როდესაც არქიტექტურა და ფოტოგრაფია ერთმანეთს ხვდება, საზღვრები მატერიალურსა და არამატერიალურს შორის იშლება. სწორედ ამ საინტერესო პროფესიული გადაკვეთიდან დაიბადა Triptych Studio – ბრენდი, რომელმაც ძველი ტრადიციული ავეჯი ხელოვნების სრულიად ახალ მედიუმად აქცია. არქიტექტორი ირინა მასხულია და ფოტოგრაფი ანა ფატლაძე თანამშრომლობა შირმის, როგორც ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის დამაკავშირებელი ობიექტის, ახლებურად გააზრებით დაიწყო. პირველ კოლექციაში თანამედროვე მხატვრების ინდივიდუალური ხედვა ხელით დამუშავებულ მასალებსა და არქიტექტურულ ფორმას შეერწყა, რის შედეგადაც შირმა ფუნქციურ დანიშნულებას გასცდა და საკოლექციო “არტ-ობიექტად” იქცა.
გამოფენის შემდეგ Triptych Studio საერთაშორისო დიზაინის პლატფორმებზე წარდგენისთვის ემზადება. N13-თან ინტერვიუში ირინა და ანა გვიყვებიან ბრენდის შექმნის იდეაზე, პირველ კოლექციაზე, მხატვრებთან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

არქიტექტორი და ფოტოგრაფი: როგორ გადაიკვეთა ირინასა და ანას პროფესიული გზები და რამ განაპირობა Triptych Studio-ს შექმნა?
ანა: მიუხედავად იმისა, რომ სახლი ფიზიკური სივრცეა და დიზაინი მატერიალურ სფეროს მიეკუთვნება, ჩემთვის ორივე ყოველთვის რაღაც უფრო არამატერიალურსაც უკავშირდებოდა. სახლი როგორც ნავსაყუდელი – ადგილი, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებ, ზრდი შვილებს, ისვენებ, სიმშვიდეს პოულობ და სამყაროსთან შესახვედრად ემზადები. დიზაინი კი ამ სივრცის მოწყობაზე მეტია – ის შენი შინაგანი მდგომარეობის, გემოვნებისა და სამყაროს აღქმის გამოხატულებაა. ალბათ ამიტომაც, ხელოვნების ნამუშევრის ნახვით გამოწვეული აღფრთოვანება ჩემთვის ყოველთვის ძალიან ახლოს იყო იმ განცდასთან, რომელსაც დიზაინის მიმართ ვგრძნობ.
შირმის იდეა კი ძალიან კონკრეტულად გაჩნდა.ახალ სახლში მინდოდა მისი დადგმა და მასში ბიძაჩემის მიერ 26 წლის წინ ინდოეთიდან ჩამოტანილი სარის გამოყენება. ძველი შირმის ძებნა დავიწყე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ საქართველოში მისი პოვნა საკმაოდ რთული იყო. და ამ ძიებისას , უცებ შირმა დავინახე არა როგორც უბრალოდ ავეჯი, არამედ ხელოვნების სრულიად ახალი მედიუმი. შირმა ჩემთვის აღმოჩნდა რაღაც თეთრი პანოს მსგავსი – სივრცე, რომელსაც შეუძლია თითქმის ყველაფრის დატევა. მაგრამ პანოსგან განსხვავებით, აქ ტექნიკურად უკვე შეზღუდული ხარ. გამოსახულების გარდა შემოდის ფორმა, სტრუქტურა, მოძრაობა, მასშტაბი – ანუ არქიტექტურა. სწორედ ამან მიმიყვანა ირინასთან, ჩემს ძალიან საყვარელ და ძვირფას მეგობართან და არქიტექტორთან.
ირინა: ალბათ საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ ერთმანეთს სწორედ იმ წერტილში შევხვდით, სადაც ჩვენი პროფესიული ინტერესები იკვეთებოდა. როგორც შირმა არის რაღაც შუალედური ხელოვნებასა და არქიტექტურას შორის, ჩვენი თანამშრომლობაც დაახლოებით ამავე გადაკვეთიდან დაიწყო.

