთანხმებით, რომ სუფრის გაწყობისას, გემოსთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ვიზუალური მხარეც. თქვენი აზრით, რა ქმნის სააღდგომო სუფრაზე მთავარ აქცენტს და როგორ უნდა მოვრთოთ მაგიდა ისე, რომ ესთეტიკა არ დავარღვიოთ?
ვფიქრობ, სააღდგომო სუფრისთვის იდეალური აქცენტი ჯეჯილია. როგორც წესი, მას დღესასწაულამდე 10 დღით ადრე ვთესავ, რომ ზომიერად წამოიზარდოს და ნორჩი, მწვანე ფერი შეინარჩუნოს. დეკორაციისთვის ასევე შეუცვლელია ცოცხალი ყვავილები – ამ პერიოდში იასამანი ყვავის, რომელიც ფერად კვერცხებს ძალიან უხდება. ასევე ძალიან მიყვარს ტიტები. მგონია, რომ აღდგომა ისეთი დღესასწაულია, რომელსაც ყველაზე მეტად სისადავე ამშვენებს.
6. მიმდინარე წელს რა ფერებსა და დეტალებს ანიჭებთ უპირატესობას სააღდგომო დეკორაციების შერჩევისას?
ძირითადი ფერები უცვლელია – ყოველთვის მწვანე დომინირებს. რაც შეეხება ჭურჭელს, ვცდილობ, ისეთი ტონები შევარჩიო, როგორიცაა ბაცი ყვითელი (კარაქისფერი) ან ღია მწვანე. ტრადიციულ წითელ კვერცხებთან ერთად, ხშირად ვიყენებ სხვადასხვა ფერად ტონალობებსაც.

7. თქვენ უკვე ბებია ხართ და შვილიშვილებთან დიდ დროს ატარებთ. რამდენად შეიცვალა თქვენი სადღესასწაულო ემოციები მათთან ერთად და რამდენად აქტიურად გეხმარებიან შვილები და შვილიშვილები სამზადისში?
როცა სახლში პატარები არიან, ყველაფერი ბევრად უფრო მხიარული ხდება. ჩვენც ვცდილობთ, მათთან ერთად ბავშვებივით მოვიქცეთ. მათ ნებისმიერ დღესასწაულზე განსაკუთრებული ჟრიამული შემოაქვთ. მაგალითად, რამდენი კვერცხიც არ უნდა შევღებო, ყველა იმავე დღეს ტყდება და ეს ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. ისინი კვერცხების შეღებვაშიც აქტიურად მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო ხშირად თავდაყირა დგება, ეს მაინც საოცრად სახალისოა.

8. ლიკა, თქვენი კულინარიული ბლოგიდან ჩანს, რომ დეტალების მიმართ პერფექციონისტი ხართ. სააღდგომო სუფრის შექმნის პროცესში არსებობს თუ არა ისეთი დეტალები, რომლის გარეშეც თვლით, რომ დღესასწაული არ შედგება?
აღდგომა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სუფრა და მორთულობა. სულ რომ სახლში არ ვიყო, ეს დღესასწაული ჩემთვის მაინც შედგება და ამას ვერაფერი შეცვლის. ეს იმდენად დიდი მოვლენაა, რომ დამატებითი სიმბოლოები გადამწყვეტ მნიშვნელობას აღარ ატარებს. მთავარია, აღდგომის ღამე ტაძარში გავატარო, კიდევ ერთხელ ჩავიხედო საკუთარ თავში და ვეცადო, გავხდე ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია სიყვარულის გაცემა და ცხოვრებაში სიკეთის კვალის დატოვება. ამ დღეს დიდი რწმენით, სიკეთითა და იმ მადლიერებით ვხვდები, მჯერა რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე, სიცოცხლრე კი – სიკვდილზე. ამ განცდას სუფრაზე ვერანაირი დეტალის დანაკლისი ვერ შეცვლის.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური
