აფხაზი სცენოგრაფი, მხატვარი, ილუსტრატორი, ხელოვნების კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე შერვაშიძე დაიბადა ყირიმში, ქ. ფეოდოსიაში 1867 წლის 24 დეკემბერს. ალექსანდრე შერვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შერვაშიძის ძმისშვილი იყო. მამა – რუსეთის არმიის ოფიცერი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო რუსეთში გადაასახლეს. 1866 წლის აფხაზეთის აჯანყების შემდეგ კი შერვაშიძეთა ოჯახს სამშობლოში დაბრუნება აეკრძალა. კონსტანტინე შერვაშიძე და მისი ფრანგი მეუღლე ყირიმში, ფეოდოსიაში დამკვიდრდნენ, სადაც შეეძინათ პირველი ვაჟი – ალექსანდრე.
არჩევანი
ალექსანდრემ სამხედრო კარიერაზე უარი თქვა და 1891 წლიდან მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად. 1895 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იგი პარიზში გაემგზავრა და ფერნან კარმონისა და ჟულიანის სახელოსნოებში განაგრძო სწავლა, სადაც გაეცნო მუზეუმებში დაცულ ნამუშევრებსა და თანამედროვე ფრანგულ ხელოვნებას, გახდა პარიზის „რუსული მხატვრული წრის“ წევრი და მიმდინარეობა „ხელოვნების სამყაროს“ (“Мир искусства”) მონაწილე (1895-1899 წწ.). ახალგაზრდა მხატვარს ინტენსიური კავშირი ჰქონდა პარიზის სახელოვნებო-ლიტერატურულ წრეებთან, მეგობრობდა რ. გილთან, ა. გოლსტეინთან, ა. ბენუასთან, ვ. სეროვთან, ა. ტოლსტოისთან, ნ. რერიხთან, ვ. ბრიუსოვთან, კ. ბალმონტთან. ამ პერიოდში ხატავდა დაზგურ სურათებს, უმეტესად, პორტრეტებს: „უცნობი ქალის პორტრეტი“, „მეუღლის პორტრეტი“, „ავტოპორტრეტი“, „მეგობრები“, „ღამე ახლოვდება“, „ბაღში“; აქტიურად მონაწილეობდა მხატვართა პარიზულ გამოფენებში, 1899 წელს კი გრაბართან და სეროვთან ერთად პეტერბურგში დაბრუნდა. ამავე დროს, როგორც პარიზელ მხატვართა კომიტეტის, „მონპარნასის“ წევრი, პერიოდულად სტუმრობდა პარიზს და მონაწილეობდა გამოფენებში (1904-1906, 1911-1912 წწ.).
თეატრის მხატვარი და სცენოგრაფი
1906 წელს ალექსანდრე შერვაშიძემ პეტერბურგის საიმპერატორო ოპერის თეატრის დეკორატორად დაიწყო მუშაობა – ეს იყო ათვლის წერტილი მისთვის, როგორც თეატრის მხატვრისა და სცენოგრაფისთვის. მთლიანობაში ალექსანდრე შერვაშიძემ 50-ზე მეტი სპექტაკლი გააფორმა რევოლუციამდელ რუსეთში. მისი დადგმები თავიდანვე ასახავს „ახალი თეატრის“ ექსპერიმენტულ ტენდენციებს. იგი ჯერ ვსევოლოდ მეიერჰოლდთან ერთად მუშაობს სპექტაკლებზე, შემდეგ კი ნიკოლაი ევრეინოვისა და სერგეი დიაგილევის დადგმებს აფორმებს. ამ თეატრალური მოძრაობის მთავარი მახასიათებლები – მაყურებლისა და სცენის შერწყმა, ინტერესი შუა საუკუნეების თეატრალური ფორმების მიმართ – აშკარად აისახება მის პირველივე სპექტაკლებზე. ამის მაგალითია Мариинский театр-ში დადგმული „ტრისტანი და იზოლდა“. 1917 წლისათვის ალექსანდრე შერვაშიძე, პრაქტიკულად, პეტერბურგის ყველა საიმპერატორო თეატრის მთავარი დეკორატორი იყო, თუმცა მხოლოდ სცენოგრაფიას არ დასჯერებია. პარალელურად იგი განაგრძობდა „ძველი თეატრის“ კედლების მოხატვას ლანსერესთან და რერიხთან ერთად. მისი ესკიზების მიხედვით შეკერილი კოსტიუმებით პეტერბურგის „მოდის საღამოებზე“ თავს იწონებდნენ ცნობილი მსახიობები.
კავშირი სამშობლოსთან
ალექსანდრე შერვაშიძეს არასოდეს დავიწყებია, რომ წარმოშობით საქართველოდან იყო. მან რუსეთის იმპერიის დედაქალაქში მოძებნა და დაუახლოვდა თავის თანამემამულეებს, აქტიურად ჩაერთო პეტერბურგელ ქართველთა კულტურულ ცხოვრებაში; არ წყვეტდა კავშირს ნათესავებთან, დაახლოებული იყო პეტერბურგში მცხოვრებ შერვაშიძეებთან და დადიანებთან. 1900-იანი წლების დასაწყისში პარიზში მასთან წლობით ცხოვრობდნენ ბათუმელი ნაკაშიძეები, რომლებთანაც ურთიერთობას მხატვარი შემდეგშიც აგრძელებდა, მაგრამ ყველაზე გულთბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის სოხუმელ ძმასთან, ვლადიმერთან და ბიძაშვილთან, პოეტ და საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძესთან (აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილის და ალექსანდრა დადიანის ვაჟი). სწორედ მისი გარდაცვალება გახდა 1918 წელს ალექსანდრე შერვაშიძის სოხუმში, მამაპაპურ კერაზე დაბრუნების მიზეზი. აქ იწყება მისი, როგორც საზოგადო მოღვაწის, საქმიანობა: აქტიურად მონაწილეობს სოხუმის არტისტული საზოგადოების მუშაობაში; ხსნის თეატრალურ კურსებს, სადაც იმხანად სოხუმში მყოფ ვ. კამენსკისა და ნ. ევრეინოვთან ერთად ასწავლის; აარსებს საბავშვო სტუდიას სოხუმის ქალთა გიმნაზიის შენობაში; ხელმძღვანელობს ხატვის წრეს; კითხულობს ლექციებს ხელოვნების შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებში; ეწევა საგანმანათლებლო მუშაობას და ამ მიზნით ნიკო მარსაც უკავშირდება.
ევროპაში – სამუდამოდ
მოგვიანებით ალექსანდრე შერვაშიძეს პოლიტიკური ვითარება აიძულებს, ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ყირიმში გადავიდეს საცხოვრებლად, სადაც მისი ყოფილი მეუღლე და შვილები იმყოფებიან. სწორედ აქ იღებს ცნობილი თეატრალური მოღვაწის, ს. დიაგილევისგან მიწვევას, რათა გააფორმოს ყველა რუსული საოპერო და საბალეტო სპექტაკლი ევროპაში. 1920 წელს ალექსანდრე შერვაშიძე მეუღლესთან – ნატალია ბუტკოვსკაიასთან ერთად ევროპაში მიემგზავრება და ამჯერად უკვე სამუდამოდ. 1921 წელს მას „მირ ისკუსტვოს“ ხელახლა აღორძინებული მხატვართა გამოფენის საპატიო თავმჯდომარედ ირჩევენ. ძირითადად, პარიზში ცხოვრობს, თუმცა სისტემატურად იწვევენ ლონდონში, ბრიუსელში, მადრიდსა თუ მონტე-კარლოში. უმეტესად ს. დიაგილევის დის დასში მუშაობითაა დაკავებული (ჯერ თავად დიაგილევთან – 1920- 1929 წწ., შემდეგ მის მიმდევრებთან – 1929-1948 წწ.). ამ წლებში ალექსანდრე შერვაშიძემ ისეთი ცნობილი სპექტაკლები გააფორმა, როგორიცაა: ნ. გოგოლის „ქორწინება“ და „რევიზორი“ (ბრიუსელი, 1922 წ.); ნ. ევრეინოვის „მხიარული სიკვდილი“ (პარიზი, 1922 წ.); გ. ბერნერსის „ნეპტუნის ტრიუმფი“ ჯ. ბალანჩინის ქორეოგრაფიით (ლონდონი, კოვენტ- გარდენი, 1926 წ.); ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ (ქორეოგრაფი მ. პეტიპა – აშშ, 1936-1944 წწ.) და სხვა.
