20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მოდელმა, მომღერალმა და ტელეწამყვანმა- თიკა ფაცაციამ, მსმენელს ახალი სიმღერა – “ბედნიერების მჯერა” წარუდგინა. მუსიკალური პრემიერა 7 ივლისს “კავეა სითი მოლი”-ში შედგა და სულ მალე დაიმსახურა მსმენელთა სიყვარული. N13-თან ინტერვიუში თიკა ფაცაციამ ისაუბრა სიმღერის შექმნის პროცესზე- იდეის გაჩენიდან პრემიერამდე.
20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, რა გახდა სცენაზე დაბრუნების მთავარი მოტივატორი?
სინამდვილეში, სცენიდან არასდროს გავსულვარ. სიმღერა ჩემს ცხოვრებაში სულ არის, არჩილ სოლოღაშვილთან ერთად მაქვს ბენდიც – “კაი ტიპები”. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ფრთები ორკესტრმა შეასხა და საბოლოოდ ვიდეოკლიპით დაგვირგვინდა, ნამდვილად დიდი პაუზის შემდეგ “დაიბადა” და ჩემი მთავარი მოტივატორი რუსა მორჩილაძის სიმღერა გახდა, რომელიც სპეციალურად ჩემთვის შეიქმნა.
როგორც ვიცით, ახალ სიმღერაზე წელიწადზე მეტი იმუშავეთ- რა ეტაპები გაიარა კომპოზიციამ დასრულებამდე?
სიმღერა სინამდვილეში ორი წლის არის, თუმცა მას შემდეგ რაც მე ჩავერთე პროცესში, დაახლოებით წელიწადნახევარი ვიმუშავეთ. დასაწყისშივე მივხვდით, რომ ეს არ ყოფილა უბრალო კომპოზიცია და მას შესაბამისი შეფუთვა სჭირდებოდა. თავდაპირველად ტექსტზე ვიმუშავეთ, რათა აუდიტორიამდე სათქმელი სწორად მისულიყო. ამის შემდეგ კომპოზიციამ ნიკოლოზ რაჭველთან გადაინაცვლა, სადაც ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრთან ერთად უფრო პომპეზური და აკადემიური გახდა. შემდეგი ეტაპზე მუსიკალურ სტუდიაში გადავინაცვლეთ, დაბოლოს, ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ ვის უნდა შეექმნა ვიდეოკლიპი, რომელიც ამ კომპოზიციას მოუხდებოდა.
სიმღერის ტექსტზე მუშაობაში თავად მიიღეთ მონაწილეობა- შეიძლება ითქვას, რომ ეს ტექსტი თიკა ფაცაციას პიროვნულ სამყაროს ასახავს?
დიახ, ტექსტი ჩემი ინსპირაციით შეიქმნა. მინდოდა მას ზუსტად გადმოეცა ის სათქმელი, რაც ამ 20-წლიანმა პაუზამ დააგროვა, გამოჩენილიყო ის, თუ როგორ გაიზარდა პატარა თიკა, როგორ აიხდინა ბავშვობის ოცნებები, დაინახა ყოველდღიურობა, რომელშიც ვცხოვრობთ და, რა თქმა უნდა, ეჩვენებინა, რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
აქვს თუ არა სიმბოლური დატვირთვა ზღვას და კონკრეტულ ლოკაციას ვიდეოკლიპში? რატომ აირჩიეთ სწორედ ეს გარემო?
ზღვის იდეა არჩილ სოლოღაშვილს ეკუთვნის, რადგან ჩანაწერის მოსმენისას მან თქვა, რომ ხედავდა ზღვას. ალბათ სიმღერის პირველივე მოსმენისას იგრძნობა, რომ ის მასშტაბი, სივრცე და ძალა, რომელსაც ბუნება გვაძლევს, იდეალურად ეხმიანება ჩვენს მუსიკალურ კომპოზიციას.
ვიდეოკლიპში ვხედავთ პატარა გოგონას, რომელიც თითქოს თქვენი ბავშვობის ანალოგიაა- ვისი იდეა იყო ამ ვიზუალური ხაზის დამატება და რას ნიშნავს ის თქვენთვის?
პატარა გოგონა- ნინა ფაცაცია, ჩემი ძმიშვილია და ვიდეოკლიპში მისი გამოჩენა ჩემი ბავშვობის ინსცენირებაა. ეს იდეა მე მეკუთვნის, რადგან როგორც ტექსტით, ასევე ვიზუალურად მინდოდა მეჩვენებინა გზა, რომლითაც ჩემი ბავშვობა უკვე გაზრდილ თიკასთან მივიდა. ნინას გამოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა, მასთან ბევრი სიმბოლური მსგავსება მაქვს. გარდა იმისა, რომ ერთ გვარს ვატარებთ, ნინა ჩემსავით შრომისმოყვარე და მიზანდასახულია. სწორედ ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს, ოჯახური სადილის დროს მივხვდი, რომ ნინა ჩემი ვიდეოკლიპის მთავარი კვანძი და გასაღები უნდა ყოფილიყო.
რა იგრძენით იმ მომენტში, როდესაც სიმღერის დასრულებული ვერსია პირველად მოისმინეთ?
ყველაზე დიდი ემოცია და ბედნიერება ვიგრძენი სიმღერის ჩაწერის პროცესში. როდესაც სტუდიაში მივედი და ამდენი მუსიკოსი თუ ინსტრუმენტალისტი დამხვდა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ეს იყო საოცარი ემოცია. უამრავი ნიჭიერი ადამიანი გაერთიანდა კომპოზიციაზე სამუშაოდ. აქამდე მსგავსი არაფერი მიგრძვნია, რადგან ჩემს თვალწინ იქმნებოდა ხელოვნება, რომელიც საბოლოოდ ჩემი ხდებოდა. ორკესტრის ხილვა ჩემი კომპოზიციის ფარგლებში ერთდროულად ამაღელვებელი და ბედნიერების მომტანი იყო.
როგორ ჩაიარა პრემიერის საღამომ? გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინები?
პრემიერის საღამომ ფანტასტიურად ჩაიარა. რეალურად, სულაც არ ვიცოდი, როგორი მოლოდინი უნდა მქონოდა, რადგან პროექტის შექმნის პროცესში იმდენად ჩართული ვიყავი, რომ რეალობის აღქმა დავკარგე. როდესაც პრემიერაზე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მოვიწვიე, არ ვიცოდი რა პროდუქტი მეჭირა ხელში და როგორ აღიქვამდა მას აუდიტორია. თუმცა, იმდენად ზუსტად მივიდა ჩემი სათქმელი სტუმრებამდე, რომ ყველა ერთნაირად გაბედნიერდა. შევნიშნე ბედნიერებისა და ნოსტალგიის ცრემლები, ვიგრძენი უდიდესი გულშემატკივრობა. პრემიერაზე ყველანაირი პოზიტიური გზავნილი უკან დამიბრუნდა და ეს იყო ყველაზე გულწრფელი, ყველაზე რეალური საღამო.
საინტერესოა, როგორი გამოხმაურება ჰქონდა სიმღერას აუდიტორიის მხრიდან? იყო თუ არა განსაკუთრებული კომენტარი ან ემოცია, რომელიც დაგამახსოვრდათ?
როგორც პრემიერის საღამოს სტუმრების მხრიდან, ასევე სოციალურ ქსელებში გამოხმაურება ერთნაირად დადებითი და გულწრფელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი სათქმელი ზუსტად მივიტანე აუდიტორიამდე.
რა გინდოდათ, რომ ეთქვა ამ სიმღერას თქვენი სახელით? რა არის ის მთავარი განცდა ან გზავნილი, რომელიც მსმენელმა უნდა მიიღოს მისი მოსმენის დროს?
ჩემი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ბედნიერი მომენტები თავადვე შევქმნათ, მთავარია ამის გვჯეროდეს. მე ბავშვობიდან მაქვს ეს ყველაფერი, სწორედ ამიტომ ყოველდღიურობაში შემიძლია ბედნიერი მომენტების შექმნა ან დანახვა. შესაძლოა, ვინმე ფიქრობს, რომ ჩემთვის ბედნიერება პოპულარობა და სცენაზე დგომაა. რა თქმა უნდა, ესეც სასიხარულოა, თუმცა ის ემოცია და შინაგანი ბედნიერება, რაც ჩემგან მოდის, პატარა დეტალებშია. და ეს პატარა დეტალები ყველა ადამიანის ცხოვრებაშია- უბრალოდ უნდა შენიშნო და გჯეროდეს ამ ყველაფრის.
ინტერვიუ: მარიამ ბექაური