ანკა ციციშვილი Fashion Buyer-ი, IERI STORE-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია. იგი ერთ- ერთი პიონერია მათ შორის, ვინც ქართველი დიზაინერების ხმა მსოფლიოს გააგონა. ანკა აქტიურად მუშაობს ქართული კულტურის პოპულარიზებაზე, მიზნის მისაღწევად კი მოდის უნივერსალურ ენას იყენებს. ჟურნალ „ნარგისთან“ ინტერვიუში მან არა მხოლოდ თავისი პროფესიული გზა გაიხსენა, არამედ თანამედროვე ქართული მოდის დინამიკა გააანალიზა და IERI STORE-ის ურყევ ღირებულებებზე ისაუბრა.
მარკეტინგიდან მოდის ინდუსტრიაში
„შეიძლება ითქვას, რომ მარკეტინგის ფაკულტეტზე შემთხვევით აღმოვჩნდი (იცინის). საქმე ისაა, რომ ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდება სასიამოვნო შემთხვევითობები, რომლებიც საბოლოოდ მის დინებას წარმართავს. 2005-2010 წლებში მარკეტინგი ახალი პროფესია იყო – პრაქტიკოსი ახალგაზრდა ლექტორები გვასწავლიდნენ და რეალურ „ქეისებზე“ გვამუშავებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი „ბილაინის“ ხელმძღვანელი იყო და 10-წლიან გამოცდილებას გვიზიარებდა; BBDO-ს თანამშრომელი და კანის რეკლამის ფესტივალის (Cannes Lions) მონაწილეც გვიკითხავდა „საერთაშორისო მარკეტინგის“ კურსს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოცდილების შესაძენად მუშაობის დაწყება გადავწყვიტე. მოდის ინდუსტრიაში დასაქმებას არ განვიხილავდი. ეს სფერო ზუსტად ისეთი წარმომედგინა, როგორიცაა ფილმში – „ეშმაკს აცვია პრადა“. იმ პერიოდში იულია კალმანოვიჩს (ქალის სამოსის დიზაინერი) პირადი ასისტენტი სჭირდებოდა. ვაკანტური ადგილი სამმა სხვადასხვა ადამიანმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემომთავაზა. ჩავთვალე, რომ სამყაროსგან მიღებული ნიშანი იყო და დავთანხმდი – ასე გავხდი დიზაინერის „მარჯვენა ხელი“ და მოდის სამყაროში შევაბიჯე“.
პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები კარიერაში
„ასისტენტობისას მოდაზე ბევრი რამ ვისწავლე. დამატებით ლონდონში და პარიზში გავიარე კურსები, პროფესიული კონტაქტებიც დავაგროვე და მივხვდი, რომ ახალი გამოწვევის დრო მოვიდა. ჩემს მომავალ პარტნიორებსაც სრულიად შემთხვევით გადავეყარე. მე მქონდა იდეა, მათ ჰქონდათ სივრცე. ყველაფერი უცბად მოხდა: შევხვდით, შევთანხმდით და მაღაზია IndexFlat-ი გავხსენით საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ბინაში. ჩემს პარტნიორებს უცნობი აზიელი დიზაინერების სამოსის ჩამოტანა უნდოდათ, მე კი ქართველებზე გავამახვილებინე ყურადღება – მაშინ ქართული ბაზრის გარდა მათი ნამუშევრები თითქმის არსად იყო წარმოდგენილი, ჩვენი უნიკალური კონცეპტითა და აქტიური პიარით კი „ფანჯარა გავუხსენით“. IndexFlat-ი მალევე გახდა პოპულარული მოდის მიმდევართა შორის, რადგან იშვიათი ფუფუნება იყო ნიშური მაღაზიები პერსონალური მიდგომითა და განსხვავებული კოლექციებით“.
ქართული კულტურა მოდის პრიზმით
„IERI STORE-ი „შემთხვევითობების სერიის“ გაგრძელებაა (იცინის). 2017 წელს სოფია გუგუბერიძეს შევხვდი – ახლა უკვე ჩემს პარტნიორს, „იერის“ თანადამფუძნებელსა და მთავარ დირექტორს. თანამშრომლობა შემომთავაზა: საქართველოში მოდის განვითარების ხელშეწყობა სურდა. როცა ჩანაფიქრი გამანდო, აღმოჩნდა, რომ ზუსტად იგივე პროექტი თავადაც მქონდა მომზადებული და სიხარულით წარვუდგინე. ასე დაემთხვა ჩვენი იდეები და შეიქმნა ეთნიკური კონცეფციის მაღაზია IERI STORE – იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული მოდის პოპულარიზებას ემსახურება. რადგან IERI STORE-ი ხაზგასმით ქართული კონცეპტმაღაზიაა, ჩვენთან წარმოდგენილნი არიან ქართველი დიზაინერები ან ისინი, ვინც ქართულმა მოტივებმა შთააგონა. მაგალითად, შოურუმში იხილავთ ქართული მონეტებით აწყობილ ყელსაბამს MONETINFORME, რომლის შემქმნელიც საქართველოში იმიგრირებული ფრანგია. აქ დაგხვდებათ DAVID KOMA-ს კოლექციებიც: მართალია ის ბრიტანულ ბრენდად მიიჩნევა, მაგრამ დავითი სამშობლოზე შეყვარებული ქართველია და ხშირად ჩამოდის. როცა თანამშრომლობა შევთავაზეთ, ძალიან გაუხარდა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იქამდე DAVID KOMA საქართველოს არცერთ მაღაზიაში არ იყო ოფიციალურად წარმოდგენილი. შენიშნავდით, რომ IERI STORE-ი მრავალფეროვანი სივრცეა, სადაც ქართველი დიზაინერები ერთმანეთისგან განსხვავებულ „ქალის კონცეფციას“ გვთავაზობენ. სწორედ ამიტომ, „შოურუმში“ სამოსის ფართო არჩევანია და ნებისმიერ სტუმარს შეუძლია რაიმე მისი გემოვნების შესაფერისი შეიძინოს – ზომის, სტილისა თუ ფასის მიხედვით. გვაქვს არა მარტო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, არამედ აქსესუარები და ქართული მოტივებით შთაგონებული სხვა ნივთები – ხალიჩები, წიგნები, სუვენირები“.
კრეატიული დირექტორის საქმიანობის სირთულე
„2019 წელს, ანუ მაშინ, როცა IERI STORE-ი გაიხსნა, ქართული მოდის ინდუსტრია განვითარების საწყის ეტაპებზე იყო. მე და სოფიას საერთაშორისო გამოცდილება უკვე გვქონდა, ამიტომ გვსურდა, ევროპისა და აზიის წამყვანი სახელმწიფოების სტანდარტი დაგვენერგა ჩვენს რეალობაში. უპირველესი სირთულე სწორედ ეს იყო და ამ ეტაპზეც გამოწვევად რჩება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამდე სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობდით. COVID-19-მა ბევრი ცვლილება წაახალისა, მათ შორის, მოდის ინდუსტრიაშიც. თუნდაც ის, რომ მომხმარებელი ე. წ. სწრაფ მოდას (Fast Fashion) მიეძალა. ტერმინმა LUXE, პრაქტიკულად, შინაარსი შეიცვალა. თუკი ადრე რამის ჩაცმაზე ოცნებობდი, იმიტომ რომ ძნელად ხელმისაწვდომი იყო, ახლა შეგიძლია გრძელ რიგში ჩადგე და შეიძინო. „ლუქსიც“ მასობრივი მარკეტის ნაწილი გახდა. ეს კი, თავის მხრივ, ართულებს ჩემს საქმიანობას, იმიტომ რომ ნიშურ სეგმენტზე ვმუშაობთ. პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ბაზარია… რაც შეეხება სირთულეების დაძლევას, თავად დიზაინერები მეხმარებიან, მათი ძალისხმევა და კრეატივი ჩემთვის მუდმივი მოტივაციის წყაროა. როდესაც წარმოების პროცესს ვადევნებ თვალ-ყურს და ვხედავ, როგორ იქმნება თითოეული ნივთი, სიამაყით ვივსები. მოდის ინდუსტრია ხომ საქმიანობათა გრძელი ჯაჭვია… კიდევ უფრო მეტ ძალასა და ენერგიას მაძლევს იმის გაცნობიერება, რომ მხოლოდ ლამაზ ტანსაცმელს კი არ ვყიდი, არამედ საკუთარი წვლილი შემაქვს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ჯაჭვის შეკვრაში“.
ანკა ციციშვილი, როგორც Fashion Buyer-ი
„კოლექციების შერჩევისას სამი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობ: მაღალი ხარისხი, კრეატიულობა და პროდუქტის შესაბამისი ფასი. კოლექცია მაღაზიის კონცეფციასაც აუცილებლად უნდა მოერგოს. ხშირად რისკზეც მივდივარ და ისეთ ნივთებს ვირჩევ, რომლებიც შესაძლოა შაბლონურ გემოვნებაში არ ჯდებოდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თავის უნიკალურ მომხმარებელს იპოვის. ვცდილობ, დიზაინერებს ავუხსნა, რომ ქალის სხეული მაინცდამაინც XS ზომა არ უნდა იყოს (იცინის). IERI STORE- ში ზომების ფართო მატრიცა გვაქვს, რომ გულდაწყვეტილი არავინ დარჩეს. მოდა მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არ არის – ის თვითგამოხატვის საშუალებაა, ამიტომ განურჩევლად პარამეტრებისა, ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი. ჩვენი მისიაა, დავანგრიოთ სტერეოტიპული წარმოდგენები ჩაცმაზე, ფორმასა და აღნაგობაზე“.
ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე
ფოტო: შოთა გოთოშია
წაიკითხეთ ანკა ციციშვილის სრული ინტერვიუ ჟურნალ ნარგისის ახალ ნომერში.
ხელმისაწვდომია:
-ბიბლუსი
-They said books
-Chicos Tbilisi