აღსანიშნავია ფრანგული საბალეტო დასის მიერ მონტე- კარლოში დადგმული ბალეტი „შოთა რუსთაველი“, რომელიც გაზეთ „ქართული საქმის“ მხარდასაჭერად განხორციელდა (1945 წ.). ეს იყო ნიკოლას ევრეინოვისა და სერჟ ლიფარის ოთხაქტიანი ქორეოგრაფიული ეპოპეა „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, რომელიც სერჟ ლიფარმა დიდ ქართველ პოეტს მიუძღვნა. ფარდა, დეკორაცია და კოსტიუმები ეკუთვნით ალექსანდრე შერვაშიძეს და ს. ნეპოკოიჩიცკის. „შოთა რუსთაველის“ პრემიერა მონტე-კარლოს ეროვნულ თეატრში 1946 წლის 5 მაისს გაიმართა. 1947 წელს ის ლონდონში წარმოადგინეს, ხოლო 1950 წელს სერჟ ლიფარმა აღადგინა პარიზის „გრანდ ოპერაში“. ბოლოს ბალეტი პარიზში უჩვენეს 1963 წელს.
მრავალმხრივი ნიჭი
ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედება ღირსეულად იყო დაფასებული, ევროპის სახელგანთქმული თეატრების მუზეუმებში დაცულია მისი ნამუშევრები. იგი სამართლიანად ითვლებოდა ს. დიაგილევის მრავალი ჩანაფიქრის თანაავტორად საბალეტო დადგმების განხორციელებისას. ევროპის სხვადასხვა ენაზე გამოსულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებსა და წიგნებად ქცეულ მემუარულ ლიტერატურაში დიდი ყურადღება ეთმობა მის ღვაწლს. ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედება უაღრესად მრვალფეროვანია. იგი ქმნის ილუსტრაციებს რუსული ხალხური ზღაპრებისა და სიმღერებისათვის; მუშაობს წიგნის დიზაინზე: აფორმებს ნ. ევრეინოვის შესახებ ვ. კამენსკის წიგნის ყდას, მ. ვოლოშინის კრებულს „დემონები და ყრუ- მუნჯები“, თანამედროვე რუს პროზაიკოსთა ავტობიოგრაფიებს. მას ეკუთვნის დაზგური ნამუშევრებიც – პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები. ალექსანდრე შერვაშიძის ერთ- ერთ ცნობილ პორტრეტზე ულამაზესი ქართველი ბალერინა თამარ თუმანიშვილია გამოსახული. მხატვრის წერილები ფრანგულ ხელოვნებაზე დღესაც აქტუალურად ითვლება. მის კალამს ეკუთვნის სტატიები პოლ სეზანზე, ვინსენტ ვან გოგზე, ალექსანდრ ბენუაზე. პარიზში იგი პაბლო პიკასოს, ა. დერენს, ჟ. ბრაკს, ჟ. რუოს დაუმეგობრდა. სწორედ შერვაშიძემ წაახალისა მათი მონაწილეობა „რუსული ბალეტის“ დადგმებში. 1924 წელს მან მოხატა პიკასოს „ზღვის პირას მორბენალი ქალების“ მიხედვით დარიუს მიიოს „ლურჯი ექსპრესისთვის“ თეატრალური ფარდა (134 კვ. მ. ფარდა დღეს ლონდონში, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმშია დაცული). XX საუკუნის საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, სერჟ ლიფარის შეფასებით, ალექსანდრე შერვაშიძე იყო „დასავლეთის თეატრალურ- მხატვრული რევოლუციის თანამონაწილე“. სალვადორ დალი მას „ევროპული არისტოკრატიის ჭეშმარიტ წარმომადგენელს“ უწოდებდა. მისი თანამედროვე რუსი რეჟისორი და თეატრის თეორეტიკოსი ნიკოლოზ ევრეინოვი კი აღნიშნავდა: „თავადი ალექსანდრე შერვაშიძე გახლავთ აღმოსავლური რაინდული კეთილშობილების განსახიერება, რაც ჩვენს დროში დიდ იშვიათობას წარმოადგენს“.
ანდერძი
სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე შერვაშიძემ ხანდაზმულთა პანსიონატში გაატარა. 1958 წელს, უკვე ღრმად მოხუცებული მხატვარი, ქალიშვილს სწერს სოხუმში: „…მხოლოდ სამუშაოზე ვფიქრობდი, ძალიან ცოტას – საკუთარ თავზე. როდესაც ჩემი, როგორც დეკორატორის, კარიერა დასრულდა, სრულიად უსახსროდ დავრჩი“. და მაინც, მიუხედავად სიდუხჭირისა, ალექსანდრე შერვაშიძემ მთელი თავისი შემოქმედება ანდერძით სამშობლოს უსახსოვრა და სანაცვლოდ თანხის აღებაზე უარი განაცხადა. 1958 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა მისგან საჩუქრად მიიღო პირადი არქივი და 500-მდე ნამუშევარი, რომელთაც ხელს ქართულ-აფხაზურად აწერდა – შერვაშიძე- ჩაჩბა. აქ იყო ყველაფერი – დაწყებული სცენის სამუშაო ნახაზებით, ეკონომიკური გაანგარიშებებითა და დასრულებული სრულყოფილი მხატვრული ნაწარმოებებით; აქვე იყო მიმოწერა ხელოვნების მოღვაწეებთან, აფიშები, რეკლამები.
ხელახალი აღმოჩენა
ქართულმა საზოგადოებამ ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედება ფართოდ გაიცნო 1985 წელს, როდესაც თბილისში მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. მხატვრის მნიშვნელოვანი ნამუშევრების დიდი ნაწილი სოხუმის სურათების გალერეაში ინახებოდა. აფხაზეთის ომის შემდეგ სოხუმის გალერეა საოკუპაციო რეჟიმის კონტროლის ქვეშ მოექცა. 2023 წლის 21 იანვარს სოხუმის გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სხვა სურათებთან ერთად, ალექსანდრე შერვაშიძის 300-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა. „…ეს ამანათები ჩემი ხელით შევკარი“, – წერდა მხატვარი. ამ დიდი განძის ჩუქებისა და გულთბილი სიტყვების შემდეგ მხცოვანმა მხატვარ-დეკორატორმა კიდევ 10 წელი იცოცხლა. იგი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალაქ მონტე-კარლოში. დაკრძალეს ქალაქ ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. 1985 წელს მისი ნეშტი სოხუმში გადმოასვენეს. „ჩვენი ხელოვნების მთელი ისტორია, – წერდა იგი, – არის პიროვნების, ანუ ინდივიდუალიზმის პრინციპების ბრძოლა რთულად გასაგებ ტრადიციასთან, განახლების პრინციპისა – კოლექტივიზმის შეუწყნარებელ კონსერვატიზმთან… პიროვნება ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხელოვნებაში, როგორც ტრადიცია… ტრადიცია იმ გზას მიუთითებს, რომელსაც უნდა მისდიო; ის ხალხის ნებისა და სურვილის გამომხატველია. პიროვნება მას ფორმას აძლევს. ტრადიცია პიროვნებაზე გავლით ცოცხლობს“. მიმდინარე წლის 18 მაისიდან 15 ივნისამდე საქართველოს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შერვაშიძის გამოფენა გაიმართა, რომელზეც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული მისი უნიკალური ნამუშევრები და პირადი არქივი იყო წარმოდგენილი.
მანანა კვაჭახია, ნატო მარშანია (კვლევითი ექსპედიციის წევრები)