რატომ მაინცდამაინც შირმა? თქვენთვის რატომ გახდა ეს ობიექტი ხელოვნებას, დიზაინსა და არქიტექტურას შორის მთავარი მედიუმი?
ანა: შირმის აღმოჩენისას ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ მისი ეს გარდამავალი ბუნება გახდა. ის ერთი მხრივ ძალიან კონკრეტული ობიექტია აქვს ფუნქცია, ფორმა, ზომა, მასალა. მაგრამ ამავე დროს მას შეუძლია სივრცის შეცვლა, დაყოფა, შექმნა. პანოსგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად გამოსახულების მატარებელია, შირმა გამოსახულებას უკვე სივრცეში შემოაქვს. ამიტომ აქ მხოლოდ ნახატი აღარ არსებობს – არსებობს ნახატი, ფორმა და სივრცე ერთად.
ირინა: არქიტექტურული თვალსაზრისითაც ეს არის საინტერესო ობიექტი, რადგან ის კედელივით არ კეტავს სივრცეს, მაგრამ მაინც ცვლის მას. მას აქვს სტრუქტურა და მასშტაბი, თუმცა მუდმივად მოძრავი და გარდამავალია. თითქოს მარტივი ეს კონსტრუქცია უსასრულო ინტერპრეტაციის, თამაშის და ექსპერიმენტის საშუალებას გაძლევს.

უკავშირდება თუ არა ბრენდის სახელწოდება “Triptych Studio” უშუალოდ შირმის ტრადიციულ ფორმას, თუ მასში უფრო ფართო სიმბოლური შინაარსია ჩადებული?
ირინა: ჩვენთვის Triptych უფრო უშუალოდ ფერწერას – ნახატის სამფრთიან ფორმას – უკავშირდება. ტრიპტიქი თავიდანვე გულისხმობს ერთ ჩაფიქრებულ იდეას, რომელიც სამ ფრთაზე ნაწილდება.მხატვრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ამ ფორმას, – ნამუშევრის სტრუქტურა მხოლოდ კომპოზიციის საკითხი არ არის – თავის მნიშვნელობას ატარებს და ამატებს ნამუშევარში..
ჩვენს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით საინტერესო ხდება, რადგან ნახატი თავიდანვე გათვლილია მის არქიტექტურულ ფორმაზე. შეიძლება იფიქრო, რომ ეს არის ნახატი, რომელიც შირმად გადაიქცა, ან პირიქით – შირმა, რომელიც ნახატად გადაიქცა. ანუ ფორმა, გამოსახულება და თავად ჩანაფიქრი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ იქმნება. ისინი თავიდანვე ერთად მოიაზრება, სწორედ ამ კონკრეტული არქიტექტურული ფორმის გათვალისწინებით.

პირველი გამოფენა უკვე შედგა – როგორი იყო ეს დღე Triptych Studio-სთვის და რამდენად გაამართლა მან თქვენი საწყისი მოლოდინები?
ირინა: პირველი გამოფენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ პირველად დავინახეთ ეს ობიექტები იმ გარემოში, რომლისთვისაც ისინი საბოლოოდ შეიქმნა. მანამდე ყველაფერი სტუდიაში, სამუშაო მაგიდასთან, სხვადასხვა ეტაპზე არსებობდა. ალბათ ყველაზე სასიამოვნო იყო დამთვალიერებლებისგან იმის დანახვა, რომ თითქმის ყველამ ამოიცნო თავისი საყვარელი ნამუშევარი. ვიღაცას ფორმა მოეწონა, ვიღაცას ფერი, ვიღაცას კონკრეტული მხატვრის ნამუშევარი ან გამოსახულება.
ანა: ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან არ გვინდოდა, რომ კოლექცია ერთი საერთო ესთეტიკური იდეის გამო გამქრალიყო. საინტერესოა, როცა თითოეულ ადამიანს შეუძლია ამ განსხვავებულ ნამუშევრებს შორის თავისი იპოვოს.

როგორი იყო შირმების, სინათლისა და სივრცის ურთიერთქმედება რეალურ საგამოფენო გარემოში – გაცოცხლდა თუ არა ექსპოზიცია ზუსტად ისე, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ?
ანა: გამოფენა სარაჯიშვილის ქარხნის Art Space-ში ჩატარდა, არაჩვეულებრივ სივრცეში, რომელიც უზარმაზარი ვიტრაჟებისგან შედგება. ამიტომ განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის ყურება, როგორ იცვლებოდა შირმები დღის განმავლობაში სინათლის ცვლილებასთან ერთად.
ვერცხლი და ალუმინი მზის სხივებზე ფაქტობრივად ცოცხლდებოდა – დღის სხვადასხვა მონაკვეთში იცვლებოდა მათი რეაქცია სინათლეზე და, შესაბამისად, შუქ-ჩრდილიც. საღამოს, უკვე ხელოვნური განათების ქვეშ, აქცენტი უფრო ფერზე გადავიდა. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა წითელი, შავი და ცისფერი ნამუშევრების კონტრასტი ერთმანეთთან და მთლიან სივრცესთან. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ექსპოზიცია დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლებოდა. და ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვაინტერესებს — ობიექტი, რომელიც ერთი ფიქსირებული სახით არ არსებობს.

პირველ კოლექციაში გუგა კოტეტიშვილთან და პიპო ჩაუშბასთან ითანამშრომლეთ. როგორ მიმდინარეობდა მუშაობის პროცესი – ჯერ შირმის ფორმა შეიქმნა და შემდეგ დაიწერა ფერწერა, თუ ეს ორი პროცესი პარალელურად ვითარდებოდა?
ანა: პიპოსთან ეს ჩვენი პირველი კოლაბორაცია იყო და პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა. ახლაც კი რთულია თქმა, კონკრეტულად რომელი შეიქმნა პირველი – იმდენად ორგანულად მოერგო შირმა ნახატს და ნახატი შირმას, რომ მგონია, ისინი ერთდროულად და ერთმანეთისთვის შეიქმნა.
გუგა კოტეტიშვილის შემთხვევაში კი უკვე არსებობდა შირმის კონკრეტული ფორმა. ვცადეთ საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ჩანახატის მორგება ამ ფორმაზე. ამიტომ აქ პროცესი უფრო თანმიმდევრული იყო: ჯერ შეიქმნა ფორმა, შემდეგ ფორმისთვის ჩანახატი, შემდეგ კი ამ ჩანახატისთვის ფერი. ფერის არჩევისას კი უკვე კონკრეტულად გუგას სტილსა და ესთეტიკას ვითვალისწინებდით – მისთვის დამახასიათებელ სიმსუბუქეს და ფერწერულ ენას

რამდენად რთული იყო თანამედროვე მხატვრების ინდივიდუალური ენის მორგება კონკრეტულ არქიტექტურულ ობიექტზე?
ირინა :ეს უფრო საინტერესო პროცესი იყო, ვიდრე რთული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მხატვრის ინდივიდუალური ენა არ დაკარგულიყო და ამავე დროს შირმის ფორმასაც თავისი ხასიათი შეენარჩუნებინა.
განსაკუთრებით საინტერესოა, როცა მხატვრის ენა სხვა მატერიაში და სხვა მასშტაბში გადადის. და როგორც ჩვენთვის ისე მხატვრებისთვისაც საინტერესო იყო სხვა მედიუმში მათი მანუშევრების გაგდათარგმნა და გადანაცვლება.

თქვენს ნამუშევრებში იყენებთ ვენეციურ პიგმენტებს, ვერცხლის დეტალებსა და ხელით დამუშავებულ ზედაპირებს. რატომ გააკეთეთ აქცენტი სწორედ ასეთ მატერიალურ ხასიათზე?
ირინა :შირმის შემთხვევაში, ფაქტობრივად, ორი მიმართულება გაქვს – აქცენტი შეიძლება ფორმაზე გააკეთო ან გამოსახულებაზე. ამ კოლექციაში ჩვენთვის მთავარი გამოსახულება იყო და მასალებიც სწორედ ამ ჩანაფიქრს უნდა მორგებოდა. ვენეციურმა პიგმენტებმა მოგვცა ფერის ის სიღრმე და ინტენსივობა, რომლის მიღწევაც სხვა მასალებით რთული იქნებოდა. გვინდოდა, ფერი უბრალოდ ზედაპირზე დატანილი არ ყოფილიყო, არამედ თავად გამხდარიყო ნამუშევრის მნიშვნელოვანი ნაწილი.
რადგან შირმას ჩვენ საკოლექციო არტ-ობიექტად აღვიქვამთ და არა უბრალოდ ავეჯად, მისი ყველა დეტალი – ფერი, ხე, ვერცხლის ინკრუსტაცია თუ ზედაპირის დამუშავება – საერთო ჩანაფიქრს უნდა დაქვემდებარებოდა. ხისა და ვერცხლის კომბინაცია თავიდანვე გვქონდა ჩაფიქრებული: ხის ბუნებრივ სითბოს ვერცხლის მკაფიო, თანამედროვე ხასიათი უპირისპირდება და ამავე დროს ავსებს.
თავიდანვე ვიცოდით ისიც, რომ თითოეული ობიექტი მთლიანად ხელით უნდა დამუშავებულიყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგის ხარისხი, არამედ ისიც, რომ თითოეული ნივთი ხელით შექმნილი, ინდივიდუალური ნამუშევარია. სწორედ ეს შრომა და ყურადღება დეტალების მიმართ განსაზღვრავს მის საბოლოო სახეს.

ვინ არის Triptych Studio-ს სამიზნე აუდიტორია — კოლექციონერები, ინტერიერის დიზაინერები თუ უბრალოდ ესთეტიკის მოყვარულები?
ირინა: ჩვენ არ გვინდა Triptych Studio ერთი კონკრეტული აუდიტორიისთვის არსებობდეს. რა თქმა უნდა, ეს არის საკოლექციო ობიექტი და ბუნებრივად საინტერესოა კოლექციონერებისთვის. ასევე, შირმის სივრცითი ბუნებიდან გამომდინარე, ის ინტერიერის არქიტექტურისა და დიზაინისთვისაც საინტერესო ობიექტია.
მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია ობიექტთან პირადი კავშირი დაამყაროს – ფერის, ფორმის, გამოსახულების, მასალის ან უბრალოდ იმ განცდის გამო, რომელსაც ის იწვევს. საბოლოოდ, ჩვენთვის საინტერესოა სწორედ ის წერტილი, სადაც ხელოვნების ნამუშევარი შეიძლება გახდეს შენი ყოველდღიური სივრცის ნაწილი ისე, რომ ხელოვნების ნამუშევრად არსებობა არ დაკარგოს.

პირველი გამოფენის წარმატების შემდეგ, რა არის Triptych Studio-ს სამომავლო გეგმები – ახალი კოლექცია, ახალი კოლაბორაციები თუ საერთაშორისო პლატფორმებზე გასვლა?
ანა: პირველი კოლექცია შირმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვიზუალური ასოციაციით – შიშველი სხეულით – იყო შთაგონებული. შირმის უკან დამალული სხეულის სილუეტი წამიერია, მალევე ქრება და მხოლოდ მისი კვალი რჩება. ჩვენ ეს წარმავალი სილუეტი ვერცხლის სხივებით ერთგვარად „დავიჭირეთ“ და დროებითიდან მუდმივ ფორმად ვაქციეთ.
შემდეგი კოლექციაც ერთი იდეის ირგვლივ იქნება გაერთიანებული – ეს შეიძლება იყოს მხატვრობის ან დიზაინის მიმართულება, კონკრეტული მხატვარი ან სრულიად აბსტრაქტული იდეა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ამ ინსპირაციის ძიება – სამყაროს ერთი იდეის თვალით დანახვა და შემდეგ მისი ფორმების, მასალებისა და ასოციაციების შირმის ენაზე გადათარგმნა.
საერთაშორისო მიმართულებით უკვე ძალიან კონკრეტული გეგმები გვაქვს და 2027 წლის გაზაფხულისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან დიზაინის პლატფორმასთან ვთანამშრომლობთ. თავად იდეა, რომ შირმა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ დიზაინის ობიექტი, საერთაშორისო დიზაინის სცენისთვის უკვე ნაცნობი კონტექსტია. ამიტომ ძალიან მკაფიო წარმოდგენა გვაქვს, სად უნდა იყოს Triptych Studio და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პროექტი ამ სივრცეში თავის ადგილს დაიმკვიდრებს. „პარალელურად, უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ კოლაბორაციაზე ერთ ძალიან საინტერესო არტისტთან. ამ თანამშრომლობას ჩვენი შემდეგი კოლექციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური
