ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საკუთარი სტილის შექმნა მარტივი არ არის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი თვალს გადევნებს და შენგან შთაგონებას იღებს. სალომე ღვინიაშვილისთვის სტილი მხოლოდ სამოსის შერჩევა არ არის – ეს მისი ხასიათის, განწყობისა და ცხოვრების ტემპის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. სალომეს ყოველდღიურ ლუქებში კომფორტი მთავარ როლს თამაშობს, თუმცა პარალელურად მუდმივად ახერხებს ელეგანტურობის შენარჩუნებას.
N13-თან ინტერვიუში სალომე ღვინიაშვილმა ისაუბრა საკუთარ სტილზე, საყვარელ დიზაინერებსა თუ მოდის სახლებზე, სეზონის ტენდენციებზე და გავიზიარა ხედვა, რომელიც ქმნის მის ელეგანტურ და დასამახსოვრებელ იდენტობას.

1. რა განსაზღვრავს სალომე ღვინიაშვილის ყოველდღიურ სტილს – კომფორტი, ელეგანტურობა თუ ექსპერიმენტები?
გრაფიკიდან გამომდინარე ჩემ სტილს, რა თქმა უნდა, გასაზღვრავს კომფორტი. ყოველდღიურად ძალიან ბევრი საქმის კეთება მიწევს, ამიტომ მნიშვნელოვანია თავს კომფორტულად ვგრძნობდე. სიმართლე გითხრათ დილით ბევრს არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა ჩავიცვა- მარტივად, ზედმეტი ფიქრის გარეშე ვარჩევ სამოსს და ეს ძირითადად შარვალი და სპორტული ფეხსაცმელია.
2. როგორი განწყობით ხვდები შემოდგომა-ზამთრის სეზონს და რამდენად აისახება ეს შენს სტილზე?
ვფიქრობ, რომ ყველა სეზონს განსხვავებული ხიბლი აქვს, ამიტომ ყველა მათგანი თავისებურად მიყვარს, თუმცა შემოდგომა-ზამთარს განსაკუთრებულად ველოდები და ძალიან დადებითი განწყობით ვეგეებები. შემოდგომა ჩემთვის ერთდროულად ასოცირდება ელეგანტურ და კომფორტულ სტილთან- განსაკუთრებულად მიყვარს პიჯაკების და პლაშების სეზონი. რაც შეეხება ზამთარს- ჩემთვის ზამთარი პირდაპირ კავშირშია თხილამურებით სრიალთან, მე კი ვგიჟდები სრიალზე- ამიტომ შემოდგომის მსგავსად, ზამთარზეც ძალიან ვარ შეყვარებული.


3. როგორ ფერთა პალიტრას ანიჭებ უპირატესობას შემოდგომა-ზამთრის სეზონზე და არსებობს თუ არა ფერი, რომელსაც არასდროს იცვამ?
შემოდგომა-ზამთრის სეზონს ყველაზე მეტად ნეიტრალური ტონები უხდება- ბეჟი, შოკოლადისფერი, თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ ყავისფერი არასდროს მიყვარდა, მიმდინარე სეზონზე მის სხვადასხვა ტონალობას აქტიურად ვიყენებ, ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ გარშემო ძალიან ხშირად მხვდება ყავისფერი სამოსი, თუმცა აღნიშნული ფერთა პალიტრის გარდა, არასდროს ვღალატობ შავს- შავი ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ფერია. ვფიქრობ რომ არ არსებობს ფერი, რომელსაც არ ჩავიცვამ- მაგრამ ფერადი სამოსი ჩემს გარდერობში ნაკლებადაა.
4. არსებობს თუ არა ისეთი აქსესუარი, რომელიც შეგიძლია საკუთარი სტილის სიმბოლოდ აღიქვა და ნებისმიერ სეზონზე თან ატარაო?
ასეთი აქსესუარი ჩემთვის მზის სათვალეა, რომელიც ნებისმიერ სეზონზე თან მაქვს. გარდა იმისა, რომ მას თავისი ფუნქციური დანიშნულება აქვს, ვთვლი, რომ ეს აქსესუარი ლუქს დასრულებულ ეფექტს აძლევს. სათვალეს ძირითადად იმის მიხედვით ვარჩევ, თუ რა მაცვია, მაგრამ ზოგჯერ შემიძლია ერთი კონკრეტული მოდელი ამოვირჩიო და გარკვეული პერიოდი სულ ის ვატარო- მაგალითად თუ ჩემს სოციალურ ქსელებს თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ რომ ბოლო პერიოდში პრადას მზის სათვალეს ძალიან ხშირად ვატარებდი.


5. საინტერესოა, საიდან მოდის თქვენი ყოველდღიური სტილის შთაგონება? არსებობს თუ არა ადამიანი, რომელიც თქვენთვის ინსპირაციის წყაროა?
ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტული პიროვნება არსებობს ვისგანაც ინსპირაციას ვიღებ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ინსტაგრამზე მივყვები ადამიანებს, ვისი სტილიც მომწონს- ყოველდღიურობაში სოციალურ ქსელში შესაძლოა შემხვდეს ბლოგერი მომეწონოს მისი ლუქი და მისმგავსებულად ჩავიცვა, ასე რომ ინსპირაცია ნებისმიერი ადამიანისგან შემიძლია ავიღო, მაგრამ ერთის დასახელება ნამდვილად არ შემიძლია. როგორც უკვე გითხარით ყოველდღიურად დიდ დროს არ ვუთმობ იმაზე ფიქრს თუ რა უნდა მეცვას და ეს ძირითადად ჩემს ხასიათზეა დამოკიდებული.
6. რომელი დიზაინერი და მოდის სახლია სალომე ღვინიაშვილის სტილთან ყველაზე ახლოს და რატომ?
ჩემს ხასიათთან ყველაზე ახლოს ენტონი ვაკარელო და Saint Laurent-ია. ოვერსაიზ სილუეტები, დიდი მხრები, ვიწრო ქვედაბოლოები და შარვლები ვფიქრობ, რომ ჩემს სტილს ზუსტად ერგება. YSL-ის ყველა კოლექცია მომწონს და მიმაჩნია, რომ ამ ბრენდის სამოსი ნამდვილად იდეალურად გამოხატავს ჩემს ხასიათს.


7. არსებობს თუ არა ისეთი კოლექცია, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად შთაგაგონა – სილუეტებით, ფერებით თუ მთლიანად განწყობით?
რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სეზონის, Saint Laurent-ის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაც განსაკუთრებულად მომეწონა, თუმცა მინდა გამოვარჩიო მეთიუ ბლაზის სადებიუტო კოლექცია Chanel-ის მოდის სახლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეულმა რაოდენობამ აღნიშნა, რომ ეს კოლექცია ნაკლებად იყო CHANEL-ი, მეთიუმ ჩემზე ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება.
8. მიმდინარე სეზონზე უამრავი სადებიუტო კოლექცია ვიხილეთ, საინტერესოა ვინ იყო შენთვის ყველაზე საინტერესო დიზაინერი 2025 წლის შემოდგომის მოდის კვირეულებზე?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემთვის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მეთიუ ბლაზის სადებიუტო კოლექცია Chanel-ისთვის. ასევე ძალიან მომეწონა პიერპაოლო პიჩოლის ნამუშევარი Balenciaga-სთვის – ვფიქრობ, ის შესანიშნავად მოერგო ბრენდის იდენტობას. დაბოლოს, დემნას Gucci- მიუხედავად იმისა, რომ სამოსში არ ყოფილა ბრენდისთვის გარდამტეხი ცვლილებები და სიახლეები, ვფიქრობ რომ კოლექცია მთელი თავისი წარდგენით განსაკუთრებული იყო. მიმაჩნია, რომ დემნა ყოველთვის დასამახსოვრებელ “სიტყვას” ამბობს მოდის ინდუსტრიაში.


9. რა არის თქვენთვის კარგი სტილის საიდუმლო- არსებობს წესები თუ ეს უფრო ინტუიციაზეა დამოკიდებული?
მიმაჩნია, რომ წესები არ არსებობს- სტილის შეგრძნება ან გაქვს ან არა. თუ სტილის შეგრძნება გაქვს, ძალიან მარტივად შეგიძლია მოიხდინო და დაასთაილინგო სამოსი. ასევე მნიშვნელოვანია იცოდე რა გიხდება, პირადად მე უპირატესობას კლასიკას ვანიჭებ, რა თქმა უნდა ტრენდებსაც თვალს ვადევნებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ელეგანტურობის საიდუმლო კლასიკაშია.
10. დაბოლოს, რას ურჩევდით ქალბატონებს, რომლებიც ახლა ქმნიან საკუთარი სტილის იდენტობას?
მიყვნენ საკუთარ ინტუიციას და არ უყურონ სხვებს- სტილის იდენტობას შინაგანი კომფორტი განსაზღვრავს, მნიშვნელოვანია სამოსში თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობდე, რადგან შინაგანი მდგომარეობა სტილზე აუცილებლად აისახება, თუ თავდაჯერებული ხართ ყველა სიტუაციაში იბრწყინებთ.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური

