ზაფხული ის სეზონია, როცა სტილი და რუტინა ერთდროულად იცვლება – გარდერობი ჰაეროვანი, ფერადი ქსოვილებით ივსება, ხოლო კანის მოვლის პროდუქტები მზის სხივებთან თანაარსებობას იწყებენ. სწორედ ამ ცვლილებებზე ისაუბრა N13-თან ინტერვიუში მოდელმა ანა შელიამ, რომელმაც გაგვიზიარა, როგორ ცვლის ზაფხული მის ყოველდღიურობას – როგორც სტილში, ასევე თავის მოვლის რუტინაში.

როგორია ანა შელიას ზაფხულის გარდერობი? თქვენი აზრით, რა სტილის სამოსი გადმოსცემს ყველაზე კარგად ამ სეზონის ხასიათს?
ჩემი ზაფხულის გარდერობი მაქსიმალურად ჰაეროვანი და კომფორტულია: თხელი კაბები, ტილოს შარვლები, ღია ფერის ზედები. ვფიქრობ, ასეთი მსუბუქი, თავისუფალი და ბუნებრივი სტილი ყველაზე კარგად გადმოსცემს ზაფხულის ხასიათს.
როგორ ფიქრობთ, რომელი ფერები უხდება ზაფხულს ყველაზე მეტად?
ვფიქრობ, ზაფხულს ყველაზე მეტად ღია ფერები უხდება- თეთრი, ცისფერი, ღია ვარდისფერი. ასევე ძალიან მომწონს იასამნისფერი და ყვითელი.

სად პოულობთ სტილის ინსპირაციას? არსებობს თუ არა ადამიანი, რომელიც თქვენთვის შთაგონების წყაროა?
ინსპირაციას ყოველდღიურობაში ვპოულობ- შეიძლება ქუჩაში გავიარო და ვინმეს ჩაცმულობამ მომხიბლოს, ან შთაგონება ფილმის ნახვის დროს მოვიდეს. მომწონს ბუნებრივი სტილი და ასოციაცია, თითქოს ჩაცმულობაზე დიდხანს არც უფიქრიათ. მიმაჩნია, რომ ასეთ დროს ადამიანი თავის ხასიათს იდეალურად გადმოსცემს.
რომელი აქსესუარის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ზაფხული?
ზაფხული სათვალის და დიდი ტილოს ჩანთის გარეშე ვერ წარმომიდგენია.
რამდენად აქტიურად იყენებთ სეზონის ტრენდებს თქვენს სტილში და რომელ მათგანს გამოარჩევდით?
სეზონის ტრენდებს თვალს ყოველთვის ვადევნებ, თუმცა ჩემს სტილში მხოლოდ იმ დეტალებს ვტოვებ, რომლებიც ჩემს პიროვნებასთან ახლოსაა.

რომელი მოდის სახლი ასოცირდება თქვენთვის ზაფხულის იდეალურ სტილთან?
ზაფხულის იდეალურ სტილთან ჩემთვის ყველაზე მეტად Jacquemus ასოცირდება.
როგორია თქვენი კანის მოვლის რუტინა ზაფხულში? მთლიანად იცვლება თუ მხოლოდ კონკრეტული პროდუქტები?
ზაფხულში ჩემი რუტინა უფრო მეტად SPF-ზე და დატენიანებაზე გადადის. SPF 30-ს ყველა სეზონზე ვიყენებ, თუმცა ზაფხულში მას SPF 50-ით ვანაცვლებ.

არსებობს თუ არა ბრენდი, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს კანს?
ბევრი ბრენდი მაქვს გამოცდილი, თუმცა რამდენიმე მათგანი ჩემს კანს უკეთესად ერგება. ამ ეტაპზე გამოვარჩევ Dermafirm-ის Tonic Cream-ს, რომელიც არის მატონიზირებელი კრემი და ებრძვის პიგმენტურ ლაქებს. 2-3 კვირაა, რაც ამ პროდუქტს ვიყენებ და ლაქა შესამჩნევად გამიუფერულდა.

იცვლება თუ არა თქვენი რუტინა მოგზაურობის დროს? რომელი პროდუქტებია ყოველთვის თქვენს ჩემოდანში?
მოგზაურობის დროს რუტინა შედარებით მარტივდება, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ყოველთვის ჩემთან ერთად მოგზაურობენ. ესენია: დასაბანი, დამატენიანებელი შრატი, მსუბუქი დამატენიანებელი და მზისგან დამცავი. განსაკუთრებით მიყვარს travel skincare pack, Kool Beauty..
დაგვისახელეთ სამი აუცილებელი პროდუქტი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს თქვენი რუტინის განუყოფელი ნაწილია.
ჩემთვის სეზონს მნიშვნელობა არ აქვს: გამწმენდი, ყოველდღიური SPF და დამატენიანებელი ყოველთვის ჩემს რუტინაშია.

არსებობს თუ არა არომატი, რომელიც თქვენთვის ზაფხულთან ასოცირდება?
დიახ, არსებობს არომატი, რომელიც ჩემთვის ზუსტად ზაფხულთან ასოცირდება – Tilia- Marc-Antoine Barrois.
გახსენდებათ პროდუქტი, რომელიც თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა?
Gamarde ტანის შიმერი- ის არამხოლოდ აფერადებს კანს, არამედ ბუნებრივ ბზინვარებასაც ანიჭებს და ვფიქრობ, ნამდვილად არის ზაფხულის must-have პროდუქტი! Dermafirm-ის მატონიზირებელი კრემი- საკმაოდ კარგად ატენიანებს და ებრძვის პიგმენტურ ლაქებს, ხოლო Caudalie-ს მზისგან დამცავი სტიკი- უკომფორტულესია მგზავრობის დროს, თან მისი გამოყენება 3 წლიდან არის შესაძლებელი.

დაბოლოს, გაქვთ თუ არა კანის მოვლის “ოქროს წესი”, რომელსაც ჩვენს მკითხველს გაუზიარებდით?
კანის მოვლისთვის ჩემთვის ოქროს წესია: ჰიდრატაცია და დაცვა- ყოველდღე, ყოველ სეზონზე.
ინტერვიუ: მარიამ ბექაური

